GE

ინოვაციური კურსები ტურიზმში ევროპული დიპლომის მიღების შესაძლებლობით საავიაციო უნივერსიტეტისგან

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი კრაკოვის ტურიზმისა და ეკოლოგიის უნივერსიტეტთან და ბრატისლავას პანევროპულ სასწავლო ცენტრთან ერთად, ტურიზმის მიმართულებით მოკლევადიანი ტრეინინგ კურსებისა და გრძელვადიანი სასწავლო პროგრამების განხორციელებას იწყებს.

სამი უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამა შემდეგ კურსებს მოიცავს: აგროტურიზმის ბრენდ-მენეჯერი;  ანიმატორი; ეკოტურიზმის ბრენდ-მენეჯერი; ლოკალური და სპეციალიზირებული გიდი; ადგილობრივი ტურების გიდი; სასტუმროს მენეჯერი; ტუროპერატორი;  ქალაქის ტურის გიდი.

კურსები განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისთვის. საავიაციო უნივერსიტეტის ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისთვის კი, იგი  უფასო იქნება.

პროგრამის გავლა შესაძლებელი იქნება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. ტრეინინგებს ჩაატარებენ როგორც საავიაციო უნივერსიტეტის შტატიანი და მოწვეული პროფესორები, ასევე კრაკოვის და ბრატისლავას უნივერსიტეტების პროფესორები. ჯგუფის შედგენის შემთხვევაში, ტრეინინგები ჩატარდება რეგიონებშიც.

Aris.ge-განათლება საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორს, ტურიზმის მიმართულების კოორდინატორს კობა არაბულს ესაუბრა, რომელმაც  სასწავლო პროგრამის  დეტალები გაგვაცნო.

-ბატონო კობა, რას გულისხმობს ეს პროგრამა, საიდან გაჩნდა იდეა?

12810269_228570787491094_1012202126_o (1)–ესაა სიახლე, რასაც საავიაციო უნივერსიტეტი მომავალ აბიტურიენტებს, სტუდენტებს, ამჟამინდელ სტუდენტებს და არასტუდენტებს სთავაზობს. მათ, ვისაც გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება ან პროფესიის ცვლილება სჭირდება.

სწავლის მსურველებს ორნაირ მიმართულებას ვთავაზობთ  – ერთია მოკლევადიანი კურსები, რასაც უნივერსიტეტი ამ დღეებში გამოაცხადებს და მეორე – გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა, რასაც სექტემბრიდან დავიწყებთ, თუმცა პირველი ჯგუფის ფორმირება სწორედ ამ დღეებში მოხდება (ჩვენ გავუგზავნეთ შესაბამისი შეტყობინება თითქმის ყველა კერძო უმაღლეს სასწავლებელს) და იმედი მაქვს, მალე დავიწყებთ პროგრამის რეალიზაციას. უნივერსიტეტს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით აქამდეც ფართო პრაქტიკა ჰქონდა. ახლა ევროპისა და აზიის ქვეყნებთან კავშირები კიდევ უფრო გავაფართოვეთ. გარდა ამისა, აშშ-ს ორი უნივერსიტეტი გახდა ჩვენი პარტნიორი.

ამ ფონზე, ცხადია, საავიაციო უნივერსიტეტს გაუჩნდა სურვილი და შესაძლებლობა, რომ მიმდინარე სასწავლო წელს საკუთარ და სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს ძალიან ბევრი სიახლე შესთავაზოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სხვა უნივერსიტეტებს სტუდენტებს ვართმევთ. როცა სტუდენტები ჩვენს ერთობლივ პროგრამაზე სასწავლებლად მოდიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი თავიანთ უნივერსიტეტებში ჩვეულებრივ აგრძელებენ სწავლას,  ამ პროგრამას კი დამატებით გაივლიან.

ჩვენი პროგრამა იმითაც მნიშვნელოვანია, რომ შეგიძლია მასში საბაკალავრო პროგრამის გავლის პარალელურად ჩერთო. ეზიარო ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების პრაქტიკას შენს მიერ არჩეული სპეციალობის შესაბამისად და 3 წელიწადში დაამთავრო. ანუ, ერთ საბაკალავრო ციკლში სტუდენტებს შეეძლებათ ორი დიპლომი აიღონ.

–ამ პროგრამის თანამონაწილე ნებისმიერი კურსის სტუდენტი შეიძლება გახდეს?

IMG_6165–დიახ. ისიც კი, ვისაც სწავლა უკვე დასრულებული აქვს. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ დიპლომი, რომელსაც ჩვენ ამ პრორამის დასრულების შემდეგ გავცემთ ევროპულია და ცხადია, მას უფრო სხვა ღირებულება აქვს. ძალიან კარგი ურთიერთობები ჩამიგვიყალიბდა კრაკოვის ტურიზმისა და რეკრეაციის უნივერსიტეტთან, რომელიც პოლონურ სივრცეში ერთ-ერთი ლიდერია. პოლონეთში კი როგორაა ტურიზმი განვითარებული, ყველას კარგად მოეხსენება.

იგი ჩვენი პარტნიორია და ვფიქრობ, ტურისტული მიმართულებით, რეკრეაციული რესურსების გამოყენება-ათვისების მიზნით, ადგილობრივი სპეციალისტების მომზადების საქმეში, ერთობლივი პროგრამების გამოყენებით ჩვენ გაცილებით მაღალი კლასის სპეციალისტების მომზადება შეგვეძლება. იმ დონის სპეციალისტებისა, რომლებიც მერე ქართულ ტურიზმსა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიას განავითარებენ.

ძალიან კარგია ისიც, რომ სასწავლო კურსი მხოლოდ თეორიულ სწავლებას არ მოიცავს. პროგრამა ისეა აწყობილი, რომ სტუდენტმა მაქსიმალურად შეძლოს პრაქტიკული რესურსების გამოყენება. იქ, სადაც ევროპული გამოცდილების ჩართვა იქნება საჭირო, ცხადია ესეც უზრუნველყოფილი იქნება.  ამ ყველაფერს თავის თავზე კრაკოვის, ბრატისლავისა და აშშ-ს  სასწავლო ცენტრები იღებენ.

–აპირებთ თუ არა ამ ყველაფერში ქართული უნივერსიტეტების ჩართვასაც?

IMG_6539– საავიაციო უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი ძალზედ ღია პოლიტიკით განახორციელოს. ამიტომ, ცოტა ხნის წინ ჩვენ ყველა უმაღლეს სასწავლებელს ღია წერილით მივმართეთ  და თანამშრომლობა შევთავაზეთ. ვუთხარით, რომ ნებისმიერი უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შეუძლიათ ამ პროგრამებს გაეცნონ და ინტერესის შეთხვევაში ჩაერთონ კიდეც.

–უცხოელი პედაგოგები როგორ ჩაერთვებიან სწავლებაში?

–ჩვენი თანამშრომლობის ხელშეკრულება ორ ვარიანტს ითვალისწინებს: პირველის შემთხვევაში იქაური პროფესორი ჩამოდის და კურსი მიჰყავს, მეორე შემთხვევაში კი, ლექციას სტუდენტები დისტანციურად ისმენენ. დღეს ტექნიკურად ეს  პრობლემა აღარაა.

პარტნიორების გუნდი კიდევ უფრო მეტად ისეთ საკითხებში ერთვება, როგორიც სტაჟირების გავლაა. მაღალკვალიფიციური პრაქტიკის მიღება ზოგიერთ დარგში ჩვენთანაც შესაძლებელია. თუმცა, ტურისტულ ინდუსტრიაში გაცილებით უკეთესი სტაჟირების გავლა შეიძლება ევროპულ ქვეყნებში, სადაც ეს სისტემა დახვეწილი და დალაგებულია. ჩვენს მოთხოვნას ყველა პარტნიორმა ადეკვატურად უპასუხა და ისინი მზად არიან სტაჟირების, სასწავლო პრაქტიკების, საკურსო და სადიპლომო პროექტების საბოლოო დამუშავებისას მაქსიალური ჩართლობა გამოამჟღავნონ.
თუმცა, ეს სავალდებულო ელემენტი არ იქნება, რადგან გარკვეულ ფინანსებთანაა დაკავშირებული, რაც პროგრამის საერთო ღირებულებას გარკვეულწილად აძვირებს. ამიტომ, ის ვისაც ამის სურვილი და შესაძლებლობა ექნება, პრაქტიკას ევროპაში გაივლის. ვინც ამას ვერ მოახერხებს, არც ის დარჩება პრაქტიკის გარეშე. იგი ჩვენთან – ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსა თუ კერძო ტურისტულ კომპანიებში მიიღებს პრაქტიკულ ცოდნას.

–რა ეღირება ეს პროგრამები?

IMG_6142–მისი საფასური არ იქნება ძალიან შორს იმ ფასებისაგან, რაც ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებშია.  ევროპული და ამერიკული განათლება ძალზედ ძვირი სიამოვნებაა, თუმცა ჩვენ პარტნიორებს ავუხსენით, რომ ეს პორგრამები ფინანსურ ელიტაზე გათვლილი არაა. ეს არაა პროგრამა, რომელზე სწავლასაც მხოლოდ მდიდრები შეძლებენ. აქ  სწავლა საშუალო ფენამ უნდა შეძლოს.

ამიტომ, პროგრამების საფასურიც დაახლოებით იმ საზღვრებში ჩაჯდება, რაც ჩვენ უმაღლესებშია. მათი ფასი ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე ნოვაცია არ იქნება.

–როდიდან იგეგმება ამ პროგრამების დაწყება?

–ამ ერთობლივ პროგრამებს სექტემბრიდან ინტენსიურად ჩავრთავთ საერთო სასწავლო პროცესში. მანამდე კი, ამ სემესტრიდან გამოვაცხადებთ მიღებას მოკლევადიან კურსებზე, რომლის ძირითადი მიზანი და ამოცანაც კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადება იქნება. ეს კურსები განკუთვნილია გარკვეული ცოდნის მქონე ადამიანებისათვის. მათთვის, ვინც დღეს ამ კონკრეტულ ბიზნესში საქმიანობენ,  ან მეოთხე კურსის სტუდენტები არიან და ხვალ თუ  ზეგ სპეციალიზაციაზე მოუწევთ ფიქრი.

მათში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ისე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს და ასევე კურსდამთავრებულებსაც. მათაც კი, ვინც დღეს უკვე ჩართულია ტურიზმის ბიზნესში. მაგალითად, ადამიანი გიდად მუშაობს, მაგრამ კვალიფიკაციის ამაღლება უნდა და ამ მოკლევადიან კურსს გაივლის. ანდა, თუკი ადამიანს გარკვეული დროით თავისი საქმიანობის შეწყვეტა მოუხდა (მაგალითად, ცოტა ხნით უმუშევარი დარჩა, ბავშვი გააჩნინა, ან სადმე იყო წასული) და ამ პაუზამ მისი დეკვალიფიკაცია გამოიწვია, ეს კურსები ფორმაში სწრაფად ჩადგომაში დაეხმარება.

–კონკრეტულად რამდენ ხნიანი იქნება ეს კუსები?

–მათ ერთი სემესტრის ფარგლებში გაივლიან – ორთვენახევარში ან სამ თვეში. როცა ჩვენთან ადამიანი ტურისტული მიმართულებით სწავლობს,  დიპლომში  იწერება, რომ იგი ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრია ტურიზმში. დამსაქმებლისთვის კი ცოტა რთული გასაგებია თუ კონკრეტულად რა შეუძლია კურსდამთავრებულს – გიდია, ოპერატორია, ორგანიზატორი, ტურლიდერი თუ ა.შ.

შესაბამისად, როცა ამ დიპლომთან ერთად მას პარალულერად გავლილი კურსის სერთიფიკატი აქვს, დამსაქმებელმა უკვე იცის თუ რა შეუძლია მას კონკრეტულად. ამ დროს კითხვები აღარ იბადება.

აღსანიშნავია, რომ კურსები იმ ადამიანებისათვის, რომლებიც უკვე საქმიანობენ აღნიშნულ ბიზნესში, კიდევ უფრო მოკლევადიანი იქნება – 4 კვირა. აქ გამოყენებული იქნება ანდრაგოგიკის (ზრდასრულთა პედაგოგიკა) თანამედროვე მეთოდები, დასწრებულ-დაუსწრებელი სწავლების სხვადასხვა მიზნობრივი კომბინაციები, კონკრეტული ჯგუფის ინტერესების გათვალიწინებით.

IMG_6576–უცხოელი პარტნიორები აქაც მიიღებენ მონაწილეობას?

–უცხოელ პარტნიორებთან შევთანხმდით, რომ ეს კურსებიც ერთობლივი იქნება. უცხოელი პედაგოგების გარდა, ამ კურსებზეც გათვალისწინებულია პრაქტიკის გავლა ევროპულ ქვეყნებში.

ამ დროისთვის 10-12 ასეთი მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა გვაქვს. ნელ-ნელა ეს პროგრამებიც იხვეწება. ვცდილობთ ყველაზე მოთხოვნადი და ჩვენი ქვეყნის რეალობაზე მორგებული სფეროები მოვიცვათ. ეს სერთიფიკატები ორი და ზოგ შემთხვევაში სამი ბეჭდითაც კი იქნება. გააჩნია თუ რამდენი პარტნიორი მიიღებს მასში მონაწილეობას. შესაბამისად, ეს იქნება ევროპულ-ქართული, ან ევროპულ-ამერიკულ-ქართული სერთიფიკატები.

–ამ კურსების ღირებულება რამდენს შეადგენს?

–ფასები, პროგრამის დატვირთვიდან გამომდინარე, დიფერენცირებული იქნება, ამჟამად მიდის ამ საკითხის დაზუსტება, თუმცა ვფიქრობ ეს იქნება 300 -500 ლარის  ფარგლებში.  დაინტერესებული პირებისათვის ჩვენ მთლიან პროგრამას ვაქვეყნებთ, რათა მათ კარგად ნახონ თუ რას ვთავაზობთ ახალს. შესაბამისად, პროგრამაშივე ნახავს უღირს თუ არ უღირს, სჭირდება თუ არა მას ამ კურსების გავლა. ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შესაძლებელია კურსების გავლა გარკვეულ რეგიონებში – სადაც იქნება გარკვეული ტექნიკური შესაძლებლობები და მოხდება ჯგუფის ფორმირება.

რას სთავაზობს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი 2016 წლის აბიტურიენტებს

ვის შეუძლია გახდეს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტი – მოთხოვნები და დასაქმების პერსპექტივა

მეტი ინფორმაცია საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური