მასწავლებელი თუ აღმზრდელი – რა ეტაპზეა პრემიერის დავალება წელიწადნახევრის შემდეგ
ბაგა-ბაღების აღმზრდელებისთვის პედაგოგის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა პრემიერ მინისტრმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს 2014 წლის აპრილის თვეში დაავალა.
წელიწადნახევრის წინ ითქვა, რომ მასწავლებლის სტატუსი ბაგა-ბაღების აღმზრდელებს 2015 სასწავლო წლიდან აღუდგებოდათ, თუმცა როგორც Aris.ge-განათლებამ გაარკვია, ამ საკითხზე აქტიური მუშაობა არც კი დაწყებულა. საკითხი ბაგა-ბაღების აღმზრდელების სტატუსთან დაკავშირებით კიდევ უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ბოლო თვეებში განხორციელებული ცვლილებით ბაღის აღმზრდელებს 5-6 წლის აღსაზრდელების სასკოლოდ მომზადებაც დაევალათ.
აღნიშნულ საკითხს ჯერ კიდევ იდეის დონეზე განხილავს ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი. როგორც თემურ თორდინავამ Aris.ge-განათლებასთან საუბარში აღნიშნა, საკითხზე არანაირი ცვლილება არ არსებობს.
,,ძალიან საინტერესო იდეაა, მაგრამ ამ მიმართულებით გადაწყვეტილების მიღებას ბევრი მსჯელობა და სიღრმისეული გაანალიზება ესაჭიროება. ამ ეტაპზე ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის”.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კი ცვლილების განსახორციელებლად შესაბამის საკანონმდებლო დადგენილებას ელოდება.
,,ეს საკითხი გაირკვევა და დალაგდება მას შემდეგ რაც ახალ კანონს მიიღებს საკანონმდებლო ორგანო. ცვლილება უნდა შევიდეს სკოლამდელი განათლების კანონში. სწორდ იქ უნდა განისაზღვროს რა მოეთხოვემა აღმზრდელს, რა მასწავლებელს. რა და როგორ უნდა დალაგდეს ამისთვის საკანონმდებლო ჩარჩოა საჭირო. როგორც ვიცი, კანონპროექტი უკვე არსებობს, ეკა ბესელიას კომიტეტი მუშაობდა ამ საკითხზე. დააყენებენ სესიაზე განსახვილველად და ვფიქრობ წლის ბოლოს გვექნება კანონი და შემდეგ უკვე სტატუსის მინიჭების საკითხზეც კანონით ვიხელმძღვანელებთ,”- განაცხადა Aris.ge-განათლებასთან საუბარში თამარ სანიკიძემ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით Aris.ge-განათლებასთან საუბარში თავის პოზიციას აფიქსირებს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. მისი თქმით ბაღის აღმზრდელებს გარდა იმისა რომ პედაგოგის სტატუსი უნდა მიენიჭოთ, აღმზრდელის სტატუსიც უნდა შეუნარჩუნდეთ.
,,ჩემს კომიტეტში ეს საკითხი განსახილველად არ შემოსულა თუმცა მე პირადად მხარს აუცილებლად დავუჭერ,”- აღნიშნა კიღურაძემ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში კი ამბობენ, რომ ჩარჩო დოკუმენტზე მუშაობა დაწყებულია. ARIS.GE-განათლების მიერ თემის დაინტერესების შემდეგ კი კომიტეტი კანონპროექტის განხილვას ხვალ საჯაროდ გეგმავს.
საბავშვო ბაღის აღმზრდელებს პედაგოგის სტატუსი უბრუნდებათ
ეკა არის© წივწივაძე
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება