GE

ისტორიის ტესტის II ვარიანტის შინაარსი – აბიტურიენტები საკითხებს ასახელებენ

2025 წლის აბიტურიენტებმა 10 ივლისის მეორე სესიაზეც ისტორიის ტესტზე იმუშავეს.

გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები II ვარიანტის საკითხებს EDU.ARIS.GE-სთან იხსენებენ და მის სირთულესაც აფასებენ.

დავით ბედოშვილი გვიყვება, რომ ტესტი არც მარტივი ყოფილა და არც ისეთი რთული, რომ ვერ დაეძლია:

“ზოგადად, ისტორიის მოყვარული ვარ, მაგრამ ყველაზე სკეპტიკურად მაინც ისტორიის გამოცდას ვუყურებდი, რადგან ძალიან ფართო საგანია და არის მასში ისეთი დეტალებიც, რაც შეიძლება, არ გახსოვდეს. მასწავლებელთან როდესაც ვაკეთებდი ეროვნულის ტესტებს, მიჭირდა ხოლმე ხშირ შემთხვევაში. ახლა რაც შემოვიდა გამოცდაზე, იმით კმაყოფილი ვარ – არ გამჭირვებია. ვერ გეტყვით, რომ ძალიან მარტივი იყო, თუმცა ვფიქრობ, კარგად გავართვი თავი.

“ანალოგიაში მოცემული იყო ბისმარკის დანიშვნა პრუსიის პრემიერ-მინისტრად და საჭირო იყო, რომ ანალოგი მე-18-მე-19 საუკუნის ისტორიიდან მოგვეყვანა. მე ანალოგად ნაპოლეონი გამოვიყენე. წყაროში მოცემული იყო ვახტანგ გორგასალი – უფრო კონკრეტულად კი, 450-451 წლების აჯანყება, რომელიც სომხებმა და ალბანელებმა ირანის წინააღმეგ მოაწყეს. რაც შეეხება ზოგად კითხვებს, რამდენიმე შემიძლია დაგისახელოთ. ერთ-ერთი კითხვა აქემენიანთა მმართველ კამბისზე შემოვიდა; ასევე იყო ინგლისზე, ევროპის შუა საუკუნეებზე. რაც შეეხება რუკას, მასზე ასახული იყო მე-19 საუკუნის მოვლენები ევროპაში – საფრანგეთის იერიშები და ბრიტანეთის საზღვაო მოქმედებები”.

ვაჟა ფსუტური კი გვიხსნის, რომ მისთვის ისტორიის ტესტირება მარტივი იყო და მოეწონა.

ის იხსენებს ანალოგიის დავალებასაც და კითხვებს, რომლებიც ერთქულიან დავალებებში ჰქონდათ მოცემული:

“რომ შევადარო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას, იმაზე მარტივი ნამდვილად იყო. 5-ქულიანი ანალოგია მოვიდა ბისმარკზე, რისი ანალოგიც მოვიყვანე, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ მთლად სწორია. ტესტირებაში შეტანილი იყო საფრანგეთის პირველი იმპერიისდროინდელი რუკა და ამაზე მუშაობაც გამიმარტივდა.

“წყარო ვახტანგ გორგასალზე იყო. მიყვარს გორგასალი და მისი ეპოქის ისტორია კარგად მაქვს შესწავლილი. წყაროში საუბარი იყო კავკასიის აჯანყებებზე, ალბანეთსა და სომხეთთან ურთიერთობებზე, ირანზე და ა.შ. ეს არის 14-ქულიანი დავალება და წყაროს მიხედვით 10 კითხვას უნდა გასცე პასუხი. ასევე გვქონდა ერთქულიანი 35 კითხვა, რომლებიც ძირითადად მსოფლიო ისტორიას ეხებოდა. აი, ასეთი კითხვა იყო ერთ-ერთი: რომელი დინასტია მმართველობდა 30-წლიანი ომის დროს. პასუხია: ჰაბსბურგები. საბოლოო ჯამში, კმაყოფილი ვარ. 45-50 ქულას ველოდები”.

ნიკა კიპაროიძე, რომელიც 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოვიდა და გამოცდისთვის გამოყოფილი დრო თიქმის სრულად გამოიყენა ისტორიის ტესტის II ვარიანტს ასე აანალიზებს:

“საშუალო სირთულის ტესტირება იყო. ერთქულიან კითხვებში ფაქტობრივი სიზუსტე გვჭირდებოდა და უფრო რთულად მომეჩვენა, მაგრამ ტესტირების დანარჩენი ნაწილი – წყარო, რუკა, ანალოგია მარტივი იყო და ნორმალურად დავწერე.

“ერთქულიანი კითხვები ძველ, შუა და უახლეს მსოფლიო ისტორიას ეხებოდა, საქართველოს ისტორიიდან ნაკლებად იყო. ანალოგია ოტო ფონ ბისმარკის მმართველობაზე შემოვიდა. ბისმარკის მმართველობის ერთი შედეგი უნდა დაგვესახელებინა და ერთი ანალოგია უნდა მოგვეყვანა მე-19 საუკუნის ევროპიდან. მმართველობის შედეგში დავწერე, რომ ბისმარკი გერმანიის გაერთიანებაში მონაწილეობდა. რაც შეეხება ანალოგიას, ანალოგიად მოვიყვანე ჯუზეპე გარიბალდი, რომელმაც იტალიის გაერთიანებაში მიიღო მონაწილეობა.

“წყაროში საუბარი იყო ვახტანგ მეფეზე, ასევე იმაზე, თუ როგორ მოიშორა ვარსქენ პიტიახში, როგორ აღფრთოვანებულები იყვნენ სომეხი თავადები მისი მოღვაწეობით, აჯანყებით და როგორ შეურთდნენ ვახტანგს. წყაროს მიხედვით კითხვებს გავეცი პასუხი და მარტივი იყო. რაც შეეხება რუკას, მოცემული იყო ნაპოლეონის დაპყრობითი ომები. რუკიდან გამომდინარე კითხვებზე პასუხიც სირთულეს არ წარმოადგენდა. მე 45 ქულაზე მეტს ველოდები”.

ხვალ, 11 ივლისს, ისტორიის გამოცდა კიდევ ერთ სესიად ჩატარდება და ამით დასრულდება.

ასევე იხილეთ:

ქართულის სპეციალისტი, როგორც აბიტურიენტის „კომპასი“ პირველი გამოცდისთვის – ყველა ნაბიჯი ტესტის წერისას

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური