GE

„ისტორიისა და მათემატიკის გამოცდა გვაშინებს“ – გორელი აბიტურიენტების მოლოდინები და ფსიქოლოგის რჩევა სტრესის მართვისთვის

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტებს სამზადისი თითქმის დასრულებული აქვთ. ერთ-ერთი მათგანი ოქროს მედალოსანი, თემურ წეველიძეა გორიდან, რომელიც პირველ გამოცდას ორშაბათს ჩააბარებს. EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ ზაფხულის გამოცდებზე გასასვლელად მზად არის და არაფრის ეშინია. მომავალ პროგრამისტს იმედი აქვს, რომ სასურველ უნივერსიტეტში, სასურველი ქულებით მოხვდება.

„გამოცდებზე ნერვიულობა არ მჩვევია და საერთოდ არ ვნერვიულობ. ვფიქრობ, კარგ შედეგს დავდებ. მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკაში დიდი ხანია ვემზადები, ცოტათი რთულად მათემატიკის გამოცდა მეჩვენება, რადგან ამ კუთხით ნაკლები გამოცდილება მაქვს. არჩეული მაქვს ქუთაისის უნივერსიტეტი და იქ მინდა სწავლის გაგრძელება“, – ამბობს თემო.

4 ივლისს აქვს პირველი გამოცდა მარიამ ჩიტაძეს. მომავალი გრაფიკული დიზაინის სპეციალისტი ამბობს, რომ ეროვნული გამოცდებისთვის რეპეტიტორებთან წლებია ემზადება, თუმცა ვრცელი მასალის გამო, ყველაზე მეტად მაინც ისტორიის გამოცდა აშინებს. ამის მიუხედავად, სჯერა, რომ აგვისტოს ბოლოს საკუთარ შესაძლებლობებს დაამტკიცებს და იმ უნივერსიტეტში გააგრძელებს პროფესიის დაუფლებას, რომელიც უკვე შერჩეული აქვს:
„გრაფიკულ დიზაინზე მინდა ჩაბარება. ამ პროფესიაში ვხედავ საკუთარ თავს. მას შემდეგ, რაც განრიგი დაიდო და გამოცდა მოახლოვდა, ღელვაც დამეწყო. ცოტათი ისტორიის მეშინია, დანარჩენი საგნების – არა. ერთ წელზე მეტხანს არც ერთ საგანში არ მოვმზადებულვარ და კარგი შედეგის იმედი მაქვს. წარმატებებს ვუსურვებ ყველა აბიტურიენტს და ვურჩევ, რომ არ იღელვონ, რადგან ყველაფერი კარგად იქნება“.

ერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდს რომ აბიტურიენტებისთვის სტრესი და მღელვარება მოაქვს, ამაზე საუბრობს EDU.ARIS.GE-სთან ფსიქოლოგი ეკატერინე მენაბდიშვილიც და გამოსაცდელებს მიმართავს, რომ მღელვარების ჩასაცხრობად საუკეთესო გამოსავალი საგამოცდო პროცესის მიმართ პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაა.

„ეროვნული გამოცდები საკმაოდ სტრესულია ბავშვებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ მათ ნაწილს გამოცდა არასდროს ჩაუბარებია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერს ამავდროულად ახლავს აბიტურიენტის მხრიდან დიდი პასუხისმგებლობა მშობლების, მასწავლებლების წინაშე და სტრესიც ორმაგდება. აბიტურიენტების ემოციებზე ისიც მოქმედებს, თუ როგორი გარემო დახვდებათ საგამოცდო ცენტრში, ვინ იქნება დამკვირვებელი და ა.შ. ამიტომ, ემოციების სამართავად, აუცილებელია, წინასწარ მოინახულონ საგამოცდო ცენტრი და არსებულ ვითარებას გაეცნონ, ან წარმოსახვაში გაიაზრონ, თუ როგორ შედიან გამოცდაზე, როგრია პროცესი, როცა დასხდებიან და დაწერენ გამოცდას და ძალიან მნიშვნელოვანია, გამოიყენონ სტრესის დაძლევის საკუთარი მეთოდებიც. შფოთვა ნორმალურია, ნორმალურ ფაზებში და ამის არ უნდა შეეშინდეთ“, – განაცხადა ფსიქოლოგმა.

აბიტურიენტებს რჩევებს უზიარებენ განათლების სფეროში მომუშავე სპეციალისტებიც. პედაგოგები იმედოვნებენ, რომ ყველა აბიტურიენტი სასურველ შედეგს მიაღწევს.
„თუ აბიტურიენტებს სწორად აქვთ არჩეული პროფესია, მაშინ მიზნისკენ სწრაფვა გაუადვილდებათ. მე მინდა ყველას ვურჩიო, რომ არ ინერვიულონ, რადგან სანერვიულო არაფერია. მობილიზდნენ და კონცენტრირდნენ საგამოცდო საკითხებზე. ისე, აქვე მინდა ვთქვა, რომ საჭირო არ არის ამდენი სტუდენტი და ამდენი დიპლომი საქართველოსთვის, საჭიროა მხოლოდ ისეთი სპეციალისტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ბაზარს დააკმაყოფილებს“, – აცხადებს მათემატიკის სპეციალისტი და კერძო სკოლის დამფუძნებელი, თამარ უთნელიშვილმა.

2023 წლის ერთიან ეროვნული გამოცდებს გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს. აბიტურიენტებისთვის გამოცდები სამ ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

ასევე იხილეთ:

„როგორც კი შეხვალთ საგამოცდო აუდიტორიაში!…“ – მრავალგზის სტუდენტის მიმართვა და რჩევები აბიტურიენტებს

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური