GE

რა არის და როგორ ამოვიცნოთ მასწავლებლის პროფესიული დეპრესია – ინტერვიუ სპეციალისტთან

შეგიძლიათ, დარჩეთ მასწავლებლად, თუ პროფესიული დეპრესია გაქვთ და თქვენს ფსიქიკაში მნიშვნელოვანი ნეგატიური ძვრები სახეზეა? – ამ ერთი შეხედვით უჩვეულო შეკითხვით გასულ კვირას რამდენიმე მოქმედ მასწავლებელს მივმართე, რომლებსაც სკოლაში მუშაობის მინიმუმ 10-წლიანი გამოცდილება აქვთ. ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ მათი პასუხი იყო – „დიახ, უნდა შევძლოთ!“.

ვფიქრობ, ერთ-ერთი ჩვენი რესპონდენტი პედაგოგის სიტყვებმა ზუსტად გამოხატა ამ პროფესიის წარმომადგენლების სათქმელი: „რა გასაკვირია, რომ ის რასაც პროფესიულ დეპრესიას უწოდებენ, ყველას გვქონია და გვაქვს პერიოდულად… მაგის გამო რომ ვტოვებდეთ სამსახურს, დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველა დაუსაქმებელი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ამის გამო ვერ დავტოვებთ სკოლას და ვერ დავრჩებით პროფესიისა და შემოსავლის გარეშე. განა მასწავლებელს დეპრესია უნდა აშინებდეს, როცა უამრავი პასუხისმგებლობები გვაქვს სამსახურშიც და ოჯახშიც?!“.

საინტერესოა, ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად რამდენი მასწავლებელი ტოვებს პროფესიას, გამოკვლეულია თუ არა, რა მიზეზებით ტოვებენ სისტემას და გვხვდება თუ არა ამ ჩამონათვალში „პროფესიული დეპრესია“.

კითხვებზე იფორმაციის მიღების სურვილით, პირველ რიგში, პასუხისმგებელ სახელმწიფო ორგანოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართე. უწყებაში შეკითხვა ეუცხოვათ და განმიმარტეს, რომ ინფორმაცია არ აქვთ. ალბათ, არც აინტერესებთ.

„არ გვაქვს ინფორმაცია აწარმოებს თუ არა სამინისტრო მსგავსს სტატისტიკას. შეგიძლიათ, წერილობით მოგვმართოთ და თუ მოგვეპოვება სტატისტიკა, მიიღებთ“. 

ასეთი პასუხების მოსმენის შემდეგ, დავრწმუნდი, რომ მასწავლებლის პროფესიის წარმომადგენლები, რომლებმაც უმრავი რეფორმა, COVID-19-ის პანდემიის პერიოდი გადაიტანეს და დღემდე შეუსვენებლად აგრძელებენ მუშაობას, სამართლიანად იმსახურებენ პროფესიონალებისგან ინფორმირებას.

EDU.ARIS.GE ფსიქოლოგსა და გეშტალტ ფსიქო-კონსულტანტს, ქალბატონ ლიკა კაპანაძეს ესაუბრა, რომელმაც მასწავლებლებს რეკომენდაციები გაუზიარა. ჩვენი რესპონდენტი გეტყვით, რამდენად ხშირია პროფესიული დეპრესია პედაგოგებში, როგორ ამოიცნოთ დეპრესიის ნიშნები, ვის შეგიძლიათ, ასეთ დროს მიმართოთ და რა სტრატეგიით გაუწიოთ დახმარება საკუთარ თავს.

– ქალბატონო ლიკა, პირველ რიგში, გვითხარით, რა არის პროფესიული დეპრესია და რამდენად ხშირია ის პედაგოგებში?

– პროფესიული დეპრესია, ესაა ერთგვარი ემოციური გადაწვა. საკმაოდ გავრცელებული და აქტუალური პრობლემაა, რომლის წინაშეც, შეიძლება, ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელი დადგეს. პედაგოგებში, რასაკვირველია, გავრცელებულია… პედაგოგის ემოციური მდგომარეობა განაპირობებს ატმოსფეროს სკოლაში და შესაბამისად, მისი პროფესიული გადაწვა, რომელსაც ასევე ემოციურ გადაწვასაც უწოდებენ, ამცირებს მის მოტივაციას, რაც მკვეთრად აისახება მოსწავლეების მონდომებაზეც. პედაგოგებს, თავისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, უწევთ დიდი დოზით კომუნიკაცია, ემპათიის აუცილებლობა და ამავდროულად, საკუთარი ემოციების მუდმივი კონტროლი, რაც ხშირად იწვევს პროფესიული გადაწვის მდგომარებას. მათი სამუშაო მუდმივ დაძაბულობასთან და სტრესთან არის დაკავშირებული, რაც მათგან მუდმივ თვითკონტროლს მოითხოვს როგორც სამუშაო, ისე არასამუშაო დროს. არასამუშაო საათებში მასწავლებლები ხშირად ამოწმებენ მოსწავლეების დავალებებს, აწყობენ აქტივობებს მათთან ერთად სკოლის გარეთ. ასევე, შეიძლება, ხშირად გახდნენ განკითხვისა და შეფასების ობიექტი, მათი ნებისმიერი მცირე გადაცდომის გამო. ამიტომ, პედაგოგი მუდმივად აკონტროლებს ყველაფერს, დაწყებული იქიდან თუ რა სურათი დადეს სოციალურ ქსელში, დასრულებული საუბრისას საკუთარი ხმის ტემბრით. მსგავსი მუდმივი დაძაბულობა ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე აისახება.

– როგორ უნდა ამოიცნონ პედაგოგებმა პროფესიული დეპრესია, რა კლინიკური ნიშნები ახასიათებს?

– პედაგოგთა პროფესიული გადაწვა, შესაძლებელია, გამოხატული იყოს ფსიქიკურ, ფიზიკურ და ემოციურ გადაღლაში. ასეთ დროს ხშირია:

  • მომატებული შფოთვა, მუდმივ დაღლილობის შეგრძნება;
  • მოსწავლეებისა და მათი მშობლებისადმი, ასევე, კოლეგებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება;
  • საქმისადმი ინტერესის დაკარგვა;
  •  უჭირს გამოხატოს თავისი ემოციები მშვიდად. ამიტომ შესაძლებელია, ამ დროს მასწავლებლები ხმამაღლა მიმართავდნენ მოსწავლეებს, ან პირიქითაც ხდებოდეს;
  •  ძილის დარღვევა, ადვილად გაღიაზიანება, წონის მკვეთრი ცვლილება, ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

გეტყვით, რომ ყველაზე ხშირად პროფესიული გადაწვას ის პედაგოგები განიცდიან, რომლებიც არასოდეს ისვენებენ და მუდმივად უგულებელყოფენ თავის პირად ინტერესებს სამსახურის გამო.

– ვის უნდა მიმართონ ასეთ დროს მასწავლებელმა, თუ არის შესაძლებელი, რომ უფასო დახმარება მიიღოს?

– ასეთ სიტუაციაში აუცილებელია, პედაგოგმა სპეციალისტს მიმართოს. ხშირად, სკოლას ფსიქოლოგი ადგილზეც ჰყავს, რომელთანაც შეუძლიათ, რომ უფასო კონსულტაცია გაიარონ. ასევე, გაესაუბრონ ხელმძღვანელობას და მოითხოვონ შვებულება, რათა აღიდგინონ ძალები, ეს აუცილებელია.

– ქალბატონო ლიკა, გაუზიარეთ პედაგოგებს ის სტრატეგიები, რომელთა დახმარებითაც საკუთარ თავსაც დაეხმარებიან, სპეციალისტის პარალელურად…

სტრატეგია #1

„ბრძოლაში მარტო არ უნდა ვიყო!“. პროფესიული გადაწვის პრევენციაზე, პირველ რიგში, პედაგოგმა და სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელობამ ერთბლივად უნდა იზრუნონ. სკოლის ხელმძღვანელობას შეუძლია, მკვეთრად გააუმჯობესოს სიტუაცია, თუ პედაგოგებს კვალიფიკაციის ამაღლებისა და განვითარების საშულებას მისცემს. ასევე, სხვადასხვა ღონისძიებების საშუალებით იზრუნებს მათ მოტივაციის ამაღლებასა და შენარჩუნებაზე. ასევე, თუ უზრუნველყოფს ნორმალურ სასწავლო პირობებს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. შესვენების დროს, მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ თავადაც დაისვენონ და გაკვეთილის წინ ძალები აღიდგინონ.

სტრატეგია #2

„ვისწავლო სტრესის მოხსნა და დავისვენო!“. პედაგოგმა, პროფესიული გადაწვის პრევენციისათვის, სტრესის მოხსნის სხვადასხვა სავარჯიშოები უნდა ისწავლოს. ასევე, ფიზიკურად და მორალურად დაისვენოს სამსახურისგან, განაცალკეოს პროფესიული და პირადი ცხოვრება. პედაგოგს დაეხმარება სპორტი, ხშირი სეირნობა, სხვადასხვა სარელაქსაციო ტექნიკების ცოდნა და მათი გამოყენება, სუნთქვითი სავარჯიშოები.

სტრატეგია #3

„მქონდეს გეგმა, როგორ მოვიქცე კონკრეტულ სტრესულ სიტუაციებში“. პედაგოგის ემოციურ მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს სტრესული სიტუაციები. მაგალითად, როგორიც არის ახალი მოსწავლის მიღება კლასში, ონლაინ რეჟიმზე სწავლა და სხვა მოულოდნელი სიახლეები. ასეთ მოვლენათა კარგი ადაპტაციისათვის, საჭიროა, პედაგოგს შესაბამისი ცოდნა და კალიფიკაცია ჰქონდეს, თუ როგორ უნდა მოიქცეს მსგავს სიტუაციებში და მზად იყოს ცვლილებებისთვის.

ასევე იხილეთ:

დამრიგებელი მშობელთა კრებაზე – რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ მიმდინარეობისას და როგორია შეხვედრის სწორად დაგეგმვის გზები

სკოლის სიყვარული პირველკლასელებში – გამოცდილი სტრატეგიები მოსწავლის დამრიგებლებისა და მშობლებისთვის

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური