GE

მენტორი მასწავლებლის მოკლე რეკომენდაციები რეფლექსიაზე სამუშაოდ

როგორც ცნობილია, მასწავლებლებს, სტატუსის ცვლილებისას, პორტფოლიოს ატვირთვისა და წარდგენის პროცესში, პრაქტიკული საქმიანობის წერილობითი რეფლექსიის ვალდებულება მოეხსნათ. თუმცა, რეფლექსიაზე სამუშაო კვლავ რჩება, ვინაიდან მან მხოლოდ სახე იცვალა და ზეპირი გახდა -მასწავლებელი საკუთარი საქმიანობის პრეზენტაციას ზეპირად წარადგენს კვალიფიციური შეფასების ჯგუფის წინაშე გასაუბრებისას. პედაგოგების ნაწილი EDU.ARIS.GE-სთან აცხადებს, რომ რეფლექსიაზე მუშაობას კვლავ წერილობით განაგრძობენ და ზეპირი წარდგენისას, სწორედ ამ ნამუშევარს დაეყრდნობიან.

ისტორიის მენტორი მასწავლებელი და ტრენერი, კახაბერ ჩაკვეტაძე, რეფლექსიების დასაწერად მის მიერ შედგენილ მოკლე რეკომენდაციებს კოლეგებს უზიარებს.

ჩემს მიერ წარმოდგენილი რეფლექსია მოიცავს სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების ერთიან ანალიზს, რომელიც გამყარებულია სათანადო მტკიცებულებებით.

პორტფოლიოში წარმოდგენილი საქმიანობის რეფლექსია და განხორციელებული აქტივობების მტკიცებულებები ადასტურებს ჩემს მიერ დაძლეულ სტატუსის მოთხოვნებს და ადასტურებს შესაბამის კომპეტენციებს სამივე მიმართულებით: სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა, სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება და პროფესიული პასუხისმგებლობა.

სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა მასწავლებლის საქმიანობის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია. სასწავლო წლის განმავლობაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს საგნობრივი კურიკულუმის მიხედვით, სადაც ასახულია/გათვალისწინებულია მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტირების შედეგების ანალიზი, მკაფიოდ არის განსაზღვრული დიფერენცირებული და/ან რემედიაციული სწავლების პრინციპები, ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებ სასწავლო მიზნების შესაბამის მეთოდური ან სასწავლო რესურსების შექმნას, შემდგომ განვითარებას და კოლეგებისთვის გაზიარებას.

მნიშვნელოვანია, ჩემი საქმიანობა მიმართული იყოს სკოლის და თემის განვითარებაზე, ვგეგმავ და ვახორციელებ ისეთ აქტივობებს, რომლის მიზანია სკოლის საჭიროებების დადგენა და მათი გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიება. ვცდილობ საერთაშორისო გამოცდილება გავითვალისწინო სკოლის საჭიროებებისა და გამოწვევების საპასუხოდ.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა მასწავლებლის პროფესიული პასუხისმგებლობა. ჩემს პროფესიულ გამოცდილებას ვუზიარებ კოლეგებს და მუდმივად ვზრუნავთ პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირებაზე, განვითარების ღონისძიებების შერჩევაზე და განხორციელებაზე, რაც დაფუძნებულია ურთიერთთანამშრომლობაზე და ჯანსაღ კონკურენციაზე. მუდმივად ორიენტირებული ვართ პროფესიულ განვითარებაზე და ჩვენ პრაქტიკას ვამდიდრებთ თანამედროვე, ინოვაციური მეთოდებით და მიდგომებით, რაც პოზიტიურად აისახება სწავლა სწავლების შედეგებზე, მოსწავლეთა კოგნიტურ განვითარებაზე და სხვა…

განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ მოსწავლეებთან თანასწორობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას, სადაც ვითვალისწინებ მოსწავლეთა საჭიროებებს, ინდივიდუალურ თავისებურებებს და ყოველივე ამის გათვალისწინებით, პოზიტიურ, ეფექტურ თანამშრომლობით ურთიერთობებს ვამყარებ მათ მშობლებთან და კანონიერ წარმომადგენლებთან.

მიმართულება-სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა

სასწავლო წლის დასაწყისში, კოლეგებთან თანამშრომლობით ვაანალიზებთ და ვგეგმავთ საგნობრივ კურიკულუმებს, სადაც გათვალისწინებულია ერთი მხრივ გასული სასწავლო წლის შედეგების ანალიზი და მეორე მხრივ მოსწავლეთა საჭიროებები და თავისებურებები (ასევე, კონკრეტული სასწავლო წლის გამოწვევები) (დანართი N 1-კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა).

2022-2023 სასწავლო წელს 10 კლასში სწავლება მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, რომლის ძირითადი პრინციპებია სწავლების დროს კონსტრუქტივისტული პრინციპების გათვალისწინება, მთავარი აქცენტი კეთდება არა დამახსოვრებაზე, არამედ გააზრებაზე, შეფასება ორიენტირებულია მოსწავლის განვითარებაზე და თანამშრომლობაზე. კურიკულუმის შედგენის დროს, მთავარ აქცენტს ვაკეთებთ გრძელვადიან მიზნებზე, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეთა შესაძლებლობებზე. ვცდილობთ, მოსწავლეები, ცოდნის შეძენასთან ერთად, დაეუფლონ კრიტიკულ და შემოქმედებითი აზროვნების უნარებს.

საგნობრივ კურიკულუმზე მუშაობის დროს ვცდილობ მთავარი აქცენტი გავაკეთოთ შემდეგ ძირითად საკითხებზე: სწავლა სწავლების მიზნებზე, სასწავლო რესურსებზე, მეთოდებსა და სტრტატეგიებზე და შეფასებაზე (ანუ რა მიზნით ვასწავლით? რა რესურსებზე დაყრდნობით? როგორ ვასწავლით და როგორ ვაფასებთ?)

საგნობრივი კურიკულუმის აგების დროს, ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევ სტანდარტით გათვალისწინებულ სავალდებულო თემებს. რაც შეეხება საკითხებს, იგი ერგება მოსწავლის სურვილს, ასევე მის საჭიროებებს და შესაძლებლობებს. ზოგჯერ ვცვლი სასწავლო თემების თანმიმდევრობას, ვუსადაგებ მოსწავლის წინაშე არსებულ გამოწვევებს და ვცდილობ, სასწავლო პროცესი უფრო პოზიტიური, ჰუმანური გავხადო. (დანართი N 2-საგნობრივი კურიკულუმი, თემატური მატრიცა).

საგნობრივი კურიკულუმის შედგენის დროს, სავალდებულო თემების გათვალისწინებით, ვარჩევ მოსწავლეებისთვის საინტერესო საკითხებს და მათზე დაყრდნობით ვქმნი კომპლექსურ დავალებებს.

ჩემი მიზანია პრაქტიკაში განვახორციელო დინამიკური ცოდნის მაკონსტრუირებელი და კომპლექსური აზროვნების განმავითარებლი სასწავლო პროგრამა. კურიკულუმი, ეს არის ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის სრულყოფის ერთ ერთი უმთავრესი საშუალება.

მუდმივად ვცდილობ მოსწავლეთა ცოდნის შეფასებას, რათა გავიგო მოსწავლეების აკადემიური წინსვლის პროგრესი, გავზომო მოსწავლეთა საჭიროებები, რათა შევძლო მოსწავლეთა მხარდაჭერა და მიზანმიმართული ინტერვენციების დაგეგმვა. მოსწავლეთა შედეგების, პროგრესის დიაგნოსტირებისთვის ვიყენებ კომპლექსურ დავალებებს, რომელიც ეფუძნება საფეხურის მკვიდრ წარმოდგენებს. ვცდილობ, მუდმივად დავხვეწო მოსწავლეთა პროგრესის შეფასების სისტემა, ხოლო შედეგები გავითვალისწინო სასკოლო სასწავლო გეგმის შედგენის/დახვეწის დროს. (დანართი N 3-კომპლექსური დავალების პირობა)

მიმდინარე სასწავლო წელს დაგეგმილი მქონდა 3 კომპლექსური დავალება. ნოემბრის თვეში განვახორციელე პირველი კომპლექსური დავალება, რომლის სამიზნე ცნება იყო:—-, ხოლო პროდუქტი, რომელიც უნდა შეექმნათ მოსწავლეებს:—-. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებს გავაცანი დავალების პირობა, პროდუქტი, რომელიც უნდა შეექმნათ მათ პროსეცის დასრულების დროს და ასევე შეფასების კრიტერიუმები. კომპლექსური დავალების განხორციელების თითოეული ეტაპის/ნაბიჯის განხორციელებისას, ვითვალისწინებდი მოსწავლეთა საჭიროებებს, ინდივიდუალურ თავისებურებებს, ვიყენებდი დიფერენცირებულ მიდგომებს. ყოველივე ეს ეხმარებოდა მოსწავლეებს საკითხის ღრმად, საფუძვლიანად გააზრებაში. პროცესის მიმდინარეობას ვუწევდი მუდმივ მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში კლასს/მოსწავლეებს ვაძლევდიდ პროცესის გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ უკუკავშირს. მეც და მოსწავლეებსაც პოზიტიური მოლოდინი გვქონდა კომპლექსური დავალების შედეგებთან დაკავშირებით.

პირველი კომპლექსური დავალების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსწავლეების უმრავლესობამ დავალებას კარგად გაართვა თავი, მათ მიერ შექმნილი პროდუქტი შეფასების კრიტერიუმების ადექვატური იყო, სამიზნე ცნება და შესაბამისად ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები დაფარული. მოსწავლეები შევაფასე, როგორც უნისტრუქტურული, ისე მულტისტრუქტურული და მიმართებითი დონით. (პრესტრუქტურული და აბსტრაქტული დონის შეფასება პირველი კომპლექსური დავალების შეფასების დროს არ გამომიყენებია).

მიუხედავად მიღწეული წარმატებისა, გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები კომპლექსური დავალების დაგეგმვის და განხორციელების დროს. კერძოდ, ზოგიერთ მოსწავლეს გაუჭირდა ტექსტის სიღრმისეული წვდომა და შესაბამისად, მისი მსჯელობა მეტ-ნაკლებად ზედაპირული იყო. ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, მოსწავლეს სათანადოდ არ ჰქონდა განხილული ყველა რესურსი.

შედეგების ანალიზმა დამაფიქრა იმ აუცილებელ საჭიროებებზე, რაც მყისიერად უნდა დამეგეგმა, რათა უზრუნველმეყო მოსწავლეთა სწავლების შედეგების პროგრესი. გამოკვეთილი პრობლემებიდან ყურადღება გავამახვილე ტექსტის სიღრმისეულ გააზრებაზე. მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში შევთავაზე სხვადასხვა მეთოდები, რაც მათ დაეხმარათ ამ პრობლემის გადაჭრაში. (მაგალითად ტექსტის დამუშავების დროს გამოვიყენეთ „ვენის დიაგრამა“, T სქემა, ასევე ვიცი/მინდა ვიცოდე/ვისწავლე და ა.შ) უშუალოდ მეორე კომპლექსური დავალების დაგეგმის და განხორციელების დროს კი უფრო მეტი ყურადღება მივაქციე თითოეულ ნაბიჯებს. კითხვების დასმის, დისკუსიის ან პრეზენტაციის დროს ვცდილობდი უფრო მეტად გამომეყენებინა დიფერენცირებული მიდგომები, მოსწავლეებისთვის დამესვა ანალიტიკური შეკითხვები, უფრო მეტად ვცდილობდი წამეხალისებინა მოსწავლეთა ნებისმიერი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში და ვცდილობდი პოზიტიური მოლოდინები რაც შეიძლება მეტად გამეზარდა მათთვის. კიდევ უფრო მეტად დავფიქრდი კომპლექსური დავალების პირობის ადაპტირებაზე, რათა პროცესი უფრო საინტერესო და შედეგი უფრო პროდუქტიული იყოს.(დანართი N 4-კომპლექსური დავალების პირობა, (პირველი და მეორე კომპლექსური დავალება) შეფასების სქემები, მოსწავლის ნამუშევრები, მოსწავლის შეფასება და რეკომენდაცია. ასევე პირველი და მეორე კომპლექსური დავალების მოკლე რეფლექსია, სადაც ჩანს როგორ შეიცვალა მოსწავლეთა სწავლების შედეგები).

ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ სასწავლო რესურსების მიზნობრივ გამოყენებას. როდესაც სასწავლო რესურსზე ვაკეთებ აქცენტს, ყოველთვის ვითვალისწინებ მოსწავლეთა საჭიროებებს და თავისებურებებს, ასევე მოსწავლეთა სწავლის ტიპს და აქედან გამომდინარე ვარჩევ სასწავლო რესურსს. ზოგჯერ, რესურსებს ვქმნი ან დამოუკიდებლად ან მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, რაც კიდევ უფრო ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში და სწავლების პროცესი უფრო ინეტრაქტიული ხდება, სწავლება კიდევ უფრო მეტად კონსტრუქტივისტულ მიდგომებს ეფუძნება. ჩემი მიზანია, რესურსების გამოყენებით შევძლო ცოდნის კონსტრუირება (დანართი N 5-სასწავლო რესურსები).

კომპლექსური დავალებების დაგეგმვის, განხორციელების და ანალიზის შედეგების განზოგადება ყოველთვის ხდება კოლეგებს შორის. ამ მიზნით გავმართე კოლეგებთან სამაუშაო შეხვედრა, რომლის ორგანიზატორი ვიყავი. შეხვედრის მიზანი იყო კომპლექსური დავალებების ანალიზი და ანალიზის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების იდენტიფიცირება, შესაბამისი გზების დასახვა/განხორციელება და შედეგების ანალიზი. (დანართი N 6- კოლეგებთან სამუშაო შეხვედრის ორგანიზება).

სკოლის/თემის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება

ჩემი, როგორც მასწავლებლის ერთ ერთი პროფესიული ვალდებულებაა ვიზრუნო სკოლის/თემის, სადაც სკოლა მდებარეობს, განვითარებაზე, დავგეგმო და განვახორციელო ისეთი აქტივობები, რომელიც მიზნობრივად მიმართული იქნება სკოლის/თემის საჭიროებების იდენტიფიცირებაზე და გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად დაგეგმილ ინტერვენციებზე. მუდვიმად ვფიქრობ, ვგეგმავ, ვახორციელებ და შედეგებს ვზომავ აქტივობებისას და გამოვლენილ ხარვეზებს მომდევნო აქტივობების განხორციელების დროს ვითვალისწინებ. მიმაჩნია, რომ რეფლექსია და თვითრეფლექსია მასწავლებლის პროფესიული განვითარების ერთ ერთი საუკეთესო გზაა. ასევე ვცდილობ გამოვიყენო საერთაშორისო წარმატებული გამოცდილება, გავითვალისწინო აქტივობების დაგეგმვის დროს და ხელი შევუწყო გარკვეულწილად სკოლის/თემის განვითარებას.

მიმდინარე სასწავლო წელს სკოლის განვითარებზე დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობებიდან გამოვყოფ რამდენიმეს, რომელმაც პოზიტიური როლი ითამაშა სკოლის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში.

მოგეხსენებათ, რომ 2020/2021 და 2021-2022 სასწავლო წელს, ჩვენს სკოლებში მიმდინარეობდა სწავლება ჰიბრიდულ რეჟიმში. შერეული სწავლის სტილმა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მოსწავლეებზე არა მარტო აკადემიური კუთხით, არამედ გარკვეულწილად აისახა მათ სოციო-ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ეს საკითხი, თუ რა გავლენა მოახდინა პანდემიამ მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე და ასევე თუ რა პრობლემების წინაშე არის/აღმოჩნდა მოსწავლე გამოიწვია ჩემი განსაკუთრებული ინტერესი. ამ კუთხით გამოვკითხე მოსწავლეები, რათა დამედგინა ის გამოწვევები, რის წინაშეც იდგნენ ჩემი მოსწავლეები-სამიზნე ჯგუფის/საბაზო საფეხურის მოსწავლეების დიაგნოსტირება და შედეგების ანალიზი (დანართი N 7).

მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგების ანალიზის გათვალისწინებით დავგეგმე რემედიაციული სწავლება, სადაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამემახვილებინა ფუნდამენტური აკადემიური უნარების განვითარებაზე. შევადგინე სარემედიაციო პროგრამა საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის და დავიწყე აქტივობების განხორციელება. პროცესს მუდმივად ვუწევდი მონიტორინგს, ვახდენდი შეალედურ შეფასებას და პროგრამის ბოლოს მოვახდინე შემაჯამებელი შეფასება. (აქ შეიძლება გამოვიყენოთ კლუბური მუშაობა, ჩვენს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული გრძელვადიანი პროექტი, საწრეო მუშაობა და სხვა…) (დანართიN 8).

(ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც გამოიყენებთ მეორე მიმართულებაში, პირველ რიგში გამოყავით სკოლის წინაშე არსებული პრობლემა, შემდეგ შეიმუშავეთ გეგმა, დაგეგმეთ აქტივობები და განახორციელეთ და განაზოგადეთ შედეგი. დაუკავშირეთ შედეგი მიზანს. მუდმივად აწარმოეთ პროცესის მონიტორინგი, შუალედური შეფასება და საბოლოო შეფასება).

პროფესიული პასუხისმგებლობა

პროფესიული პასუხისმგებლობა მასწავლებლის ერთ ერთი ძირითადი მოვალეობაა. იგი მუდმივად უნდა ზრუნავდეს როგორც საკუთარი, ისე კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე. მუდმივად ეძიებდეს სიახლეებს და ნერგავდეს საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში. აქტიურ მონაწილეობას ღებულობდეს/ხელს უწყობდეს სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებთან შეეძლოს თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, სადაც გათვალისწინებულია მოსწავლეების ინდივიდუალური თავისებურებები და საჭიროებები. მუდმივად ეფექტური, პოზიტიური კომუნიკაცია ჰქონდეს მოსწავლეების მშობლებთან ან მათ კანონიერ წარმომადგენლებთან, რათა დაცული იქნეს მოსწავლეების საუკეთესო ინტერესები.

სასწავლო წლის დასაწყისში ვახდენთ მასწავლებელთა საჭიროებების იდენტიფიცირებას და გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად, ვადგენთ ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას. იმისათვის, რომ ზუსტად, სწორად მოვახდინოთ პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირება ვიყენებთ სხვადასხვა ვალიდურ ინსტრუმენტებს. ეს შეიძლება იყოს თვითშეფასების კითხვარის შევსება ან სხვადასხვა მეთოდის გამოყენება. (მაგ. „SWOT“ ანალიზი) გამოვლენილ საჭიროებებს ვუსადაგებთ შესაბამის აქტივობებს და შემდეგ მუდვივად ვახორციელებთ მის მონიტორინგს.

საკუთარი პროფესიული განვითარების გამოცდილების საფუძველზე, სასწავლო წლის დასაწყისში, ვმართავ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრას, სადაც კოლეგებს ვუზიარებ სხვადასხვა ინსტრუმენტებს, თუ როგორ უნდა მოახდინონ საკუთარი პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირება, შემდეგ ვეხმარები მათ შესაბამისი აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში და ასევე ვცდილობ, პერიოდულად მივცე კონსტრუქციული უკუკავშირი, რაც ეხმარება მას პროფესიულ განვითარებაში. (დანართი N 9-კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა).

(აქ ასევე შეიძლება გამოიყენოთ გაკვეთილებზე ურთიერთდასწრება, ფოკუსირებული დაკვირვება, „კრიტიკული მეგობრის ინსტიტუტი“, კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანია ინოვაციური მეთოდების პრაქტიკაში დანერგვა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, მშობლებთან კომუნიკაციის დამადასტურებელი აქტივობები (პროექტი სადაც ჩართულია მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი და ა.შ).

ასევე იხილეთ:

„დისკუსია იმაზე უნდა იყოს, რომ სისტემა არადემოკრატიულია, ანუ მასწავლებლებს ატყუებენ!“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური