GE

მენტორი მასწავლებლის გამოცდის პრეტესტზე გასული პედაგოგი დავალებების შინაარსსა და სირთულეზე საუბრობს

2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პროფესიული უნარების გამოცდას წელს პირველად ჩააბარებენ ის უფროსი და წამყვანი მასწავლებლები, რომლებსაც სურთ სტატუსი აიმაღლონ და შესაბამისად, ანაზღაურებაც გაეზარდოთ. გამოცდაზე გასვლა სავალდებულო არ არის და რეგისტრაცია 14 აპრილის 18:00 საათამდეა შესაძლებელი.

საგამოცდო ლიტერატურა, რომელიც წამყვანისა და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად უკვე გამოიცა და რეალურად უზარმაზარი რაოდენობისაა, მრავალი მასწავლებლისთვის წინაღობად იქცა, თუმცა მათთვის, ვისი მოწოდებაც ნამდვილად პედაგოგობაა, ბარიერი არ არსებობს.

წამყვანი და მენტორი მასწავლებლის საგამოცდო ლიტერატურა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე ჩაატარა წუნასაგამოცდო პრეტესტების ნაწილი, რომლის შედეგების საფუძველზეც უნდა დადგინდეს მინიმალური ზღვარი და მაქსიმალური ქულები მასწავლებელთა ამ გამოცდებისათვის.

EDU.ARIS.GE-ს 4 აპრილს ის წამყვანი მასწავლებელი ესაუბრა, რომელსაც გამოცდის საფუძველზე მენტორის სტატუსის მოპოვება აქვს განზრახული და წინასაგამოცდო პრეტესტიც გაიარა. იგი დეტალურად გვიყვება რა სახის საკითხები და დავალებები მოხვდა მის ტესტში და გამოცდაზე გამსვლელ მომავალ მენტორებსა თუ წამყვანებს პრაქტიკულ რჩევებსაც აძლევს. ამბობს, რომ არის რაღაც ტერმინები, რომელიც უნდა ისწავლო.

ცირა გულუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ აბასთუმნის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის III, VIII და XII კლასის მოსწავლეებს.  ამბობს, რომ მენტორის სტატუსის მოსაპოვებელ გამოცდაზე მასწავლებლებს სულაც არ დახვდებათ ისეთი კითხვები, რომელიც მათ აფიქრებინებს, რომ სახელმწიფოს არ უნდა, ბევრი სტატუსიანი მასწავლებელი ჰყავდეს.

– ქალბატონო ცირა, უკვე დარეგისტრირდით უნარების გამოცდისთვის? როგორია თქვენი განწყობა, მოლოდინი? თქვენი აზრით, დადებთ სასურველ შედეგს?

– დიახ, დავრეგისტრირდი. ადამიანი შიშით უყურებს, განცდები აქვს გამოცდის დროს. ასე იყო, როდესაც მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო. მაშინაც ვნებათა ღელვა იყო, მაგრამ დაძლევადი აღმოჩნდა. ზოგს ვერ აღმოაჩნდა ეს კომპეტენცია, მაგრამ… ახალის მიმართ მიმღებლობა უჭირთ ხოლმე მასწავლებლებს, მაგრამ პედაგოგები, რომლებიც მუდმივად ძიებაში არიან და პროგრესისკენ მიმართულები, ამ პროცესს განათლების სისტემაში ალბათ უფრო როგორც ცოცხალ ორგანიზმს, ისე უყურებენ. მე პროტესტის გრძნობა, რომ მასწავლებელი ვარ და რატომ მჭირდება ამდენი გამოცდა და ამდენი მტკიცება, არ გამჩენია.

არ ვიცი და რაღაც სიახლე შემოდის? კოლეგებთან ურთიერთობით, ბევრი ტრენინგისა და მოდულების გავლით ამიმაღლებია ჩემი კომპეტენცია და ჩემი შრომით მივაღწიე, რასაც მივაღწიე. შეიძლება ტერმინებში ვერ გაერკვეს მასწავლებელი, რადგან, მოგეხსენებათ, ინგლისურენოვანი ტექსტებია შემოსული, მაინც ნათარგმნია უცხოურიდან და ამ ტერმინებმა შეიძლება შეუქმნას დისკომფორტი მასწავლებელს, თორემ დანარჩენი იქ ისეთი არაფერი იყო, რასაც საკლასო სივრცეში არ ვიყენებ. ისეთი რამ არ შემხვედრია, რომ მასწავლებელმა იეჭვოს, ეს იმიტომ შემოიტანეს, რათა სპეციალურად ჩაგვჭრან და ბევრი მენტორი მასწავლებელი არ ჰყავდეს განათლების სისტემას. მსგავსი განცდა ამ ტესტის მიმართ მე არ გამჩენია.

– თქვენ როგორ უყურებთ იმ აურაცხელ პროგრამას, რომელიც ამ გამოცდისთვის არის გამოქვეყნებული, მოასწრებთ მის გავლასა და ათვისებას, თუ არ არის უცხო თქვენთვის, ეთანხმებით იმ პრეტენზიებს რაც საგანმანათლებლო წრეებშია?

– ვფიქრობ, რომ ეს ლიტერატურა მასწავლებლებს ძალიან უხეშად მიაწოდეს. იმ 300 და 500 გვერდიან ლიტერატურაში ნახევარზე მეტი მასწავლებელთა პრაქტიკაა და სხვა არაფერი. ერთბაშად ამდენი წიგნის დადება და იმის თქმა, ამას და ამას წაიკითხავთ და შემდეგ შეძლებთ გამოცდების ჩაბარებასო… იქ რაც წერია, ის რომ დასასწავლი იყოს და ის ჩვენ პრაქტიკაში გამოყენებული არ გვქონდეს, ღმერთმა ნუ ქმნას! ვინ ისწავლის ერთბაშად მაგდენს?! მიჩვეულები ვართ, ყველაფერს დაღეჭილად ვითხოვთ. ტრენინგებზეც ვითხოვთ, მოგვეცით და მიგვითითეთ კონკრეტულადო. ასეთი კონკრეტიკა საჭირო არ არის და ამდენ წიგნს ისედაც ვერავინ წაიკითხავს. ჩემი აზრით, დაუძლეველი სულაც არ არის ეს ტესტები.

მასწავლებლები გამოცდის შემდეგ რომ დოკუმენტაცია თუ აქტივობები უნდა მოვაგროვოთ, იმის წინააღმდეგნი არიან თუ თვითონ ტესტში რაც არის, არ ვიცი. არ იციან ტესტში რა არის და რას ეწინააღმდეგებიან? წიგნები იყო მითითებული, მაგრამ კონკრეტულად რა იქნებოდა ტესტში, არსად ყოფილა გამოქვეყნებული. ამიტომ ვამბობ, მიწოდება ამდენი წიგნისა, ეს უნდა წაიკითხო, რომ გამოცდა ჩააბარო, უხეში ნაბიჯი იყო.

უფრო დაკონკრეტებული მეთოდიკით რომ ყოფილიყო გამოცემული ეს წიგნები, უკეთესი იქნებოდა. ამდენი წელი დაგვიანდა და მასწავლებლების პროტესტი გამოიწვია – არიქა, სასწრაფოდ იყოს გამოცდები, თორემ ერთი და ორი წელი ჩაგვივარდაო. სამინისტროს რომ გამოეცხადებინა, კიდევ ერთი წელი გვჭირდება იმისთვის, რომ მეთოდები გამოვცეთ, ჩავალაგოთ თავ-თავის ადგილას და ისე მოგაწოდოთო, ხომ წარმოგიდგენიათ, მასწავლებლების მხრიდან რა ამბავი ატყდებოდა. ამიტომ, ვფიქრობ, ერთადერთი გამოსავალი ის იყო, რომ მიგითითა წიგნები – ა, ბატონო, რაც გინდოდათო.

ამ წიგნების წაკითხვის გარეშე ვერაფერი გამოვა, მაგრამ ჩემსას გეტყვით – 160 ლარი გადავიხადე ამ წიგნების შეძენაში და წიგნი ჯერ არ გადამიშლია. ტესტებში რაც ვნახე, ეს ის არ არის, რაც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს მასწავლებლებს, რომ გამოცდა ვერ დაძლიონ. პრაქტიკული კვლევები ვინც გავაკეთეთ და წამყვანობისთვის ვიმუშავეთ, არ უნდა გაგვიჭირდეს მისი ჩაბარება.

– გამოცდა არ არის საკმარისი სტატუსის ცვლილებისა და გაზრდილი ხელფასის მოსაპოვებლად. როგორ უყურებთ იმ სავალდებულო აქტივობებს, რაც ამ გამოცდის შემდეგ გექნებათ გადასალახი, რამდენად რელევანტური მოთხოვნებია ისედაც მძიმე განრიგის მქონე პედაგოგისთვის და როგორ ფიქრობთ, რა დროში შეძლებთ სტატუსის მოპოვებას გამოცდის შემდეგ?

– როდესაც მასწავლებელი ცდილობს სტატუსის ცვლილებას, უკვე იცის, მასწავლებლის პორტფოლიო რისგან შეგდება. ეს შარშან და შარშანწინაც ვიცოდით. მე ახლა მომაფიქრდა, რომ მენტორობა მინდა, გამოცდას ჩავაბარებ და ამის შემდეგ დავიწყებ ჩემს პორტფოლიოზე ზრუნვას, ასე არ ხდება. მე, წამყვანი მასწავლებელი ორი წლის წინ გავხდი და მას შემდეგ მუდმივად ვახორციელებ იმ აქტივობებს, რომლებიც ჩემს პროფესიულ საქაღალდეს დღითიდღე ემატება. როგორც კი ჩავაბარებ გამოცდას და იმედია, ჩავაბარებ, ამის შემდეგ, მე თუ ჩავთვალე, რომ უკვე ვარ მზად საიმისოდ, რომ გარე დაკვირვება გავიარო, ამ შემთხვევისთვის, მკაფიოდ არის უკვე გაწერილი, რა მოგვეთხოვება, რა არ მოგვეთხოვება და ა. შ. მოთხოვნა რომც არ იყოს, ეს ისეთი რაღაცებია, რომელსაც ჩვენ საკლასო სივრცეში ისედაც ვაკეთებთ.

პორტფოილიო აქვს ყველა მასწავლებელს, რომელიც ზრუნავს სტატუსის ამაღლებისთვის. როცა უფროსი მასწავლებელი ვიყავი და წამყვანის სტატუსისთვის ვმუშაობდი, პორტფოლიოს ვიმდიდრებდი და ისევ ისე ვმუშაობ ახლაც. ასე რომ, გამოცდის შემდეგ უკვე უნდა მქონდეს შესაბამისი პორტფოლიო. კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ის, რომ გამოცდის მერე დავიწყებ ამაზე მზადებას, ასე არ არის. დიახ, ბევრ დროს მოითხოვს, შრომატევადია, მაგრამ… ალბათ იანვრისთვის უკვე მოვითხოვ გარე დაკვირვებას გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.

რა ხდება წამყვანის ან მენტორის სტატუსისთვის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ

– ქალბატონო ცირა, თქვენ გაიარეთ პრეტესტი მენტორი მასწავლებლის სტატუსისთვის. გვითხარით, როგორ მოხვდით იმ მასწავლებელთა შორის, რომლებმაც პრეტესტებში მიიღეს მონაწილეობა და სად ჩაგიტარდათ ტესტირება?

– სკოლიდან დამარეგისტრირეს. შემეკითხა დირექტორი, მქონდა თუ არა სურვილი და რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში ჩატარდა ტესტირება და აქტივობაც ძალიან მაღალი იყო. ხომ ხდება, რომ დარეგისტრირდებიან და არ მოდიან. ჩემს ჯგუფს არავინ დაკლებია და როგორც ვიცი, სხვა ჯგუფებშიც ასე იყო, ყველა მოვიდა.

– მოგვიყევით ტესტის შესახებ და დაგვიხასიათეთ, რამდენ გვერდიანი იყო, რა დრო დაგჭირდათ მასზე სამუშაოდ?

– ვიცი, რომ 60 ქულიანი ტესტი იყო. დიფერენცირება არ ყოფილა, წამყვანისთვის იქნებოდა თუ მენტორისთვის – ტესტი ყველასთვის საერთო იყო. მეე, უბრალოდ, ქულების მიხედვით უნდა განისაზღვროს. ვისაც უნდა, წამყვანი მასწავლებელი გახდეს, 60 ქულიანი ტესტის 61% უნდა აიღოს, მენტორმა – 68%.

გვითხრეს, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი შედეგების ნახვა სამი კვირის შემდეგ. კოდი უნდა დაგემახსოვრებინა. ჩემი გადატვირთული რეჟიმის გამო მხოლოდ ერთი საათი დავყავი ტესტირებაზე.

– ერთსაათიანი იყო ტესტირება?

– არა, მგონი, ორსაათნახევარი, მაგრამ მე მეტი დრო არ მქონდა. მნიშვნელოვან ტრენინგს უნდა დავსწრებოდი. ამიტომ, რომ გითხრათ, ერთ საათში ყველაფერი უმაღლეს დონეზე დავწერე და ისე გამოვედი-მეთქი, არ არის ასე. ვფიქრობ, დრო რომ მქონოდა, იმ ორსაათნახევარში კიდევ უფრო უკეთესად შევძლებდი ამ ტესტის გაკეთებას.

ერთქულიანი კითხვები მგონი 30-მდე იყო – ვიზუალურად რომ ვიხსენებ, ასე ვფიქრობ. სულ ალბათ 8 ან 10 გვერდი იქნებოდა. იმ ერთ საათში ყველა დავალების წაკითხვა მოვასწარი. რაც დამამახსოვრდა ის არის, რომ იქ იყო ორი ტერმინი, რომელიც მე პროფესიულ ლექსიკაში არ შემხვედრია. რაც არ იცი, იმაზე დრო არც უნდა დახარჯო. თუ არ იცი, ვერც მაშინვე გასცემ პასუხს და ვერც 5 საათში.

– როგორ ნაწილდება დავალებები მარტივიდან რთულისკენ და რომელი დავალება მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად/გარდამტეხად რომელიც დაგამახსოვრდათ?

– მარტივით იწყებოდა და მართალი რომ გითხრათ, რომელს რამდენი ქულა ენიჭებოდა, ისიც არ მახსოვს. ერთი ის ვიცი, რომ 33-ე კითხვიდან იწყებოდა ისეთი დავალებები, სადაც უნდა ჩაგეწერა, გემსჯელა, მაგალითად, რას ურჩევდი მასწავლებლებს, რა შეცდომა დაუშვა კვლევის დროს პედაგოგმა. წამყვან და მენტორ მასწავლებლებს კვლევის ჩატარება ისედაც სჭირდებათ და იქედან გამომდინარე იყო ეს კითხვაც – მასწავლებელმა კვლევა ჩაატარა, რა ორი შეცდომა დაუშვა და თქვენ რა რჩევას მისცემდითო. დაწვრილებით არ მახსოვს, თუმცა შეგრძნება ის იყო, სულაც არ იყო ისეთი რთული, მეფიქრა, მასწავლებლების ჩაჭრა უნდათ და იმიტომ არის ეს კითხვა-თქო.

მაგალითად, იყო ასეთი თემა – თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება რომ სჭარბობს ჩვენს ბავშვებში და უფრო სოციალურ ქსელს მოიხმარენ, კვლევამ ცხადყო. გვეკითხებოდნენ, როგორც მასწავლებელი, რას იზამდით, სოციალურ ქსელში ჭარბი საათების გატარებას როგორ აქცევდით სასარგებლოდ თქვენთვისო. რეალურად ასეთი შემთხვევა მქონია – მიჯაჭვულები იყვნენ ბავშვები სოციალურ ქსელს „ფეისბუქი“ იქნებოდა ეს თუ „ტიკ-ტოკი“. მე ჯგუფები შევქმენი, რომელიც ინტერესების მიხედვით დავყავი, სადაც ფილმებს, დოკუმენტურ მასალას ვარჩევთ. შესაბამისად, ტესტის ამ კითხვას მოვარგე ჩემი გამოცდილება და ის დავწერე.

შინაარსი არ მახსოვს, მაგრამ ზოგადი განათლების შესახებ კანონიდანაც იყო ერთი შეკითხვა. რომელიღაც ორგანიზაციამ ამას წინათ აბსურდული ტესტები დადო – ვითომ ბუნების დაცვასაც რომ ეხებოდა. ამ ტესტში კი არაფერი მინახავს, რაც ჩვენს პროფესიულ საქმიანობას არ შეესაბამებოდა. ის, რომ რაღაც ტერმინები არ ვიცოდი და შესაბამისად ვერ გავაკეთებდი იმ ორ დავალებას, რადგან აზრზე არ ვიყავი, რას ნიშნავდა, ეს სულ სხვა საქმეა.

– ტესტის სტრუქტურა გასული გამოცდებისგან რით განსხვავდება და რამდენად რთული დასაძლევია, შეგვიფასეთ ჯამში მისი როლი მასწავლებლის რეალურ პროფესიულ წინსვლაში, როგორია თქვენი შთაბეჭდილება, მენტორი მასწავლებელი რომ გახდეთ გადამწყვეტია გამოცდის წარმატებით ჩაბარება თუ მთავარი მაინც ისაა, რაც გაკვეთილზე ხდება?

– რა თქმა უნდა, მთავარი მაინც საგაკვეთილო პროცესია. რომელი სჯობს – თეორიაში ასქულიანი მასწავლებელი გყავდეს და პრაქტიკაში ვერ იყენებდეს ამას, თუ პრაქტიკულად გასწავლიდეს კარგად და წარმატებული მოსწავლეებიც ჰყავდეს, თეორიაში კი მოიკოჭლებდეს? რა თქმა უნდა, ამ ტესტმა უნდა განსაზღვროს პროფესიული წინსვლა, მაგრამ ტესტირების მეორე დღეს გადავხედე რაღაცეებს, რასაც აუცილებლად მივაქცევ ყურადღებას საგაკვეთილო პროცესის დროს. ისეთი რამ, რაც არ გაგვიკეთებია სკოლაში, არც ადრე იყო სხვა ტესტებში, როდესაც ვაბარებდით პროფესიულ უნარებს და არც ახლაა. უბრალოდ, პირველი გამოცდაა ასეთი და ყველას აქვს განცდა.

ასეთივე ღელვა იყო პირველად რომ პროფესიული უნარების გამოცდა შემოვიდა. სამი წიგნი იყო, რომელზეც მასწავლებლები ამბობდნენ, ამას რა წაიკითხავს საგამოცდოდო. 80% ჩვენი გამოცდილება ეწერა, რასაც სასწავლო სივრცეში ისედაც ვიყენებდით. მე რომ ახლა დავჯდები და იმ ფსიქოლოგიას თავიდან ბოლომდე წავიკითხავ და ა. შ. ამის არც დრო მაქვს და არც ენერგია. ჩემს დროს და ჩემს ენერგიას ჩემს მოსწავლეებს ვახმარ. მესამე კლასელები მყავს და ღამის ორ საათამდე ვმუშაობ ამათ რესურსებზე, რომ მათში კითხვისა და გააზრების უნარი განვავითარო. ამდენი წიგნის წაკითხვა, რაც მოცემული გვაქვს საგამოცდოდ, არარეალურია, მაგრამ კითხვის გარეშე მაინც არაფერი გამოვა. ის, რაც არ ვიცით, უნდა დავისწავლოთ, რაც ვიცით და პრაქტიკაში გამოგვიყენებია, იმას ისე გამოვიყენებთ.

– რა იქნება თქვენი რჩევა, როგორც უფრო გამოცდილი მომავალი მენტორი მასწავლებლისა თქვენი იმ კოლეგა წამყვანებისთვის, ვინც ასევე გეგმავს გამოცდაზე გასვლას, რა არის სწორი მიდგომა და როგორ სჯობს მომზადება? საბოლოოდ კმაყოფილი ხართ თქვენი ნამუშევრით?

– სტრატეგიების ცოდნა აუცილებელი პირობაა. თანამედროვე მიდგომები, მოსწავლეზე ორიენტირებული, პრობლემაზე ორიენტირებული, დიფერენცირებული სწავლება მაინც ამოსავალია. არაფორმალური განათლების კუთხით რას აკეთებს მასწავლებელი, კომუნიკაცია როგორი აქვს პედაგოგებთან, თანამშრომლობითი გარემო როგორი იქმნება, როგორ უზიარებს მასწავლებელი მასწავლებელს თავის გამოცდილებას, ერთობლივად როგორ იგეგმება რაღაც, სკოლის საჭიროებაზე როგორ ერგება. წამყვანი მასწავლებელი იმას ნიშნავს, რომ გეზის მიმცემი ხარ შენი სკოლის სხვა პედაგოგებისთვის, ორიენტირი ხარ და ეხმარები, შენს გამოცდილებას უზიარებ. მენტორი ხომ უფრო მაღალი საფეხურია, რომელიც უკვე სკოლის საჭიროებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა მხოლოდ იმაზე, თავის საკლასო სივრცეში რაც ხდება.

წაიკითხონ მოცემული ლიტერატურა და მოარგონ თავიანთი პრაქტიკული საქმიანობა, რაც რეალობაში უკეთებიათ – ესაა ჩემი რჩევა. იქ რა პრაქტიკული დავალებებიც შემხვდა, მერწმუნეთ, ყველა უკეთებიათ მასწავლებლებს. უბრალოდ, ამას გარკევულ ჩარჩოში მოქცევა და ფორმულირება უნდა. არის რაღაც ტერმინები, რომელიც უნდა ისწავლო, თუმცა ამ სახით რატომ არის აუცილებელი, მაგას ვერ მივხვდი. ხომ შეიძლება, ქართულით ჩანაცვლდეს? ინგლისურენოვან მასწავლებლებს ეს არ გაუჭირდებათ, რადგან თარგმანს რომ გააკეთებენ, რაღაცას მოარგებენ, მაგრამ მე ვერ მოვარგე ვერაფერს.

რაც შეეხება კმაყოფილებას, საკუთარი თავის კმაყოფილი არასოდეს ვარ. მუდამ კრიტიკულად ვუყურებ საკუთარ თავს, თუმცა, ყოველ შემთხვევაში, სკეპტიკურად განწყობილი არ ვარ, ოპტიმისტური განწყობა მაქვს. ოპტიმიზმი კი უკვე საქმის ნახევარია.

ასევე იხილეთ:

რა ხდება წამყვანის ან მენტორის სტატუსისთვის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ

რა გამოწვევების წინაშე დგანან მასწავლებლები 2022 წლის ზაფხულში ჩასატარებელი გამოცდისა და სტატუსის ამაღლების მოლოდინში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური