GE

ივანიშვილი განათლების რეფორმის შიდა განხილვებში მონაწილეობს – როგორია უმაღლესი განათლების მისეული ვარიანტი

ქვეყნის მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ის დარწმუნებულია დაწყებული განათლების რეფორმის წარმატებაში.

განათლების თემაზე მან მიგრაციასა და სამუშაო ადგილების არ არსებობაზე საუბრის კონტექსტში, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ილაპარაკა.

„ამაზე მე დღეს არ ვაპირებდი საუბარს, მაგრამ შეიძლება, რომ შევეხოთ, და შეგვიძლია დავიწყოთ, რამეთუ მე თითქმის დარწუნებული ვარ, რომ ჩვენ შეიძლება შედეგები მივიღოთ. განათლების რეფორმა! –რომელიც არის ჩვენი ეროვნული იდეა და რომელზეც პრემიერმაც და გუნდმაც ბევრჯერ ისაუბრა და საზოგადოებას გააცნო, რომ 2022 ლისთვის ჩვენ პიკს მივიღებთ განათლების დაფინანსების, რომელიც უპრეცედენტოა და ეს იქნება ბიუჯეტის მეოთხედი, ასეთი მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოა მსოფლიოში და ეს არის ის, რაც ჩვენ ერს პერსპექტივას უსახავს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სწორედ ამდენი მიემართებოდეს განათლებაზე.

„ვაგვარებდით ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, რაც აუცილებელი იყო, მე მახსოვს, რომ რომ ბატონი ვანო კიღურაძე (განათლების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე), როდესაც მე პრემიერი ვიყავი, ჩემთან იყო კამათში და ნაწყენიც დარჩა იმისთვის, რომ მე ვარწმუნებდი, რომ განათლებაზე და მეცნიერებაზე მეტი სახსრების გამოყოფის საშუალება არ იყო და მაშინ მთელი ფული ჯანდაცვასა და სოციალურ პროექტებზე წავიღეთ. ახლა, როგორც იქნა, დადგა ბატონი ვანო კიღურაძისა და ჩემი საოცნებო დღე, რომ ჩვენ შეგვიძლია უკვე განათლებაზე გადავერთოთ, როდესაც გზებს გავაკეთებთ. გზების გარეშე სკოლაში ვერ მიხვალ. ჩვენ წინმსწრებად გავაკეთეთ ინფრასტრუქტურა, ძირითადში 2021 წლისთვის მოვრჩებით და მაქსიმალური დაფინანსება განათლებისა პროპორციულად გაიზრდება. 2022 წლისთვის კი, მივიღებთ პიკს, როდესაც ინფრასტეუქტურა პრაქტიკულად მოთავებული იქნება და მთელი სახსრები აქეთ მოემართება. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არის შესაძლებელი, თუმცა არ არის იოლი. წინასწარი მუშაობა მიდის უკვე იმისთვის, რომ მომზადებული დახვდეს განათლების სამინისტრო, უკვე რამდენიმე თვეა შიდა განხილვები მიდის და მეც ვესწრებოდი… ნაწილი უკვე გამოიტანეს ამ მთლიანი პროექტის, განხილვა გაგრძელდება და მოსახლეობა ამას კარგად გაიგებს. ეს არის ეროვნული იდეა და ჩვენ ეს უნდა მოვახერხოთ“, – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ.

მან ამ კონტექსტში უმაღლესი განათლების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ ის მიმართულებები უნდა ისწავლებოდეს, რაც ეკონომიკაშია საჭირო.

„ამ ნაწილში სწორედ, მე დავინახე ის, რაც მიღწევადია. ჩვენ, უმაღლესი განათლების ალბათ რა ნაწილსაც დავტოვებთ, და ამდენი ეკონომიკას არ სჭირდება; ეკონომიკა და განათლება ერთ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს და ჩვენ ამას უკვე ვიწყებთ და ვაპირებთ. რისი ადგილებიც შეიძლება იყოს ეკონომიკაში, ის უნდა ისწავლებოდეს სასწავლებლებში, უმაღლესი მაქვს ამ შემთხვევაში მხედველობაში და ჩვენ ამას დავაბალანსებთ. ამავდროულად, ძალიან ბევრი იქნება პროფესიული გადამზადებები. ამ მხრივ გაიზრდება დასაქმება, თუმცა ჩვენ არ გვყოფნის სამუშაო ადგილები და შეუძლებელი იქნება ყველას დასაქმება“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

„ეს პროფესიების დეფიციტს გამოიწვევს, ამას შინაარსი არ გააჩნია“ – ეკონომისტები უმაღლეს განათლებაზე ივანიშვილის მოსაზრებას ეხმაურებიან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური