GE

„ისედაც ვადა გაუვიდა ამ ტესტებს და ახლა კიდევ გაამარტივეთ“ – ინგლისურის მასწავლებელი უცხოური ენის ტესტში შეტანილ ცვლილებაზე

ეროვნულ გამოცდებზე დაგეგმილ ცვლილებებს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა განათლების სფეროს წარმომადგენლებს შორის. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, ძირითადად, არჩევითბოლოიან დავალებებს „შეუტიეს“ და ტესტებიდან ამოიღეს. ასე მოხდა უცხოური ენების შემთხვევაშიც. ტესტიდან ამოიღეს მე-7 არჩევითპასუხებიანი დავალება, რომელიც გრამატიკის ცოდნას ამოწმებდა.

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით,  გრამატიკის ცოდნა შემოწმდება ტესტში არსებული წერითი დავალებების საშუალებით. საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 80 და არა 90, როგორც ეს წინა წელს იყო. შესაბამისად, საგამოცდო დრო გახდა 2 საათი და 30 წუთი (დრო 10 წუთით შემცირდა).

„დიადი“ ცვლილება მისაღები გამოცდის ინგლისური ენის ტესტში“, – ასე გამოეხმაურა საკუთარი „ფეისბუკის“ გვერდით „თანამედროვე განათლების აკადემიის“ ინგლისური ენის მასწავლებელი და თსუ-ის ფსიქოლოგიის  და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი ქეთევან ტაბატაძე უცხოური ენის ტესტში დაგეგმილ ცვლილებებს.

„ინგლისური ენის ტესტიდან ის ერთადერთი დავალება ამოიღეს, რომელიც აბიტურიენტის გრამატიკულ ცოდნას მეტ-ნაკლებად ამოწმებდა, კერძოდ, დროების მართებულად მისადაგებას მოცემულ ტექსტში. ჯერ იყო და მე-2 დავალება ამოიღეს, არგუმენტით-ძალიან მარტივიაო და იმავე წელს (თუ არ ვცდები, 2016-ში) სხვა დავალება (სწორედ ის, რაც ახლა გააუქმეს) გაამარტივეს-ასარჩევი/შემოსახაზი პასუხები შესთავაზეს აბიტურიენტებს…

მაინტერესებს, ყველა რომ სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ღაღადებს, ეს ტესტის გამარტივებით მიიღწევა? თუ რა პოლიტიკაა? ჯერ ისედაც ვადა გაუვიდა ამ ტესტებს და ახლა კიდევ გაამარტივეთ… შედეგად კი ჩემმა მეხუთე კლასელმა მეტი იცის, ვიდრე სტუდენტმა… ახალგაზრდებისკენ თითის გაშვერა ხომ კარგად გამოგდით ძველგაზრდებს!..“,-  წერდა ტაბატაძე.

EDU.ARIS.GE დაუკავშირდა ქეთევან ტაბატაძეს და სთხოვა დაეზუსტებინა, რატომ ფიქრობდა, რომ ინგლისურის გამოცდის ტესტი გამარტივდა.

სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ტესტიდან არჩევითბოლოებიანი მე-7 დავალება ამოიღო, რადგან ის ძალიან მარტივი იყო. თქვენ რატომ ფიქრობთ, რომ ამ დავალების არსებობა ტესტში საჭირო იყო?

-ეს იყო კონკრეტული დავალება, რომელიც პირდაპირ დროების ცოდნას მოითხოვდა, გასაგებია, თემას რომ დაწერს, იქაც უნდა გამოიყენოს აბიტურიენტმა გრამატიკული დრო, მაგრამ თემაშიც შეიძლება გაზეპირებული ფრაზებით გავიდეს იოლად ფონს.

ეს დავალება ისედაც  მარტივი იყო. წინა წლებში საწყისს ფორმაში ეწერა ზმნები და თავად აბიტურიენტებს უნდა ჩაესვათ სწორ ფორმაში. ბოლო წლებში არჩევითბოლოიანი დავალება შემოგვთავაზეს. მე მაქვს კითხვა, მეორე დავალება სიმარტივის გამო რომ ამოიღეს და მაშინვე გაამარტივეს მეშვიდე დავალებაც, თუ მეორე დავალებას სიმარტივის გამო ვიწუნებდით და ამის შესახებ განაცხადეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში, რომ აბიტურიენტების უმეტესობა უშეცდომოდ ასრულებდა ამ დავალებას, მაშინ იმავე წელს რატომ, რა არგუმენტით გაამარტივეს და ზმნების ფორმები თავად შემოგვთავაზებს ასარჩევად?

ფაქტია, რომ ბევრი აბიტურიენტი შემოსახაზ დავალებას შემთხვევითობის პრინციპით ხშირად სწორად აკეთებს. ყველა მასწავლებელი ასწავლის ბავშვებს, სულაც რომ ვერ გაიგონ დავალება, მაინც შემოხაზონ და იქიდან რომელიმე იქნება მართალი. წინა შემთხვევაში საწყისს ფორმაში რომ იყო ზმნები ჩასმული ე.წ. “გარტყმით” სწორი პასუხის გაცემა არ იყო შესაძლებელი, აქედან გამომდინარე უფრო რთული და სააზროვნო იყო.

მეშვიდე დავალება იყო ერთგვარად მოტივატორი, რომ დროები უნდა ესწავლა აბიტურიენტს ძალიან კარგად, იმიტომ რომ კონკრეტული დავალება ამას ითხოვდა. მე ეს არ შემიშლის ხელს ნამდვილად, რომ ვასწავლო დროები. გაცილებით მეტს ვასწავლი, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს. ინგლისური ენის მასწავლებლებისგან (და არა გამოცდების ცენტრისგან) მოვისმინე არგუმენტი, რომ საერთაშორისო დონის გამოცდებზე მსგავსი ტიპის დავალებები დროების გამოყენებაზე რადგან არაა,ზემოხსენებული დავალებაც ამოსაღები იყო, მაგრამ მე ძალიან მყარი აზრი მაქვს ამის შესახებ, რომ აბიტურიენტებს დროების ცოდნა სჭირდებათ და მისაღებ გამოცდებზეც ამ ტიპის დავალება ზედმეტი ნამდვილად არაა. საერთაშორისო გამოცდებზე რომ გადიხარ, იგულისხმება, რომ დროები უკვე იცი. ეს სრულიად განსხვავებული მიზნობრიობისა და სპეციფიკის მქონე გამოცდაა.

გამოცდების ცენტრს აქვს პოზიცია, რომ გრამატიკის ცოდნის გამოვლენა ტესტის სხვა დავალებებშიც შეუძლიათ აბიტურიენტებს. . .

-აქ გრამატიკის ერთ კონკრეტულ ასპექტზე, დროების გამოყენებაზეა საუბარი, რასაც არც ერთი ტიპის დავალება არ ზომავს ასე ცხადად. 6-ქულიანი წერილია დასაწერი და 16-ქულიანი თემა. თუ ლექსიკა არ ზის ზუსტ გრამატიკულ კონსტრუქციაში, ბუნებრივია, ის ვერ შეფასდება, მაგრამ კონკრეტული დროების ტექსტთან მისადაგების უნარს და ცოდნას  ვერცერთი სხვა დავალება (დარჩენილი ამ შვიდი დავალებიდან)  ვერ ზომავს.

ზოგადად, როგორ შეაფასებდი უცხოური ენის ტესტს?

-საერთოდ, მაინტერესებს, გამარტივებისკენ რატომ მიდის ეს ტესტები? მთავარი მისია შეასრულა ეროვნულმა გამოცდებმა. ძალიან კარგი რეფორმა განხორციელდა 2005 წელს, იმიტომ რომ ის კორუმპირებული სისტემა დაინგრა, რომელიც გამეფებული იყო მისაღებ გამოცდებზე. მე საკუთარ ტყავზე ვიწვნიე იმ სისტემის უსამართლობა და ეროვნულ გამოცდებზე გასვლა ნამდვილად ძალიან მიხაროდა. მაგრამ ერთი და იგივე, უცვლელი მიდგომა, უკვე ხარისხს ვეღარ ზომავს, – ძალიან მოძველდა. ინგლისურის ტესტში პროგრესი იყო, როდესაც მოსმენის ნაწილი დაემატა. საუბრის ნაწილის დამატება გასაგებია, რომ  რთულია. ათასობით აბიტურიენტის საუბრის ჩაწერა და შეფასება ძალიან რთულია, – ამას იმდენად დიდი რესურსი სჭირდება, როგორც ადამიანური, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით…  ზოგადად,  ეს ტესტი რთული არაა და დახვეწას და გაუმჯობესებას საჭიროებს. ერთი და იგივე ადგილს ვტკეპნით და თანამედროვე მსოფლიოში ენების მიმართ უკვე სხვა მოთხოვნებია!

უცხოური ენის ტესტის მაქსიმალური ქულის შემცირებასთან ერთად ბარიერი კიდევ დაიწევს. რას იტყვით ამაზე?

-ჩემი აზრით, ბარიერი ისედაც დაბალია. ზოგიერთ უნივერსიტეტს კი აქვს განსხვავებული ბარიერი, მაგრამ  სტუდენტებს ძალიან უჭირთ უცხოენოვანი ლიტერატურის სათანადოდ გაგება-გააზრება. ჩემი პირადი პრაქტიკით გეუბნებით, რომ როდესაც სილაბუსის მოთხოვნა იყო ინგლისურ ენაზე სწავლება, სტუდენტები მთხოვდნენ, რომ იქნებ ქართულ ენაზე ჩამეტარებინა მათთვის სემინარი.

მისაღები გამოცდის მოთხოვნა ისედაც არაა საუნივერსიტეტო მოთხოვნებთან თანხვედრაში. მე ვფიქრობ, ბარიერი უფრო მაღალი რომ იყოს, ეს აჯობებს. ჩემი გამოცდილებით, აბიტურიენტობის დროს ყველაზე მეტ ცოდნას იძენს ადამიანი და სწავლის მეტი მოტივაციაც აქვს.

ფაქტია, რომ სკოლაც ვერ აძლევს მოსწავლეს იმ ცოდნას,  რომელიც ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში დაეხმარება, მაგრამ ტესტის ამგვარი გამარტივება რას ისახავს მიზნად, გულწრფელად არ მესმის…

აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით დაველოდები არგუმენტირებულ განმარტებას მათგან, ვინც ეს ცვლილება შემოიტანა – რატომ გაამარტივეს ტესტი?!

ამავე თემაზე:

უცხოური ენების პედაგოგებს აბიტურიენტებისთვის სწავლების მეთოდის შეცვლა მოუწევთ – როგორ აფასებენ სიახლეს სპეციალისტები

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ცვლილება 4 საგანის ტესტს შეეხება – დეტალები

რამდენი იქნება გამსვლელი ქულა აბიტურიენტებისთვის ქართულის გამოცდაზე და ვისთვის გართულდა ტესტი

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური