GE

მენტორი მასწავლებელი სქემაში ცვლილებებზე: ყველაზე მეტ კრიტიკას მაღალი ბარიერი და პროცესის დროში გაწელვა იწვევს

13 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებების შესახებ დადგენილება გამოქვეყნდა. მასწავლებლების ნაწილისთვის დოკუმენტი არცთუ მარტივად წასაკითხი აღმოჩნდა და ამასთან, გაჩნდა არაერთი კითხვა თუ ეჭვი, რომელთა აღმოფხვრაც, ვიმედოვნებთ,  მასწავლებლის სახლის მიერ, 20-27 მარტს დაგეგმილ საინფორმაციო შეხვედრებზე გახდება შესაძლებელი.

იქამდე კი, EDU.ARIS.GE მენტორ მასწავლებელს, ფიქრია კვირიკაძეს ესაუბრა და პედაგოგებისთვის საინტერესო კითხვები მასთან დასვა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს N:1 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი უფრო გასაგებ ენაზე ხსნის ვისთვის და  კონკრეტულად რა ცვლილებები შევიდა სქემაში. ჩვენ მას ცვლილებების შეფასებაც ვთხოვეთ.

მანანა რატიანი: მასწავლებლებს არ ექნებათ საკმარისი დრო, გააზრებულად, დინჯად მოემზადონ შემდეგი ეტაპისთვის

– ქალბატონო ფიქრია, პირველ რიგში გკითხავთ, რა არის ის ძირითადი სიახლეები, რომელიც ახალი სქემით პედაგოგებს შეეხოთ?

– პედაგოგები და არა მხოლოდ ჩვენ, დიდი მონდომებით ველოდით ახალი სქემის გამოქვეყნებას, რადგან ის ძირითადი სიახლეები, რომელიც მუდმივად ანონსდებოდა, სწორედ მასში უნდა ყოფილიყო ასახული, რაც ასეც მოხდა. ახალმა სქემამ მასწავლებლებს შემოგვთავაზა რიგი სიახლეების. კერძოდ, შეიცვალა სტატუსის მინიჭების წესი უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისათვის, ცვლილებები შეეხოთ სპეციალურ მასწავლებლებსა და არაქართულენოვან სექტორში დასაქმებულ პედაგოგებს, ასევე იმ პედაგოგებსაც, რომლებსაც აქვთ დოქტორის ხარისხი, რასაკვირველია, ამ ცვლილებების მოლოდინი გვქონდა, რადგან მუდმივად იყო საუბარი და ახლა უკვე დოკუმენტშიც გაიწერა.

– კიდევ ერთხელ, კონკრეტულად ვის შეეხო ცვლილებები?

– გეტყვით იმ პროფესიულ პირთა წრეს, რომელმაც განსაკუთრებით კარგად უნდა წაიკითხოს დოკუმენტი, რადგან მათთვის იქ ბევრი სიახლეა შეთავაზებული. უფროსი, წამყვანი მასწავლებლები, მენტორები, სპეციალურ მასწავლებლები, არაქართულენოვან სექტორში დასაქმებულ პედაგოგები, დოქტორები, რომლებსაც სურთ პედაგოგობაც.

– ახალი სქემის მიხედვით, რა ეტაპები უნდა გაიარონ სტატუსის შეცვლის მსურველმა პედაგოგებმა (უფროსმა, წამყვანმა)?

– პირველ ეტაპზე უფროსმა და წამყვანმა პედაგოგმა უნდა ჩააბაროს პროფესიული უნარების გამოცდა, წამყვანობისთვის 60, ხოლო მენტორობისთვის 75% -იანი ბარიერის დაძლევით. მომდევნო ეტაპზე უნდა წარადგინოს მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის დამადასტურებელი პორტფოლიო, რომლის დადებითად შეფასების შემდეგ მიენიჭება შესაბამისი სტატუსი. მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო): სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის შესატყვისი კომპეტენციების დამადასტურებელი დოკუმენტების ორგანიზებული კრებული, რომელიც არის ორდონიანი, წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსისთვის განკუთვნილი პირველი დონე და მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსისთვის განკუთვნილი მეორე დონე.

„ვაგრძელებთ სქემის დახვეწასა და გაუმჯობესებას“ – მასწავლებლის სახლის განცხადება პედაგოგებისთვის

– წამყვანი და მენტორი სპეცმასწავლებლის სტატუსის მისაღებად პედაგოგებმა პორტფოლიოსთან ერთად კომპლექსური შეფასებაც უნდა გაიარონ, მარტივად აგვიხსენით, რას გულისხმობს კომპლექსური შეფასების გავლა, დოკუმენტს თუ დავეყრდნობით, ეს აქამდე არსებულ პროცესს ნიშნავს, რომელიც პროფესიაში შესვლამდე გამოცდის ჩაბარებით იწყება… ასეა?

– კომპლექსური შეფასება სიახლე ნამდვილად არ არის ჩვენთვის პედაგოგებისთვის, რადგან ისედაც ვფასდებოდით რამდენიმე კრიტერიუმით, კომპლექსურად. გეტყვით, რომ კომპლექსური გამოცდა გულისხმობს მასწავლებლის თეორიული ცოდნის გამოცდით, ტესტირებით და პრაქტიკული საქმიანობის პორტფოლიოთი შემოწმებას, ვფიქრობ, თუ სპეცმასწავლებელს სურს სტატუსის გაუმჯობესება და ხელფასის მატებაც, მისთვის ეს არ უნდა იყოს დამაბრკოლებელი და წარმატებით გაართმევენ თავს.

– დოკუმენტში ისევ გვხვდება გარე დაკვირვება…

– დოკუმენტში გარე დაკვირვება განმარტებულია, როგორც პროცესი, ტერმინი, მაგრამ გადამოწმებულ ინფორმაციას გეტყვით, ახალი სქემით მასწავლებლებს გარე დაკვირვების გავლა არ მოეთხოვებათ.

– როგორია თქვენი განწყობა როგორც მენტორი პედაგოგის, აღნიშნული სქემა გაუმარტივებს პედაგოგებს პროფესიულ საქმიანობას, თუ პირიქით?

– მიუხედავად იმისა, რომ სტატუსი ძველი სქემის ფარგლებში მომენიჭა, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ მარტივი გზა არ გაგვივლია მე და ჩემს კოლეგებს, (გარე დაკვირვება, კვლევები, სამოდელო გაკვეთილები და მრავალი სხვა). მენტორობა მეტ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას მაკისრებს, ჩემი პროფესიული საქმიანობის ხარისხს მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა და მიღებული შედეგი განაპირობებს. შესაბამისად, ძველი სქემა იქნება თუ ახალი არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, პედაგოგმა უნდა იცოდეს, რომ განვითარება ყოველთვის მოუწევს.

– ქალბატონო ფიქრია, ჩვენი წინამდებარე კითხვა იმით არის გამოწვეული, რომ მთავარი მიღწევა, რაც რამდენიმე წლის წინ მასწავლებლის სახლმა სქემის ფარგლებში განახორციელა, ე.წ. ფურცლომანიის დასრულება იყო მასწავლებლებისთვის, არ ფიქრობთ, რომ პორტფოლიო ახალი ფურცლომანიის დაბრუნებაა?

– პორტფოლიო საკმარისზე მეტად შრომატევადია, თუმცა, ყველაფერი ერთად თავმოყრილი, რასაც პრაქტიკაში ახორციელებ. მასწავლებელი ხომ მუდმივად, თავდაუზოგავად შრომობს – „მასწავლებელი ცოცხლობს, სანამ სწავლობს, როგორც კი შეწყვეტს სწავლას, მაშინვე კვდება მასწავლებელი“.

– შეაფასეთ ის სიახლეები, რომელიც შეთავაზებულია არაქართულენოვანი სექტორისა და სპეციალური მასწავლებლებისთვის, ემხრობით მათთვისაც იმავე მიდგომას, რაც სხვა პრაქტიკოსებზე იყო, რომ სკოლიდან წასვლა მოუწევთ თუკი გაწერილ ვალდებულებებს ვერ შეასრულებენ?

– ვიქნები კოლეგიალური და გეტყვით, პედაგოგის სკოლიდან წასვლის მომხრე არ ვარ. ჩემი აზრით, რაიმე ალტერნატიული გზა უნდა გამოინახოს, ეს ყველასთვის სასიკეთო იქნებოდა.

– თქვენი შეფასებით, არის თუ არა ამ დოკუმენტში რაიმე ჩანაწერი, რაც პედაგოგების კრიტიკას უნდა იწვევდეს?

– ვფიქრობ, საკმაოდ განათლებული პედაგოგიური საზოგადოება გვყავს, კრიტიკასაც ლოგიკურად და თანმიმდევრულად ასაბუთებენ. ყველაზე მეტ კრიტიკას მაღალი ბარიერი იწვევს, ამასთან ერთად, პროცესის დროში გაწელვა.

ასევე იხილეთ:

როგორი იქნება მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების ფორმა და კრიტერიუმები – სქემაში ცვლილებები დამტკიცდა

ესაუბრა მზეო შველიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური