მასწავლებელი სწორედ „ფარისევლის“ როლში მესახება – პედაგოგი წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდაზე, პორტფოლიოზე და არამხოლოდ
ავტორი: ირმა სტეფნიაშვილი, უფროსი მასწავლებელი
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:
2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი დასრულდა. წლევანდელი წელი, წინა წლებივით დატვირთული, მრავალფეროვანი, სასიამოვნო თუ უსიამოვნო მოვლენებით სავსე გახლდათ. მხოლოდ ერთი მოვლენით იყო გამორჩეული, რაზედაც (და არა მხოლოდ) მინდა ვისაუბრო. „გამორჩეულობის“ სტატუსი ამ წელს მასწავლებელთა სტატუსის ასამაღლებელმა გამოცდამ შესძინა.
დავიწყოთ სულ თავიდან. როგორც იქნა, ეს მრავალი წლის დანაპირები გამოცდის თარიღიც დაინიშნა და ზღვა მასალის ჩამონათვალიც დაიდო. და რადგან მასწავლებელთა უმრავლესობა ამ ფაქტს ველოდით, ყველა შეძლებისდაგვარად „ვეკვეთეთ“ მის ათვისებასა თუ დამუშავებას. დამოუკიდებლად სწავლა, ტრენინგები, შეხვედრის ჩანაწერების მოსმენა და ა.შ. სულ მინიმუმ, ის მაინც უნდა გვცოდნოდა რა ფორმით გაგვეცა პასუხი საკითხისთვის.
დასახელდა წამყვანი და მენტორი მასწავლებლის საგამოცდო ლიტერატურა და ორი-სამი დღის ინტერვალით, უკვე ტრენინგებს სთავაზობდნენ მასწავლებლებს კერძო ტრენერები, უკვე დამუშავებული საგამოცდო მასალით.
იყო საგამოცდო ტესტის სამი ვარიანტი.
იყო პირველადი შედეგები…
იყო სკალირება…
იყო საბოლოო შედეგები…
და იყო „ქარი, თოვლი, ქარბუქი“ ზაფხულის იმ გამთანგველ სიცხეში. იყო სასწაული დაპირისპირება…
ოთხი წლის წინ, როცა სტატუსის შესაცვლელად გამოცდის ჩაბარების სიტყვიერი, მაგრამ უეჭველი დაპირება პირველად გაისმა, ახლდა მტკიცებითი ფორმა იმისა, რომ მხოლოდ ამ გამოცდით შეძლებდნენ მასწავლებლები სტატუსის ცვლილებას და იმდროინდელი მოთხოვნები, რომელთა შესრულება მასწავლებლებს ევალებოდათ, შესაცვლელი ან საერთოდ გასაუქმებელი იყო, ზედმეტი ბიუროკრატიული და არასაჭირო მოთხოვნების გამო. ამ დაპირების ბოლო კი ასეთი აღმოჩნდა, რომ გამოცდაც უნდა ჩავაბაროთ თურმე და ექსპერტთა თუ „ზეკვალიფიციურ“ ადამიანთა ჯგუფთან ჩვენი მუშაობის ამსახველი ფოტომასალით და სხვადასხვა აქტივობის განხორციელებით აღფრთოვანებული ერის თუ ბერის ფოტოკოლაჟი უნდა დავურთოთ და უნდა დავიცვათ მათ წინაშე… თუმცა მანამდე, დირექციამ უნდა მიგიჩნიოს და დაგასახელოს წარდგენის ღირსად (ამ ფაქტს შემთხვევით არ ვწერ და ქვევით ჩავშლი უფრო დეტალურად).
აქვე დავძენ, რომ მე ეს გამოცდა ჩავაბარე, ამიტომ ვერავინ დამაბრალებს, რომ „ბოღმა“ მაწერინებს ან მალაპარაკებს.
შეკითხვა 1: თუ სტატუსის ასამაღლებლად იგივე გზის (უფრო გართულებულის) გავლა მომიწევდა, რატომ დამაკარგინეთ ეს ოთხი წელი? თქვენი დაპირება ხომ სულ სხვა შინაარსის იყო?
საგამოცდო ლიტერატურა დაიდო მართლაც ზღვა მასალა. ძალიან მინდა, გავიცნო ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც ეს მასალა სრულად ათვისებული აქვთ და თან რეალურად დამანახებენ სასწავლო პროცესში მათ საჭიროებას მოსწავლეთა ცოდნის დონის ასამაღლებლად.
რადგან მასწავლებელთა გამოცდა ჩემს წარმოდგენაში ზოგადი უნარებისა და ცოდნის დონის გაუმჯობესებასთან ასოცირდებოდა, სულ მეგონა, რომ ისეთი ვინმე ან „ვინმეები“ გამოჩნდებოდნენ, ვისაც გულით უნდა და ევალება განათლების მდგომარეობის გაუმჯობესება. რომლებიც კონკრეტულ მიმართულებას მოგვცემდნენ, რაღაც კუთხით ჩვენზე იზრუნებდნენ. ამ გამოცდის ჩაბარებით ხომ ერთიორად გაიზრდებოდა ჩვენი პროფესიული შესაძლებლობები. საბოლოოდ კი, ჩვენი მოსწავლეების აკადემიური უნარის გაუმჯობესებაზე პოზიტიურად იმოქმედებდა. გამოცდის თარიღიც ახლოვდებოდა, მაგრამ ის „მხსნელი ან მხსნელები“ კიდევ არ ჩანდნენ. მერე თანამშრომელმა მითხრა „მოტივირებულ პედაგოგთა კლუბის“ შესახებ და გამოცდამდე ერთი კვირით ადრე გამაწევრიანა. სადაც, თურმე კეთილი ადამიანების ნება-სურვილით იმართებოდა შეხვედრები, რომლებიც ერთის მხრივ მასწავლებელთა დამამშვიდებელი ხასიათს ატარებდა და მეორეს მხრივ, საგამოცდო საკითხებზე მიმართულების მომცემი გახლდათ.
შეკითხვა 2: თუ ეს გამოცდა და საგამოცდო ჩამონათვალის კარგად ათვისება ჩვენი მოსწავლეების ცოდნის დონის გაუმჯობესებასთან პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია, მაშინ რატომ არ იზრუნეს ჩვენზე უანგაროდ იმ ადამიანებმა, ვისაც ძალიან შესტკივა გული ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემის მდგომარეობაზე. ან იმათ, ვინც ამ ლიტერატურის სიას ადგენდა ამდენი წელი?
ამ გამოცდის არსებობა და საჭიროება ხომ სწორედ ამით აიხსნება, რომ სკოლას, ქვეყანას, უკეთესი, უფრო მცოდნე, განათლებული, თანამედროვე უნარებით აღჭურვილი მასწავლებელი ეყოლება, რაც უკეთესი მომავლის საწინდარია?
დამთავრდა გამოცდის პირველი დღე, ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ გაცილებით რთულ გამოცდას მოელოდნენ და მეორე დღეს ტესტირებაზე გამსვლელებს რჩევებსაც კი აძლევდნენ. დასრულდა მეორე საგამოცდო დღეც. დაიწყო შედეგების მოლოდინი, რომელიც უსასრულოდ გაიწელა. რაც მაშინ იყო, ყველას კარგად ახსოვს, მაგრამ მაინც, პირველ ვარიანტს გაცილებით დაბალი შედეგები ჰქონდა ვიდრე მეორეს. და დაიწყო რაც დაიწყო… საბოლოოდ, ტესტირებაზე მეორე დღეს გამსვლელებს რომ ჯერ გზას ულოცავდნენ, შემდეგ აყვედრიდნენ, თქვენ უკეთეს დღეში ხართ, იცოდით რა საკითხები მოვიდოდა და რომ დროს უნდა გაფრთხილებოდითო… ამ ემოციების ცუნამის შემდეგ მოხდა სკალირება, აპელაცია და ზოგი სასწაულად გაბედნიერდა,ზოგი-უფრო მეტად დამწუხრდა…
შეკითხვა 3: ხომ იცოდით, რომ გამოცდა პირველად ტარდება ასე, ბედის ანაბარა მომზადებულ მასწავლებლებთან და რატომ ვერ მოხერხდა ერთი დონის ტესტების შედგენა? მათ შედგენაზე ხომ მთელი ოთხი წელი მუშაობდნენ ძალიან გამოცდილი, უაღრესად კვალიფიციური, თანამედროვე უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი ადამიანები?
ეს გამოცდა ხომ არ არის მხოლოდ სახელფასო მატების საშუალება, ეს ხომ მოსწავლეთა ცოდნის დონის გაუმჯობესების საწინდარია?(ვითომ)!(ხომ ასე იხსნება მისი საჭიროება).
(სკალირება რას ჰქვია ვიცით)…
დასახელებული ლიტერატურიდან უმრავლესობა არც ყოფილა გამოყენებული გამოცდაზე, კიდევ კარგი!
შეკითხვა 4: თუ მართლა გჯერათ, რომ ზოგადად ქვეყანაში მასწავლებლების დაბალი დონეა, ვინ და როგორ შევძლებდით ამ მასალის ათვისებას იმ მოკლე დროში? და თუ ავითვისებდით, ასე სწრაფად ათვისებული მასალა განა დარჩებოდა ჩვენს „მკვიდრ წარმოდგენად“? და თუ ჩვენში ვერ დარჩებოდა, მოსწავლეში როგორღა ავსახავდით ამ ყოველივეს?
მე არ ვიცი თქვენ რა მიზანი გქონდათ, მაგრამ ის კი მოახერხეთ, რომ მასწავლებლებში ჭაღარა თმის რაოდენობა კიდევ გაზარდეთ და შედეგის მიუხედავად, ძალიან დაძაბულები გავედით სკოლაში. ადამიანზე ყოველთვის მოქმედებს გარემო და მით უმეტეს ამ სრულიად უფუნქციო გამოცდის შედეგის შემდეგ.
ყველა მოვლენას თუ ქცევას რაღაც მიზეზი აქვს. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ რაღაც სტატისტიკა დაიდო ჩვენ შესახებ. ან, თავიანთი აზრით, წიგნების წაკითხვა გვაიძულეს, არ ვიცი. თუმცა ამ სტატისტიკას რომ მოსწავლეთა სწავლის დონესთან საერთო არ აქვს, ის კი ვიცი…
გამოცდების არსებობის წინააღმდეგი სულაც არ ვარ. ისიც ვიცი, რომ მასწავლებელი მუდმივად სწავლისა და ძიების პროცესში უნდა იყოს. თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ მოსწავლის საჭიროებაზე მორგებულად და მოსწავლისთვის უნდა მოხდეს. ისიც ვიცით, რომ საზღვარგარეთაც აბარებენ მასწავლებელები გამოცდებს, მაგრამ ასე? ამ ფორმით? იმის აღნიშვნაც არ დაგვავიწყდეს, ვისთვის აბარებს მასწავლებელი გამოცდას -უკეთესი რომ იყოს მოსწავლისთვის, თუ მხოლოდ იმიტომ, რომ ხელფასი მოემატოს? მე გულწრფელად არ მესმის, რა და რატომ ხდება.
სოციალურ ქცელში ხშირად აზიარებენ, ან ისე „გვთხოვენ“ ფინური სკოლის შედეგებს და რატომღაც, ისეთი ხატი იქმნება, თითქოს მთელი განათლება, სკოლა, ჩვენს ხელთ იყოს, მასწავლებლების და ჩვენი უნიათობის გამო ვიყოთ ამ დღეში. როდესაც ფინურ მოდელს ან ზოგადად, წარმატებული სკოლის მოდელს განიხილავენ, რატომაღაც, არ აქცევენ ყურადღებას არც კლასში მოსწავლეთა რაოდენობას, არც ქვეყნის განვითარების დონეს, არც მოსწავლეთა კვების ხარისხს და მრავალფეროვნებას და არც იმას, რომ თითოეულ საგანში მასწავლებელს უამრავი რესურსი აქვს და იქ მოსწავლეები მართლაც კეთებით სწავლობენ. მოსწავლის მეტად დაინტერესების მიზნით, ჩვენთან ასეთი მოთხოვნაა, რომ მოსწავლეს ცხოვრებაში იმ საგნის საჭიროება დავანახოთ. წარმოიდგინეთ, ეუბნები, რომ მათემატიკას სწავლობ, რადგან ანგარიში ყველგან დაგჭირდება და ა.შ. რამდენად გაამართლებს და დააინტერესებთ ასეთი მისდგომით, ეს თქვენ განსაჯეთ. როცა ერთ-ერთი წარმატებული სკოლის სიუჟეტს ვუსმენდი, იქ მეოთხე კლასელი ამბობდა, რომ საზაფხულო კაფე უნდა მოეწყო და ამ პროცესის წარმართვისათვის მათემატიკის ცოდნა აუცილებლად დასჭირდებოდა. ამიტომ, ეს საგანი კარგად უნდა ესწავლა.
სხვა სიუჟეტი კი მოგვითხრობდა იმის შესახებ, როგორ მოემზადნენ ბავშვები ერთ-ერთი ბრიტანული სკოლის ბუნებისმეტყველების გაკვეთილისთვის. ჩაიცვეს შესაბამისი სამოსი და სკოლის მოშორებით, მდინარის ნაპირიდან წყლის სინჯის ასაღებად გაემართნენ. თავდაპირველად, ამ პროცესს ჯერ მშვიდად უყურეს, შემდეგ ყველამ მიიღო მონაწილეობა სინჯის აღებაში და ისევ სკოლის შენებაში, ლაბორატორიაში დაბრუნდნენ, რომ აღებული სინჯი მიკროსკოპში დაეთვალიერებინათ. მანამდე ისევ გამოიცვალეს ტანსაცმელი. მასწავლებელს ყველგან ახლდა კოლება ან ასისტენტი მაინც. მოსწავლეებიც გაცილებით ცოტანი იყვნენ, ვიდრე ჩვენთან. პროცესი, თავისთავად საინტერესო იყო და შემშურდა ამ მასწავლებლის, რადგან გზა ყოველმხრივ ხსნილი აქვს.
ზემოთ შემთხვევით არ ვახსენე ბავშვთა კვება. მოსწავლეს, რომელსაც სრულფასოვანი კვება აქვს, მას ათვისებისა და განვითარების მეტი შესაძლებლობა გააჩნია. ჩვენს ქვეყანაში რამდენად კონტროლდება ბავშვთა კვება, კვების რაციონი, იღებს კი საკვების სათანადო რაოდენობას?
ამას წინათ სტატიას ვკითხულობდი, სადაც აქცენტი იმაზე იყო გაკეთებული, რამდენად მზადაა ცხოვრებისთვის ქართველი მოსწავლე, რომელიც სკოლას ამთავრეს და დასკვნა ასეთი ჰქონდა -თანამედროვე სკოლა ვერ უზრუნველყოფს მათ სათანადო, ცხოვრებისეული უნარებით აღჭურვას. მართლა მაინტერესებს, შეიძლება, მხოლოდ ერთმა, მასწავლებელმა შეძლოს მოსწავლეების ცხოვრებისეული უნარების გამომუშავება? თან, რატომღაც, აღზრდის დასაწყისად სასკოლო ასაკს მიიჩნევენ. არადა, სკოლაში მოსვლისას ბავშვს უკვე ჩამოყალიბებული უნარები, რაღაც ბაზისური ცოდნა უნდა ჰქონდეს. ამიტომაა, რომ კლასში ვიღაც ყველაფერს იგებს და ითვისებს, ვიღაც კი -ვერა. (მიუხედავად მასალის გადაცემის მრავალფეროვნებისა).
ახლა დამთავრდა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი და ყველგან მესის განვლილ გზას გვიყვებოდნენ. ვნახეთ, რომ საუკეთესო მასწავლებლის და გაწერილი ვარჯიშების გარდა, ის საათობით ვარჯიშობდა დამოუკიდებლად. ასეა სწავლაშიც. სკოლამ, მასწავლებელმა, რაღაც კარი უნდა გაგიხსნას, აგიხსნას, გასწავლოს გზები, მაგრამ შემდეგ სულ უნდა განვითარდე და საკუთარ თავზე იმუშაო. ჩვენს ქვეყანაში, როცა მოსწავლეთა ცოდნის თუ წიგნიერების ზოგადად დაბალ დონეზე საუბრობენ, რატომღაც, დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებელი სახელდება. ალბათ, ამ მიზეზის აღმოსაფხვრელად მოიგონეს ეს გამოცდა. ამასთან დაკავშირებით მაქვს შემდეგი სახის კითხვა..
შეკითხვა 5: გამოცდაჩაბარებული მასწავლებელს აქვს შესაძლებლობა, რომ ასეთი ცხოვრებისეული უნარებით აღჭურვოს მოსწავლე, ან ასეთი სასწავლო გარემო შეუქმნას ბავშვებს? და თუ გამოცდა ამ მიმართულებით ვერაფერს ცვლის, აბა რითი აიხსნება მისი არსებობის საჭიროება?
მე ძალიან კარგად ვიცი და ვხედავ, რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ისიც ვიცი, როგორ სკეპტიკურად უყურებენ ადამიანები ნებისმიერ ცვლილებას. არ მინდა, ვინმემ ასეთ ადამიანად ჩამთვალოს „ვითა მტერთა წესია: რა დროს დაიცემს, მაშინ ეცდება მტრობასა“. მაგრამ ეს რამდენიმე თვეა ვაკვირდები ჩემს თავს და უამრავ შეკითხვას პასუხს ვერ ვუძებნი. თან, ამ გამოცდის შემდეგ, პროფესიულად არანაირი წინსვლა და განსხვავება რომ არ მაქვს(გვაქვს)შეკითხვაც აღარ დავსვა?… ამიტომ მოგმართავთ, იქნებ თქვენ დამეხმაროთ პასუხების გაცემაში.
სიტუაცია: გვყავს ძალიან კარგი პროფესიონალი ფიზიკოსი, ქიმიკოსი, რომელიც არ არის „სიტყვამოქნილი“ და ის დაწესებული ზღვარი ვერ გადალახა. დავუშვათ, ვერ მისწერა წერილი „N ორგანიზაციას“ . ეს იმას ნიშნავს, რომ ის არ არის კარგი პროფესიონალი? ასეთი ადამიანები გავიცანი და რეალურად არსებობენ. ან პირიქით, არიან ადამიანები, რომლებიც ერთი ან ორი წელია, რაც სკოლაში მუშაობენ და მათ გადალახეს ზღვარი და რეაქტივის და ცდის სახელიც არ იციან და ისინი მენტორები უნდა იყვნენ და ზღვარგადაულახავი მასწავლებლები, წლობით რომ მუშაობენ, ისინი არა? ალბათ, მიპასუხებთ, რომ რა იყო იმ გამოცდაში ჩაუბარებელი, თუ ასეთი მაგარი პროფესიონალები არიანო? მე მაკვირვებს ზოგადად ასეთი მიდგომა, რატომ უნდა ფასდებოდეს ან „იზომებოდეს“ ადამიანთა პროფესიონალიზმი ასე განსაზღვრულად და ერთი ყალიბით. შეიძლება ფილოლოგს, სპორტის, ინგლისურის თუ ისტის მა სწავლებელს ერთნაირად ჰქონდეს უნარები განვითარებული და მისი პროფესიონალიზმი ერთი და იმავე ტესტით შეფასდეს? რომ წარმოვიდგინოთ, კარდიოლოგს და ნეიროქირურგს ერთი გამოცდა ჩააბარებინო და მისი შედეგით იმსჯელო, რამდენად კარგი ოსტატია იგი თავისი საქმის. (აი, ხელზე ხუთივე თითი ერთნაირი სიგრძის და შესაძლებლობის რომ გვქონდეს, ასეთ რამეს ითხოვენ და წარმოიდგინეთ, რა ქაოსი გვექნებოდა ხელზეც კი).
ან ეს სტატუსები… ბერძნული მითოლოგია წაგვიკითხავს და ვიცით ვინც იყო მენტორი. თავად არსი, რაც მენტორი მასწავლებელის ფუნქციაში დევს, არ არის ცუდი, მაგრამ კოლეგებთან გამოცდილების გაზიარება და ურთიერთდახმარება ისედაც მუდმივად უნდა ხორციელდებოდეს კოლეგებს შორის და მხოლოდ მენტორი მასწავლებლის ვალდებულებას ნამდვილად არ უნდა წარმოადგენდეს. რაც შეეხება კვლევას, თუნდაც კლასის საჭიროების ან სასკოლო საჭიროების, კვლევის ჩატარების გარეშე გეტყვით რა მჭირდება უკეთესი საკლასო გარემოს შესაქმნელად და ზოგადად, უკეთესი შედეგის მისაღებად. წამყვანის სტატუსის მისაღებად, სავალდებულო ჩამონათვალში, ერთ-ერთი მოთხოვნა კვლევის ჩატარება იყო. რამდენი ათასი წამყვანი მასწავლებელი გვყავს დღეს და თქვენ მართლა გჯერათ, რომ განათლების სფეროში ამდენი ათასი პრობლემა გადაიჭრა და მოგვარდა?!
იცით, რომ სტატუსების მიხედვით, მასწავლებლებს განსხვავებული რაოდენობის საათების გავლა მოგვეთხოვება. უფროსის სტატუსის ადამიანებს (ყველაზე დაბალი სტატუსის) ყველაზე მეტი საათის მოსმენა გვიწევს. (ალბათ, ჩვენი „ცოდნის შესაბამისად“) და ამავე დროს, ამ სტატუსის ადამიანები იყვნენ ტუტორები, არიან ლიდერი მასწავლებლები, რომლებსაც სხვადასხვა პორტალისა თუ სიახლის შესახებ ტრენინგები უტარდებათ და მათ ეს სიახლეები უნდა გააცნონ და გადასცენ უფრო მაღალი სტატუსის მქონე კოლეგებს. ისევ შეკითხვა დავსვა, თუ როგორ მოვიქცე, აღარ ვიცი… თუ ეს ადამიანები დამატებით სწავლებას საჭიროებენ, რამდენად სწორად აქვთ ეს „მისია“ მინიჭებული? ან რამდენად შეძლებენ სათანადოდ დაეხმარონ ახალბედა კოლეგას? და თუ ისინი პირნათლად ასრულებენ ყველა ვალდებულებას, მაშინ რაღატომ არიან დაბალი სტატუსის მასწავლებლები?
სასწავლო პროცესში აქტივობები თუ ნებისმიერი სახის მრავალფეროვნება ზომიერი და დოზირებული უნდა იყოს. არ შეიძლება, ბავშვის ტვინი ტექნოლოგიური შესაძლებლობით აღტაცებული გყავდეს მუდამ, რადგან ყველაფერს თანდათან ეჩვევა და ცოტა ხანში, ის აქტივობა თუ მეთოდი, რომლითაც აღფრთოვანებას ვერ მალავდა, თანდათან უინტერესო და რუტინული გახდება მისთვის. თან, ეს ციფრული სამყარო საკუთარ თავთან დარჩენის შესაძლებლობას ართმევს ბავშვს და ყურების დასრულების შემდეგაც, ტვინში ისეც ტრიალებს ის კადრები.
საბოლოოდ კი, ადამიანური ემოციები ითრგუნება, აზროვნებაში იჭრება და ართმევს დამოუკიდებლობას. ცხოვრებისთვის მზადება ხომ შესაბამისი მდგრადი ნერვული სისტემის, აზროვნების და დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარის ქონის არსებობაა. ოტია იოსელიანის სიტყვები გამახსენდა: „კი, მოგისმენია, გაგიგონია, წაგიკითხავს, გისწავლია, მაგრამ შენ მაინც შენეულით საზრდოობ. შენგან გადატანილი სიდუხჭირე თუ სიხარული თვითონ გეცხადება და განცდილი ჭირთათმენა გასაზრდოებს. ამიტომაა, ნატანჯს, დუხჭირსა და ნაოხარს უქონლობა და ბედუკუღმართობა ვერ გასტეხს. ხავსმონაჭიდებ და წყალწანაღებს და თავდაღწეულს,ზღვაც ვერ დაახრჩობს. ობოლსა და პარტახს დედის სიკვდილითაც ვერ აატირებ და ერთი კვირის ნამშევს, უვახშმოდ, უძილობას ვერ დამართებ“.
გავიხსენოთ სულხან-საბა ორბელიანის ერთ-ერთი იგავი, გავიხსენოთ რუქა, სედრაქი და მისი საუბარი მეფესთან, როდესაც იგი მისი აღზრდის მეთოდების გამო მიჰგვარეს გაცოფებულ მეფეს. შევადაროთ აღზრდასთან დაკავშირებული თანამედროვე ხედვები და მოთხოვნები მაშინდელს. მაშინდელს არა, ბრძნულს! ამ საკითხზეც იქნება აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ის შემედავოს, რომელმაც უფრო მეტი იცის და გააკეთა ქვეყნისთვის, ვიდრე ამ იგავის ავტორმა…(თუმცა ამ იგავს სხვა თემისთვისაც გამოვიყენებ ქვემოთ).
მოდით, ისევ დავუბრუნდეთ პრობლემას. პირდაპირ გეტყვით, არ მომწონს პორტფოლიოს დაცვა. ამის გაფიქრებისას სულ მეზვერისა და ფარისევლის იგავი მახსენდება. მასწავლებელი სწორედ ფარისევლის როლში მესახება. მაგ: ეს შევასრულე, ის -მიწერია, ის ფორმა შევავსე და ა.შ. და ბოლოს ვინ ცხონდა ისიც ხომ ვიცით?
კიდევ რა დამოკიდებულება იწვევს ჩემს გაკვირვებას იცით?! თუ დირექციამ უნდა წარგადგინოს, ე.ი. შენ ამის „ღირსად“ მიგიჩნია ადამიანთა ჯგუფმა, რომლების სრულად ჩართულნი არიან შენს სამუშაო პროცესში და შენი ყველა ნაბიჯი, წამოწყება, წარმატება იციან. (თუ არ იციან, ეს უფრო დიდი უბედურება)! რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ მასწავლებელმა საკუთარი „ნაჯაფი“ აქტივობა ვერ აღწეროს. გარდა იმისა, რომ ამ პროცესს ახლავს ღელვა, ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ ამ პროცედურის შესრულება/დასრულებას უამრავი დრო და ადამიანური რესურსი სჭირდება. ამ ვალდებულებით თქვენ უნდობლობას უცხადებთ დირექტორს, და თუ თქვენ არ ენდობით მას და მის სამართლიანობა/ობიექტურობაში არ ხართ დარწმუნებული, მაშინ რატომ გყავთ ასეთი ადამიანები ამ თანამდებობაზე? თუ თქვენს წინაშე პორტფოლიოს წარდგენის შემდეგ ყველას „უბოძებთ“ სტატუსს, მაშინ რა ფუნქცია აქვს თქვენ წინაშე წარდგენას?
არ ჯობს, იმ ექსპერტთა ჯგუფმა, რომლებმაც ამდენი ათასი მასწავლებლის საქმე უნდა შეისწავლოს (და რამდენი ექსპერტი გვყოლია განათლების სისტემაში, ე.ი. ექსპერტთ „მბადი და მზარდი“ ადგილიც ყოფილა ჩვენს ქყვეყანაში… და მაშინ მაინც რატომ არაფერი არ გვეშველა???) არ ჯობს, ამ ადამიანებმა ჩვენი საქაღალდის დათვალიერების ნაცვლად, თავისი ცოდნა და შესაძლებლობა გვაჩვენოს, დაგვანახოს და მართლაც იზრუნოს ჩვენი უნარების გაუმჯობესებაზე, ვიდრე ის, რომ ასეთი შესაძლებლობის ხალხი იჯდეს და რუტინული საქმით, როგორიც მასწავლებელთა პორტფოლიოს შემოწმებაა, იმით შემოიფარგლონ?
ადამიანებს შორის კონფლიქტის, უსიამოვნების, არაერთსულოვნების და მტრობის წარმომშობი სწორედ მათი დაყოფაა: „რატომაა, რომ ადამიანი გაჩენის დღიდან რომ თანასწორობას ქადაგებს და არა და არ ეღირსა! სადაც ყველა ღარიბია, იქ სიღარიბე არაა. როცა ყველა შიშველია, უპერანგოც არავინაა. ყველა რომ უსახლკაროა, იქ ხის ძირი სრა-სასახლეა.
ღარიბისთვის ღატაკი დიდი ნუგეშია!“.
ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ შემთხვევით არ ხდება ის, რაც ხდება!
კიდევ დავაფიქსირებ ჩემს აზრს, რომ არ ვარ გამოცდების ჩატარების წინააღმდეგი. პირიქით, მაგრამ ეს უნდა მოხდეს რაღაც მიმართულებით უკეთესი შედეგის მისაღებად და არა ისე, როგორც ჩატარდა.
ის სავალდებულო ტრენინგებიც კი, რომელთა ხანგრძლივობა წელიწადში ოც საათს შეადგენს, ზღვაში წვეთია. ვფიქრობ, უნდა განახლდეს და გამრავალფეროვნდეს პროფესიული ლიტერატურაც.
არ მინდა იფიქროთ, რომ ყველაფრით უკმაყოფილო ადამიანი ვარ და ყველაფერში გეწინააღმდეგებით. ძალიან მომწონს USAID-ის ვიდეორგოლები, აქტივობები თუ მზა მასალები საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში რომ მზადდება. ეს მათგან ჩვენთვის მეგობრულად გამოწვდილი დახმარების ხელია.
იცით რატომ არ მიდის განათლების ხარისხი წინ? იმიტომ, რომ არ ვსახავთ პრიორიტეტებს სათანადოდ და არასწორ მოთხოვნებს ვუყენებთ როგორც მასწავლებელს, ისე თვითონ განათლებას. რას ვგულისხმობ, განა ისტორიამ ცოტა შემოგვინახა ისეთი ადამიანების სახელები, რომლებმაც თავისი სისასტიკით, შეუბრალებლობითა და ადამიანთა ჩაგვრით დაიმკვიდრეს სახელი?! რაც არ უნდა ეცადო და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებაზე იზრუნო, წყლის ნაყვაა შენი საქმე, თუ მოსწავლეში აკადემიური მოსწრების კი არა, პიროვნების ჩამოყალიბებაზე არ იზრუნე და „ადამიანობის საჭიროება და სიკარგე“ არ დაანახე, დააჯერე. „სანთელი შალის გულზე არ აინთება და კაცი კიდევ ძაღლის გულით ვერ იკაცებსო. (გ.ჩოხელი).
მოდით, გავიხსენოთ მილგრემის ეფექტი, რომელიც 1963 წელს აღწერეს. მისი მიზანი იყო, დაედგინათ რამდენად დიდი ტკივილის მიყენება შეუძლიათ ადამიანებს სხვა, უდანაშაულო ადამიანებისთვის იმ შემათხვევაში, როცა ეს მხოლოდ მათი პროფესიული მოვალეობაა და ამის გაკეთებას ზემდგომი გავალებს. ცდის ჩატარებამდე პატარა გამოკითხვა ჩაატარეს ფსიქიატრებთან, ფსიქოლოგებთან, ისინი ვარაუდობდნენ, რომ სასიკვდილო ღილაკს სულ რამდენიმე პროცენტი დააჭერდა ხელს. მიღებულმა შედეგმა კი ყოველგვარ ვარაუდს გადააჭარბა, თითქმის ყველა მონაწილემ (რამდენიმეს გარდა) დააჭირა სასიკვდილო ღილაკს ხელი, მიუხედავად იმისა, რომ ესმოდათ როგორ იტანჯებოდნენ მათი მოქმედების შემდეგ „მოსწავლეები“ (ცხადია ისინი მსახიობები იყვნენ). ცდის შედეგი ბევრი მიმართულებით გვაფიქრებს რამხელა სისასტიკე და დაუნდობლობა დევს ადამიანში და მეორე, რატომ მოიქცნენ ეს ადამიანები მაშინ ასე, აქამდე ხომ მსგავსი არაფერი ჩაუდენიათ. თუმცა ამ კითხვის პასუხს პირდაპირ ვკითხულობთ: „იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა თავისთვის: ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, რადგან ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე.
გამოდის, რომ ასეთი „ურჩხული“ ყველა ჩვენგანში ზის და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული მას დომინანტურ თუ რეცესიულ როლს ვარგუნებთ ჩვენს აზროვნებასა თუ მოქმედებაში.
ეს ექსპერიმენტი აღწერს ადამიანთა უმრავლესობის უუნარობას, როგორ არ შეუძლია შეეწინააღმდეგოს პოზიციურად მის ზემოთ მდგომს. (და რამდენად მისაღებია ასეთი საქციელი კი ვხედავთ). და გვასწავლის, რომ ადამიანმა ყოველთვის უნდა იმოქმედოს საკუთარი სინდიდისითა და მორალური პრინციპებით.
მოდით, ახლა სოლომონ ეშის ექსპერიმენტი გავიხსენოთ კონფორმულობის კვლევაზე. მარტივად რომ ვთქვათ, კონფორმიზმი სოციალური ქცევის სახეა, როდესაც ადამიანები საკუთარ შეხედულებას თუ ქცევას სხვების შეხედულების მიხედვით ცვლიან. იგი მაშინ წარმოიშობა, როდესაც საკუთარ პოზიციაში დარწმუნებული არ ხარ, ან ამ გზით (მათი აზრის თანხმობის გამოხატვით) სხვებისგან აღიარებას დაიმსახურებ.
მიუხედავად იმისა, რომ დავალება ძალიან მარტივი იყო, (ორი ბარათიდან ერთმანეთის ტოლი ხაზები უნდა დაესახელებინათ), როგორც კი მსახიობი, დაქირავებული ცდის პირები არასწორ პასუხს დაასახელებდნენ, კვლევის მონაწილეთა 75% ერთხელ მაინც ავლენდა კონფორმულობას. თავად სოლომონ ეშიც შეშფოთებული იყო ამ შედეგით და ის წერდა: „ჩვენი შედეგების მიხედვით, საზოგადოებაში კონფორმულობის ტენდენცია იმდენად ძლიერია, რომ საღად მოაზროვნე და გონიერი ახალგაზრდები მზად არიან შავს თეთრი დაუძახონ“. მაგრამ შედეგი იცვლებოდა, თუ ჯგუფიდან ერთი მაინც გაბედავდა საკუთარი, განსხვავებული პოზიციის გაჟღერებას. ასეთი ადამიანები დაახლოებით 25% აღმოჩნდნენ. მათ „ნონკონფორმისტებს“ უწოდებენ. გარედან, ერთი შეხედვით, სასიამოვნოა ასეთი ადამიანების არსებობა, რომლებიც ზუსტად აღწერენ საგანს თუ მოვლენას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არაფერს „აშავებენ“ გარდა იმისა, რომ სიმართლეს საუბრობენ, სწორედ ეს ხდება მათი ჯგუფიდან და სოციუმიდან დევნის მიზეზი. ამის ნათელი მაგალითია: ჯ.ქარჩხაძის „იგი“ და ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“.
მოდით, ახალა სერჟ მოსკოვიჩის ექსპერიმენტი გავიხსენოთ, რომლითაც დგინდება, რომ პირიქითაც შესაძლოა მოხდეს -უმცირესობასაც შეუძლია უმრავლესობაზე გავლენის მოხდენა. აღარ დავიწყებ დეტალურად ექსპერიმენტის აღწერას, მაგრამ ის კი უნდა აღვნიშნო, რომ ეს ტენდენცია მაშინ იჩენს თავს, როცა უმცირესობის წევრები აღიქმებიან როგორც უფრო კომპეტენტურები და პატიოსნები. უმცირესობის აზრს, ყველაზე ცოტა, ჯგუფის ცხოვრების გაუმჯობესება შეუძლია.
რატომ მოვიყვანე ეს ექსპერიმენტები მაგალითად, იმისთვის, რომ ჯერ ჩვენ და შემდეგში ჩვენმა მოსწავლეებმა თავად გააკეთონ არჩევანი, რომელ გუნდში აღმოჩნდებიან. რა შემთხვევაში იქნებიან ლიდერები (როცა იქნებიან კომპეტენტურები და პატიოსნები), რა სირთულეები ელით წინ… ამ ექსპერიმენტების განხილვით სრულად გიამბეთ ჩემს თავზე… ალბათ, ბევრი გაიხარებს კიდეც ამ წერილის წაკითხვის შემდეგ, მაგრამ საკმარისია ავტორიტეტულმა ადამიანმა საპირისპიროდ მიპასუხოს, იგივე ადამიანები „ბენდვაგენში მოკალათდებიან“.(დაწვრილებით ახსნას აღარ დავიწყებ).
რატომ გვაქვს ასეთი წარმოდგენა, რომ მასწავლებელი არის ერთწლოვან მარცვლოვან თუ ბალახოვან კულტურასთან მომუშავე ადამიანი, რომელსაც გაზაფხულზე დაწყებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით შედეგს უკვე შემოდგომით იმკის. ბავშვებთან მუშაობისას წარმოუდგენელია მოკლე დროში მოვლენის ადეკვატურად და სათანადოდ შეფასება.
მასწავლებლის შრომის შედეგი თითოეული ისეთი ადამიანის აღზრდაა, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში ის 25% იქნება და თვითონ გახდება სხვებისთვის პატიოსნების და წესიერების მისაბაძი მაგალითი, რომელსაც ექნება მეტაკოგნიტური უნარები და თუნდაც პოზიციურად ზემდგომი ადამიანის გავლენით თუ დაძალებით საკუთარი ჭირებულებისა და მორალის წინააღმდეგ არ წავა. რომლის „მკვიდრ წარმოდგენაში“ დარჩება „ოთარაანთ ქვრივი“ და მისი „რკინის ქალამნები“. რომელიც არ გაიკვირვებს მოხუცი პეტრეს მსგავსად (ი.ჭავჭავაძის „სარჩობელაზედ“)თუ რა შუაშია ის ბიჭის ჩამოხრჩობასთან, რომელსაც შეკრებილი ხალხი, როგორც სანახაობას ისე უყურებდა. რომელსაც ეცოდინება გ.ჩოხელის „სულეთის კიდობანი“ და ღირსეულ არჩევანს გააკეთებს ცხოვრებაში თუ ვის მხარეს დაიჭერს და რა როლს მოირგებს. ან თვითონ დაწერს ახალ სუფთა ისტორიას, რომელსაც მტკიცედ ეცოდინება „ვინ არს, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო“.(დ.გურამიშვილი).
და მაინტერესებს, ამის შესაფასებელი პუნქტი თუ არის გამოყოფილი თქვენს წინაშე წარსადგენ საქაღალდეში? ან როგორ მოხდება ამის შეფასება? განა არის ამ საკითხზე აღმატებული და მნიშვნელოვანი მოთხოვნა თქვენს ჩამონათვალში? დიდი საქმეების განსახორციელებლად „დიდი ადამიანი“ უნდა იყოს ადამიანში, და შემდეგ მისი საქმეებიც განსაკუთრებულია.(მაგ.უშინსკი.თუმცა, სულ მცირედი „უშინსკი“ მაინც უნდა იყოს მასწავლებელში).
აზრი სხვადასხვაა, ჭეშმარიტება -ერთი. როდესაც საზოგადოებას უსამართლოდ ყოფ, იქ გაერთიანებაზე და უკეთესობაზე საუბარი ზედმეტია. და როდესაც ისეთი „მეფე“ ხარ, რომელმაც არ იცის ყოველი შენი ბრძანების შესასრულებლად რამხელა შრომას და ჯაფას წევენ შენი მსახურები, და მათ სიტყვას არ ისმენ, შენი „მეფობა“ სრულიად უსარგებლოა. ის, ყბადაღებული „ცხოვრებისთვის მომზადება“, პირველ რიგში აზროვნების სიჯანსაღე და საქმის რეალურად, პრაქტიკულად ცოდნაა. საქმის წარმატებით შესრულებისთვის მხოლოდ სურვილი და გონება არ კმარა, გულის ჩადებაა ჩაჭირო. მომკალით და ვერ დაგეთანხმებით, რომ თუ ბულინგზე ფილმის სახელწოდება დაწერა ადამიანმა მაშინ ის კარგი მასწავლებელია და თუ ზაფხულის მერე გაიგო ასეთი ფილმების სახელწოდება (დასჭირდა და იკითხა, მოიძია) ის დაბალი შესაძლებლობის მასწავლებელთა სტატისტიკას „ამშვენებს“.
თქვენი წამოყენებული მოთხოვნები თუ მოსწავლეების ცოდნას და უნარებს აუმჯობესებს, როგორ შეიძლება მისი შესრულება ყველა მასწავლებლისთვის არ იყოს სავალდებულო? და ჩვენ იმას გვეუბნებოდეთ, გააკეთეთ და ხელფასს ასე მოგიმატებთო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მიმართულებით მაქვს უამრავი აქტივობა შესრულებული, არ ვაპირებ თქვენს წინაშე წარდგენას, „კეკლუცს“ და რაიმეს დამტკიცებას. არ ვაპირებ მასწავლებელთა საერთაშორისო ჯგუფებში სხვისი დაწერილი ინგლისური კომენტარის დაკოპირებას და იმის გაგზავნას, ან სხვისი პოსტის დალაიქებას და მხოლოდ ამით საეთაშორისო პროექტების წევრობის სერტიფიკატის აბსოლიტურად დაუმსახურებლად მიღებას, რომ თქვენს წინაშე მეტი თავდაჯერებულობით და „ნაჯაფარი იმიჯით“ წარვდგე. ან იქნებ თქვენ მითხრათ, რაში გჭირდებათ ეს ყოველივე? (თან, ეს გამოცდა რომ სამი წელი მოქმედებს და მერე „ვადა გასდის“ – ეს ცალკე სადავო თუ სატირალია, არ ვიცი)…
ახალ წელს სურვილები ხდებაო და ჩემს სურვილსაც ხმამაღლა გავაჟღერებ. ვისურვებდი, რომ განათლების სისტემაში მეტი გონიერი და „გულიანი“ ადამიანები იყვნენ (და გვყავს ქვეყანაში ასეთი ადამიანები, განა არ გვყავს). რომლებიც მოიფიქრებენ და შექმნიან განათლების სისტემის ნამდვილად კარგ მოდელს, სადაც მასწავლებელი დაფასებული იქნება და მოსწავლე. გარდა უფლებების ცოდნისა, მისი მოვალეობების შესრულებით იქნება დაკავებული!
იმედია, პოლიტიკური შინაარსის წერილად არ ჩამითვლით! რადგან, ჩემი წერილი სრულად გულიდან მომავალია და არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან.
ასევე იხილეთ:
იმედისმომცემი ელემენტები სკოლის რეფორმაში – ექსპერტის თვალით დანახული 2022 წელი განათლებაში