კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე მევენახეობა და მეღვინეობის პირველი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა შეიქმნა საქართველოში
იუბერ დე მონტი, ცნობილი ფრანგი მეღვინე, წერდა, „სადაც ვენახებია, იქ არის ცივილიზაცია და სადაც ღვინოა, იქ ადგილი არ რჩება ბარბაროსებისთვის“.
ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ათასწლოვანმა ისტორიამ ეს არაერთხელ დაადასტურა.
დაადასტურა და 2013 წელს იუნესკომ, რომლის ცენტრი საფრანგეთშია (ფრანგებმა კი ყველაზე უკეთ იციან ვენახის, ღვინისა და ცივილიზაციის ფასი) ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად ცნო.
ასე „დაბრუნდა“ ქართული ვენახი და ღვინო ცივილიზაციის გამორჩეულ, განსაკუთრებულ რუკაზე და ასე „მოვიდა“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტამდეც.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, სწორედ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქცა 2015 წელს „მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის“ ერთ-ერთ დამფუძნებლად; უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდა მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები; წელს კი სადოქტორო პროგრამაც შეემატა.
ოლან გოცირიძე (მევენახეობა-მეღვინეობის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი) – „მევენახეობა და მეღვინეობის სადოქტორო პროგრამის შექმნით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში შეიკრა ამ მიმართულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სრული, 3-საფეხურიანი ციკლი. დღეიდან იქმნება შესაძლებლობა, საქართველოში პირველად მიიღონ მევენახეობა-მეღვინეობის მეცნიერებათა დოქტორის საპატიო აკადემიური წოდება“.
დავით მაღრაძე (მევენახეობა-მეღვინეობის პროფესორი) – „სადოქტორო პროგრამა – „მევენახეობა და მეღვინეობა“ მოიტანს ახალ სიტყვას ქართულ მეღვინეობაში; შექმნის ახალ პროფესიულ კადრებს, ახალ რეალობას, რომელიც ტოლს არ დაუდებს თანამედროვე ევროპულ რეალობას.“
ვახტანგ წივწივაძე (ვიცე რექტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, მეღვინეობა „ეთნო ოკამისა“ და „საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებელი) – „ღვინო და ყურძნის მტევანი ბიბლიაში 300-ჯერ არის ნახსენები, რაც შემთხვევითი არ არის. არც ის არის შემთხვევითი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში რომ „შემოაღწია“ მევენახეობა-მეღვინეობამ 2015 წლიდან საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებით, უნიკალური კვლევითი ბაზებით, მარნებით, ქართული ვაზის მდიდარი გენოფონდით, ოკამის ახალი ენო და აგროტურისტული დესტინაციით…
ყველაფერი კი, როგორც ყოველთვის, დაიწყო პატრიარქის მოწოდებით – გადაგვერჩინა ქართული ვაზის მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ტექნოლოგია; პრაქტიკული გამოცდილება გვექცია თეორიად და თეორია – პრაქტიკად…
ასეც მოხდა. მეტიც, უკვე გაჩნდა ამბიცია და შესაძლებლობა, მევენახეობა-მეღვინეობის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაც განვახორციელოთ 2024 წლიდან.
დიდი ამბიციაა და ურთულესი როლი გვაკისრია… ამ როლის ასახსნელად ისევ ბიბლიიდან უნდა ამოვიდეთ – „მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, თქვენ – ლერწმები მისი, მამაჩემი კი – მევენახე“ (იოანე, 15.1; 15.5)… ჩვენ, ღმერთისა და კაცის ნებით, ეს მისია – „ვაზის ლერწმობა“ ვიკისრეთ სწორედ…“
ლამის 1000 წლის წინ შექმნილა საქართველოში ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი საგალობელი… ჩვენი უნივერსიტეტის ყოველი ახალი საგანმანათლებლო ეტაპი, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით, ერთგვარი ახალი გზავნილია, ახალი ამბიციური დეტალია იმ დიდ გზაზე, 1000 წლის მერეც რომ „შენ ხარ ვენახად“ გარდაქმნის საქართველოს…“
- CIU-ს წარმომადგენლები საერთაშორისო ფორუმზე – „ინოვაციების სამიტი – ინოვაციების გაძლიერება გლობალური მასშტაბით“ by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- მოსწავლეების ვიზიტი CIU-ში პროექტის – „მედიაწიგნიერება და მედიის როლი საზოგადოების ინფორმირებაში“ – ფარგლებში by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „დაიცავი ჩემი უფლებები!” – CIU-ში შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი