GE

იმედა, ნატო, ლუკა და სხვა „უჩინარი“ გმირები საგამოცდო ცენტრებიდან

გამოცდები 2023 დასრულდა. თითქმის ერთთვიანი პროცესი ახალ ფაზაში გადავიდა – ქულების გამოქვეყნებისა და იმის გარკვევის, თუ ვინ სად და როგორ ჩაირიცხა. წინ ცხელ ივლისზე არანაკლებ ცხელი აგვისტო გველის ყველას, ვინც აბარებდა, ვინც გულშემატკივრობდა და ვინც საგამოცდო პროცესში პირდაპირ თუ ირიბად ვართ ჩართულნი.

EDU.ARIS.GE ერთიან ეროვნულ გამოცდებს მრავალი წელია აშუქებს. ჩვენი ჟურნალისტები ყოველ წელს, საგამოცდო პერიოდს, სხვადასხვა ცენტრთან ატარებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით აკვირდებიან პროცესს და მკითხველს აწვდიან თითოეულ ამბავს, მონაცემს, სტატისტიკასა თუ სიახლეს. ამ ყველაფრის პარალელურად კი არც ისეთი პატარ-პატარა პოზიტიური ისტორიები თუ გმირები რჩებათ შეუმჩნეველი, რომლებიც საგამოცდო პროცესის დაძაბულ ერთფეროვნებას არღვევენ. სწორედ ასე გაცნობთ ყოველწლიურად გამორჩეულ ადამიანებს – აბიტურიენტებს, რომლებიც თავიანთი ვიზუალით, ქცევითა თუ აზროვნებით ხალხს თავს ამახსოვრებენ, გულშემატკივრებს, რომლებიც ნერვიულობენ, სიცხეში იტანჯებიან და მაინც ახერხებენ, შვილებისთვის ეს გზა განსაკუთრებული გახადონ და ქუჩის ცხოველებსაც კი, რომელთა ფოტოები თქვენს განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს ხოლმე.

თუმცა, თითქმის არასოდეს გაგვიცვნია თქვენთვის ის პერსონალი, რომელიც საგამოცდო ცენტრებში, ერთი თვის განმავლობაში, გამთენიიდან გვიან საღამომდე მუშაობს: ამა თუ იმ სკოლის წარმომადგენლები, ექიმები, დაცვის პოლიციისა თუ საგამოცდო ცენტრის რიგითი თანამშრომლები და ა.შ. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ის კი არაა, რომ მათზე მოსაყოლი არაფერია, არამედ ის, რომ წლების განმავლობაში ჟურნალისტებს გამოცდებზე თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა ნაკლებად გვეძლეოდა. გასულ წლებში პანდემიის, მანამდე კი რიგი სხვა მიზეზების გამო, რთული იყო საგამოცდო ცენტრის შიდა, სარეგისტრაციო სივრცეში შესვლა, თავისუფლად გადაადგილება, ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, პერსონალთან გამოლაპარაკება და ა.შ. საგამოცდო ცენტრში შესვლა რომც მოგვეხერხებინა, პერსონალი უმეტესად ჩვენთან გამოლაპარაკებას თავს არიდებდა.

წელს ამ მხრივ გამორჩეული წელი იყო. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუშაობის არც ერთ ეტაპზე ხელი არ შეგვშლია, რამაც აღმოგვაჩენინა, რომ თურმე, საგამოცდო ცენტრებში საოცარი ატმოსფეროა. ამ შემთხვევაში კი 191-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს ვგულისხმობთ, რომელსაც ხშირად ვსტუმრობდით და რომლის დირექტორიც, ქალბატონი თინათინ ბაქრაძე მუდამ მზად იყო დაგვხმარებოდა, თუკი ამის საჭიროებას იგრძნობდა.

გარეთ, ჭიშკართან მდგარი პერსონალიდან დაწყებული შიდა, სარეგისტრაციო სივრცეში მომუშავე ადამიანებით დასრულებული თითქოს საგანგებოდ შეარჩიეს და ამ შერჩევის კრიტერიუმად კი განსაკუთრებული პოზიტიურობა, მხიარულება, ენერგიულობა და იუმორის გრძნობა გამოიყენეს. იქ შესული აპლიკანტები, სარეგისტრაციო პროცედურების, ნივთების ჩაბარებისა თუ სავალდებულო ჩხრეკის შემდეგ სექტორებში ყურებამდე გაღიმებულები ადიოდნენ, რადგან მუდმივად კარგ ხასიათზე მყოფი, იუმორის ნიჭით აშკარად უხვად დაჯილდოებული ადამიანები თითქმის არც ერთ მათგანს არ უშვებდნენ სახუმარო, გამამხნევებელი თუ მხარდამჭერი რეპლიკის გარეშე. უკან ჩამოსულებს კი უკვე იმას ეკითხებოდნენ რა შეხვდათ და როგორ დაწერეს, თითოეულმა ზეპირად იცოდა ყოველი დღის საგამოცდო საკითხი თუ თემა.

ჩვენ გვინდოდა, მათი თავი თქვენთვის გაგვეცნო, მაგრამ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის ადამიანების ემოციებისა და აზრების გამოხატვა პირდაპირი კონტროლის გარეშე, ნამეტანზე ნამეტანი აღმოჩნდა. ამიტომ, მხოლოდ იმას მოგიყვებით, რასაც თავად შევესწარით, რაც საკუთარი თვალით ვნახეთ და საკუთარი ყურით მოვისმინეთ.

განწყობის შექმნა იმ ადამიანებიდან იწყებოდა, რომლებიც ჭიშკარში პირველები ხვდებოდნენ აპლიკანტებს და პირველი ღიმილით უხსნიდნენ დაძაბულობასა და სტრესს, საფუძვლიანად აკვალიანებდნენ, ხშირად კი გარეთაც გამოდიოდნენ და იმით ინტერესდებოდნენ ვინმეს სკოლა ხომ არ შეეშალა და ახლომდებარე სხვა ცენტრებში ხომ არ აერიათ. ამ გზით მათ ჩვენი თანდასწრებითაც კი გადაარჩინეს ახალგაზრდა გამოცდაზე დაგვიანებას, რომელმაც მანამდე არც კი იცოდა, რომ სინამდვილეში სხვა საგამოცდო ცენტრის წინ იცდიდა.

განწყობის შექმნაზე ზრუნვას ნივთების ჩამბარებელი ქალბატონები აგრძელებდნენ, მუდმივად ღიმილიანი სახითა და გულთბილი სალმით, დაბნეული ახალგაზრდების ნაცვლადაც რომ ფიქრობდნენ და ზრუნავდნენ, რომ რაიმე ისეთი ნივთი არ შეჰყოლოდათ, რისი შეტანაც აკრძალული იყო და პრობლემებს შეუქმნიდათ. აბიტურიენტები ცოტა ბარგს აბარებდნენ – პატარა ხელჩანთებს, საფულეებს, ტელეფონებს, მასწავლებლები – ბევრს. რაიონებიდან ჩამოდიან და ბუნებრივია, ბარგიც მეტი მოაქვთო – გვეუბნებოდნენ ქალბატონები. ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჩვენთან გასულ წელს მარნეულიდან ჩამოსული აპლიკანტის ისტორიაც გაიხსენა – დილას, უთენია მოვედი, ის კი უკვე გარეთ იდგა თავსხმა წვიმაშიო. ადრე ჩამოსულა იმის შიშით, რომ დააგვიანდებოდაო. იდგა, ელოდა ცენტრის გაღებას და თავიდან ფეხებამდე სველდებოდაო. ცხელი ჩაი გავუტანეთ და ამაზეც უზომოდ მადლიერი დარჩაო.

ცენტრში შესულებს თუკი სიცილის ხმა მოგვესმებოდა, უკვე ვიცოდით, რომ ეს ხმა იმ ადგილიდან მოდიოდა, სადაც დაცვის პოლიციელები გამოცდაზე შემსვლელებს ჩხრეკდნენ. სიტყვაა – „ჩხრეკა“ იმდენად უსიამოვნოდ ჟღერს და იმდენად უარყოფითი ემოციის მატარებელია, რომ თითოეულ ადამიანს მის გაგონებაზე ნეგატიური განცდა დაეუფლება – დაძაბულობისა და შეურაცხყოფისაც კი. თუმცა, ის რამდენიმე ადამიანი, და მათ შორის კი განსაკუთრებით ორი – ქალბატონი ნატო და ბატონი იმედა, რომლებიც აპლიკანტებს სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით ამოწმებდნენ, ახერხებდნენ, რომ ამ დროს მათ დაძაბულობა კი არ ეგრძნოთ, არამედ მინიმუმ გამხნევებულიყვნენ, ხშირად კი საგამოცდო მერხამდე გზა ხარხარით გაეგრძელებინათ. არც თქვენი მონა-მორჩილი გახლდათ გამონაკლისი – მათ ენაკვიმატურ ხუმრობებზე არაერთხელ ვიხარხარეთ გულიანად, სწრაფადაც ჩავინიშნეთ და სულ ახლახან საგამოცდო მარგალიტებშიც შემოგთავაზეთ.

როგორც დავადგინეთ, ქალბატონი ნატო წარმოშობით კახეთიდანაა, ბატონი იმედა კი ბათუმელია და არაჩვეულებრივად გამოსდიოდათ აღმოსავლურ-დასავლური იუმორის სინთეზი. სწორედ ბატონ იმედასა და ერთ-ერთ აპლიკანტს შორის შედგა დიალოგი, რომელიც ჩვენს მარგალიტებში მოხვდა:

– „გაზიანი სასმლის შეტანა შეიძლება?
– სასმლის კი და გაზის – არა. ცცცც – აი, ეს ხმა არ შეიძლება, გახსნისას“!

ახერხებდნენ გამოლაპარაკებოდნენ თითოეულ ახალგაზრდას, მიუხედავად იმისა რომ მათი რაოდენობა, ყოველდღიურად და დღეში ორჯერ (ორი სესიის გათვალისწინებით), რამდენიმე ასეულს უტოლდებოდა. „თაფლიანი წყალი დალიე დილას?“ – ყველას ეკითხებოდა ქალბატონი ნატო და მერე ამატებდა – „რა თემა გინდა რომ შეგხვდეს, რომელზე გავაძლიერო ლოცვები?“. ცოტას ვახალისებ, დაძაბულები რომ არ იყვნენ, ძალიან ნერვიულობენო – გვითხრა მოგვიანებით.

ჩვენი მისვლა განსაკუთრებულად ახალისებდათ, ფოტოებსაც დაუზარებლად იღებდნენ და აღნიშნავდნენ – პოპულარულები გავხდითო. ყავასა და სასუსნავსაც დაუნანებლად გვთავაზობდნენ და ხუმრობდნენ – გამოცდების დასრულების შემდეგ თქვენი სტატიები და ჩვენი პოპულარობა მწვადით აღვნიშნოთო. მათ მიერ მომარაგებულ სასუსნავს, როგორც აღმოჩნდა, გამოცდაზე გასული ერთ-ერთი პედაგოგიც გადაურჩენია – ნერვიულობისაგან ცუდად მყოფი შოკოლადით მოუსულიერებიათ და საგამოცდო პროცესზე ენერგიით სავსე დაუბრუნებიათ.

პოპულარულები კი მართლაც გახდნენ, ზოგიერთი მათგანი – განსაკუთრებით. ცენტრის თანამშრომელთა და აბიტურიენტთა ერთგულმა ცუგა ბოთემ, თანამშრომლის წოდება და ამის დამადასტურებელი ბეიჯი ჩვენს თვალწინ მიიღო, ესეც ამ ცენტრის თანამშრომელთა ინიციატივით.

როგორც გამოცდების მიწურულს გავიგეთ, ამ ცენტრს არც ვარსკვლავები აკლდა. ასეთი იყო დაცვის პოლიციის ახალგაზრდა თანამშრომელი ლუკა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ჩვენს გადაღებულ და გამოქვეყნებულ კადრებში შემთხვევით მოხვედრილა და გოგოებს მისი გარეგნობა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. გავიგეთ, რომ მისით დაინტერესებულები სკოლასა და საგამოცდო ცენტრის თანამშრომლებს წერენ და მათ ლუკას ვინაობას ეკითხებიან. ახლა პოპულარულიაო და ვარსკვლავს ვეძახითო – გვახარეს. ამ ამბისა და გოგოების პატივსაცემად ლუკას მეტი ფოტოც გადავუღეთ, რომელთაც სტატიაშივე გთავაზობთ. გოგონების ინტერესს კი სხვა ვერაფრით დავაკმაყოფილებთ – თავისუფალია თუ არა ლუკას გული, ეს ჩვენთვის უცნობია.

გამოცდების დასრულება 191-ე საჯარო სკოლაში საზეიმოდ აღნიშნეს. საგანგებოდ მორთულ სპორტდარბაზში ცენტრის ყველა თანამშრომელი შეიკრიბა და წარმატებული ფინიშის აღსანიშნავად ტორტიც გაჭრეს. სკოლა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, დილის 5 საათიდან გვიან საღამომდე რამდენიმე ათეული თანამშრომლისა და რამდენიმე ასეული აპლიკანტის ფუსფუსი შეწყდა. იმედას, ნატოს, ლუკას, ცუგა ბოთეს და ჩვენი დანარჩენი გმირების ყოველდღიურობაც, ერთიანი გიჟური ტემპის შემდეგ, ძველებურად გაგრძელდება. სტატიაში მოთხრობილი პატარ-პატარა ამბები თითქოს უმნიშვნელო დეტალებია. ეს ადამიანები კი, რომლებზეც გიამბეთ, თითქმის ყოველთვის ყურადღების მიღმა რჩებიან. მათზე არასოდეს საუბრობენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გაშუქებისას, მაგრამ სინამდვილეში უდიდეს როლს ასრულებენ არა მხოლოდ იმაში, რომ გამოცდები გამართულად და უხარვეზოდ ჩატარდეს, არამედ იმაშიც, რომ იქ მისულ ახალგაზრდებს ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დაძაბული ეტაპი შეუმსუბუქონ, მხარდაჭერა აგრძნობინონ, გაამხნევონ, გაახალისონ, ღელვა და ნერვიულობა დაავიწყონ. არ იმჩნევენ სიცხეს, დაღლილობას, პირად პრობლემებს და მათთან ერთად განიცდიან, მათთან ერთად უხარიათ, ერთი თვის განმავლობაში მათი ცხოვრებით ცხოვრობენ და ვინ იცის, მათ გაღიმებას, ან გულღიად ნათქვამ – „წარმატებებს“ რამდენი ახალგაზრდისთვის გაუორმაგებია ძალა საგამოცდო სირთულეებთან გასამკლავებლად.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური