GE

„კარიერულად, მენტორი მასწავლებლისთვის, გარდა ფინანსური შესაძლებლობებისა არაფერი ჩანს“ – რატომ აბარებენ პედაგოგები გამოცდას

14 ივლისს, 2022 წლის ზაფხულის გამოცდებს წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველები შეუერთდნენ. სტატუსის ასამაღლებლად, პედაგოგები, გამოცდას პროფესიულ უნარებში, 14 და 15 ივლისს, დილის სესიაზე ჩააბარებენ.

2022 წელს მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად სულ 34 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. აქედან, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის სურვილი კი, 12 500-ზე მეტმა პედაგოგმა გამოთქვა.

ორივე სტატუსის მსურველი პედაგოგებისთვის გამოცდა ერთი და იგივე ტესტით ჩატარდება. წამყვანობის მსურველმა უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, ანუ მინიმუმ 43 ქულა, ხოლო მენტორობის მსურველმა – ტესტის მაქსიმალური ქულის 75%-ზე მეტი, ანი მინიმუმ 53 ქულა. ამ სტატუსებს მოპოვება პედაგოგებისთვის ხელფასის ზრდასაც ნიშნავს.

EDU.ARIS.GE-მ თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრში ტესტირებისთვის მისულ პედაგოგებს, სესიაზე შესვლამდე ჰკითხა, რატომ აბარებენ პროფესიული უნარების ამ არასავალდებულო გამოცდას, რატომ უნდათ მენტორის/წამყვანის სტატუსი, რის შესაძლებლობაა ეს მათთვის, რამდენად მისაღებია რომ გამოცდის გარდა, ამ სტატუსის მისაღებად და შესაბამისად, ანაზღაურების გაზრდისთვის, გამოცდა არ არის საკმარისი. ჩვენ ასევე გვაინტერესებდა, მოასწრეს თუ ვერა იმ ზღვა მასალის გადაკითხვა, სწავლა, გააზრება, რაც წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდისთვის იყო რეკომენდირებული.

დავით წამალაშვილი თბილისის 21-ე საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი: მენტორის სტატუსის მოპოვება მინდა. პირველ რიგში, კარიერული ზრდისთვის არის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი და მეორე რიგში, ფინანსური მხარე. თუმცა, ამ შემთხვევაში, წამყვანი არ არის ფინანსური მხარე. ალბათ ყველა მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია კარიერული ზრდა. შესაძლებლობას რაც შეეხება, პირველ ეტაპზე განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, გარდა იმისა, რომ მხოლოდ თვითგანვითარებაზე ვზრუნავთ. კარიერულად, მენტორი მასწავლებლისთვის, გარდა ფინანსური შესაძლებლობებისა, გამოყოფილად მნიშვნელოვანი არაფერი ჩანს.

გარდა თეორიულისა, პრაქტიკული კომპონენტითაც უნდა დადასტურდეს ეს სტატუსი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს პრაქტიკული კომპონენტი ძალიან დიდ ძალისხმევას არ უნდა იწვევდეს მასწავლებლისგან. ძალიან ბევრი გამოცდა გვაქვს აქამდე გავლილი მასწავლებლებს და ვფიქრობ, რომ ყველა ჯერზე ამ დოზით შემოწმება, პედაგოგის გამოფიტვასაც იწვევს, იმაზე ორიენტირება, რომ ვიღაც უნდა დაგესწროს გაკვეთილზე… ბოლომდე გაცნობილი არ ვარ იმ აქტივობებს პორტფოლიოსთვის, რომელიც ამ სტატუსისთვის უნდა მომზადდეს, მაგრამ თანამშრომლებისგან ვიცი, რომ საკმაოდ დიდი მოცულობისაა და შრომატევადიც. ვნახოთ, როგორ მოვახერხებ…

ამ გამოცდისთვის მხოლოდ ორი-სამი დღე მოვასწარი რაღაცებზე თვალის გადავლება, იმიტომ, რომ ერთი კვირაც არ არის, რაც შვებულებაში გავედით მასწავლებლები. ზღვა მასალასთან ერთად, ძალიან განსხვავებული ტიპის მასალებია, ბევრი სხვადასხვა სფეროდან. კრებსითი ტიპის გამოცდაა, რაზეც ცოტა ძნელია მასწავლებლის ორიენტირება, მაგრამ რაღაცები მოვახერხე. ზოგადად, გამოცდისადმი არ ვარ უარყოფითად განწყობილი. გამოცდა უნდა იყოს, მაგრამ შეიძლება რაღაცების მეტად დახვეწა, თუნდაც წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდის ერთმანეთისგან გამიჯვნა და ახლა, როცა ორივესთვის ერთი გამოცდაა, ზღვარი ცოტა ბევრი მგონია – 75%, როდესაც, რეალურად, აპრობაციის გამოცდაზე ეს ზღვარი თითქმის არავის გადაულახავს.

ნინო ბერიანიძე – წალკის პირველი საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი: ორ საგანს ვასწავლი – მუსიკას და ქართულ ენასა და ლიტერატურას. გამოცდის წინ საქმიანი განწყობა მაქვს. სამწუხაროდ, როგორც შემეძლო, ისე ვერ მოვემზადე, დრო არ მქონდა ამისთვის. სხვა პროექტებში ვიყავი ჩართული და დაკავებული, მაგრამ რაღაცები მაინც ვიმეცადინე. ზოგი რამ თავის დროზე ვიცოდი. იმედია, აღდგება ეს ცოდნაც და დავწერ კარგად. სტატუსის მოპოვება, გარდა იმისა, რომ შემოსავლების ზრდას ნიშნავს… თავიდან ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდი ამ ყველაფერს, მაგრამ რომ გადავხედე, ეს ყველაფერი ჩვენთვის ნამდვილად საჭიროა პრაქტიკაშიც და თეორიაშიც. უფრო მეტი აქტივობების გაკეთებაა შესაძლებელი, პედაგოგი უფრო მეტადაც იქნება მომზადებული შინაგანადაც და პრაქტიკული ცოდნაც უფრო მეტი ექნება ამ ინსტრუმენტებით, რასაც ვიღებთ ამ გამოცდის ჩაბარების შედეგად.

საჭიროა ის პორტფოლიოც, რომელსაც ამ გამოცდის ჩაბარების შემდეგ ითხოვენ, თუმცა, მე რომ მკითხონ, აქცენტს უფრო საგნის ციდნაზე გავაკეთებდი. თუმცა, ეს თეორიული ცოდნა, რასაც ამ გამოცდაზე ითცოვენ, ნებისმიერი მოქალაქისთვის აუცილებელი და სასარგებლოა და ჩვენც მოქალაქეები ვართ, მაგრამ მე რომ ვიყო ამ ყველაფრის განმკარგავი, აქცენტს ამ შემთხვევაში მაინც უფრო საგნიც ცოდნაზე გადავიტანდი.

შალვა მინდაძე – მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი: მინდა, წამყვანი მასწავლებელი გავხდე. პროფესიული განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგისთვის. ბავშვები ჩვენზე ერთი საფეხურით მაღლა დგანან უნარებით და საჭიროა, მათ დავეწიოთ, მაგრამ ასეთი ტიპის გამოცდები, როგორიც ახლა ტარდება, ცოტა უცნაურია ჩემთვის, რადგან ეს არის მართლაც ზღვა მასალა, რომელიც არცერთ ასპექტში არ ჯდება სკოლის სივრცეში და არ ვიცი რა იქნება. ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ვერ მოვასწარი ამ მასალის გადაკითხვაც კი და იმ უნარებით შევდივარ, რაც მაქვს. რამდენიმე ლექციას დავესწარი რაზეც ვფიქრობდი, რომ მართლა შეიძლება საჭირო იყოს ჩემი განვითარებისთვის. განათლების ფსიქოლოგიის კანონების დამახსოვრება მე არაფერში მჭირდება, მაგრამ ვალდებული ვარ, ეს დავიმახსოვრო და კიდევ ბევრი მასალა, რომელიც მოცემულია. წელს გავხდი უფროსი მასწავლებელი და გამოცდილების მიღების კუთხით ვუდგები ამ გამოცდაზე გასვლას.

ვფიქრობ, ხელფასის ზრდა არ უნდა იყოს დამოკიდებული ასეთი ტიპის გამოცდასთან. უფრო მკაცრადაც შეიძლება მოსთხოვო მასწავლებელს, რაც პირობითად გვჭირდება ჩვენ. მაგალითად, საგნის კომპეტენცია უფრო გაიღრმავო და ის უნარები, რაც ბავშვებთან ურთიერთობისთვის არის საჭირო. თანხა უნდა დაიხარჯოს იმაში, რაც პრაქტიკულ გამოცდილებას უფრო მოგიტანს შენ, მასწავლებელს და არა თეორიული კუთხით რაღაცების ცოდნა. თეორიას რომ სწავლობ, იმის პრაქტიკაში განხორციელების ხერხები ვინმე შენზე კომპეტენტურმა ხომ უნდა გიკარნახოს, მაგალითად, თუ გეუბნებიან, ეს ასეაო, ხომ უნდა მითხრა, როგორ კეთდება. რომ ვთქვა, ვერ გავიაზრე ეს თეორიული მასალა, არ არის ასე. უბრალოდ, ვფიქრობ, მეტი ჩართულობაა საჭირო, ვიდრე ის, რომ მოგცემენ თეორიულ მასალას და გეუბნებიან, აჰა, ისწავლეო.

იმ აქტივობებში, რასაც ამ სტატუსისთვის ითხოვენ, უფრო სხვა დეტალებს შევიტანდი. პორტფოლიოს შევსება რაში მჭირდება და როგორ ავითარებს ჩემს უნარებს? ვორდის დოკუმენტში ვწერ რაღაცას, რომელიც არაფერში მარგია. ის არის მხოლოდ შინაარსობრივი აღწერა იმისა, რაც ერთი წლის განმავლობაში გავაკეთე. თუ ჩავაბარებ გამოცდას, თვითონ უნდა დაიწყონ რეაგირება და მომიწყონ შეხვედრა ბავშვთა ფსიქოლოგებთან, ინკლუზიური განათლების უფრო კომპეტენტურ პირთან, რომელიც მე პრაქტიკულ რჩევებს მომცემს, რომელიც გაკვეთილზე დამესწრება და თუნდაც შენიშვნებს მომცემს. გარე დაკვირვება არის ის, რომ გითხრან, უი, აკეთებ რამეს თუ არ აკეთებ. იდეაში კი სხვა რამ გჭირდება. მე აზერბაიჯანელებთან ვმუშაობ, ისტორიას ვასწავლი და ორმაგად დიდი პასუხისმგებლობას გვრძნობ.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური