მასწავლებლობით დაკავებული ბევრი გვყავს, მაგრამ მასწავლებელი – ცოტა: გურამ ბერიშვილი
„მასწავლებელს გაზრდა სჭირდება. ჩვენთან კი კარგი მასწავლებლები არავის გაუზრდია. კარგი მასწავლებლები შემთხვევით, თავისთავად გამოდიოდნენ. მათთვის პედაგოგობა, სამწუხაროდ, არავის უსწავლებია“ – ასე ეხმაურება საქართველოში მასწავლებელთა რაოდენობრივ განაწილებას მათემატიკოსი, პედაგოგი, განათლების სფეროს სპეციალისტი გურამ ბერიშვილი და დასძენს, რომ საქართველოს 100 ათასი მასწავლებელი მაინც სჭირდება. ოღონდ მასწავლებელი და არა ამ საქმით დაკავებული პირი. მათ შორს განსხვავებას კი იგი EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში განმარტავს.
ბერიშვილი სკოლაში სწავლების მეთოდს იწუნებს და ამბობს, რომ იგი ნაკლებადაა ორიენტირებული ბავშვის აზროვნების განვითარებაზე, მოსწავლისაგან მხოლოდ ინფორმაციის დამახსოვრებას, მექანიკურ დაზეპირებას მოითხოვენ. ასე, მისი აზრით, მოაზროვნე თაობის გაზრდა შეუძლებელია.
გურამ ბერიშვილი: მთავარი ისაა თუ რა მიზანი აქვს სკოლებში პირველ 9 კლასს. ბევრი მასწავლებელი მოსწავლეს ტომარად წარმოიდგენს, რომელშიც ცოდნასა და ინფორმაციას ტენის. სინამდვილეში კი ეს ასე არ უნდა იყოს.
როგორც ვიცი, ლენინის იდეა იყო, რომ მოსწავლე ასე აღქმულიყო, რადგან თუ ასე მოიქცევი, მაშინ აზროვნების უნარი არ განვითარდება და სწორედ ეს იყო მაშინ საჭირო. თავად ლენინი ამბობდა, რომ თუ ხალხს აზროვნების უნარი ექნება და აზროვნებას დაიწყებს, სახელმწიფოს დავკარგავთო.
შესაბამისად, აზროვნების უნარი უნდა შეაფერხო და ეს დამახსოვრების დაძალებით უნდა გააკეთო. ანუ, მოსწავლე ტომარად უნდა წარმოიდგინო და შენთვის საურველი ინფორმაცია ჩატენო.
სწავლების ეს მეთოდოლოგია დღემდე დარჩა. ყველაზე მარტივი, ცხადია მათემატიკის ჩატენაა. სხვა ინფორმაცია უფრო დაკვირვებას, გაგებას მოითხოვს. მათემატიკაზე კი მოსწავლეს ეუბნები ფორმულებს და აიძულებ დაიმახსოვროს. ის იმახსოვრებს და ყველაფერი მარტივადაა.
–ქართველებში მათემატიკის პოპულარობა და ამ პროფესიით მაღალი დიანტერესება იმის მანიშნებლად შეიძლება მივიჩნიოთ, რომ აზროვნების ფართო სპექტრი, ფანტაზიის უნარი, ფართო თვალსაწიერი ნაკლებად გვაქვს?
-გ.ბ: მთლად მასეც ვერ ვიტყოდი. 1962 წლიდან მეც სკოლაში ვმუშაობდი და უნივერსიტეტის პარალელურად სკოლის მასწავლებლობით ვიყავი დაკავებული. ყოველთვის ვცილობდი დამახსოვრება ბავშვებისაგან არ მომეთხოვა. მთავარია გაეგოთ. კომუნისტური სკოლის მასწავლებელი კი გაგებას არ მოითხოვდა, მხოლოდ ცოდნას.
მათემატიკას სერიოზულად სკოლაში ვერ ასწავლი, რადგან ამ საგნის გაგებას თავიდანვე განვითარებული აზროვნება სჭირდება. პატარა ბავშვს კი ეს არ აქვს.
სინამდვილეში, სკოლებში მათემატიკისა და ქართული ენის სწავლებას გაცილებით დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. უკეთ რომ ვთქვათ, მეტყველების უნარის, ანუ საკუთარი აზრების წერილობით ან ზეპირად გადმოცემასა და აზროვნების უნარის განვითარებას.
აზროვნების უნარის განსავითარებლად კი ყველაზე კარგი მასალა მათემატიკური მასალაა. ეს ორი საგანი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ორი საგნის მაგივრად კი იგივე სახელებით სულ სხვა რამეს ასწავლიან – ლექსებს, ვინ რა დაწერა და ფორმულებს. ამითაა შეცვლილი მეტყველებისა და აზროვნების განვითარების სწავლება. სამწუხაროდ, დღევანდელი სკოლა ესაა.
–საქართველოში დღეს ყველაზე მეტი მასწავლებელი მათემატიკის გვყავს, როგორ ფიქრობთ, მათემატიკის ამდენი პედაგოგის არსებობა საჭიროა? სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმების პერსპექტივა თუ აქვთ?
-გ.ბ: ზოგადად, მასწავლებლები საჭიროა. ჩვენ მასწავლებლობით დაკავებული ბევრი გვყავს, მაგრამ მასწავლებელი – ცოტა. შეიძლება მაქსიმუმ 1 000 კაცი იყოს. არადა 100 ათასი გვჭირდება.
–რა იწვევს ამას? უნივერსიტეტი ახალგაზრდებს დოგმატირებული აზროვნებით ზრდის?
-გ.ბ: ბევრი რამ. მასწავლებელს გაზრდა სჭირდება. თითქოს ადრე იყო პედაგოგიური ინსტიტუტი, მაგრამ კომუნისტური საზოგადოებისათვის საჭირო მასწავლებლებს ზრდიდნენ. კარგი მასწავლებლები არავის გაუზრდია. კარგი მასწავლებლები შემთხვევით, თავისთავად გამოდიოდნენ. ჩვენი კარგი მასწავლებლები ყველა თვითგანვითარებადები არიან. მათთვის პედაგოგობა, სამწუხაროდ, არავის უსწავლებია.
არადა, მასწავლებლების აღზრდა საჭიროა. თითქოს დაიწყეს, მაგრამ გააჩნია როგორი იქნება ის. თუ საქმე ნორმალურად წავიდა, შეიძლება 40-50 წლის შემდეგ გვეშველოს.
–პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდები მხოლოდ იმას აჩვენებს თუ როგორ იცის პედაგოგმა საგანი თუ იმასაც, თუ როგორ აზროვნებს იგი?
-გ.ბ: ეს გამოცდები არაფერს არ აჩვენებს. მხოლოდ საგნის ცოდნას. საგნის ცოდნა პედაგოგისათვის არც ისეთი დიდი მნიშვნელობისაა.
–ამაში ალბათ ახლა ბევრი შეგედავებოდათ…
-გ.ბ: ბუნებრივია, საგანში რაღაც უნდა იცოდე, მაგრამ გაცილებით უფრო მნივნელოვანია თუ რას აკეთებ. მთავარი ისაა, რომ მასწავლებელმა მოსწავლე უნდა დააფიქროს, გააგებინოს. ეს რამენაირად უნდა მოახერხოს.
ჩემი პედაგოგობისას როცა მოსწავლე რამეს მკითხავდა, სულ ვუსვამდი კითხვას – რატომ? ამის შემდეგ უკვე ის თავად ეძებდა პასუხებს.
მოკლედ, სწავლის მეთოდოლოგია სხვადასხვანაირია. მთავარია თუ რა არის მიზანი – ის, რომ მოსწავლემ რაღაც გაიგოს, მიხვდეს, თავად მოიფიქროს, თუ ის, რომ მან უბრალოდ რაღაც დაიმახსოვროს.
–გრიფირებულ სახელმძღვანელოებზე რას ფიქრობთ?
-გ.ბ: 1-დან მე-7 კლასამდე მათემატიკის სახელმძღვანელო მე თავად დავწერე, მაგრამ იგი შაშკინმა აკრძალა. სხვა სახელმძღვანელოებზე არაფერს ვიტყვი. რაკი სახელმძღვანელო დავწერე, ე.ი. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ყველაზე საუკეთესოდ მიმაჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ დავწერდი, თუკი ჩემთვის მოსაწონი წიგნი უკვე არსებობს?
„სკოლაში მათემატიკის სწავლება გადასახედია, გრიფირებული წიგნები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“
როგორია საჯარო სკოლის პედაგოგთა რაოდენობრივი განაწილება საგნების მიხედვით
თაკო არის© მათეშვილი
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება