GE

კვლევა საქართველოს ისტორიის 13 სახელმძღვანელოზე და ნაკლოვანებები, რომელიც ავტორებისგან რეპრესიების ასახვას უკავშირდება

„1930-იანი წლების რეპრესიების ასახვა თანამედროვე საქართველოს სასკოლო სახელმძღვანელოებში“ – ამ სახელწოდებით მომზადებული კვლევის მრავალგვერდიანი ანგარიშში, რომელიც პირველ დეკემბერს გამოქვეყნდა ასეთი დასკვნაა გაკეთებული: კითხვათა და დავალებათა ფორმულირების თვალსაზრისით, გარკვეულ შემთხვევაში, შეინიშნება სუბიექტური მიდგომები და ორაზროვანი კონტექსტი. უმჯობესი იქნებოდა, (სახელმძღვანელოების) ავტორებს პასუხების არასწორად ინტერპრეტირების ალბათობა, ტენდენციური ქვეტექსტი და ორაზროვანი ფონი მინიმუმამდე შეემცირებინათ.

კვლევა მიმოიხილავს 1930-იანი წლების “დიდი ტერორის” შესახებ სწავლების დინამიკას, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდიდან გამოცემული და სკოლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების საშუალებით. განხილულია ეპოქის შესწავლის ტენდენციები, მისთვის დათმობილ დრო, პიროვნებების (როგორც მსხვერპლების, ასევე ჯალათების) მონაწილეობისა და როლის წარმოჩენა სახელმძღვანელოებში. ანალიზი ასევე შეეხება ქართული, ისევე როგორც საერთაშორისო სამეცნიერო სიახლეების ასახვის ტენდენციებს სახელმძღვანელოებში.

ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 1-ელ დეკემბერს გამოაქვეყნა და როგორც ავტორები განმარტავენ, საკითხის შესწავლისას არაერთი სახელმძღვანელო გააანალიზეს: აღნიშნულ კვლევაში, მე-20 საუკუნის 30-იან წლებში განხორციელებული „დიდი ტერორის“ შესახებ 1990-იანი წლებიდან დღემდე გამოცემული სასკოლო სახელმძღვანელოების სწავლების დინამიკის ანალიზისას, სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით, განხილულია საბაზო და საშუალო საფეხურის – IX და XI კლასის საქართველოს ისტორიის 13 სახელმძღვანელო.

„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდიდან გამოცემული და სკოლებში სწავ- ლებისთვის რეკომენდებულ სახელმძღვანელოებში რეპრესიების საკითხის ანალიზისას, არაერთ პრობლემურ მიდგომას ვხვდებით: მათ შორისაა თანამედროვე მეცნიერების მიღწევების ინტეგრაციის ნაკლებობა, ისტორიული მოვლენების ფრაგმენტული ან არასრულყოფილი ასახვა, სუბიექტების გარეშე თხრობა და ა.შ.

აღსანიშნავია სახელმძღვანელოების ავტორთა მიერ მწირი ნარატიული, ფაქტოლოგიური მასალის გამოყენება რეპრესიების მსხვერპლთა კონკრეტიზაციის პროცესში: ისინი მცირე თხრობით პასაჟებს იყენებენ რეპრესირებული ინტელიგენციისა და პოლიტიკური ელიტის ბედის აღსაწერად, ხშირ შემთხვევაში კი მხოლოდ მცირე ჩამონათვალით შემოიფარგლებიან“, – ვკითხულობთ კვლევის შეჯამებაში.

ანგარიშის ავტორთა თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1994 წლიდან დღემდე, საქართველოს ისტორიის სახელმძღვანე- ლოებში რეპრესირებულ პირთა რიგებში, ძირითადად, გვხვდებიან ერთი და იგივე პიროვნებები, როგორებიც არიან: სანდრო ახმეტელი, ევგენი მიქელაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, შალვა ცინცაძე, დიმიტრი შევარდნაძე, გრიგოლ წერეთელი, ბიძინა რამიშვილი და ვახტანგ კოტეტიშვილი – ამ პიროვნებათა ჩამონათვალი თითქმის უცვლელია სამი ათეული წლის განმავლობაში. ინფორმაცია ამ ადამიანების შესახებ მხოლოდ ჩამონათვალით შემოიფარგლება – ხშირ შემთხვევაში არ არის ნახსენები ბიოგრაფიული ცნობები, ბრალდება-განაჩენი და სხვა დეტალები, რაც რეპრესიებთან მიმართებით რელევანტური იქნებოდა.

1937-38 წლებში განხორციელებულ რეპრესიებს ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა საქართველოში, არაერთი ადამიანის ცხოვრებას დაასვა დაღი საბჭოთა რეჟიმის სასტიკმა პოლიტიკამ. ანგარიშში არსებული ჩანაწერის თანახმად კი, გასული საუკუნის ამ ტრავმული პერიოდის სასკოლო სახელმძღვანელოებში აღსაწერად და გადმოსაცემად, ავტორთა უმრავლესობა ნაწილობრივ ფრთხილ შეფასებით დამოკიდებულებას ავლენს და ცდილობს მხოლოდ ფაქტოლოგიურ მასალას გაუსვას ხაზი.

„რეპრესიების თემატიკაზე საუბრისას, ძირითადად, ავტორთა თხრობა ხასიათდება ნეიტრალური ტონითა და რეპრესიების პერიოდის სოციალურ-პოლიტიკური ლანდშაფტის მონოტონური აღწერით. ეპოქის კონკრეტულ ამბავთა მიმოხილვისას კი, ავტორები ნაკლებად ცდილობენ გადმოსცენ მოვლენათა დინამიკა უფრო დეტალური კონტექსტითა და მიზეზ-შედეგობრივი ფაქტორების გათვალისწინებით. ეს ხელს უწყობს ფაქტებთან და მოვლენებთან დისტანცირებას, რაც, თავის მხრივ, შეფასებითი კომპონენტისგან თავშეკავების მანიშნებელია.

„უმეტეს შემთხვევაში, განსაკუთრებით 1990-იან წლებსა და 2000-იანი წლების დასაწყისში გამოცემულ სახელმძღვანელოებში რეპრესიების პერიოდის აღსაწერად ავტორთა ტექსტის სახით გამოყენებული ნარატიული მასალა, მოცულობის მხრივ, სჭარბობს წყაროთა რაოდენობას. აღნიშნული ტენდენცია შედარებით სახეცვლილი გვხვდება 2008 წლისა და 2020-2021 წლის სახელმძღვანელოებში, სადაც წყაროთა და სხვა დამხმარე მასალათა რაოდენობა უფრო მოცულობითი ფორმითაა წარმოდგენილი, რეპრესიების საკითხს კი საკმაოდ ვრცელი პარაგრაფები ეთმობა“, – წერია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევის ანგარიშში.

დოკუმენტის ავტორების თქმით, სახელმძღვანელოთა უმეტესობაში არ ჩანს დეტალური ინფორმაცია იმ პერიოდში დამკვიდრებული ისტორიული ტერმინებისა და მათი განმარტებების შესახებ. შინაარსობრივად კი რეპრესიების პროცესის აღწერა თითქმის არ გვხვდება, რაც შესაძლოა მოიცავდეს დიდი ტერორის საკანონმდებლო ჩარჩოს, დასმენის მეთოდების, რეპრესირებულთა მიმართ გამოტანილი საბრალდებო დასკვნისა და განაჩენის შესახებ ინფორმაციას. ასევე არ არის ნახსენები ის საინფორმაციო პროპაგანდისტული აქტივობები, რომლებიც თან სდევდა დიდ ტერორს სრული პროცესის მანძილზე.

სახელმძღვანელოების შინაარსობრივი განხილვები ავტორებისა და წლების მიხედვით იხილეთ კვლევის ანგარიშში.

კვლევის, „1930-იანი წლების რეპრესიების ასახვა თანამედროვე საქართველოს სასკოლო სახელმძღვანელოებში“ ავტორები ასკვნიან, რომ განსხვავებით წინა პერიოდისგან, უკანასკნელ წლებში გამოცემული და სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად რეკომენდებული ისტორიის წიგნების ნაწილი უკვე მოიცავს რეპრესიების თემასთან დაკავშირებულ უახლეს კვლევებსა და სხვა დამატებით მასალას.

დასასრულს, ანგარიშის ავტორები ერთგვარ რეკომენდაციასაც გასცემენ და წერენ, რომ რეპრესიების თემის განხილვისას, ამ ეპოქის სრული სურათის აღსადგენად და განსაკუთრებით რეპრესიის მსხვერპლთა საკითხის გადმოსაცემად, აუცილებელია, პირველ რიგში, მოსწავლეებს მიეწოდოთ ინფორმაცია ადამიანთა გასამართლების იმ პერიოდში არსებულ, აპრობირებულ მეთოდებზე, საბრალდებო მახასიათებლებსა და რეპრესიის ძირითად მამოძრავებელ მიზნებსა თუ მიზეზებზე. ასევე მნიშვნელოვანია, დართული იყოს როგორც რეპრესირებული პირების ძირითადი ბიოგრაფიული ცნობები, ასევე ბრალდებისა და გასამართლების დეტალები. ნარატივები კი გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი წყაროებითა და საარქივო დოკუმენტაციით. აღნიშნული რესურსები მოსწავლეს დაეხმარება ისტორიულ მოვლენებს შორის რთული მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენასა და შემდგომ ანალიზში, ამავდროულად, ხელს შეუწყობს ისტორიული ეპოქების უკეთ აღქმასა და მათი მახასიათებლების ერთმანეთთან/ თანამედროვეობასთან შედარებას.

ასევე იხილეთ:

„განათლების სისტემა საქართველოში გამოსაცვლელია…“ – რა კითხვამ გააღიზიანა პარლამენტში მიხეილ ჩხენკელი

„შეიძლება, განათლების სისტემას მატყუარა ადამიანები მართავდნენ და მათ ვთხოვდეთ, ჩვენი შვილები სკოლებში პატიოსნად ცხოვრებას სწავლობდნენ?“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური