GE

„მოსიარულე ლაბორატორია“ და „სთრიმინგ გაკვეთილები“ – რა ინოვაციებს გეგმავს განათლების სამინისტრო სკოლებში

განათლების რეფორმის ფარგლებში 50 საპილოტე სკოლაში ახალი ტექნოლოგიური ლაბორატორიები განთავსდება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექსპერტმა რეფორმის ფარგლებში გამართული მორიგი პრეზენტაციის შემდეგ EDU.ARIS.GE-ს განუცხადა. დღეს სკოლებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს.

„წარმოიდგინეთ, ეს არის პატარა კარადა, დევს ამ კარადაში ლეპტოპები, რომლებიც პარალელურად იმუხტება. ვთქვათ, რომელიღაც კლასში ტარდება კომპიუტერული გაკვეთილი, ბავშვები კი არ მიდიან სხვა კლასში, მათთან მოაქვთ ეს ლაბორატორია.

ტექნიკა სწრაფად ძველდება, ძალიან ბევრი სკოლა საჭიროებს განახლებას, მაგრამ ამ ეტაპზე, 50 საპილოტე სკოლაში შევა ეს ტექნოლოგიები.ამავე სკოლებში დაწყებითი კლასის ყველა პედაგოგს გადაეცემა ლეპტოპები მაღალ კლასებში კი კონკრეტული მიმართულების პედაგოგები მიიღებენ კომპიუტერებს. დამონტაჟდება „WiFi“-ს სისტემა“, – ამბობს სანდრო ასათიანი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

განათლების რეფორმის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ჯგუფის ხელმძღვანელთან ნიკა დობორჯგინიძესა და ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულების ექსპერტთან სანდრო ასათიანთან  ერთად საზოგადოებას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია წარუდგინა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, „ახალი სკოლის მოდელი“ ისეთი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებას გულისხმობს, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს და XXI საუკუნის გამოწვევათა მისაღებად საჭირო ცოდნითა და უნარებით შეაიარაღებს.

მინისტრის თქმით, ინოვაციური მიდგომები და ტექნოლოგიები პედაგოგისთვის და მოსწავლისთვის იქნება დამხმარე საშუალება უნარების განსავითარებლად. სასწავლო პროცესში ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება მოხდება ცოდნის შეძენის, ინფორმაციის შენახვისა და გაცვლის მიზნით. მასწავლებლები თავადაც შექმნიან ელექტრონულ სასწავლო რესურსებს და კოლეგებს გაუზიარებენ.

განათლების რეფორმის ფარგლებში Microsoft-თან და ტალინის უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობით სასწავლო პროცესში ციფრული საგანმანათლებლო რესურსები დაინერგება. მასწავლებლები და მოსწავლეები ელექტრონული რესურსებით იქნებიან უზრუნველყოფილი, რათა შეძლონ ინფორმაციის მარტივად გაცვლა, საკუთარი საკომუნიკაციო არხების აწყობა, ინფორმაციის გავრცელება, სწავლა-სწავლების პროცესში ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების ეფექტური გამოყენება.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, სამინისტრომ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2019 წლიდან საპილოტე სკოლებში დაიწყო სასწავლო პროცესში ევროკავშირისა და სხვა ქვეყნებში წარმატებით აპრობირებული პროგრამების დანერგვა. შედეგად მოსწავლეები დაეუფლებიან კომპიუტერული მეცნიერების საწყისებს. განსაკუთრებულად გამახვილდება ყურადღება ინტერნეტის უსაფრთხოების საკითხებზე, როგორც მოსწავლეებსა და მასწავლებლებში, ასევე მშობლებში.

„თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად იგეგმება არსებული ელექტრონული რესურსების, მათ შორის, ვებგვერდის el.ge-ის განვითარება, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობით. პორტალზე თავს მოიყრის სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსები: ელექტრონული წიგნები, ვიდეო და ფოტო მასალა, ნოტები და სხვადასხვა სახის გრაფიკული გამოსახულებები.

სასწავლო პროცესში სთრიმინგ გაკვეთილები დაინერგება, როგორც დამატებითი საგანმანათლებლო რესურსი. საინტერესო სპიკერები ონლაინ რეჟიმში ჩაატარებენ ლექციათა ციკლს: „საუბრები მომავალზე“, რომელიც მოსწავლეებში კრიტიკული და ალგორითმული აზროვნების განვითარებაზე, სწავლის პროცესში კრეატიულობის ამაღლებასა და მათემატიკური და ალგორითმული უნარების გაღრმავებაზე იქნება ორიენტირებული“, – აცხადებენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

„გამარჯობა რუბი“ – 2019 წლის სექტემბრიდან დაწყებით კლასებში ახალი სახელმძღვანელო შემოვა

ბატიაშვილის რეფორმა – სიახლეები

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური