„მასწავლებლის პროფესიის არჩევა იმისთვის, რომ სამსახური გქონდეთ, არასწორი გადაწყვეტილებაა“
2025 წელს მასწავლებლის გამოცდებს 24 300-ზე მეტი აპლიკანტი აბარებს. გამოცდაზე გასულთა ერთი ნაწილი მოქმედი მასწავლებელია და მათთვის არც სასკოლო საზოგადოებაა უცხო და არც გარემო. რაც შეეხება გამოცდებზე რეგისტრირებულთა მეორე ნაწილს, მათ მასწავლებლობა სურთ და გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, პროფესიაში შესვლის შანსი ეძლევათ.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რა არის მასწავლებლობის მსურველთა მთავარი მოტივაცია, როგორ წარმოუდგენიათ პირველი დღე სკოლაში და ამ შეკითხვებით მომავალ პედაგოგებს მიმართა.
როგორც პროფესიით ფილოლოგმა, მარიამ სამხარაძემ გვითხრა, უყვარს ბავშვები და სურს ისეთი მასწავლებელი იყოს, როგორიც მას უნდოდა, რომ ჰყოლოდა.
„მსურს, ვიყო ისეთი მასწავლებელი, როგორიც ბავშვობაში მინდოდა, რომ მყოლოდა. მიყვარს ბავშვები, მათთან ურთიერთობა და მაქვს სურვილი, ვასწავლო მათ. მინდა, მოსწავლეებს შევაყვარო საგანი და მხოლოდ ფაქტები არ მოვთხოვო. მთავარია, ყველაფერი გაიაზრონ და ისე ისწავლონ. პრაქტიკებზე ნამყოფი ვარ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკვე მქონდა მოსწავლეებთან ურთიერთობა. მასწავლებლობის მსურველებს ვურჩევდი, რომ პირველ რიგში, გაიგონ ბავშვების სურვილები და მოთხოვნილებები და შეეცადონ, მრავალფეროვანი გაკვეთილი ჩაატარონ. ეს წარმატების საწინდარი იქნება. სანერვიულო არაფერია“, – გვითხრა მარიამ სამხარაძემ, რომელმაც მასწავლებლის საგნის გამოცდა ისტორიაში ჩააბარა.
მარიანა ჯაჭვაძე კი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას სწავლობს, გვეუბნება, რომ „მასწავლებლობა გულიდან უნდა მოდიოდეს“ და „პედაგოგის პროფესიის არჩევა იმის გამო, რომ სამსახური გქონდეთ, არასწორი გადაწყვეტილება იქნება“.
„ისტორიის გამოცდა ჩავაბარე და მაქვს მოტივაცია, გამოვასწორო ის საკითხები, რაც ჩემი მასწავლებლებისგან არ მომწონდა. ვფიქრობ, რომ ბავშვები და მასწავლებლები, პირველ რიგში, მეგობრები უნდა იყვნენ, ახლო ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან, რათა მათ შორის საზღვრები და ჩარჩოები არ იყოს. ეს ყველაფერი მათ შესაძლებლობას მისცემს, რომ საკლასო გარემო უფრო მეტად კომფორტული და სწავლაზე ორიენტირებული გახადონ.
„ვარ სტუდენტი, ვსწავლობ ფსიქოლოგიას და ვფიქრობ, ეს მოსწავლეებთან ურთიერთობაში დამეხმარება. წარმოვიდგენ ხოლმე ჩემს პირველ დღეს სკოლაში და მოსწავლეებთან ურთიერთობას აუცილებლად დადებით ნოტაზე დავიწყებ. მასწავლებლობა გულიდან უნდა მოდიოდეს. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, იმის გამო ამ პროფესიის არჩევა, რომ სამსახური გქონდეთ, არასწორი გადაწყვეტილებაა. სკოლაში იმდენი გამოწვევაა, თუ ბავშვები არ გიყვარს, მათ გადალახვას ვერ შეძლებ. ამიტომ, საჭიროა, რომ გვიყვარდეს პროფესია, ბავშვები და საგანი“, – აგვიხსნა გამოცდიდან გამოსულმა მარიანამ.
პროფესიით სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ცირა ჟორჟოლიანი, რომელმაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ჩააბარა, გვიყვება, რომ სურს, ბავშვებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს.
მასწავლებლობის მსურველი დარწმუნებულია, რომ მისი მოსწავლეები გამორჩეულები იქნებიან:
„მიყვარს ქართული ენა და ლიტერატურა. ეს ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, ეროვნულობის, სულიერების განმსაზღვრელი საზომია და მინდა, რომ ჩემი დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, თუ მომეცემა შესაძლებლობა, სხვებსაც გავუზიარო – რატომაც არა! ვამზადებ ბავშვებს ქართულშიც, ინგლისურშიც – არასდროს შემიწყვეტია მათთან ურთიერთობა და ახლა გადავწყვიტე, რომ ამ ფორმითაც გავაღრმავო ეს კავშირი. თუ არა ქართული ენა და ლიტერატურა, ამ კავშირს უფრო მეტად სხვა რომელი საგანი განამტკიცებს?! პირველ დღეს ბავშვებს ვეტყვი: „გამარჯობა, მე ავისრულე ჩემი ოცნება და ვარ თქვენთან“. მოსწავლეებში შევიტანდი კრიტიკულობას, ამბიციურობას, მიზანმიმართულობას, სიფერადეს. თუკი, გამოცდას ჩავაბარებ, ავიღებ პასუხისმგებლობას, რომ ჩემი მოსწავლეები გამორჩეულები იქნებიან“.
მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები 2025 წლის გამოცდებში 8 ივლისიდან ჩაერთვნენ, ბოლო გამოცდას კი, ხვალ, 23 ივლისს ჩააბარებენ.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება