GE

მასწავლებლის წიგნი – დამხმარე რესურსი თუ პირიქით? – „წიგნში აუცილებლად უნდა იყოს აქტივობების ერთგვარი ბანკი“

გრიფირებულ სასკოლო სახელმძღვანელოებს მასწავლებლებისთვის დამხმარე რესურსი -მასწავლებლის წიგნი მოჰყვება. მასწავლებლის წიგნს პედაგოგები სკოლაში უსასყიდლოდ იღებენ და ამასთან, არსებობს მისი ელექტრონული ვერსიაც, რომელიც ასევე უფასოდ არის ხელმისაწვდომი.

ვერიკო სოხაძე, რომელიც ბიოლოგიის საგნის პედაგოგია და პროფესიაში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს, გვიხსნის რა არის მოცემული მასწავლებლის წიგნში და რა პრაქტიკული გამოყენება აქვს მასწავლებლისთვის.

„მასწავლებლის წიგნი მრავალგვერდიანი დამხმარე სახელმძღვნელოა. ჩემს საგანში – ბიოლოგიაში, მხოლოდ მეშვიდე კლასი რომ ავიღოთ, ეს წიგნი დაახლოებით 200-230 გვერდისგან შედგება. ვერ ვიტყვი, რომ ის პროფესიულად ავითარებს პედაგოგს, თუმცა გარკვეულ ინფორმაციას აწვდის. მაგალითად, ამ წიგნში არის მთელი წლის სასწავლო პროგრამის ჩამონათვალი, საგნის სტანდარტი… ბევრი ინფორმაციაა თავმოყრილი, მაგრამ პედაგოგისთვის სხვა რამ უფრო მნიშვნელოვანია – რამდენად ეხმარება იგი მას და მოსწავლეს“, – ამბობს პედაგოგი.

ჩვენი რესპონდენტის დაკვირვებით, პედაგოგებისთვის წიგნს ერთადერთი გამოყენება აქვს – მოსწავლის საშინაო და საკლასო დავალებები მასწავლებელმა მასში მოცემული პასუხების მიხედვით გაასწოროს.

„ერთადერთი გამოყენება, რაც შეიძლება, პედაგოგმა ამ წიგნს მოუძებნოს არის შემდეგი: მასში მოცემულია მოსწავლის წიგნის დავალებების პასუხები. მაგალითად, მოსწავლის საშინაო თუ საკლასო დავალებას რომ ასწორებ პასუხს აქ ეძებ. ეს პრობლემური და სხვათა შორის ხელისშემშლელიც არის. აი, რატომ: მასწავლებელს შესაძლოა, სულ არ ჰქონდეს თემის საკმარისი ცოდნა, მაგრამ პასუხების მეშვეობით მარტივად გაართვას თავი მოსწავლეთა დავალებების შემოწმების პროცესს და საბოლოოდ, საქმე იქამდეც კი მიდის, რომ თავდ ზარმაცდება, რადგან მოსწავლეთა დავალებების შესამოწმებლად მუდმივად იყენებ ამ წიგნში მოცემულ სწორ პასუხებს“, – აღნიშნავს ვერიკო სოხაძე.

გამოცდილ პედაგოგს ვკითხეთ, რა უნდა იყოს მოცემული მასწავლებლის წიგნში, რომ პედაგოგს საგნის სწავლების ნაწილშიც დაეხმაროს და პროფესიული კომპეტენციების გაუმჯობესებაშიც.

„გაკვეთილის ბოლოს პედაგოგმა საკუთარი საგაკვეთილო საქმიანობის ანალიზი უნდა გააკეთოს და შესაბამისად, წიგნს მასში მუშაობის ფუნქცია უნდა გააჩნდეს, რაც ამ ეტაპზე არ აქვს, განსხვავებით მოსწავლის წიგნისგან, სადაც ჩანაწერების გაკეთებაც არის შესაძლებელი. ასევე, მაქსიმალურად შესამცირებელია წიგნის გვერდების რაოდენობა და დასამატებელია ელექტრონული ბმულები, სადაც პედაგოგი კონკრეტული ცოდნის გასაღრმავებლად მეტ ინფორმაციას მიიღებს. რაც ყველაზე მთავარია, წიგნში აუცილებლად უნდა იყოს აქტივობების ერთგვარი ბანკი როგორც კომპლექსური დავალებებისთვის, ისე შემაჯამებლისა და განმავითარებელი შეფასებისთვის“, – გვიხსნის პედაგოგი.

მასწავლებლის წიგნთან საკუთარი მოთხოვნები აქვს ახალგაზრდა პედაგოგს, პროფესიაში ცოტა ხნის წინ შესულ სალომე პაპიაშვილს, რომელიც ისტორიას ასწავლის.

EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, რამდენად არის მასწავლებლის წიგნი მისთვის რეალურად დამხმარე რესურსი, ასე გვპასუხობს:

„ჩემი დაკვირვებით, მასწავლებლის წიგნმა მასწავლებელს საშუალება უნდა მისცეს სწორად და ხარისხიანად წარმართოს სწავლა-სწავლების პროცესი. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს პროცესი უნდა ემყარებოდეს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმას – ანუ იყოს თანამედროვე სწავლების პრინციპებზე დაფუძნებული და ამ მხრივ ეს წიგნი ნამდვილად არ დამხმარებია. მქონია შემთხვევა, რომ გაკვეთილი მასწავლებლის წიგნის მიხედვით დამიგეგმავს და ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ამან გაამართლა, რადგან ნაკლებად შემოქმედებითი ვიყავი. ჩვენ შეგვიძლია, ამ წიგნით მივიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის ეროვნული სასწავლო გეგმა და ზოგადად, რას გულისხმობს საგნის სტანდარტი, მოვარგოთ ჩვენს იდეებსა და საშუალებებს… ამის გაგება წიგნის გარეშეც არის შესაძლებელი“.

სალომეს აზრით, მასწავლებლის წიგნი განახლებას საჭიროებს და განათლების სამინისტროს თხოვნითაც მიმართავს, რომ წიგნებისა და სტანდარტების განახლების პროცესში ამ საკითხსაც მიაქციონ ყურადღება. ასევე მიიჩნევს, რომ დამწყები და გამოცდილი მასწავლებლებისთვის განსხვავებული დამხმარე წიგნები უნდა შეიქმნას.

„მასწავლებლის წიგნი ორიენტირებული იყოს მასწავლებლის განვითარებაზე, რაც გულისხმობს ყურადღების გამახვილებას არა იმაზე, თუ რა ვასწავლოთ, არამედ როგორ ვასწავლოთ. ვგულისხმობ, რომ მასწავლებლის წიგნი დატვირთული უნდა იყოს სწავლებლის მეთოდიკით, რომელიც განსხვავებულ, მრავალფეროვან მეთოდებს შემოგვთავაზებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ეს პრობლემა განსაკუთრებით ახალგაზრდა მასწავლებლებს გვეხება. ამიტომ, თქვენი მეშვეობით, განათლების სამინისტროს ასეთი თხოვნითაც მივმართავდი, რომ დამწყები და გამოცდილი მასწავლებლებისთვის განსხვავებული დამხმარე წიგნები შექმნან“, – აცხადებს ისტორიის ახალგაზრდა მასწავლებელი.

როგორც ცნობილია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაწყებული ზოგადი განათლების საფეხურის რეფორმა საკუთარ თავში ეროვნული სასწავლო გეგმისა და საგნობრივი სტანდარტების რევიზიას მოიცავს, რომელიც, თავის მხრივ სახელმძღვანელოების ცვლილებას გამოიწვევს და როგორც მინისტრი გიორგი ამილახვარი ამბობს, პროცესი აქტიურ რეჟიმშია. რა ცვლილებები შეეხება მასწავლებლის წიგნსა და ზოგადად, სკოლების ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფის მიმართულებას, ეს, ალბათ, სამომავლოდ გახდება ცნობილი.

ასევე იხილეთ:

ახერხებს თუ ვერა სასკოლო სახელმძღვანელო მოსწავლის დაინტერესებას? – „წიგნის მიმზიდველობა ყდიდან უნდა იწყებოდეს“

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური