„მათემატიკის ტესტზე მუშაობა შეგიძლიათ, პირდაპირ ამოხსნით დაიწყოთ“ – ბოლო მითითებები აბიტურიენტებს NAEC-ისგან

2025 წლის აბიტურიენტები მათემატიკაში ერთიან ეროვნულ გამოცდას 14 ივლისს ჩააბარებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 13 700-ზე მეტ აბიტურიენტს, რომლებიც მათემატიკას ჩააბარებენ, ბოლო საგამოცდო მითითებებს აძლევს და მათ გათვალისწინებას ურჩევს.
მათემატიკის ჯგუფის მიერ მომზადებული 5 მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა საგამოცდო პროცესის დროს:
– საგამოცდო ტესტი შედგება 41 ამოცანისაგან. აქედან პირველი 37 ამოცანიდან თითოეულს თან ახლავს 4 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. ტესტის ამ ნაწილში თითოეული ამოცანა ფასდება 1 ქულით სწორი პასუხის მითითებისას, ხოლო 0 ქულით – არასწორი პასუხის შემთხვევაში;
– ამოცანებში ოცდამეთვრამეტედან ორმოცდაერთის ჩათვლით, დადებითი შეფასების მისაღებად, საკმარისი არ არის მხოლოდ სწორი პასუხის მითითება – აუცილებელია ამოცანის ამოხსნის სრულად ჩაწერა. #38 და #39 ამოცანები ფასდება 3 ქულით, #40 და #41 ამოცანა ფასდება 4 ქულით. ტესტის მაქსიმალური ქულაა 51;
– გაითვალისწინეთ, რომ საჭირო არ არის ამოცანის პირობის გადაწერა – მუშაობა შეგიძლიათ პირდაპირ ამოხსნით დაიწყოთ, ამით დაზოგავთ დროსაც და ადგილსაც პასუხების ფურცელზე;
– ყურადღებით გაეცანით საგამოცდო პროგრამას. არ შეგხვდებათ არც ერთი ის საკითხი, რომელიც პროგრამაში არ არის მოცემული;
– არ სწორდება შავი ფურცლები. ამიტომ თქვენი მუშაობის შედეგი ზედმიწევნით უნდა გადმოიტანოთ პასუხების ფურცელზე კონკრეტულად ამ დავალების პასუხისათვის გამოყოფილ ადგილას.
გავრცელებული შეცდომები, რომლებსაც აბიტურიენტები მათემატიკაში უშვებენ:
-მექანიკური ხასიათის შეცდომა, როცა აბიტურიენტს პასუხი თეთრ ფურცელზე სხვა ამოცანისთვის გამოყოფილ ადგილზე გადააქვს, მაგალითად 38-ე ამოცანის ამოხსნას წერს მე-40 ამოცანისთვის გამოყოფილ ადგილზე, მართკუთხედში. ამისთვის არ დაგსჯიან და ნაწერი მაინც გასწორდება, მაგრამ აფერხებთ პროცესს და ამას ნუ გააკეთებთ. ასეთი დავალებები არ სწორდება ეგრევე, ის პრობლემურად აღიქმება, ცალკე უნდა ამოვბეჭდოთ ფურცელზე, ცალკე უნდა დაჯდეს კომისია და დაიწყოს ასეთი ნაშრომების გასწორება. ეს იწვევს დაბრკოლებას და შესაძლოა, შედეგების გამოცხადების დრომ რამდენიმე დღით გადაიწიოს.
-მათემატიკაში კალიგრაფიას გადამწყვეტ როლს არ ვაძლევთ, მაგრამ მაინც ისე დავწეროთ, რომ გარჩევადი იყოს. შეგიძლიათ გადახაზოთ ნაწერი, მაგრამ გადახაზვის მერე რასაც დაწერთ, ეს გარჩევადი იყოს.
-თუ რაიმე ცვლადები შემოგაქვთ, განმარტებული უნდა იყოს, ამ ცვლადებით რას აღნიშნავთ. ხშირად, აბიტურიენტი პირდაპირ წერს განტოლებას X+10 იგრეკი უდრის რაღაცას, მაგალითად 17-ს და არ ამბობს იქსით რა აღნიშნა, იგრეკით რა აღნიშნა. მათემატიკის ხიბლი ის არის, რომ მსჯელობა უნდა აწარმოოთ.
-ნახაზებთან ვიყოთ ძალიან ყურადღებით. ნახაზების დახაზვა არ მოგეთხოვებათ სახაზავით, ხელით შეიძლება დავხაზოთ, მაგრამ თუ ვხაზავთ კონუსს, არ უნდა გაჩნდეს კითხვა – ეს კონუსია, ცილინდრია, პირამიდაა თუ რა არის. კონუსი უნდა ჰგავდეს კონუსს, პირამიდა – პირამიდას, ცილინდრი – ცილინდრს. ასეთი ხარვეზები სამწუხაროდ, გვხვდება და დიდი თხოვნა მექნება, რომ მივაქციოთ ყურადღება.
ამავე თემაზე:
-
„მათემატიკის ორივე ვარიანტი ნამდვილად რთული იყო გასულ წლებთან შედარებით“ – ტესტების ანალიზი და შეფასება პროფესორისგან by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი გეოგრაფიაში by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები მათემატიკაში by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე