GE

კურსდამთავრებულთა დასაქმება სერიოზული გამოწვევაა – დამსაქმებელთა მოთხოვნებისა და საჭირო უნარების ჩამონათვალი კვლევაში აისახა

კურსდამთავრებულთა დასაქმება საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და როგორც საქართველოს პარლამენტის თემატური მოკვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, თანამედროვე მსოფლიო აღნიშნულ გამოწვევას უამრავი ხერხით ებრძვის.

მათ შორის, უნივერსიტეტებში შექმნილია სტუდენტთა დასაქმების ხელშემწყობი სისტემები, საქართველო კი კარიერის განვითარების სისტემების შექმნის საწყის ეტაპზე იმყოფება. არაერთ ქვეყანაში სასწავლებლები თვალყურს ადევნებენ საკუთარი სტუდენტების კარიერის განვითარებას, რა წარმატებებს აღწევენ ისინი შრომით ბაზარზე და იყენებენ ამ მონაცემებს იმისათვის, რომ სამომავლოდ მოიზიდონ სტუდენტები. შესაბამისად, მათ გააჩნიათ დასაქმებულ სტუდენტთა ბაზა.

გარდა ამისა, სასწავლებლები დაინტერესებულნი არიან, რომ მათი სტუდენტები იყვნენ მაღალ კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, ამიტომაც უნივერსიტეტებში არსებობს კარიერის სამსახურები, ან მსგავსი სახის სტრუქტურები, რომლებიც უზრუნველყოფენ სტუდენტებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციით, ახვედრებენ დამსაქმებლებთან, უტარებენ ტრენინგებს ავტობიოგრაფიული მონაცემების შედგენის, გასაუბრების ჩატარებისა და სხვა მრავალი უნარის განვითარების მიზნით. მნიშვნელოვანია, რომ კურიკულუმების შედგენისას უნივერსიტეტები ითვალისწინებენ დამსაქმებლებისა და შრომითი ბაზრის მოთხოვნებს. ამასთან დაკავშირებით უნივერსიტეტები გადიან კონსულტაციებს დამსაქმებლებთან, რის შედეგადაც ხდება საჭირო უნარების იდენტიფიცირება, რომელიც სამომავლოდ გამოადგება მათ სტუდენტებს შრომით ბაზარზე ტრანსფერისათვის.

დამსაქმებელთა მოთხოვნები კატეგორიების მიხედვით:

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თემატური მოკვლევის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ დამსაქმებელთა ძირითადი მოთხოვნები რამდენიმე კატეგორიად იყოფა და საქართველოს რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრისა და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავების შესახებ მომზადებული თემატური მოკვლევის დეტალურ ანგარიშში ჩამონათვალი ასეა ჩამოყალიბებული:

  • უნარები, რომლებიც აუცილებელია ნებისმიერ პოზიციაზე და მისი შეფასება შესაძლებელია;
  • უნარები, რომლებიც აუცილებელია ნებისმიერ პოზიციაზე, თუმცა მისი წინასწარ შეფასება შეუძლებელია;
  • უნარები, რომლებიც მხოლოდ მაღალი თანამდებობის წარმომადგენლებისთვის არის აუცილებელი და არის დასწავლადი.

1. ნებისმიერ პოზიციაზე საჭირო უნარები:

  • ძირითადი კომპიუტერული პროგრამების კარგად ფლობა;
  • უცხო ენის მაღალ დონეზე ფლობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

2. უნარები, რომლებსაც დამსაქმებლები ნებისმიერ პოზიციაზე მიიჩნევენ მუშაობისათვის აუცილებელ უნარებად, თუმცა თვლიან, რომ ამის წინასწარ გაზომვა შეუძლებელია:

  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
  • შრომისმოყვარეობა;
  • დისციპლინებულობა, ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალობა.

3. მესამე კატეგორიის უნარები, რომლებიც მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებისთვის არის აუცილებელი, ხოლო სტაჟიორს, ან რომელიმე დაბალი პოზიციის წარმომადგენელს არ მოეთხოვება:

გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი, დაკვირვებულობა; დარწმუნების, მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი; ინიციატივობა, აქტიურობა, კრეატულობა; სხარტი აზროვნება, ინტუიცია; დროის ეფექტურად მართვის უნარი; დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; მიზანდასახულობა; საგანგებო შემთხვევებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი; რამდენიმე ამოცანასთან პარალელურად მუშაობის უნარი.

კვლევის ანგარიშში, რომელიც საქართველოს რეგიონებიდან 6 სახელმწიფო უნივერსიტეტს მაგალითს სწავლობდა აღნიშნულია, რომ მიუხედავად უნივერსიტეტების სხვადასხვა აქტივობებისა კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა დასაქმების მიზნით, მონაცემთა ერთიანი, სრულფასოვანი ბაზა არ არსებობს.

“სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, რომელთა ნაწილის რეალიზება ეტაპობრივად ხდება, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია სტუდენტთა სტაჟირება. საჯარო სექტორში სტაჟირების გავლა 2022 წლის 1 ნოემბრიდან ითვლება სამუშაო გამოცდილებად, ხოლო 2024 წლის 1 იანვრიდან იგი საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი ხდება. აღნიშნული კი ხელს შეუწყობს საჯარო დაწესებულებებში ახალგაზრდა, მოტივირებული პირების შესვლას, რომლებიც წვლილს შეიტანენ დაწესებულებების ეფექტიან საქმიანობაში, სტაჟიორის მიერ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენების ერთ-ერთ საფუძველს სწორედ მათი შრომის ანაზღაურების მოწესრიგება წარმოადგენს. სტაჟიორის ანაზღაურება განისაზღვრება მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობისთვის დადგენილი სახელფასო კოეფიციენტით. ხოლო, შრომის ბაზარზე იშვიათი და დეფიციტური პროფესიების მიმართულებით მომუშავე სტაჟიორთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრება მეორე კატეგორიის სპეციალისტის თანამდებობისათვის დადგენილი სახელფასო კოეფიციენტით”, – ვკითხულობთ განათლების კომიტეტის ანგარიშში უნივერსიტეტებსი შესახებ.

რეკომენდაციები, რომელიც კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობისთვის უნივერსიტეტებისთვის გაიცა ასეთია:

  • ყველა საჯარო და კერძო უმაღლეს სასწავლებელში მოხდეს კურსდამთავრებულებთან და დამსაქმებლებთან ურთიერთობის სამსახურის ერთიანი სისტემის შექმნა;
  • მოხდეს ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება ყველა საწავლებელსა და ფაკულტეტთან მიმართებაში;
  • მოხდეს ინფორმაციის მიწოდება სტუდენტებისა და დამსაქმებლებისათვის;
  • ინფორმაცია იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი;
  • დადგინდეს კრიტერიუმები, რომლითაც განისაზღვრება სტუდენტთა გადანაწილება სტაჟირების ადგილზე;
  • სტუდენტები ადგილზე გაეცნონ სხვადასხვა ორგანიზაციის საქმიანობას და მის სპეციფიკას, რაც ჩამოუყალიბებთ სწორი არჩევანის შესაძლებლობას;
  • მოხდეს ტრენინგების ჩატარება სტუდენტებისათვის, რაც ხელს შეუწყობს პირადი მონაცემების, სამოტივაციო წერილის შედგენასა და გასაუბრების თავისებურებების გააზრებაში.

ასევე იხილეთ:

რა არსებითი გამოწვევები აქვს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს – განათლების კომიტეტის რეკომენდაციები და საჭირო თანხის ოდენობა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური