GE

„მიმდინარეობს კონცეფციის შემუშავება – საგანმანათლებლო რესურსცენტრების როლის გააზრება და გაძლიერება“

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, კახაბერ ერაძე აცხადებს, რომ იგეგმება საგანმანათლებლო რესურსცენტრის, როგორც სისტემის მნიშვნელოვანი რგოლის დამატებითი ფუნქციებით აღჭურვა როგორც სტრუქტურულად, ასევე ინფრასტრუქტურულად. ამის შესახებ ერაძემ USAID-ის, მსოფლიო ბანკისა და UNICEF-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა, რომლის თემაც გახლდათ „პანდემიის შემდგომი ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე“.

საგანმანათლებლო რესურსცენტრების ახალ პასუხისმგებლობაზე, რამდენიმე თვის წინ, განათლების მინისტრმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მიხეილ ჩხენკელმა მაშინ განაცხადა, რომ სამინისტრო რესურსცენტრების ახალ კონცეფციაზე მუშაობდა, რომლის მიხედვითაც, საგანმანათლებლო რესურსცენტრები გახდებიან რეგიონულ დონეზე ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელმძღვანელები.

კახაბერ ერაძე EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, კონკრეტულად რას ნიშნავს საგანმანათლებლო რესურსცენტრის როლის გაზრდა და მისთვის მეტი უფლებების მინიჭება, პასუხობს:

„მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში ახლა მიმდინარეობს კონცეფციის შემუშავება – საგანმანათლებლო რესურსცენტრების როლის გააზრება და გაძლიერება. ერთი რამ ფაქტია, რომ რესურსცენტრი, როგორც სისტემის მნიშვნელოვანი რგოლი, სამინისტროს სტრუქტურული ორგანო, უნდა აღიჭურვოს დამატებითი ფუნქციებით, როგორც სტრუქტურულად, ასევე ინფრასტრუქტურულად და მეტად მზად უნდა იყოს ამ დამატებითი ფუნქციების შესასრულებლად“.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ახალი ფუნქციით, რესურსცენტრი იქნება სკოლის მხარდამჭერი, დამკვალიანებელი და რეგიონის თუ რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიის დონეზე სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი განათლების პოლიტიკის განხორციელების მაკოორდინირებელი ფუნქციის მატარებელი.

„გარდა ამისა, რესურსცენტრს აქვს უნიკალური როლი და თუ არ აქვს, უნდა დაეკისროს, რომ მოახდინოს თანამშრომლობა სკოლებს შორის. ეს იქნება არარენტაბელურ ჯგუფებთან მუშაობა, თუ უნიკალური, კრეატიული, ახალი რესურსების შემუშავება. კრეატიული და უნიკალური იდეა არ უნდა დარჩეს სკოლის ან კლასის დონეზე და გაზიარებულ იქნეს უფრო ფართო მასშტაბით. მათ შორის, საბიბლიოთეკო რესურსები, ელექტრონული რესურსები უნდა გახდეს ხელმისაწვდომი რესურსცენტრის მთელ სამოქმედო ტერიტორიაზე ყველა სკოლისთვის“, – ამბობს ერაძე.

რა შედეგს მოიტანს რესურსცენტრის, ამჟამად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ერთგვარი მაკონტროლებლის ფუნქციების გაძლიერება სკოლებისთვის, ჯერჯერობით უცნობია. როგორც ერაძე EDU.ARIS.GE-სთან განმარტავს, ახალი კონცეფციით აღჭურვილ რესურსცენტრს უფრო მხარდამჭერის ფუნქცია ექნება, ვიდრე მაკონტროლებლის.

„რაც ჩამოვთვალე, არცერთი გახლავთ მაკონტროლებელი. ეს არის მხარდამჭერი ფუნქციის გაძლიერება. რა თქმა უნდა, რადგან სამინისტროს სტრუქტურული ორგანოა, მას დარჩება კონტროლის ერთგვარი ფუნქციები, მაგრამ კონტროლის რა ფუნქციები დარჩება რესურსცენტრს და რა ფუნქციები სისტემის სხვა მოთამაშეებს, ესეც გადაიხედება, იმიტომ, რომ შემოდის ავტორიზაციის პროცესი სკოლებში და ავტორიზაცია – ხარისხის გარე უზრუნველყოფა,  მონიტორინგსა და განვითარების ღონისძიებებს გულისხმობს. ავტორიზაციის რეჟიმის შემოტანა არსებითად შეცვლის მაკონტროლებელი და მაკონსულტირებელი ფუნქციების არსებულ წყობას და სტრუქტურას“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა.

ერაძის განმარტებით, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ცალსახად გულისხმობს არა დასჯას, არამედ განვითარებაზე ორიენტირებულობასა და დახმარებას.

ასევე იხილეთ:

როგორი იქნება საგანმანათლებლო რესურსცენტრების ახალი პასუხისმგებლობა – მინისტრის განმარტება

„დისტანციური სწავლებისას პირველკლასელებმა ვერ შეძლეს ასოებისა და რიცხვების ათვისება“ – კვლევის შედეგები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური