GE

ირაკლი ღარიბაშვილი: „დღევანდელ ტექნოლოგიურ სამყაროში არამხოლოდ უნივერსიტეტის ფორმალური დიპლომია მნიშვნელოვანი“

პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ, რომელიც სამთავრობო პროგრამას წარადგენს. სხვადასხვა საკითხებთან ერთად პრემიერ მინისტრობის კანდიდატი განათლების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი პროფესიული განათლების განვითარება იქნება.

„ეკონომიკური პერსპექტივა მხოლოდ ცოდნას შეიძლება დაეფუძნოს. ამიტომ, განათლების და მეცნიერების განვითარება არსებითი ამოცანაა. განათლება მეტად უნდა დაუკავშირდეს ჩვენს ცხოვრებას, ჩვენი ყოველდღიურობის გამოწვევებს. თანამედროვე მსოფლიოში ტექნოლოგიებს აქვს გადამწყვეტი როლი, ტექნოლოგიების არათუ შექმნა, მოხმარებაც კი შეუძლებელია სათანადო ცოდნის გარეშე, ამიტომ საჭიროა უმაღლეს განათლებაში, საბუნებისმეტყველო, საინჟინრო მეწარმეობასთან დაკავშირებული დარგების მეტად ხელშეწყობა. მინდა, ასევე გავამახვილო ყურადღება პროფესიული სწავლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, რომელიც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი მთავრობისთვის. დღევანდელ ტექნოლოგიურ სამყაროში მნიშვნელოვანია არამხოლოდ უნივერსიტეტის ფორმალური დიპლომი, რომელსაც ხშირად ახალგაზრდა ვერ იყენებს, არამედ ცოდნა და პროფესია, რომელიც ახალგაზრდებმა უნდა შეიძინონ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ სწრაფადცვალებად სამყაროში ადამიანებს ჰქონდეთ პროფესიის შეცვლის, ან პროფესიული განვითარების უწყვეტი შესაძლებლობა. წარმოების, სოფლის მეურნეობის განვითარების ამოცანა თავისთავად წარმოშობს მოთხოვნას მრავალ პროფესიაზე, რომელიც ჩვენი ყოფიდან თითქმის გაქრა.

„მინდა ასევე ხაზი გავუსვა, რომ რეგიონებში უმაღლესი თუ პროფესიული განათლების სისტემა უნდა დაუკავშირდეს, ადგილობრივ საჭიროებებს. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მაქსიმალურად ადგილობრივი საგანმანათლებლო კერების გაძლიერებას, რეგიონებში ცხოვრება კიდევ უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს ჩვენი ახალგაზრდებისთვის და გარკვეული პროგრამებიც უნდა შევთავაზოთ მათ წასახალისებლად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური