კვლევის შედეგები – დასაქმების ბაზარი დაბალი საფეხურის განათლების პირთა დასაქმებაზეა ორიენტირებული
“დასაქმების ბაზარი ორიენტირებულია დაბალი საფეხურის განათლების პირთა დასაქმებაზე, რაც სავარაუდოდ, სამუშაო პოზიციის დაბალი პასუხისმგებლობის ხარისხით ან მცირე ანაზღაურების შეთავაზების საფუძველი შეიძლება იყოს”, – აღნიშნული დასკვნა მოცემულია კვლევის ანგარიშში, რომელიც „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ მიერ „საქართველოს გაეროს ასოციაციის“ „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ დაფინანსებით ჩატარდა.
კვლევა მიზნად ისახავდა საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა პროფესიული განვითარების, კარიერული წინსვლისა და დასაქმების პერსპექტივების კვლევას ეთნიკური უმცირესობებისათვის განხორციელებული საშეღავათო პოლიტიკის ფონზე.
კვლევაში მოცემულია დასაქმების კუთხით ქვეყანაში არსებული გარემოს ანალიზი, უნივერსიტეტების პოლიტიკა სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარებისა და დასაქმების მიმართ და თავად ამ ახალგაზრდების კარიერული წინსვლისა და დასაქმების პერსპექტივებთან დაკავშირებული აღქმა და მოლოდინები.
როგორც კვლევაშია მოცემული, საქსტატის ინფორმაციის მიხედვით, 2006-2016 წლების დასაქმების გადანაწილებაში ინსტიტუციური სექტორის მიხედვით, საჯარო სექტორზე დაახლოებით 15% წილი მოდის. 10 წლის მანძილზე, სახელმწიფო სექტორში დასაქმების მაჩვენებელი დაახლოებით 5%-ით არის შემცირებული. თუმცა, რეალურად, დასაქმების ბაზრის საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი სწორედ მასზე მოდის.
ამასთან, 2016 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, ახალგაზრდების უმრავლესობისთვის (42%) დასაქმების სასურველ სექტორს საჯარო სამსახური წარმოადგენს. შესაბამისად, კვლევის განხორციელებისას, საჯარო სექტორში არსებული ვაკანსიების რაოდენობრივი ანალიზი ჩატარდა, ასევე სახელფასო ამპლიტუდა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მხარეებში, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელი და სომეხი მოსახლეობა კომპაქტურად არის დასახლებული.
ამისათვის, შეისწავლეს სამთავრობო ვებგვერდზე www.hr.gov.ge განთავსებული ვაკანსიები და გაფილტრეს არსებული ვაკანსიები ორი მიზნობრივ სამხარეო გადანაწილებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით. სტატისტიკის თანახმად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სულ 1205 საჯარო სამსახურეობრივი პოზიციის ვაკანსია გამოცხადდა, ხოლო ქვემო ქართლის მხარეში – 2 459 ვაკანსია.
რაც შეეხება, არსებული ვაკანსიების მიმოხილვის ნაწილს, კვლევის ფარგლებში გაანალიზდა დასაქმების ვებგვერდზე www.jobs.ge გამოქვეყნებული განცხადებები 2013 წლის მარტიდან 2016 წლის აპრილის ჩათვლით, საიდანაც კვლევის ინტერესიდან გამომდინარე მოხდა ზემოთ მოცემულ 46 თვეში გამოქვეყნებული ვაკანსიებიდან, მიზნობრივი შერჩევის პრინციპით (ბიჯით), 190 ვაკანსიის იდენტიფიცირება და მათი სიღრმისეული ანალიზი.
ვაკანსიები გაანალიზდა რამდენიმე ჭრილში. კერძოდ: გამოცხადებული ვაკანსიის გეოგრაფიული მდებარეობა რეგიონისა და რაიონის, ასევე ქალაქური და სასოფლო ტიპის დასახლების მიხედვით; განცხადების ენა; ვაკანსიები დასაქმების სფეროების მიხედვით; განათლებისა და გამოცდილების მოთხოვნილი საფეხური; ენის ცოდნის მოთხოვნა; კოგნიტური, მართვის, ინსტრუმენტალური და ინტერპერსონალური უნარების მოთხოვნა.
მონაცემთა დამუშავება მოხდა SPSS-ში, რის საფუძველზეც გამოიკვეთა არსებული ქვემოთ დეტალურად აღწერილი ტენდენციები:
კვლევამ აჩვენა, რომ გამოცხადებული ვაკანსიების დაახლოებით 55% თბილისშია ხელმისაწვდომი, 8% კახეთში, 7.4% იმერეთში და 6.8% აჭარაში. ყველაზე მცირე რაოდენობით ვაკანსიებია გურიასა (1.2%) და მცხეთა-თიანეთში (1.5%) არის მოცემული. საგულისხმოა, რომ გაანალიზებული ვაკანსიების 4.6%-ში არ იყო მოცემული დასაქმების ზუსტი ადგილმდებარეობა.
მკაფიოა განსხვავება სამუშაო ადგილების წვდომის თვალსაზრისით ქალაქსა და სასოფლო დასახლებებს შორისაც. გამოცხადებული ვაკანსიების 77%-ზე მეტი მოდის ქალაქებსა და ქალაქის ტიპის დასახლებებზე და მხოლოდ 14,2 სასოფლო, ხოლო 2,2 კი მთიან ადგილებზე, როგორ ეს ქვემოთ დიაგრამაში 1.2. არის მოცემული.
რაც შეეხება განათლების საფეხურის შესახებ ვაკანსიებში მოთხოვნილ ინფორმაციას, კვლევის მიხედვით, გამოცხადებულ ვაკანსიათა თითქმის მეოთხედში (24,3%), არ არის ინფორმაცია განათლების მოთხოვნილი საფეხურის შესახებ. ხოლო 47,7% კი, დასასაქმებელი პირისგან ბაკალავრის ხარისხს მოითხოვს. ვაკანსიების 18,6% ორიენტირებულია კვალიფიკაციის გარეშე პირთა დასაქმებაზე. მხოლოდ ვაკანსიების 4,3% ითხოვს დასასაქმებელი პირისგან მაგისტრის ხარისხს, ხოლო 0,3% კი, დოქტორისა. ვაკანსიების 2,2%-სა და 2,5% განათლების მოთხოვნილი საფეხურის ნაცვლად უთითებს, რომ დასაქმებისათვის განსაკუთრებული განათლება ან „პროფესიული“ ესაჭიროება. 0,6% კი, სტუდენტთა დასაქმებაზე არის ფოკუსირებული.
„სამუშაო აღწერილობის ანალიზის საფუძველზე, ორი ვარაუდი გამოიკვეთა. დასაქმების ბაზარი ორიენტირებულია დაბალი საფეხურის განათლების პირთა დასაქმებაზე, რაც სავარაუდოდ, სამუშაო პოზიციის დაბალი პასუხისმგებლობის ხარისხით ან მცირე ანაზღაურების შეთავაზების საფუძველი შეიძლება იყოს. ასევე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ვაკანსიები, რომლებიც მაღალი განათლების საფეხურს მოითხოვენ, ნაკლებად არის საჯაროდ გამოცხადებული ან ორგანიზაციები და სტრუქტურები იყენებენ ალტერნატიულ რესურსებს ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად“, – აღნიშნულია კვლევაში.
რაც შეეხება დასაქმების პოზიციის კარიერული საფეხურს, ვაკანსიების აღწერილობის ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ სამუშაო აღწერილობების 42%-ზე მეტში არ არის მითითებული სამუშაო პოზიციის კარიერული საფეხური. დამხმარე (ასისტენტი) პოზიციებზე კი ყველაზე მეტი – 37%-ზე მეტი მოთხოვნაა. საშუალო საფეხურის მენეჯმენტის კარიერულ საფეხურზეა ორიენტირებული აღწერილი პოზიციების 11,8 პროცენტი, ხოლო 1,9% კი წამყვანი სპეციალისტის, ანუ, საშუალო კარიერული საფეხურის პოზიციაზე. 2,5% მაღალი საფეხურის მენეჯმენტის კარიერულ საფეხურზეა.
„გამომდინარე იქიდან, რომ კარიერული საფეხური არ არის დაზუსტებული სამუშაო აღწერილობის 40%-ზე მეტში, იძლევა იმისი ვარაუდის საფუძველს, რომ დასაქმების ბაზარი არ არის ორიენტირებული ცხოვრების მანძილზე განათლებისა და განვითარების ხედვაზე, და შესაბამისად, დამსაქმებლები არ თვლიან აუცილებლად სამუშაო პოზიციის კარიერული საფეხურის განსაზღვრას“, – აღნიშნულია კვლევაში.
რაც შეეხება, სამუშაო გამოცდილებას და გამოცდილების ხანგრძლივობას, სამუშაო ადგილების აღწერილობის ანალიზმა აჩვენა, რომ სამუშაო აღწერილობების 74,3% სამუშაო გამოცდილებას მოთხოვნად ასახელებს. თუმცა, 40,6% არ აზუსტებს გამოცდილების ხანგრძლივობას, 9,6% ითხოვს მინ. 1 წლის მსგავსი სამუშაოს გამოცდილებას, 9% – მინ. 2 წლის და ამდენივე 3 და მეტი წლის გამოცდილებას. 4,6% – 5 და მეტი წლის გამოცდილებას, ხოლო 3%-მდე კი სპეციფიკური სახის გამოცდილებას.
„აქვე აუცილებელია იმის დამატებაც, რომ კომპიუტერისა და სხვადასხვა ენის ფლობის მოთხოვნა სამუშაო აღწერილობების უმრავლესობაშია მოცემული. უფრო კონკრეტულად კი, კომპიუტერის ფლობას დასაქმების წინაპირობად აყენებს სამუშაო აღწერილობების 61,9%. რაც შეეხება ენის ფლობის მოთხოვნებს, ქართული ენის მაღალი კომპეტენციები მოთხოვილია ვაკანსიების 23,8% ვაკანსიებში, ინგლისურისა კი, 49,8%-ში. რუსული ენის კომპეტენციების მოთხოვნა გაწერილია სამუშაო აღწერილობების 42,1%, ხოლო სხვა ენებისა (თურქული, გერმანული, ფრანგული, არაბული, სხვ.), 4,3%-ის შემთხვევაში.
თუ შევაჯამებთ დასაქმების ბაზრის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს წარმატებული კანდიდატისადმი, მკაფიოა, რომ გარდა პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკისა, სამუშაო აღწერილობებში ხაზგასმულია ის გამჭოლი უნარ-ჩვევები, რომლებიც დამსაქმებლებს აუცილებლად მიაჩნიათ მითითებული სამუშაოს შესრულებისათვის“, – აღნიშნულია კვლევაში.
საქართველოში ახალგაზრდების 35% არ არის პროფესიით დასაქმებული – კვლევის შედეგები
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
- რა წერია განათლებაზე კანონში, რომელიც 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდა და პედაგოგიური წრეების კრიტიკას იწვევს by ARIS.GE-განათლება
- სტუდენტებისა და თანამშრომელთა უსაფრთხოებისთვის თეატრალური უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა by ARIS.GE-განათლება
- პარლამენტის განათლების კომიტეტის 7 წევრის ბიოგრაფია და სამუშაო გამოცდილება by ARIS.GE-განათლება