GE

„იმედგაცრუებები დედა უნივერსიტეტში“ – პრობლემების მოგვარება მათზე საუბრით იწყება

ავტორი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი, ქეთი ბახტაძე

ვისთანაც ერთხელ მაინც მიწუწუნია ჩემს საუნივერსიტეტო იმედგაცრუებებზე იმათ გადასარევად იციან, თუ რატომ ვგრძნობ თავს ნაშვილებად „დედა უნივერსიტეტში“.
აქვე, ვისაც ჰგონია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისაა, რაც ძველად იყო, მინდა ვუთხრა, რომ არ ცდებიან, სწორედ ისაა, რაც უწინ იყო. ანუ შორიდანაც ვერ ხედავს თანამედროვე სტანდარტებს.

დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, იმ სტუდენტებისადმი პატივისცემა, ვინც მოერგო არსებულ სისტემას და შეიყვარა, ვინც ჩემსავით არ აკვალიფიცირებს პრობლემებს და ლექტორები გამოვყო, რომელთა გამო მართლაც ღირდა ამ უნივერსიტეტში ჩაბარება.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წარმატებული სტუდენტი გვყავს, თავისუფლად შესაძლებელია ბევრად მეტი გვყავდეს. მიმაჩნია რა, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის უდიდესი მონაპოვარია, გადავწყვიტე მოკლედ შევეხო რამდენიმე პრობლემას, თანაც ღრმად მწამს, რომ პრობლემების მოგვარება მათზე საუბრით იწყება.

ლიტერატურა

სასწავლო ლიტერატურის მოსაპოვებლად, ფაქტობივად, ვატერლოო უნდა გადაიტანო. უმეტესობა გასული საუკუნის შუა ხანებშია გამოცემული და ახალი რედაქციები უბალოდ არ არსებობს. უნდა იდგე ქსეროქსის გულისგამაწვილებელ რიგში, რომელიც საკმაოდ ძვირია, იმ მოცულობასთან შეფარდებით, რაც ყოველდღიურად გვჭირდება.

გასულ წელს, მაღლივის ბიბლიოთეკაში ფილოსოფიის დამხმარე ლიტერატურის გამოსატანად განცხადება დავწერე, წიგნი კი, მეორე დღეს გამომატანეს იმ მიზეზით, რომ ზედა სართულიდან უნდა გამოეთხოვათ. ვმეორდები – ერთი სართულიდან მეორეზე წიგნის ჩამოსატანად 24 საათი დასჭირდათ.

რაც შეეხება პირველი კორპუსის ბიბლიოთეკას, ქსეროქსები არასდროსაა საკმარისი, ზოგი წიგნი კი ისეთი დაძენძილია, შეხება გეუხერხულება ადამიანს.

საიტზე არაა მოწესრიგებული საგნების სილაბუსები. ზოგიერთი ბოლოს დეკადის წინ განახლდა. დამეთანხმებით, სილაბუსი საჭირო დოკუმენტია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც რეგულარულად ვერ დადის ლექციებზე.

აკადემიური პერსონალი

საკმაოდ სიტყვაუხვი ვარ, განსაკუთრებით როცა რაიმე მაწუხებს, მაგრამ ახლა ერთადერთი სიტყვა მომდის თავში ლექციების უმეტესობის დასახასიათებლად- მ ო ს ა წ ყ ე ნ ი.

მოგვითხრობენ იმას, რაც ისედაც წერია წიგნში. წიგნებზე კი უკვე გითხარით, ინფორმაცია, რომელსაც შეიცავენ ხშირად გაუგებარი მეტაენითაა დაწერილი და მოძველებულ ინფორმაციას შეიცავენ.

ადგილი, სადაც ოდესღაც კრიტიკული სამეცნიერო აზროვნება დაიბადა, ახლა სულს ღაფავს და მე თუ მკითხავს კაცი, სახელიც აღარაა დარჩენილი.

შესაბამისად, გამოცდაზეც იგივე დაზეპიებულ მასალას ითხოვენ, რაც გასასწორებლად უფრო მარტივია.

რამდენიმე ხნის წინ, ერთ-ერთმა სემინარისტმა საოცარი მოწოდება გააჟღერა აუდიტორიაში: “გოგოებო ჯერ ცხოვრება ნახეთ და მერე გათხოვდით!”, რაზეც მოკრძალებული ღიმილი მოეფინა ყველას. მე არ გამღიმებია.

კადრები

არასდროს არავის სახეზე მინახავს ისეთი ურვა და ვაება, როგორიც სტუდენტთა მომსახურების ცენტრის თანამშომლებს ეხატებათ სახეზე, როცა კითხვებით აღჭურვილ საწყალობელ სტუდენტს ხედავენ.

მათთვის არავითარი საორიენტაციო დღეები არ არსებობს, არც საიტზეა მოკლე და დახარისხებული ინფორმაცია, ამიტომ ყველა ეძებს იმ გამობრძმედილ მაღალკურსელს, რომელმაც თავის ტყავზე გამოსცადა ყოველივე.

საგნების არჩევას რაც შეეხება, ეს მეტია ვიდრე ვატერლოო. ეს უფრო ბლიცკრიგია, ყველაფერი თვალის დახამხამებაში მთავრდება. და თუკი გიმტყუნა საჩვენებელმა თითმა და ვერ დააწკაპუნე სასურველ საგანს, ლექტორს თუ დროს, განწირული ხარ, თუნდაც აი, იმ სემინარისტის მოსასმენად საყოფაცხოვრებო რჩევებს რომ გვაძლევს, გემახსოვრებათ.

იმ ერთადერთ ადამიანს, ვისაც შენი დახმარება ძალუძს, შენს დანახვაზე თვალი უთამაშებს და გულყრა ეწყება, რადგან ის მართლაც ერთადერთია და შენ ათას ხუთას ოცდამეშვიდე.

ცხელ ხაზზე არასდროს პასუხობენ, ან პასუხობენ და ვერ გეხმარებიან. ან გადაგამისამართებენ და მაინც ვერ გეხმარებიან. ან კიდევ გადაგამისამართებენ და თუ ფსიქოზი არ დაგემართა ბოლოს იქ ბრუნდები, სადაც პირველად მოხვდი.

გამოცდები

არ შევეხები მაღლივის დამკვირვებლის მონოლითურ სახეს, უკვე მივეჩვიე.
თუ ვინმეს ნებისყოფა ეყო და აქამდე მოვიდა, ბარემ იმ რეფორმებზე ვიწუწუნებ, რომლებიც ახლა გატარდა და იმაზე არასახარბიელო სიტუაციაში ჩაგვყარა, ვიდრე ვიყავით. მთავარი პრობლემა ისაა, რომ გამოცდას სამსახურის ცნობით ვეღარ გადაიტან, მხოლოდ ავადმყოფობის ცნობით.
კაპიტალიზმის ეპოქაში, უნივერსიტეტი გეუბნება, რომ შენი სამსახური ფეხებზე ჰკიდია, თან როცა თვითონ ვერ გაძლევს პრაქტიკულ, გამოსადეგ ცოდნას.

უდიდესი უმრავლესობა არ იყენებს მეილს და facebook ჯგუფს, თუ ლექცია ცდება, არ აქვს მნიშვნელობა საიდან მიხვედი უნივერსიტეტში, კარზე ჭიკარტზე ჩამომხრჩვალი სევდიანი წარწერა დაგხვდება –  „დღეს არ ვიქნები“.

გამოცდებს რომ დავუბრუნდეთ. ურყევი ჭეშმარიტებაა, რომ გამოცდა არავის უხარია. დიდი სიამოვნებით გადაავადებდა ყველა უვადოდ. სტუდენტებსაც ბევრი გვიკადრებია კადრებთან (ნამეტანი ალიტერაცია მომივიდა). მოკლედ ვიცი, რომ არაა მარტივი ყველა კმაყოფილი დატოვო, თუმცა ეს რეფორმა ახლოსაც არაა გამოსავალთან.

უამრავი სამსახური არ ითვალისწინებს გამოცდებს, თან როცა შრომის კოდექსი უბრალოდ რეკვიზიტია.

მოკლედ სულ ეს არ იყო რის თქმაც მინდოდა, მაგრამ მგონი რაღაც მაინც ვთქვი იმ სტუდენტების სახელით დახურულ ჯგუფებში რომ „ხულიგნობენ“. ის ვთქვი, რაც შემეძლო და ისე ვთქვი, როგორც შემეძლო.

განათლებული ბლოგი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური