GE

„მეტი ჟანგბადი, მეტი სიყვარული, ნაკლები შრომა, ნაკლები დარდი…“ – ხარისხიანი დასვენების ინსტრუქცია კოლეგებს პედაგოგისგან

მასწავლებლების გარკვეულმა ნაწილმა ამ ზაფხულს საგნის გამოცდები ჩააბარა და სხვა საქმეებთან ერთად, დასვენებისთვის ნაკლები დრო აქვთ. ისინი კი, ვინც არც საგამოცდო ციებ-ცხელების ქაოსში ყოფილან ჩართული და სხვა სასკოლო ვალდებულებებიც დროულად დაასრულეს, ცდილობენ, დასვენების პერიოდი ოჯახისა და ახლობლების გარემოცვაში გაატარონ. ასეთია ჩვენი ინტერვიუს გმირის არჩევანიც.

არდადეგების სწორი მენეჯმენტი რომ მასწავლებლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამაზე არავინ დაობს. სრულფასოვანი დასვენების გარეშე, პედაგოგისთვის ახალი სასწავლო წელი ახალი თავსატეხი აღმოჩნდება.

თბილისის 99-ე საჯარო სკოლის გამოცდილი მასწავლებელი, ეთერ კაპანაძე, EDU.ARIS.GE-სთან საუბარში პირადი მაგალითებით ხსნის, როგორ შეიძლება პედაგოგის დასვენება ხარისხიანი იყოს და რა არ უნდა გააკეთოთ არდადგების პერიოდში, რომ ახალი სასწავლო წლისთვის აბსოლუტური მზაობა გქონდეთ.

ეთერ კაპანაძე: პირადად ჩემთვის არდადეგების პერიოდი უკვდავების წყაროსავითაა, შემჭკნარ ყვავილს რომ გამოაცოცხლებს და ახალ სიცოცხლეს დაუბრუნებს.. ძალიან სასიამოვნოა საზაფხულო არდადეგები არა მხოლოდ ბავშვებისათვის, არამედ პედაგოგებისთვისაც. მთელი წლის დატვირთული რეჟიმის შემდეგ, მართლაც, მნიშვნელოვანია ფიზიკური, ფსიქოლოგიური და გონებრივი განტვირთვა. ვცდილობ, უქმე დღეები მაქსიმალურად მშვიდ გარემოში გავატარო. ამ სიმშვიდეს, უპირველესად, ჩემი სახლი, ჩემი ოჯახი მანიჭებს. მინდა, მეტი დრო დავუთმო ოჯახის წევრებს და მთელი წლის ყურადღების დეფიციტი შევავსო.

– დასვენების წინასწარ განსაზღვრული გეგმა გაქვთ? რის მოსწრებას ცდილობთ სასწავლო წლის დაწყებამდე

– ვფიქრობ, სასწავლო პროცესის დაწყებამდე საოჯახო საკითხები მოვაგვარო. სწავლის დროს მასწავლებელს ძალიან ცოტა დრო რჩება საოჯახო საქმეში სრულყოფილი მონაწილეობისათვის. ამიტომ, რა თქმა უნდა, არდადეგები საუკეთესო დროა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ასევე საჭიროა, მასწავლებელმა ჯანმრთელობის პრობლემების პრევენციისათვისაც მოიცალოს, რადგან მერე, მთელი წელი, თითქმის უწყვეტი რეჟიმით მოუწევს მუშაობა.

რა უნდა გაითვალისწინოს პედაგოგმა, რომელსაც საზაფხულო არდადეგებისთვის გამოყოფილი დროის სწორი მენეჯმენტი სურს?

– მცირე ბიუჯეტის გამო, ვფიქრობ, პედაგოგი ბევრ რამეს ვერ გაითვალისწინებს. ვინც წინდახედულობა გამოიჩინა და მთელი წლის განმავლობაში რაღაც დანაზოგი გააკეთა, ალბათ, შეძლებს ოჯახთან ერთად დასვენებას. გარემოს შეცვლა და დასასვენებლად წასვლა კარგი არჩევანია უქმე დღეების გასატარებლად. დიდი ფუფუნებაა, მაგრამ საზღვარგარეთ მოგზაურობა საუკეთესო რელაქსაციაა არა მარტო პედაგოგებისათვის, არამედ ყველასთვის, რასაც პირადად მე, ჯერჯერობით ვერ ვახერხებ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს რელაქსაცია მთელი წელი გვეხმარება ნაყოფიერ და ენერგიულ შრომაში.

 – რა არ უნდა გააკეთონ პედაგოგმა არდადეგების პერიოდში, რამაც შესაძლოა, მათ მზაობაზე უარყოფითად იმოქმედოს და რის გაკეთებას ურჩევდით აუცილებლად?

  • არ დაიტვირთოთ თავი ზედმეტი და არასაჭირო, უარყოფითი ინფორმაციით. პედაგოგმა უნდა შეძლოს და ნეგატივისგან მაქსიმალურად შორს იყოს. ეს დღევანდელ სამყაროში რთულია. გარემოცვაც უნდა შეარჩიოს შესაბამისად, მისთვის საყვარელ და მნიშვნელოვან ადამიანებთან ერთად გაატაროს უქმეები;
  • ნუ იქნებით ორიენტირებული გაჯეტებზე. რასაკვირველია, ყველას გვაინტერესებს ინფორმაცია და სიახლეები, მაგრამ არასამუშაო პერიოდში მაინც მოვერიდოთ ეკრანს;
  • დაკავდით ჯანსაღი ცხოვრების წესით. ჯანსაღი კვება, ვარჯიში, ფეხით სიარული, ყველა ის აქტივობა, რისთვისაც აქამდე არ გქონდათ დრო. ახლა საუკეთესო პერიოდია იმისთვის, რომ ცხოვრება გაიხალისოთ.
  • ნუ იქნებით პასიური. სასურველია, მოუსმინოთ ლამაზ მუსიკას, უყუროთ კლასიკურ ფილმებს, იკითხოთ პოეზია… აკეთეთ ის, რაც ბედნიერებას მოგანიჭებთ;
  • იყავით საკუთარ შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული. მოკლედ, ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია და ყველა ადამიანი თავისებურად, შეძლებისდაგვარად გეგმავს საზაფხულო უქმეებს საკუთარი ოჯახური სიტუაციისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით.
  • მცირე ბიუჯეტითაც შესაძლებელია ხარისხიანი დასვენება, ნუ იფიქრებთ საპირისპიროდ. რასაკვირველია, კარგია, როცა შეგიძლია, ულამაზესი ადგილები მოინახულო, წახვიდე საყიდლებზე, რესტორანში, ნებისმიერ სასურველ სივრცეში გაატარო დრო, მაგრამ ეს ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, მცირე ბიუჯეტითაც შეგვიძლია ხარისხიანი დასვენება, მთავარია ვიცოდეთ, რას და რისთვის ვაკეთებთ.

რას ურჩევდით კოლეგებს?

– დროის უმეტესი ნაწილი ოჯახთან ერთად გაატარეთ. კიდევ ვეტყოდი: მეტი სიმშვიდე, მეტი სიმწვანე, მეტი სიხალისე, მეტი პოზიტივი, მეტი ღიმილი, მეტი მუსიკა, მეტი პოეზია, მეტი ჟანგბადი, მეტი სიყვარული.. ნაკლები სტრესი, ნაკლები დარდი, ნაკლები შრომა, ნაკლები პრობლემა, ნაკლები წყენა, ნაკლები ძილი, ნაკლები ინფორმაცია, ნაკლები ნეგატივი..

ასევე იხილეთ:

რა არის და როგორ ამოვიცნოთ მასწავლებლის პროფესიული დეპრესია – ინტერვიუ სპეციალისტთან

ესაუბრა მზეო შველიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური