GE

საქართველოში ახალგაზრდების 35% არ არის პროფესიით დასაქმებული – კვლევის შედეგები

ახალგაზრდების დასაქმება რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, ბოლო წლების მანძილზე ჩატარებული ყველა კვლევით დასტურდება. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 2014 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, 15-29 წლის ასაკის ახალგაზრდების ეკონომიკური აქტიურობის დონე 60,0% აღწევს, ხოლო ამ ასაკის ახალგაზრდების უმუშევრობის დონე კი 30,7%, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ასაკის სამუშაო ძალის საკმაოდ დიდი ნაწილი აქტიურად ეძებს სამუშაოს და მზად არის მუშაობის დასაწყებად, თუმცა უშედეგოდ. მათგან ხანგრძლივი დროით, 1 წელი და მეტი ხნით უმუშევრების წილი 31,3%-ს შეადგენს, ხოლო ახალგაზრდების 42,4% პირველ სამუშაოს ეძებს.

საქართველოში „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ მიერ „საქართველოს გაეროს ასოციაციის“ „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელიც ფინანსდება „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ მიერ  კვლევა ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა პროფესიული განვითარების, კარიერული წინსვლისა და დასაქმების პერსპექტივების კვლევას ეთნიკური უმცირესობებისათვის განხორციელებული საშეღავათო პოლიტიკის  ფონზე.

კვლევაში მოცემულია დასაქმების კუთხით ქვეყანაში არსებული გარემოს ანალიზი, უნივერსიტეტების პოლიტიკა სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარებისა და დასაქმების მიმართ  და თავად ამ ახალგაზრდების კარიერული წინსვლისა და დასაქმების პერსპექტივებთან დაკავშირებული  აღქმა და მოლოდინები.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3 718.2 ადამიანს. სტატისტიკა ეფუძნება 2014 წლის 5 ნოემბრის საერთო აღწერის შედეგს. აქედან 15-19 წლის ახალგაზრდების რაოდენობა 214,5 (საერთო მოსახლეობის 5,8%) 20-24 წლის ასაკის 231,3 (საერთო მოსახლეობის 6,2%) ხოლო 25-29 წლისა კი –  278,3 ათასია (საერთო მოსახლეობის 7,5%), ამრიგად, საქართველოს ახალგაზრდა მოსახლეობა საერთო მოსახლეობის 19,5%-ს შეადგენს.

თუ ამ მონაცემებს 2014-2017 წლების მონაცემებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ რეალურად ყოველწლიურად,  ახალგაზრდების წილი საერთო მოსახლეობის რაოდენობაში ყოველ წელს მცირდება და 4 წლის ჭრილში 2,4%-ით ნაკლებს შეადგენს.

რაც შეეხება ახალგაზრდების დასაქმებას, კვლავ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, 15-29 წლის ახალგაზრდების უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად აღემატება  ქვეყანაში არსებულ საერთო მაჩვენებელს, ხოლო აქტიურობისა და დასაქმების დონე კი, ბევრად დაბალია.

სტატისტიკა დამუშავებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული კრიტერიუმებით, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულად ითვლება ყველა, ვინც გამოკითხვის წინა 7-დღიან პერიოდში თუნდაც ერთი საათით მაინც იყო დასაქმებული ფულადი ან ნატურალური შემოსავლის მიღების მიზნით.

უმუშევრად ითვლება ის, ვინც გამოკითხვის წინა 7-დღის განმავლობაში ერთი საათითაც არ ყოფილა დასაქმებული ფულადი ან ნატურალური შემოსავლის მიღების მიზნით, მზად იყო მუშაობისთვის და ბოლო 4 კვირის განმავლობაში აქტიურად ეძებდა სამუშაოს.

2016 წელს ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, 14-29 წლის ახალგაზრდების 19% სრული განაკვეთით არის დასაქმებული, ხოლო 7% დასაქმებულია ნახევარ განაკვეთზე ან თვითდასაქმებულია. დასაქმების შესაძლებლობები ბევრად მეტია დედაქალაქში, თბილისში, სადაც ახალგაზრდა მოსახლეობის 27% არის დასაქმებული სრულ განაკვეთზე, მაშინ როცა სოფლად ახალგაზრდების მხოლოდ 11%-ს აქვს იგივე სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის ყოველი მეორე (46%) ახალგაზრდა არის უმუშევარი.

საგულისხმოა ისიც, რომ კვლევის შედეგების მიხედვით, დასაქმებული ახალგაზრდების 31% საკუთარი პროფესიით მუშაობს ნაწილობრივ ან სრულად, ხოლო 35% არ არის პროფესიით დასაქმებული.

ქართული დიპლომით საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება – არა, მაგრამ დასაქმება ძალიან რთულია

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური