„მგონი, ამ ერთ მიმოწერაშიც ნათლად ჩანს განათლების სისტემის უდიდესი ნაკლოვანება“ – მოსწავლის მამა საშინაო დავალების შესახებ
ავტორი: ოთარ ზაკალაშვილი, სკოლის მოსწავლის მამა, Bitcamp-ის დამფუძნებელი
„ – პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სკოლაში ძალიან ბევრ დავალებას აძლევენ ბავშვს, მით უმეტეს თუ კვირის განმავლობაში რაიმე წრეზეც დადის, მეტად შეზღუდულია მისი დრო და ამ შემთხვევაში როგორ მოვიქცეთ? ძალიან მსურს ყოველ დღე 1 თავი მაინც წაიკითხოს თუმცა ამ ვითარების გამო ხშირად გვიწევს დღეების გამოტოვება.
– მესმის თქვენი, მსგავსი პრობლემა გვქონდა, სანამ სტანდარტულ სკოლაში დავდიოდით.
ახლა ჩვენს სკოლაში საშინაო დავალებები საერთოდ არ აქვთ ბავშვებს და ეს ძალიან გვეხმარება.
ჩვენით ვწყვეტთ სკოლის შემდეგ რაში უნდა დაიხარჯოს დრო.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემაც ამაშია – ახლანდელი განათლების სისტემა ზრდის მუშებს 50 წლის წინანდელი სამყაროსთვის. საშინაო დავალების არსიც ეს არის, რომ ბავშვობიდანვე აჩვევენ მთელი დღე, რუტინულ მუშაობას.
თუმცა თანამედროვე სამყაროში ასეთი მუშები არავის სჭირდება. შედეგად ვიღებთ დიდწილად ფრუსტრირებულ და ცნობისმოყვარეობაჩაკლულ ბავშვებს.
თქვენს ადგილას ყველაფერს გავაკეთებდი რომ რაიმენაირად შემემსუბუქებინა ეს ნაწილი თქვენი შვილისთვის…“
ეს არის მიმოწერა ერთ-ერთ მშობელთან, იმ პოსტის კომენტარებში სადაც ბავშვებისთვის წიგნის კითხვის სიყვარულის ჩანერგვაზე ვსაუბრობთ.
მგონი, ამ ერთ მიმოწერაშიც ნათლად ჩანს განათლების სისტემის უდიდესი ნაკლოვანება – ერთნაირი მიდგომით ვასწავლით ასობით ათას ბავშვს და თან, ეს მიდგომები ძირითადად მუშების, ჯარისკაცების გამოსაზრდელადაა შექმნილი. საკუთარი აზრის ჩამოყალიბების და საკუთარი კრეატიულობის გამოვლენის არანაირი საშუალება არ უნდა დარჩეს ასეთ სისტემაში გამოვლილ ბავშვს და მხოლოდ მითითებები ასრულოს.
სინამდვილეში ეს სისტემა არ იძლევა განათლებას. ეს სისტემა იძლევა მითითებების შემსრულებელ, მორჩილ, მთავრობაზე დამოკიდებულ ადამიანებს. ადამიანებს რომლებსაც საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლიათ. არც სურთ. ამ სურვილის მოკვლაზე იხარჯება სისტემის მთელი რესურსი.
შენ არ იფიქრო, შენ არ იდარდო, შენ არ წყვეტ, შენ არავინ ხარ და არავინ არაფერს გეკითხება. როგორც გეტყვიან ისე მოიქცევი, მთელი ცხოვრება“.
ასევე იხილეთ:
-
„რა ხდება, თუ ჩაბარებული გაქვს ქართული ენა ან მათემატიკა (VII-XII), რატომ არ არის საკმარისი ეს კომპეტენცია დაწყებით საფეხურზე?“
by განათლებული ბლოგი
-
„მე ვარ ნათიას პარალელკლასელი მიჯნური! – იყო პასუხი!“ – წერილები ჩემი ბავშვობიდან
by განათლებული ბლოგი
-
„მნიშვნელოვანია საკითხი – როგორ იქცევა სკოლა, თუ მოსწავლე ან მშობელი უარს ამბობს ფორმის შეძენაზე, ან მის ტარებაზე“
by განათლებული ბლოგი