GE

„კარგად გაიხსენეთ მორფოლოგია-ორთოგრაფიის, სინტაქსის, პუნქტუაციისა და სტილისტიკის საკითხები“ – რას ურჩევს ქართულში აბიტურიენტებს NAEC-ის წარმომადგენელი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის წარმომადგენელი ნაირა ცხვედიანი აბიტურიენტებს ურჩევს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მართლწერის საკითხებს მიაქციონ.

ამის თაობაზე მან გასულ კვირაში აბიტურიენტებთან ისაუბრა, ხოლო დღეს, გამოცდების ცენტრმა კიდევ უფრო სრულყოფილი მითითებები გამოაქვეყნა, რომელიც 2024 წლის აბიტურიენტებმა ქართულის გამოცდის ტესტზე მუშაობისას უნდა გაითვალისწინონ.

„ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდის პროგრამასა და ტესტის ფორმატში არაფერი შეცვლილა. გამოცდა წელსაც 3 დავალებისაგან შედგება. რედაქტირების დავალებით მოწმდება აბიტურიენტის გრამატიკული საკითხების ცოდნა და ენობრივი კომპეტენცია. ჩემი რჩევა იქნება, კარგად გაიხსენოთ მორფოლოგია-ორთოგრაფიის, სინტაქსის, პუნქტუაციისა და სტილისტიკის საკითხები, რომლებიც საშუალო საფეხურზე გაქვთ შესწავლილი, გაამთლიანოთ ეს ცოდნა და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ მართლწერის საკითხებს. რედაქტირების დავალება 16-ქულიანია. დავალებაში არ იქნება 16 შეცდომაზე მეტი, თუმცა, რამდენი შეცდომა იქნება ზუსტად, ტრადიციულად ამის შესახებ წინასწარ ინფორმაციას არ მოგაწვდით ისევ თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე (შესაძლებელია, აბიტურიენტმა რომელიმე სიტყვის პარალელური ფორმა შეცდომად მიიჩნიოს, გაასწოროს და შეცდომების დათვლის დროს ნამდვილი შეცდომა გამორჩეს)”, – ქართულის საგნის ჯგუფის წარმომადგენელი.

რაც შეეხება მეორე დავალებას – წაკითხულის გააზრებას, როგორც ნაირა ცხვედიანი ხსნის, ის ამოწმებს, რამდენად შეუძლია აბიტურიენტს ტექსტში ინფორმაციის მოძიება, სწორი დასკვნების გამოტანა, საკითხის განზოგადება და ა. შ.

მისი თქმით, დავალება 10-ქულიანია და მისი სწორად შესრულება აბიტურიენტს შემდგომ ტექსტის ადეკვატურად გაგებასა და თხზულების დაწერაშიც დაეხმარება. აბიტურიენტებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ იმ ტექსტის წაკითხულის გააზრება გააკეთონ, რომლის მიხედვითაც შემდეგ წერით დავალებას შეასრულებენ.

ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ჯგუფის წევრმა 2024 წლის აბიტურიენტებს მითითებებს აძლევს ტესტში მოცემული ორი ტექსტის თაობაზეც და ამ მიმართულებით მეცადინეობის პროცესში გასათვალისწინებელ საკითხებზეც ამახვილებს ყურადღებას, საიდანაც ვიგებთ, რომ აბიტურიენტისგან უცნობ ტექსტზე მუშაობა სულაც ვერ იქნება იოლი გამოსავალი.

“როგორც იცით, ტესტში მოცემულია ორი ტექსტი. არჩევანი პროზაულ და პოეტურ ტექსტებს შორისაა გასაკეთებელი. ჩემი რჩევაა, წინასწარ არ განეწყოთ, რომ რომელიმე ტექსტის (მაგალითად, პოეტური ტექსტის) მიხედვით თხზულებას არ დაწერთ. შესაძლებელია, გამოცდაზე თქვენთვის საინტერესო სწორედ ის საკითხი აღმოჩნდეს, რომელიც პოეტური ტექსტის მიხედვით უნდა გაანალიზდეს – შესაბამისად, ბევრად გაგიმარტივდეთ კიდეც მასზე მსჯელობა. ამიტომ მეცადინეობის დროს უმჯობესია ორივე სახის ტექსტზე იმუშაოთ.

“მოგეხსენებათ, ამ ორი დავალებიდან ერთ-ერთი თქვენ მიერ სასკოლო პროგრამით იქნება შესწავლილი, მეორე კი უცნობი ტექსტია. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მომზადების დროს თავი აარიდოთ საპროგრამო ტექსტების საფუძვლიანად შესწავლას იმ იმედით, რომ გამოცდაზე უცნობი ტექსტის მიხედვითაც კარგად დაწერთ. თუკი ზოგადად არ გეცოდინებათ ტექსტში საჭირო ინფორმაციის მოპოვება, დაჯგუფება, ანალიზი და არგუმენტირება, თხზულების დაწერა გაგიჭირდებათ. ამიტომ აუცილებელია, პირველ რიგში, საპროგრამო ტექსტების მიხედვით ისწავლოთ თქვენი მოსაზრებების ჩამოყალიბება, მსჯელობა და დასაბუთება. როცა ამ მხრივ გაიწაფებით, უცნობ ტექსტზე მუშაობაც ბევრად გაგიადვილდებათ. ასევე გირჩევთ, მაქსიმალურად ერიდოთ შაბლონებისა და ტრაფარეტების, ლიტერატურული, ისტორიული და სხვა სახის პარალელების თვითმიზნურად გამოყენებას. პარალელები, რომლებიც ორგანულად არ დაუკავშირდება განსახილველ საკითხს, შეფასების დროს გათვალისწინებული არ იქნება“, – აღნიშნავს ნაირა ცხვედიანი.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

რა შეიცვალა აბიტურიენტთა ისტორიის გამოცდის ტესტის სტრუქტურასა და პროგრამაში? – გამოცდების ცენტრში 2024 წლის აბიტურიენტებს უპასუხეს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური