მაია მიმინოშვილი: „იმის მაგივრად, ვთქვათ სერიოზული შეცდომა დავუშვით და ისევ უკან ვბრუნდებითო, ვამბობთ, რომ აბიტურიენტებს სიახლეს ვთავაზობთ“
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი და ამჟამად, საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი გუშინ გახდა და რომლის თანახმადაც, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი სავალდებულო საგნების არჩევანი გაიზარდა და გამრავალფეროვნდა, EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში სწორს უწოდებს, თუმცა დასძენს, რომ ეს სიახლე კი არა, წარსულში დაბრუნებაა.
წარსულთან ასოციაციები ლოგიკურია, თუკი გავითვალისწინებთ, რომ აბიტურიენტებს, მესამე სავალდებულო საგნის არჩევა, მიმართულებების მიხედვით, რამდენიმე შესაძლო ვარიანტიდან, 2019 წლამდე შეეძლოთ. მაშინ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით კი, ეს წესი შეიცვალა და მესამე სავალდებულო საგნად მხოლოდ ისტორია და/ან მათემატიკა განისაზღვრა. ამას, გარკვეული უკმაყოფილება, აბიტურიენტების, განათლების სპეციალისტებისა თუ უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლების მხრიდან, იმთავითვე მოჰყვა, თუმცა, ამაოდ.
გუშინ კი, განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ყველაფერი ძველ კალაპოტს უბრუნდება და 2022 წლის გამოცდებზე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ სასურველ ფაკულტეტებზე სწავლის გასაგრძელებლად კონკრეტული ამ პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგანი აირჩიონ, რაც მათ არჩევანის შესაძლებლობას გაუზრდის. კერძოდ, მესამე სავალდებულო-არჩევით საგანს, მათემატიკას ან/და ისტორიას, დაემატება საგნები: ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.
მაია მიმინოშვილი: ამ ყველაფერს სიახლეს ვერ დავარქმევ, რადგან ეს უფრო იმისკენ დაბრუნებაა, რაც რამდენიმე წლის წინ გვქონდა. ამდენი დრო სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ ეს სწორი არ იყო? იმის მაგივრად, რომ ვთქვათ სერიოზული შეცდომა დავუშვით და ისევ უკან ვბრუნდებითო, ვამბოთ, რომ აბიტურიენტებს სიახლეს ვთავაზობთ. რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო ამაზე? სიახლე იყო 2005 წელს, როცა უმაღლესში მისაღებად საგამოცდო სისტემა სრულიად შეიცვალა, ახალი დაინერგა. იმაში, რომ მივხვდით, არასწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული და უკან დავბრუნდით, სიახლე არაფერია. მხოლოდ მათემატიკისა და ისტორიის დატოვება, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შეცდომა იყო და სასიხარულოა, რომ ასე აღარ იქნება. თუმცა, არსებითი შენიშვნები მაქვს.
– რას გულისხმობთ?
– პირველ რიგში, ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, რომ ზოგადი უნარები საგნების ჩამონათვალშიც კი აღარ არის. 2018 წლამდე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო იყო, ახლა კი ჩამონათვალშიც ვერ ვხედავ. ზოგადი უნარების ჩაბარებაზე უარი ითქვა და ჩემთვის ეს სრულიად მიუღებელია. როცა ვსაუბრობთ და ვთანხმდებით, რომ სასკოლო განათლების სისტემა უნარების განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, ბუნებრივია, ისეთი ტიპის გამოცდაზე უარის თქმა, რომელმაც მისაღები გამოცდების სისტემაშიც ფანტასტიკური როლი შეასრულა და უმაღლესი სასწავლებლებისთვისაც კონტიგენტის შერჩევის კუთხით, ძალიან დიდი შეცდომაა. საუბარია იმ აკადემიური უნარების შეფასებაზე, რომელიც სტუდენტის წარმატების სერიოზული წინაპირობაა. ეს, რა თქმა უნდა, გულსატკენია და ძალიან არასწორად მიმაჩნია. სამი წელი გავიდა და ვერ მოვახერხეთ იმის შეცვლა, რაც ყველასთვის თვალნათლად დიდი შეცდომა იყო – ან მათემატიკა, ან ისტორია. დღეს უკან დავბრუნდით, ოღონდ დამახინჯებული ფორმით, რადგან უნარები სავალდებულო კი არა, არჩევითი საგნების ჩამონათვალშიც კი არ არის (გულისხმობს მესამე სავალდებულო გამოცდად ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალს-ავტ.).
გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩამონათვალი გაფართოვდა, ერთი რამ გვავიწყდება – ვინ არის ამ ყველაფრის დამკვეთი. ესაა უმაღლესი სასწავლებელი და არამც და არამც განათლების სამინისტრო. კოსმეტიკური ცვლილებები, ამ პერიოდის განმავლობაში, განათლების სამინისტროსგან მოდის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განათლების სამინისტრო და მით უმეტეს, ორგანიზაცია, რომელიც მისაღებ გამოცდებს ამზადებს და ატარებს, უმაღლეს სასწავლებლებს ემსახურება, საუკეთესო სტუდენტების შერჩევაში ეხმარება. გადაწყვეტილების მიმღები იმაში, თუ როგორი სტუდენტი უნდა მიიღოს უნივერსიტეტმა, ნამდვილად თავად უნივერსიტეტია. აქედან გამომდინარე, მისი სათქმელია როგორი ცვლილებები უნდა შევიდეს მისაღები გამოცდების სისტემაში და ბუნებრივია, იმ გადაწყვეტილებასაც თავად უნდა იღებდეს, თუ როგორი მომზადებული სტუდენტი სჭირდება. არ მგონია რომელიმე სასწავლებელმა უარი თქვას იმაზე, რომ აბიტურიენტს ის აკადემიურ უნარი შეუფასდეს, რომელიც, საბოლოო ჯამში, წარმატების წინაპირობაა.
– თქვენი აზრით, ან თავის დროზე რატომ გადაწყდა მესამე სავალდებულო ჩასაბარებელ საგნად მხოლოდ მათემატიკის და/ან ისტორიის განსაზღვრა, ან ახლა რატომ შეიცვალა ეს გადაწყვეტილება?
– რატომ შეიცვალა ახლა და იმიტომ, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. მე ვერ ვხვდები ამდენი ხანი რატომ დასჭირდა იმის მიხვედრას, რომ ისევ უკან უნდა დავბრუნებულიყავით. რატომ იქნა შემოღებული მაშინ მხოლოდ ისტორია და მათემატიკა მესამე სავალდებულო საგნად, ამას ვერაფრით ვერ გეტყვით. ავტორის უნდა კითხოთ, მეც ძალიან მაინტერესებს, რა პრინციპით მიიღეს ეს გადაწყვეტილება.
მთელი პრობლემა, ამ წლების განმავლობაში, ის იყო, რომ ამ სისტემით უმაღლესი სასწავლებლები ასეთ მდგომარეობაში ჩავაყენეთ. მიუხედავად იმისა, რომ სულ ვცდილობდით მათი მოთხოვნები და სურვილები პირველ რიგში გაგვეთვალისწინებინა, მაინც ისე ხდებოდა, რომ რაღაც კონკრეტულ სტანდარტულ ჩარჩოებში ვექცეოდით. როდესაც უმაღლეს სასწავლებლებს ვანდობთ ახალგაზრდებს და ვეუბნებით, რომ ისინი პროფესიონალის აღზრდაზე პასუხისმგებლები არიან, უნდა ჰქონდეთ კიდეც უფლება წინასწარ გამოაცხადონ, თუ როგორი მომზადებული აბიტურიენტი სჭირდებათ და რა პირობები იქნება მათთვის მისაღები.
– გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება უმაღლესი სასწავლებლების აზრის გათვალისწინებით და მათი მოსმენის შედეგადაა მიღებული?
– მხოლოდ ისტორია და მათემატიკა რომ შემოვიტანეთ, უმაღლესებს ვკითხეთ? ხომ ვიცით, რომ არ ვკითხეთ? არც ახლა გვიკითხავს, დარწმუნებული ვარ. არ მინდა დავასახელო, მაგრამ უნარებთან დაკავშირებით ნამდვილად იყო პროტესტი, კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლების კონკრეტული ფაკულტეტებიდან, რომელთაც უნარების გამოცდა უნდოდათ. რა დააშავეს აბიტურიენტებმა, რომელთაც უნარების ჩაბარება თუ უნდათ, მეოთხე საგნად უნდა აირჩიონ? რატო არ აქვთ უფლება, რომ სხვა საგნების ნაცვლად უნარები ჩააბარონ? აკადემიური უნარები, ნებისმიერი სტუდენტისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რა მიმართულებითაც არ უნდა გააგრძელოს სწავლა. შეიძლება სიახლე დანერგო და ვერ იმუშაოს, არ გაამართლოს, ვერ მიიღო შედეგი და ამიტომაც უარი თქვა, გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ 15 წელი რომ მართლა კარგად მუშაობდა და უმაღლესი სასწავლებლებისთვის მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებდა?
ბევრს ვლაპარაკობთ იმაზე, რომ სასკოლო განათლება უნარების განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და რომ მხოლოდ ცოდნის დაგროვება საკმარისი არაა. სადაა ახლა ეს ჩვენი რიტორიკა? მიზეზი მაინც ხომ უნდა თქვან? მაგალითად, რომ ამ გამოცდამ ცუდი როლი შეასრულა და არ გვჭირდება. გაისად, შეიძლება, კიდევ რაღაც აღმოვაჩინოთ და, მაგალითად, ქიმია მოვაკლოთ, მერე ისტორია და სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ასე? ძირეული რეფორმაა საჭირო და არა ის, რომ სიახლე ვეძახოთ იმას, რაც უკვე იყო.
– რა ტიპის რეფორმაზე საუბრობთ?
– უკვე ყველამ დავინახეთ, რომ მისაღები გამოცდების სისტემას მართლაც სერიოზული შინაარსობრივი რეფორმა სჭირდება. იმთავითვე ვამბობდით, რომ უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების არსებული სისტემა აუცილებლად უნდა შეიცვალოს და მასთან ერთად უნდა შეიცვალოს გრანტის გაცემის წესიც. სამწუხაროდ, ეს ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, თუმცა ამაზე საუბარი 2005 წლიდანვე დაიწყო. სიახლე თუ გვინდა დავარქვათ იმას, რასაც ვაკეთებთ, ყველაზე მნიშვნელოვანი მისაღები გამოცდების სისტემის ძირეული და შინაარსობრივი რეფორმირება იქნებოდა, რაც მჭიდროდ დაუკავშირდებოდა უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების სისტემას და გრანტის გაცემის წესს. გრანტის გაცემის წესის სამართლიანობის შენარჩუნება რთულია. რაც უფრო ვართულებთ სისტემას, ეს პროცესი მით უფრო გაუმჭვირვალე ხდება.
ასევე იხილეთ:
რა მიმართულებაზე რა საგნის ან საგნების ჩაბარება მოუწევთ 2022 წლის აბიტურიენტებს – მინისტრის ბრძანება
ცნობილია რა სიახლეები დახვდებათ 2022 წლის აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – დეტალები
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება