GE

ჰიპერბოლა, ლიტოტესი და გაპიროვნება – მაგალითები და სავარჯიშო მეცადინეობისთვის

ავტორი: დოდო კობიაშვილი, არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის ქვეპროგრამის სოფ. ოზნის კონსულტანტ-მასწავლებელი.

ჰიპერბოლა

ჰიპერბოლა ტროპის ერთ-ერთი სახეა და საგნის ან მოვლენის გაზვიადებულად გადმოცემას, გადაჭარბებულ თხრობას გულისხმობს. მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან,რაც გადაჭარბებას ნიშნავს.

ჰიპერბოლური ნათქვამი არ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით. ავტორი ან მთქმელი მას იყენებს პერსონაჟის პორტრეტის, თვისების უკეთ გადმოსაცემად „კაცი კაცსა შემოვსტყორცნი, ცხენ-კაცისა დავდგი გორი, კაცი,ჩემგან განატყორცნი, ბრუნავს ვითა ტანაჯორი, ერთობ სრულად ამოვსწყვიტე წინა კერძო რაზმი ორი“ (შ.რუსთაველი).

ჰიპერბოლა საუკეთესო საშუალებაა პერსონაჟის მოქმედების ან რაიმე მოვლენისთვის ფონის შესაქმნელად, რაც გარკვეულ ელფერს ქმნის, ეს შეიძლება იყოს ამაღლებული განწყობა: „ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა, მთიდან ჩამოესმა რეკა, იალბუზზე ფეხი შედგა, დიდმა მთებმა იწყეს დრეკა“ (ხალხური).

ეს შეიძლება იყოს მთქმელის/ავტორის შეფარული ირონიაც:

„აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ, იქით გორასა ძვრას ვუზავ,
ადიდებულსა დიდ მტკვარსა დავაყენებ და ყლაპს ვუზამ,
ას ლიტრსა რკინას დავღეჭავ კევივითა და ყლაპს ვუზამ“
(„მკვეხარა“ ხალხური).

გადაჭარბებული მხატვრული თხრობა ხშირია ზღაპრებში, სარაინდო ეპოსში. ამ მხრივ გამორჩეულია ზღაპარი „ამირანი“:

„ცოტა კაცია ამირან,
ცოტა სმა-ჭამა ეყოფა;
სადილად ბუღა კამეჩი,
ვახშმად არც სამი ეყოფა… „
(„ამირანი“).

ლიტოტესი

ჰიპერბოლის საპირისპირო მხატვრული ხერხია ლიტოტესი. ის საგანს ან მოვლენას შემცირებულად წარმოგვიდგენს: „ცოტა კაცია ამირან, ცოტა სმა-ჭამა ეყოფა“ (ხალხური.“ამირანი“)
„სუტკნეინა ისე მოიკუნტა, ისე მიოკუნტა, რომ სულ დაპატარავდა“ (ილია ჭავჭავაძე)

ლიტოტესი ემყარება სიტყვის გადატანით მნიშვნელობას ასოციაციის, კონტრასტის, ანალოგიის მეშეობით. გადმოიცემა სიტყვით, გამოთქმით, წინადადებით.

„ნეტავი შენ, ჭამამ რა ქნა, ლოკვამ რა უნდა ქნასო!“ („ამირანი“, ხალხური). მოყვანილი მაგალითი ეფუძნება გადატანით მნიშვნელობას, კონტრასტისა (ჭამა, ლოკვა) და ასოციასიის გზით.

აღსანიშნავია, რომ „ ლიტოტესის დროს ხდება საგნის ან მოვლენის განსაზღვრა მისი საპირისპირო ცნების უარყოფით: „თუმცა მე სამხიარულო არა მჭირდა რა, მაგრამ მაინც გამეცინა“ (თენგიზ კიკაჩეიშვილი ი. ჭავჭავაძის ციტატა „მგზავრის წერილებიდან“).

„-ამისთანა წყალი, ამისთანა ჰაერი სწორედ ბედნიერებაა.
– ჰმ! – ჩაიცინა მოხევემ, – ცარიალ სტვამაქი მაგნით ვერ გაძღების.“ (ი. ჭავჭავაძე. „მგზავრის წერილები“). კარგი წყლისა და ჰაერის ქონის ბედნიერება უარყოფილია იმით, რომ იქ მაცხოვრებელთა შიმშილს, გაჭირვებას ეს ვერ შველის.

ამოწერეთ და ცალ-ცალკე დააჯგუფეთ ჰიპერბოლისა და ლიტოტესის მაგალითები:

1. უფალმა ღმერთმა ნათლულს დაანათლა: აღელვებული მტკვრის სიმარდე, მგლის მუხლი და გაქანებული გუთნეულის ძალა.

2. გავიდა ხანი. გაიზარდა ამირანიც; ისეთი ღონიერი გახდა, რომ მიწას უმძიმდა იმისი ტარება

3. ამირან, დევი შეიბნენ,
მინდორს გაჰქონდა გრიალი,
ამირანმა დევი დასცა,
დააწყებინა ღრიალი.

4. გასძახა დევს:
– აი, შე ქინქლავ, შენა! ერთი არ მებრალებოდე და გიჩვენებდი, ვინცა ვარ,
დედამიწას რომ ხელი მოვავლო, ზეცას შევტყორცნი და ნაცარ-მტვრად ვაქცევო.

5. აიღო დევმა ქვა, მოუჭირა ხელი და სულ დაფშვნა (ხალხური. “ნაცარქექია“).

6. მტრის დასაძლევად ნატრობდა თავის გავლილ ძალას, თუმცა სულ არ ჰქონდა სამაგისო გუნება (გ. ლეონიძე).

7. დახავსებული ყრუ დედაბერი თავთუხა ასი წლისა იყო.(გ. ლეონიძე).

8. ჩირიკს ერთი ბუდრუგანა სახლი ჰქონდა.(გ. ლეონიძე).

9. მოკრუჩხული, გაფიჩხული ღვინჯუა ხან სად ჩაეხედებოდა ნაპრალში,ხან სად.(გ. ლეონიძე).

10. ტახტხე ყარყუმივით იჯდა ბებო მარდია,სიბერით გადაღწეული, შრომაში გამდნარი,გაცვეთილი(გ. ლეონიძე).

11. ამ წუთიდან ის ღვინჯუა აღარ იყო, რაც წინათ! მისი სულის დროშა ძირს დაეშვა, თითოს ფრთებიც დააჭრესო. (გ. ლეონიძე)

გაპიროვნება

გაპიროვნება ანუ პერსონიფიკაცია ტროპული მეტყველების ერთ-ერთი ხერხია. გაპიროვნებისას უსულო საგანს, მოვლენას, ცხოველს თუ ფრინველს მიწერილი აქვს ადამიანური თვისებები: მეტყველება, მოძრაობა, განცდა -მწუხარება, სიხარული, მრისხანება და ა.შ.

გაპიროვნებას მწერლები მიმართავენ, რათა ნაწარმოების აზრი, იდეა გადმოსცენ ემოციურად, შთამბეჭდავად, ობიექტი დაახასიათონ უფრო მკვეთრად, მკითხველზე მოახდონონ ემოციური, ესთეტიკური ზეგავლენა. მისი გამოყენების სპექტრი მხატვრულ ლიტერატურაში დიდია.

გაპიროვნებას ვხვდებით პოეზიაში, იგავ-არაკებში, მოთხრობებში, ზღაპრებში.

გაპიროვნება მეტაფორის ერთ-ერთი სახეცაა, რადგან მწერლები ხშირად გაპიროვნების საშუალებით მეტაფორულად გადმოსცემენ აზრს:

მაგ. „დაღამდა წვრილნი ვარსკვლავნი აენთნენ, დასხდნენ ცაზედა“. მოყვანილ მაგალითში გაპიროვნების მაგალითია „წვრილნი ვარსკვლავნი დასხდნენ ცაზედა“ (ვაჟა-ფშაველა „ღამე მთაში“), თუმცა მეტაფორულად გადმოცემულია დაღამების პროცესი.

„მიტოვებული სახლებიდან შიში იმზირებოდა” (გ.ჩოხელი) „შიში იმზირებოდა“ ადამიანური თვისება „შიში“ მიწერილი აქვს უსულო საგანს / მოვლენას, სახლებს, რაც მეტაფორულად ნიშნავს მომავლის უიმედობას.

გაპიროვნება ვაჟა- ფშაველას საყვარელი მხატვრული ხერხია:

ქარი ქვითინებს… ღრუბელთა
ზარი თქვეს შესაზარები.
გული ვერ მოუფხანიათ,
ცრემლი სდით ალაზნიანი;
ჩარეცხეს, ჩაალამაზეს
მთების გულმკერდი კლდიანი.
გაცოცხლდა, ცას ემუქრება
ღრმა ღელე, წყარო – ფშიანი.

ამოიწერეთ გაპიროვნების (პერსონიფიკაციის მაგალითები)

1. ღვინჯუა გარეთ გამოვიდა და ვერ შეამჩნია, რომ ამინდი შეცვლილიყო და ქარი იღრინებოდა.

2. – მე ვარ, მე!- გადაიხარხარა გაონავრებულმა ქარიშხალმა.

3. ფეთიანი ქარიშხალი ყიოდა, წიოდა, ეძახდა თავის უთვალავ ლაშქარს ღვინჯუას პირქვე დასამარხავად.

4. წყაროს თავზე მდგარი ნაგალი ხეც ჩათუთქულიყო, დაღონებული ტოტები ჩამოეყარა: უხალისო ფოთლები სევდიანად შრიალებდნენ.

5. დედამ ჰკითხა მზესაო: -დედამიწაზე ბეჩავი რა გინახნიაო? – „გასათხოვარი ქალი შინაო და სიდედრი სიძის კარსაო“.

6. „მთვარეო, მთვარის ნალეო,
გორის პირს მოდი მალეო,
ბნელ-გული გამიხარეო“.

7. გაზაფხულზე ყინვამ კვირტს წელი შეუშინაო.

8. ნაწური ვერცხლით მოსპეტილი გორები თავს უქნევდნენ გამართლებულ ღვინჯუას.

9. აგერ ჯეჯილი აღაღანდა, ყაყაჩო წამოწითლდა, ვარდი კვირტში იღვიძებს.

10. ხე შუქით იბურება, ბალახი ბიბინებს, სიო ცეკვავს ლერწმის წვერზე.

11. ღობეზე ყიყლიყო ყიოდა: – მზე მე ამოვიყვანეო.

გაპიროვნების მაგალითები მოყვანილია გ. ლეონიძის წიგნიდან „ნატვრის ხე“

ასევე იხილეთ:

მეტაფორა და შედარება – მაგალითები და სავარჯიშო მეცადინეობისთვის

ეპითეტი – მაგალითები და სავარჯიშო მეცადინეობისთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური