GE

მოსალოდნელი ავტორიზაცია და მზადება ქუთაისის უნივერსიტეტში

ქუთაისის უნივერსიტეტმა, რომელსაც არსებობის 27 წლიანი ისტორია აქვს, მიმდინარე წელს ავტორიზაცია უნდა გაიაროს. კერძო უმაღლეს სასწავლებელში ამისათვის მზადება ნაადრევად დაიწყეს. რა გაკეთდა უნივერსიტეტში და როგორ ემზადებიან ავტორიზაციისთვის, ამაზე სასწავლო დაწესებულების რექტორი, დავით თვალთვაძე გვესაუბრება:

– დაწყებულია თუ არა ქუთაისის უნივერსიტეტში ავტორიზაციის პროცესზე მუშაობა?

– მუშაობა ავტორიზაციის მიღებისათვის  2017 წლის ივლისიდანაა დაწყებული, როდესაც ჩემმა წინამორბედმა მიიღო გადაწყვეტილება და შეიქმნა სპეციალური კომიტეტი, რომელიც მუდმივმოქმედ რეჟიმში მუშაობდა. გასული წლის ნოემბრიდან ვარ ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი, და  აქ ჩემი მოსვლა დაემთხვა ავტორიზაციისათვის მზადების პროცესს. ავტორიზაცია ახალი სტანდარტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს საუნივერსიტეტო სფეროს წინაშე წაყენებულ მაღალ მოთხოვნებს.

– ანუ აქცენტი კეთდება ცოდნის ხარისხზე?

– რა თქმა უნდა, ცოდნის ხარისხის ამაღლება მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა, პირველ რიგში, მაღალხარისხიანი პროგრამები, კვალიფიციური კადრები, სწავლების ახალი მეთოდები და უახლესი  მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. აქედან გამომდინარე, საფუძვლიანად მოწმდება ყველა პროგრამა. ძირითადი ყურადღება მაინც სადოქტორო პროგრამებზეა გამახვილებული, რადგან სამსაფეხურიანი სწავლება დიდი პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს.  ასევე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს უნივერსიტეტისათვის საკუთარი აკადემიური კადრების არსებობა. ჩვენი ძირითადი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ მოვიზიდოთ მაღალკვალიფიციური კადრები, ანუ შევუქმნათ უკეთესი სამუშაო პირობები შესაბამისი ანაზღაურებით. აუცილებელია აუდიტორიების აღჭურვა ახალი ტექნიკური საშუალებებით, რათა მოხდეს სალექციო და პრაქტიკული კურსების თანამედროვე მეთოდებით ჩატარება.

– რა ვითარებაა ამ კუთხით ქუთაისის უნივერსიტეტში?

– მიმდინარეობს აკადემიური პროგრამების მუდმივი მონიტორინგი და ხდება მათი განახლება.  რაც შეეხება კადრებს, გვყავდა 12 აფილირებული თანამშრომელი, ამ დროისათვის კი გვყავს 16. ვფიქრობთ, რომ ეს რაოდენობა არ არის საკმარისი, ამიტომ ახალი სასწავლო წლისათვის ისევ ჩავატარებთ კონკურსს და მათ რიცხვს გავზრდით. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ კვლევითი სამუშაოების უზრუნველსაყოფად, გავზარდეთ მათი დაფინანსება. ვთვლი, რომ აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭიროა მათი სტაჟირება ევროპის მოწინავე უნივერსიტეტებში, რისთვისაც გავითვალისწინეთ ფინანსები მომავალ ბიუჯეტში. ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართული საერთაშორისო პროექტებში, ამ  მხრივ ჩვენ საქართველოში ავანგარდის როლში ვართ. წელსაც მოვიგეთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გრანტი. რაც შეეხება სამეცნიერო კვლევებს, მომავალში მნიშვნელოვანია უცხოელი კადრების ჩართვა და მათთან ერთად კვლევების წარმოება,  ასე უცებ ამის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ  სტრატეგიულ გეგმაში პუნქტების მიხედვით გვაქვს გაწერილი, თუ რა უნდა გაკეთდეს. ასევე მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის საკითხი. ჩვენ უკვე გვაქვს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიები, ვნერგავთ სწავლების ინოვაციურ  მეთოდებს, რომ ხარისხი იყოს მაღალი. ეს სიახლეებიც ნაბიჯ-ნაბიჯ ინერგება. ვცდილობთ, ამ სერიოზულ გამოწვევას მხარი ავუბათ.

– რა მოლოდინი გაქვთ, როგორია თქვენი პროგნოზი?

– რთულია წინასწარ რაიმე ვთქვა, მაგრამ  იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ამ პროცესს წარმატებით გავივლით.

– როგორ შეაფასებდით ავტორიზციის პროცესს?

– მე მგონია, რომ ავტორიზაციის პროცესი საკმაოდ ობიექტურად მიმდინარეობს. გვაქვს ინფორმაცია რამდენიმე უნივერსიტეტიდან, სადაც უკვე გაიარეს ეს პროცესი. შედეგები ჯერ არ ვიცით, ეს ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი. თუმცა, ჩვენი კოლეგების მოსაზრებებიდან ვიცით, რომ ის ძალიან მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობდა.

ავტორიზაციის პროცესის ახალი სტანდარტებით გავლა აუცილებელია ყველა უნივერსიტეტისათვის, თუმცა, ვთვლი, რომ ცვლილებები უნდა განხორციელდეს თვით სკოლებშიც. ჩვენთან ჩარიცხული სტუდენტების ცოდნის დონე ყოველწლიურად იკლებს. ეს აისახა ეროვნულ გამოცდებზეც. შედეგების მიხედვით, ბევრი აბიტურიენტი ვერ ახერხებს ბარიერის გადალახვას.  ისმის კითხვა, ბარიერია მაღალი თუ სწავლის ხარისხია შემცირებული. ვფიქრობ, რომ მეორე, და ეს ტენდენცია გრძელდება. ცოდნის შეფასების კრიტერიუმების დაწევის წინააღმდეგი მეც ვარ, რადგან რაც უფრო კარგადაა მომზადებული ბავშვი სკოლიდან, მასთან მუშაობა გაცილებით ადვილია და შედეგიც უკეთესი გვექნება.

ქუთაისის უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური