GE

„ინგლისურის სახელმძღვანელოები, რომელსაც გრიფი წელს მიენიჭება, ახლანდელზე გაცილებით უარესია“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლებისთვის სახელმძღვანელოების შერჩევის ანუ გრიფების მინიჭების პროცესი გასულ თვეებში დაიწყო. გრიფირებას გადის I-VI კლასების სახელმძღვანელოები, რომლებიც მოსწავლეებს უკვე ახალი სასწავლო წლიდან გადაეცემათ.

EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, სახელმძღვანელოებს გრიფი 31 მაისს უკვე უნდა მიენიჭოს. შემდეგ თითოეულ საგანზე რამდენიმე სახელმძღვანელო გადაეცემათ სკოლებს და ისინი ინდივიდუალურად გადაწყვეტენ, რომელი სახელმძღვანელოთი სწავლება ურჩევნიათ. როგორც სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: „გრიფირების პროცესში საგნობრივ სპეციალისტებთან ერთად, ჩართულნი არიან ფილოლოგები, საბავშვო ფსიქოლოგები, განვითარების სპეციალისტები და კონსტიტუციონალისტებიც კი“. უცნობია, მონაწილეობენ თუ არა პროცესში მოქმედი პედაგოგები, მათი ჩართულობა კი, როგორც ირკვევა, სულაც არ არის უადგილო. გრიფირებულ წიგნებში რომ ქაოსია, ამას ის დაუსრულებელი პრობლემების ჩამონათვალიც ცხადყოფს, რომელზეც ჩვენი რესპონდენტები (მათ შორის მოქმედი პედაგოგები) გვესაუბრებიან.

როგორც ინგლისურის სახელმძღვანელოების ერთ-ერთი რეცენზენტი, ფსიქოლოგი ნინო კობალაძე ამბობს, მის გარდა მეხუთე და მეექვსე კლასების სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭებაზე საგნის სამი სპეციალისტი მუშაობს. ის EDU.ARIS.GE-ს რეცენზირების პროცესზე ესაუბრა:

„სარეცენზიო ჯგუფი 4 პირისგან შედგება – 1 ფსიქოლოგი და საგნის სამი სპეციალისტი. მე-5 და მე-6 კლასებისთვის განკუთვნილი მხოლოდ 2 ავტორის წიგნები მივიღეთ, თითოეულს შენიშვნები გავაცანით და ახლა შესწორებულ ვარიანტს ველოდებით, ჯერჯერობით უცნობია, როდის განვაახლებთ მუშაობას. თითოეული რეცენზენტი წიგნებზე დამოუკიდებლად ვმუშაობდით. მხოლოდ ერთხელ, ბოლოს შევხვდით ერთმანეთს და რეკომენდაციები გავუზიარეთ“, – ამბობს კობალაძე.

პედაგოგთა თქმით,  ინგლისურის სახელმძღვანელოები მართლაც  შესაცვლელია,  წიგნები არც დაწყებითი და არც საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის არაა შესაფერისი, თუმცა ინგლისურის პედაგოგ ეკატერინე ფრიდონაშვილის შეფასებით, შემოთავაზებული წიგნები, რომლებითაც სექტემბრიდან მოუწევთ სწავლება, „გაცილებით უარესია“:

„მეშვიდე კლასამდე და მეშვიდე კლასის ზემოთ სხვადასხვა ავტორით ვასწავლით. დაწყებითებს English Word 3-ით გავდივართ. ამ წიგნით ქართველი ბავშვებითვის ინგლისური ენის სწავლება შეუძლებელია, თუმცა ეს სახელმძღვანელო გაცილებით ჯობია იმას, რასაც ახლა გვთავაზობენ. ხოლო მეშვიდე კლასიდან რეალურად უკან გადადგმული ნაბიჯებია, Top Score-იც და Inspiration-იც. კლასგარეშე წიგნებს ვიყენებთ, როგორც დაწყებით, ისე მაღალ კლსებში“, – ამბობს პედაგოგი.

მისივე თქმით, სამინისტროს მხრიდან პედაგოგებისთვის სახელმძღვანელოების არჩევის საშუალების მიცემა მხოლოდ ფორმალური მხარეა და გრიფირების დროს მასწავლებლების აზრი ყურადღების მიღმა რჩება. EDU.ARIS.GE  შეეცადა გაერკვია, გრიფის მინიჭების პროცესში მონაწილე ინგლისურის სპეციალისტთაგან მუშაობს თუ არა რომელიმე სკოლაში, მაგრამ კობალაძე მათ არ იცნობს, რადგან მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს.

„დაწყებით კლასში უკეთესი იქნებოდა Big English შემოეტანათ. კიდევ ბევრი კარგი სახელმძღვანელოა, თუმცა პედაგოგების აზრს არავინ ითვალისწინებს, რაც თვითონ აწყობთ, იმას ანიჭებენ გრიფს. დაგვიდებენ 5-6 წიგნს, რომლებიც, ფაქტობრივად, ერთი და იგივეა და გვთავაზობენ არჩევას… ახალი წიგნები, რომლებითაც სექტემბრიდან უნდა ვასწავლოთ, გაცილებით მშრალი და ზედაპირულია. როდესაც სახელმძღვანელოს ცვლი უკეთესით უნდა ჩაანაცვლო და არა უარესით. არ ვამბობ, რომ ეს ცუდი წიგნებია, უბრალოდ ბავშვი, რომლისთვისაც ინგლისური მშობლიური ენა არაა, ვერ ისწავლის.

„წიგნების გარდა სწავლებისთვის კიდევ ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია ისაა, რომ  მაღალკლასელებს ინგლისური კვირაში ორჯერ უტარდებათ და კლასიც არ იყოფა“, – ამბობს ეკატერინე ფრიდონაშვილი.

მის პოზიციას იზიარებს ინგლისურის კიდევ ერთი პედაგოგი ნუნუ გულორდავა, რომელიც მიიჩნევს, რომ, პირვველ რიგში, ინგლისურის გაკვეთილებისთვის მეტი დროის დათმობაა საჭირო. EDU.ARIS.GE -სთან საუბრისას, გულორდავაც აღნიშნავს, რომ ინგლისურის გრამატიკის ძირითადი ნაწილი მე-5 და მე-6 კლასებში ისწავლება, მაშინ როცა, ამ დროისთვის ბავშვებმა ქართული ენა იმ დონეზე არ იციან, რომ უცხო ენის გრამატიკა გაიგონ:

„საბაზო-საშუალო საფეხურზე ამ ენას მეტი საათი უნდა დაეთმოს. კვირაში 2 საათი არ არის საკმარისი დრო ინგლისური ენის სწავლისთვის. საშუალო საფეხურზე Activate-ს გადიან და ვთვლი, რომ კარგი სახელძღვანელოებია, განსაკუთრებით მე-12 კლასის.

მე-5 კლასისითვის განკუთვნილ მე-4 დონის წიგნში უკვე სრული დროები შემოდის და ცოტათი რთულია ბავშვებისთვის, რადგან ქართული ენის სწავლებას ძალიან გვიან იწყებენ ან ძალიან მწირად ისწავლება, რაც ხელს უშლის დაბალ საფეხურზე რთული გრამატიკული ფორმების აღქმას. მე-6 კლასში უკვე ვნებითი გვარი ისწავლება, რაც ძალიან ადრეა. გრამატიკას ჯერ ქართული ენის პროგრამა უნდა უსწრებდეს წინ, რათა მერე უცხო ენის მასწავლებელს არ გაუჭირდეს ინგლისური ენის გრამატიკის ათვისება. ამასთან, ტესტები მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, არც ისე საინტერესოა. უმჯობესია, ტექსტები ჩვენს რეალობასთან იყოს ახლოს“, – ამბობს გულორდავა.

ამ შეფასებას ჩვენი ფსიქოლოგი რესპონდენტიც ეხმიანება და ამბობს, რომ ჯგუფის მთავარი ამოცანა სწორედ ესაა  – წიგნების ქართულ რეალობაზე მორგება. როგორც ნინო კობალაძემ გვითხრა, მისთვის უცნობია ჰყავს თუ არა შეთავაზებულ წიგნებს ქართველი ავტორები.

რაც შეეხება იმას რომ, ახლანდელი წიგნებით მოსწავლეები ჯერ ინგლისურ ენას ეუფლებიან, შემდეგ კი ქართულ ენას, გამორიცხული არაა, მსგავსი პრობლემის წინაშე კვლავ აღმოვჩნდეთ, რადგან რეცენზენტის თქმით, საგანთა შორის კავშრის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს: „რეცენზენტებმა არ ვიცით, ვის წიგნს ვკითხულობთ. ჩვენი მიზანია წიგნების ხარისხის გაუმჯობესება და კულტურულ კონტექსტზე მორგება, თუმცა საგანთა შორის კავშირზე ვერაფერს გეტყვით“, – ამბობს კობალაძე.

ვეკუას სკოლის პედაგოგი მარინა მენთესაშვილი, რომელიც მხოლოდ მაღალი კლასის მოსწავლეებს ასწავლის, აღნიშნავს, რომ წიგნები, რომლებითაც სკოლაში ისწავლება, რეალურად, სახელმძღვანელოები არაა და ისინი არც ქართულ რეალობას და არც ასაკობრივ კატეგორიებს არ შეესაბამება. მისი თქმით, დაწყებითი კლასებისგან განსხვავებით, სადაც გრამატიკის დიდი ნაწილი ისწავლება, მე-7 კლასის ზემოთ სახელმძღვანელოებში ინგლისურ ენას მხოლოდ 25% უჭირავს. პედაგოგის შეფასებით, წიგნები უხარისხო, მდარე და არასისტემურია:

„სახელმძღვანელოები არ შეესაბამება არც ქართულ რეალობას და არც ასაკობრივ კატეგორიებს. ისინი გათვლილია ენების ცენტრებზე სადაც 1-2 თვით ვიღაც შემოირბენს, რომ „საყველპურო“ ენა ისწავლოს. ეს არაა გათვლილი სასკოლო სისტემურ სწავლებაზე. დაწყებით კლასებში არ ვიცი, რა მდგომარეობაა, მაგრამ მე-7 კლასის სახელმძღვანელოს გრამატიკა ძალიან მცირეა და მდარე, წიგნის მხოლოდ 25% ეთმობა. წიგნში არც ის აქტივობებია მოცემული, რაც ბავშვებს სჭირდებათ, კერძოდ, ანალიტიკური სავარჯიშოები. არაჩვეულებრივი ბავშვები გვყავს და ეს მდარე წიგნები სასაცილოდ არ ჰყოფნით, აღარ ვიცი რითი გავულამაზო გაკვეთილები“, – ამბობს მენთესაშვილი.

ის რამდენიმე ნაწილისგან შემდგარი სახელმძღვანელოს მომხრეა. „ერთ წიგნშია ყველაფერი –ლექსიკა, გრამატიკა, წერა და კითხვა. მერწმუნეთ, რომ ყველაფერი ცოტ-ცოტა უკვე უხარისხოდაა მოწოდებული. ვფიქრობ, ყველა უნარ-ჩვევას თავისი წიგნი უნდა ჰქონდეს და არამხოლოდ ერთი და მთელი წელი. გრამატიკის წიგნი ცალკე უნდა იყოს, ცალკე ლექსიკა, ცალკე მოსმენა და ა. შ. 10 წელია ამ სფეროში ვარ და ერთი და იგივე წიგნები გვაქვს. ახლა ახალი წიგნები უნდა გამოვიდეს, მაგრამ ვინც გრიფირებაზე მუშაობს ის ხალხიც უკმაყოფილოა“, – აღნიშნავს  მენთესაშვილი.

პედაგოგების აზრით, მე-5 და მე-6 კლასების უცხო ენის სახელმძღვანელოებში ძალიან დიდი მოცულობის ტექსტებია და მოსწავლეებს ბევრი უცხო სიტყვა უგროვდებათ. მიაჩნიათ, რომ კარგი იქნება, თუ წიგნში უცხო სიტყვების ქართული მნიშვნელობებიც იქნება წარმოდგენილი.

პედაგოგებისა და რეცენზენტებისგან  განსხვავებით ინგლისურის სპეციალისტი, კემბრიჯის უნივერსიტეტის სერტიფიცირებული პედაგოგი მარინა ქენქაძე მიიჩნევს, რომ თუ სწავლების მიზანია, მოსწავლემ უცხო ენაზე გამართული საუბარი შეძლოს, უმჯობესია, გაკვეთილზე ინგლისურად ისაუბრონ.

„ფსიქოლოგიურად, უმჯობესია, ტვინში გაითიშოს პირველი ენა, რათა სასწავლო ენა ჩაირთოს. თუნდაც რაღაც ხარვეზით გაიგონ, ამეტყველებისთვის ეს წამალია. ხოლო გრამატიკულად საუბრისთვის ქართული ენაც დაეხმარებათ. მაგრამ გრამატიკის მცირე დოზაა სასურველი, ძალიან მცირე. ანუ, თუ მიზანი საუბრის დაწყებაა, ამისათვის საჭიროა გაკვეთილზე ინგლისურად ლაპარაკი. მერე რა თუ შეცდომებით ისაბურებენ, შეცდომებით ლაპარაკი თუ არ დაიწყო, ვერასოდეს დაილაპარაკებს. შეცდომების 50% მაინც პრაქტიკის არქონის შედეგია. ახლა ისიც ეშლებათ, რაც მართლა იციან, რადგან სწავლება გრამატიკაზეა ორიენტირებული. შედეგად, გრამატიკა თითქოს უნდა ეხმარებოდეს, მაგრამ თუ დოზირებული არაა პირიქით, ხელს უშლის“, – ამბობს ქენქაძე.

მისი თქმით, სკოლის სახელმძღვანელოებთან უშუალო შეხება არ აქვს, ზოგადად „მაკმილანის“ გამოცემის წიგნები მოსწონს, მაგრამ დასძენს, რომ თუ იმ აბიტურიენტების ინგლისურის ცოდნის დონით ვიმსჯელებთ, რომლებმაც უცხო ენა სკოლაში ისწავლეს, შედეგი არც ისე სახარბიელოა:

„მხოლოდ ფურცლებიდან თუ არ ვისაუბრებთ და შედეგებსაც გავიხსენებთ, უფრო ლოგიკური იქნება. არიან აბიტურიენტები, რომლებიც ვერც კი კითხულობენ. ეს კატასტროფაა. მე, როგორც რეპეტიტორი, არ ვიყენებ სასკოლო წიგნებს. არა იმიტომ, რომ ეს წიგნები უვარგისია, მინდა მოსწავლეებს დამოუკიდებელი აზროვნება ჩამოვუყალიბო, მირჩევნია, რასაც ვასწავლი ნელ-ნელა აითვისონ და ცოდნა სხვა წიგნში გამოიყენონ. ცოტა იწვალებენ და მერე ყალიბდება დამოუკიდებლად მეცადინეობის უნარ-ჩვევები”, – განმარტავს ინგლისურის სპეციალისტი.

როგორც ჩანს, ის ერთადერთი რეპეტიტორი არაა, ვინც სწავლებას დამხმარე ლიტერატურით ამჯობინებს. როგორც ნათია გოგიბერიძე გვითხრა, მერვეკლასელ შვილთან მუშაობისას პედაგოგი  სკოლის წიგნში მხოლოდ დავალებებს აწერინებს, თვითონ კი სხვა წიგნიდან ამეცადინებს:

„ბავშვს ინგლისურში წლებია ვამზადებ, პედაგოგი დამატებით სახელმძღვანელოებს იყენებს, უფრო სწორად, ძირითადად დამატებითი წიგნებით ასწავლის, სკოლის წიგნში კი მხოლოდ დავალებებს ასრულებენ. როგორც მითხრა, სკოლის წიგნებში გრამატიკული მასალა საერთოდ არაა“, – ამბობს გოგიბერიძე.

თეონა ალფენიძეს მე-5 და მე-4 კლასის მოსწავლე შვილები ჰყავს. ინგლისურში ორივეს ამზადებს და თვლის, რომ მომზადების გარეშე სკოლაში ბავშვები უცხო ენას ვერ ისწავლიან:

„დაწყებითი კლასის სახელმძღვანელოები ამერიკელ ბავშვებზეა გათვლილი. რეპეტიტორი მათ საერთოდ არ იყენებს და ვერ იყენებს. საჯარო სკოლაში ინგლისური საერთოდ არ ისწავლება. პედაგოგებმა იციან, ბავშვები მაინც მოემზადებიან, არც თავს იწუხებენ და არც ბავშვებს „აწუხებენ“, – ამბობს მშობელი.

EDU.ARIS.GE-ს არაერთი კითხვის მიუხედავად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ვერ შეძლო გრიფირების პროცესში ჩართული პირის მოძიება, რომელიც სამინისტროს მხარის პოზიციებს გაამყარებდა, ან მინიმუმ, განმარტავდა მაინც არაერთ ღიად დარჩენილ კითხვას. აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა I-VI კლასების სახელმძღვანელოების გრიფირებისა, განათლების მინისტრი ჩხენკელი ერთ–ერთი რადიოეთერით საუბრისას იმასაც ამბობდა, რომ კონკურსი გრიფირებისთვის უკვე საბაზო საფეხურის სახელმძღვანელოებზეც უახლოეს დღეებში გამოცხადდებოდა, თუმცა ეს კონკურსი ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა, მას შემდეგ კი თითქმის 2 თვე გავიდა.

ამავე თემაზე:

„დასტვენამდე“ მოვიცალოთ სასკოლო სახელმძღვანელოებისთვის

რას უნდა დაემყაროს პოზიტიური მოლოდინები ისტორიის ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით

მე-7, მე-8 და მე-9 კლასის სახელმძღვანელოებზე კონკურსი უახლოეს დღეებში გამოცხადდება

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური