GE

„მასწავლებლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მშობლები მათი საშინაო დამხმარეები/ასისტენტები არ არიან“ – როგორი დავალება უნდა მივცეთ მოსწავლეს

ავტორი: გიორგი ჭაუჭიძეპედაგოგი და 2019 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული. მუშაობს ქალაქ მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებლად. იგი ოც წელზე მეტია მასწავლებელია და მათგან თხუთმეტი წლის განმავლობაში სხვადასხვა არაქართულენოვან სკოლაში ასწავლის, ძირითადად ეთნიკურ სომხებსა და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს. 

არგუმენტირებული ესე –

განსჯისა და მოსწავლეებთან/აბიტურიენტებთან გამოყენებისთვის

გავრცელებულია მოსაზრება, რომ მშობლების დახმარება მნიშვნელოვანია დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა წარმატებაში და ამიტომ ყველა მოსწავლეს მშობელი უნდა ეხმარებოდეს საშინაო დავალებების მომზადებაში.

მე არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას და მიმაჩნია, რომ მშობლების როლი შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ სამეცადინო პირობების შექმნით და არა მოსწავლეების დავალებების მომზადებაში დახმარებით.

მასწავლებლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მშობლები მათი საშინაო დამხმარეები/ასისტენტები არ არიან და მოსწავლეებს ისეთი დავალებები უნდა მისცენ, რომლებსაც ეს უკანასკნელნი დამოუკიდებლად გაართმევენ თავს. თუკი მოსწავლე დახმარების გარეშე ვერ ახერხებს საშინაო დავალების შესრულებას, ის სათანადოდ მაინც ვერ აითვისებს შესასწავლ საკითხს.

გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ მშობელთა უმრავლესობა დაკავებულია, მათ თავიანთი სამსახური აქვთ და არ სცალიათ ბავშვებს დაეხმარონ საშინაო დავალებების მომზადებაში. შესაბამისად, ასეთი ბავშვების ინტერესები აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. მაგრამ, რაც არ უნდა პარადოქსი იყოს, ასეთი მშობლები არცთუ იშვიათად მასწავლებლებისგან ბევრი დავალების მიცემას ითხოვენ ხოლმე, — ბავშვი დაკავებული იქნებაო. ეს მოთხოვნაც განაპირობებს საშინაო დავალებების გართულებას, რაც მოსწავლეს კიდევ უფრო უძლურს ხდის და ასე იკვრება ერთგვარი ჯადოსნური წრე.

აღსანიშნავია ერთი მომენტიც: მშობელთა დიდ ნაწილს არ აქვს სათანადო კომპეტენცია, რომ სხვადასხვა საგნის (ქართული, მათემატიკა, ბუნება, ინგლისური…) საკითხები სათანადოდ ესმოდეთ და დახმარება აღმოუჩინონ ბავშვებს. ამ მიზეზის გამოც ისინი ვერ მოახერხებენ ბავშვების დახმარებას.

ზოგიერთი, მშობელიც და მასწავლებელიც, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ სანამ ბავშვები დამოუკიდებლად მუშაობას მიეჩვეოდეს, მისთვის დახმარება აუცილებელია… ვფიქრობ, ამ შეხედულებას ორი ფაქტორი განაპირობებს: 1. საკუთარი გამოცდილება სასკოლო ასაკში; 2. განსხვავებული პრაქტიკის მოსინჯვის შიში. ამ ფაქტორების დაძლევის შემთხვევაში, ასეთი მშობლებიც შეეცდებიან დამოუკიდებელ მუშაობას მიაჩვიონ შვილები.

მშობელთა, მასწავლებელთა და ექსპერტთა ნაწილი საშინაო დავალებების შესრულების არაეფექტიანობაში მასწავლებლების მხრიდან მიცემულ არასაკმარის უკუკავშირზე ამახვილებენ ყურადღებას. ამ შემთხვევაშიც გადაჭარბებულად გვეჩვენება მათი მოლოდინი — მასწავლებელი ვერ მოახერხებს თთოეულ მოასწავლეს მიაწოდოს/მისცეს უკუკავშირი იმის შესახებ, თუ რა არის კარგად გაკეთებული დავალებაში, რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ უნდა გაუმჯობესდეს ეს მხარე. სრულიად საკმარისი იქნება, თუკი მასწავლებელი შემოიფარგლება საერთო უკუკავშირით, რომელიც მიმართული იქნება გამოკვეთილი დაუძლეველი კომპონენტების განმარტებისკენ. შესაძლებელია ამისგანაც შეიკავოს თავი მასწავლებელმა და დაკმაყოფილდეს პრობლემური/გასაუმჯობესებელი მხარეების ჩანიშვნით, მომავალში სასწავლო პროცესში ხელახლა დამუშავების მიზნით.

ჩვენი პოზიცია არ გულისხმობს მშობელთა (და/ან ბებია-ბაბუათა, ბიძა-დეიდათა…) სასწავლო პროცესისგან მოწყვეტას. არა. თუმცა ამისთვის ისეთი დავალებების მოფიქრებაა საჭირო, რომელშიც მშობელს თავისი განსაზღვრული როლი ექნება. მაგალითად,
წაუკითხე მშობელს ან სხვა ოჯახის წევრს იგავი „ძუნწი და ოქრო“ და უპასუხე მის მიერ დასმულ სამ შეკითხვას.

დაუსვი შენ მიერ მოფიქრებული შეკითხვები ოჯახის წევრს/წევრებს და ჩაიწერე მათი პასუხები…
ასეთ შემთხვევაში მშობელს თავისი კონკრეტული, წინასწარგანზრახული როლი ექნება და შესაძლებლობის ფარგლებში მიიღებს კიდეც მონაწილეობას შვილის სწავლებაში.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ მშობლების როლი არ უნდა იყოს გადამწყვეტი მოსწავლეთა მიერ საშინაო დავალებების შესრულების საქმეში.

რის ფასად მიიღწევა დღეს მასწავლებლობა – პედაგოგის წერილი მშობლებს

როგორია და როგორი უნდა იყოს მშობლის ჩართულობა შვილის სასწავლო პროცესში და სკოლის მიღმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური