კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასშტაბური სტუდენტური ფესტივალის – „სტუდფესტი 2025“ – გამარჯვებულია
3 ნოემბერს ფესტივალის დახურვის ღონისძიებაზე შესაბამისი ჯილდო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს კახაბერ კორძაიას და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს ცოტნე ლაცუზბაიას გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონიალში სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე.
ფესტივალის ფარგლებში განხორციელდა აქტივობები 40 მიმართულებით, მათ შორის კულტურის, განათლების, სპორტისა და მოხალისეობის სფეროებში. სპორტის მიმართულებით გაიმართა შეჯიბრებები 29 სახეობაში, მათ შორის: 3×3 კალათბურთი, მინი-ფეხბურთი, ჭადრაკი, ნარდი, შაში, ფრენბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ბილიარდი, ბოულინგი, ჩოგბურთი, ფეინთბოლი, ჯომარდობა, 7 კაცა რაგბი, ბადმინტონი, კარტინგი, ფუტსალი, პადელი, დარტსი, სპრინტი, ცურვა, მეკლდეურობა, ქუჩის ფეხბურთი, კიბერსპორტი (FIFA), ხელბურთი, სასტენდო სროლა, ძიუდო, სამბო, მკლავჭიდი და ქართული ჭიდაობა.
გარდა სპორტული აქტივობებისა, სტუდენტური გუნდები წარმოადგენდნენ შემოქმედებით-საგანმანათლებლო პროგრამებს სამი მიმართულებით: დებატები, ინტელექტუალური თამაში და სითი გეიმი.
ფესტივალის საკონკურსო ნაწილი მოიცავდა ასევე კულტურის ტურებს შვიდი მიმართულებით: ქართული ცეკვის ტური, ხალხური სიმღერის ტური, საესტრადო სიმღერის ტური (სოლო და დუეტები), თანამედროვე ცეკვის ტური, ბენდების კონკურსი და ქართული ლიგა.
ფესტივალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენდა მოხალისეობის კომპონენტი, რომლის მიზანი იყო სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის განვითარება და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა. აღნიშნულ ნაწილში მონაწილეობდა საქართველოს 17 უნივერსიტეტისა და კოლეჯის სტუდენტები, რომლებმაც სხვადასხვა ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ქობულეთსა და ზესტაფონში – განახორციელეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივები.
„სტუდფესტის“ მიზანია სტუდენტური ცხოვრების გააქტიურება და გამრავალფეროვნება, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოტივაციის ამაღლება და მათი ნიჭის რეალიზების ხელშეწყობა.
ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.
-
სტუდენტი პროფესიაზე – „CIU არის ადგილი, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, იპოვონ საკუთარი გზა და დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების“
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს EUSA-ს ასოცირებული წევრის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„შენი მომავალი პროფესია ღრუბლოვან ტექნოლოგიებში Geosoft Cloud-თან ერთად“ – CIU-ში საჯარო შეხვედრა გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი