GE

ირაკლი კობახიძე განათლების სამინისტროს სსიპ-ის გაუქმებაზე – „მთავარია, რომ პროცესი ხარვეზების გარეშე წარიმართოს“

„დროებითი ზომები იქნება მიღებული იმისთვის, რომ არცერთ მიმდინარე პროექტს რაიმე საფრთხე არ შეექმნას“, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის შეკითხვას, რომელიც სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმებასა და შესაბამისი უწყებებისთვის მისი უფლებამოსილების გადანაწილების ვადებს შეეხებოდა.

„2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან უქმდება სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“

როგორც პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი სსიპ-ის – „ესიდას“ გაუქმების შემდეგ, პროცესები ხარვეზების გარეშე უნდა წარიმართოს.

„ამ ეტაპზე ამ ფუნქციით იქნება დაკავებული რეგიონული განვითარების სამინისტრო, თბილისის ნაწილში – დედაქალაქის მერია. რაც შეეხება პროცედურებს, ეს დეტალები იქნება, რა თქმა უნდა, განსახილველი, ვადებიც უნდა განისაზღვროს. მთავარია, რომ პროცესი უნდა წარიმართოს ხარვეზების გარეშე. მათ შორის, კითხვა დაისვა სასწრაფო წესით განსახორციელებლ პროექტებთან დაკავშირებით. აქაც დროებითი ზომები იქნება, ბუნებრივია, მიღებული იმისთვის, რომ არცერთ მიმდინარე პროექტს არ შეექმნას რაიმე საფრთხე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამავე კონტექსტში ირაკლი კობახიძემ დეცენტრალიზაციას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სამომავლოდ, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და მათი მოვლა-პატრონობის ფუნქცია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე უნდა გადავიდეს.

„ეს არის გადაწყვეტილება, რასთან დაკავშირებითაც ცვლილებები უნდა განხორციელდეს ნორმატიულ ბაზაში. მე ვფიქრობ, რომ სხვადასხვა თვალსაზრისით არის ეს ცვლილება მნიშვნელოვანი, მათ შორის იმ კუთხითაც, რომ პერსპექტივაში, ეს ფუნქცია უნდა გადავიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის გამგებლობაში. დღეს რამდენიმე შეკითხვა დაისვა თვითმმართველობასთან დაკავშირებით, დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ სკოლების მოვლა-პატრონობა პერსპექტივაში არის სწორედ ერთ-ერთი უფლებამოსილება, რომელიც უნდა გადავიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. პერსპექტივაში, ასევე, თუნდაც სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაც შეიძლება გახდეს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება. ეს შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ ეს არის ერთგვარი შუალედური ნაბიჯი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება გუშინ, 26 ივნისს დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებას, რომელიც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმებას და მისი უფლებამოსილებების თემატურ სამინისტროებში გადანაწილებას ითვალისწინებს, მხარი 86-მა კანონმდებელმა დაუჭირა. პლენარულ სესიაზე გატანამდე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა სამი მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო.

მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური