GE

„მოსწავლეების ემოციური კეთილდღეობა უფრო და უფრო აქტუალური საკითხი ხდება“ – როგორია ინოვაციური პროექტის შედეგები

„სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერა სკოლაში“, – კონფერენციას ამ სახელწოდებით, რომელიც ბავშვთა განვითარების ინსტიტუტისა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სკოლა-ლაბის პროგრამის თანამშრომლობით გაიმართა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა და მის ფარგლებში მიმდინარე ინიციატივებისა და პროგრამების წარდგენის შესაძლებლობა როგორც სახელმწიფო, ისე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიეცათ.

ორგანიზატორების განმარტებით, 17 თებერვალს გამართული კონფერენციის მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო – გამოავლინოს ქვეყანაში ამ მიმართულებით მომუშავე დაინტერესებული მხარეები, შექმნას მათი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა და ხელი შეუწყოს საქართველოში სოციალური და ემოციური განათლების სფეროში მომუშავე ორგანიზაციების თანამშრომლობას. კონფერენცია რამდენიმე ნაწილს აერთიანებდა. მათ შორის, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის შუალედური შედეგების მიმოხილვას, სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდამჭერი ინიციატივების წარმოდგენასა და განხილვას, პრაქტიკის გაზიარებასა და დისკუსიას.

სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარების მხარდამჭერი პროგრამის სკოლებში დასანერგად პირველი ნაბიჯები ორი წლის წინ გადაიდგა. კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ შემუშავდა საბაზო საფეხურზე სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდამჭერი მოდელი, რომლის დანერგვაც ერთი წელია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 50-ზე მეტ საჯარო სკოლაში მიმდინარეობს.

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის დირექტორი, ირინა ხანთაძე კონფერენციის არსზე გვესაუბრა და დეტალურად განმარტა თუ რას გულისხმობს სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარების მხარდაჭერა სკოლაში – როგორ შეუძლია ნებისმიერი საგნის მასწავლებელს, საკლასო ოთახში მუშაობის პროცესში, მოსწავლეს ისეთი საკვანძო კომპეტენციების განვითარებაში დაეხმაროს, როგორებიცაა თვითრეგულირების უნარი, მიზანზე ორიენტაციის უნარი, თვითშეფასების უნარი და ა.შ. რაც ერთიანობაში საკუთარ ძალებში დარწმუნებული, დამოუკიდებელი ადამიანის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანია.

„დღეს ყველა ვთანხმდებით, რომ სკოლის ფუნქცია არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ ადამიანის პიროვნების განვითარების ხელშეწყობაა. როგორ უნდა გააკეთოს მასწავლებელმა ეს, რა პედაგოგიური ტექნიკები შეიძლება გამოიყენოს საგაკვეთილო პროცესში, ამის ახსნას ემსახურება ჩვენი სახელმძღვანელოცა და მოდელიც, რომელსაც ვთავაზობთ“, – აცხადებს ირინა ხანთაძე.

აღნიშნული მიდგომა, მისივე განმარტებით, მნიშვნელოვნად ეხმარება მოსწავლეთა მოტივაციას, ჩართულობასა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას. შესაბამისად, პარტნიორი სკოლებიც სულ უფრო მაღალ ინტერესს ავლენენ – „განსაკუთრებით კი ის სკოლები, სადაც დანერგვის უფრო თანმიმდევრულ საკონსულტაციო პროცესს ვეწეოდით. ნამდვილად ვხედავთ, რომ მასწავლებლების ინტერესი და მოტივაცია გაიზარდა“, – დასძენს იგი.

რაც შეეხება სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარების პოპულარიზაციას, ჩვენი რესპონდენტის განმარტებით, კონფერენცია სწორედ პროფესიული გამოცდილების გასაზიარებლად პლატფორმის შექმნას ემსახურებოდა. სამომავლოდ კი, იმ შედეგებზე დაყრდნობით, რომლებიც პარტნიორ სკოლებთან თანამშრომლობით მიიღეს, მიდგომის სრულყოფა და დახვეწაა გეგმაში, რაც, თავის მხრივ, მისი გაფართოების ახალი სტრატეგიებს გამოკვეთს.

პროგრამაში ჩართული 50 სკოლიდან ერთ-ერთი ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაა, რომლის სპეციალური მასწავლებელი სოფიო ძიგრაშვილი საკუთარ პრაქტიკას გვიზიარებს და განმარტავს თუ რას ნიშნავს სკოლებში სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარება, რა შედეგს იძლევა იგი მოსწავლეებში და რამდენად შესაძლებელია პედაგოგმა საგნის სწავლების პარალელურად ამაზეც იზრუნოს.

ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლას, მისი თქმით, უნიკალური გამოცდილება აქვს, რადგან სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერა იქ უნივერსალურ დონეზე დაინერგა, რაც იმას ნიშნავს, რომ მე-7 კლასში ყველა საგნის მასწავლებელი, დამრიგებელთან ერთად, ამ მიმართულებით მუშაობდა. აქცენტი გარდატეხის ასაკზე გაკეთდა, რადგან ამ პერიოდში გამოწვევები მეტია, თუმცა პედაგოგი მიიჩნევს, რომ რაც უფრო ადრე დაიწყება აღნიშნული უნარების განვითარება, მით უფრო უმტკივნეულო იქნება გარდატეხის ასაკი და მით ნაკლები სირთულე შეიქმნება საგაკვეთილო პროცესშიც.

„სამ მნიშვნელოვან კომპონენტზე ვმუშაობთ – თვითცნობიერება, ურთიერთობები და თვითრეგულაცია. მაგალითად, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეს ჰქონდეს მიზანი და მის მისაღწევად ქმედითი ნაბიჯები გადადგას, იცოდეს საკუთარი ბრაზის მართვა, რამდენად მნიშვნელოვანია მიზნის მისაღწევად გუნდურობა, თანაკლასელებთან ჯანსაღი ურთიერთობის ქონა, საკუთარი ემოციების სახელდება, მათ სამართავად მართებული სტრატეგიების დასახვა და ა.შ“, – ამბობს ჩვენთან საუბრისას სოფიო ძიგრაშვილი.

რაც შეეხება იმას, თუ როგორაა შესაძლებელი სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარება საგნის სწავლების პარალელურად, პედაგოგი გვეუბნება, რომ საგაკვეთილო პროცესში ინტეგრირებულია სხვადასხვა სახის აქტივობები, საგნის კონტექსტიდან და შინაარსიდან გამომდინარე, რაც მოსწავლეებში ამ უნარებს ავითარებს. შედეგად, როგორც მასწავლებელი გვიხსნის, მე-7 კლასის პრაქტიკამ შექმნა იმის საფუძველი, რომ აღნიშნული მოდელი მთელი სკოლის მასშტაბით გამოიყენონ, რაც უკვე სკოლის სამოქმედო გეგმაშიც შევიდა.

„პროექტის მსვლელობის დროს ძალიან მნიშვნელოვანი რამ გამოიკვეთა – დამრიგებელს, სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერის ნაწილში, თავისი როლი აქვს. მხოლოდ საგნის მასწავლებლები ვერ ქმნიან გარემოს, სადაც ბავშვი სრულფასოვნად უნდა განვითარდეს. დამრიგებელი არის უმთავრესი რგოლი, რომლის ირგვლივაც ერთიანდება მასწავლებელიცა და ბავშვიც. ახლა სწორედ სადამრიგებლო მოდულზე ვმუშაობთ – რა როლი აკისრია დამრიგებელს, როგორ შეიძლება წარმართოს საკუთარი მუშაობა და არის თუ არა დამატებით სადამრიგებლო პროგრამების გამოყენების საჭიროება”, – დასძენს სოფიო ძიგრაშვილი.

როგორც უკვე ვახსენეთ, კონფერენციას ილიას უნივერსიტეტი მასპინძლობდა, რომელიც უკვე ერთი წელია სკოლა-ლაბის პროგრამასთან ამ მიმართულებით თანამშრომლობს. ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დირექტორი ნინო ცინცაძე საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მსგავსი პროექტების როლზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ილიას უნივერსიტეტისთვის, როგორც ადგილისთვის, სადაც მომავალი მასწავლებლები მზადდებიან, სოციალური და ემოციური კომპეტენციების ცოდნა და სკოლებში მათ განვითარებაზე ზრუნვა აუცილებელია.

„ამ პროექტმა მოგვცა შესაძლებლობა, მიზნობრივი კურსი შეგვექმნა სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარების მხარდაჭერისათვის. მისი ინტეგრირება ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის პროგრამებში იგეგმება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აქამდე გვქონდა კვლევები ადრეული განათლების მიმართულებით. ახლა უკვე ბავშვის განვითარების ინსტიტუტს მიეცემა საშუალება, რომ კვლევები სასკოლო ასაკის ბავშვებშიც გავაგრძელოთ. ასევე, უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია მოამზადოს პროფესიონალები, რომლებიც ამ მიმართულებით კომპეტენტურები იქნებიან“, – აღნიშნავს ნინო ცინცაძე.

„მოსწავლეების ემოციური კეთილდღეობა უფრო და უფრო აქტუალური საკითხია მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემაში. ბოლო წლების განმავლობაში გამოცდილება ჩვენს ქვეყანაშიც დაგროვდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ მიმართულებით აძლიერებს როგორც მოქმედ, ასევე მომავალ პედაგოგებს და მხარს უჭერს მოსწავლეთა სოციალური და ემოციური კომპეტენციების განმავითარებელი სწავლების მიდგომების დანერგვასა და პოპულარიზებას“, – აღნიშნავს ილიას სახელმწიფო უნვერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის სპეციალისტი, ფსიქოლოგი, ლიკა ქურციკიძე, რომელიც აღნიშნული მოდელის შემუშავებას და უნივერსიტეტისთვის შესაბამისი კურსების მომზადებას ხელმძღვანელობს.

სკოლა-ლაბი კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (ctc) განათლების მიმართულების პროგრამაა, რომელიც 2018 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია სკოლის განვითარების ხელშეწყობა განათლების სფეროში არსებული ცოდნისა და გამოცდილების შესწავლით, სხვადასხვა მიდგომების გამოცდისა და დანერგვის გზით. „სკოლების გაძლიერების ინიციატივის ფარგლებში“, გერმანული ფონდის Bread for the World-ის (BfdW) ფინანსური თანადგომით სკოლა-ლაბი 2021 წლიდან მუშაობს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარების მხარდაჭერაზე და ზოგადი განათლების პოლიტიკასა და პრაქტიკაში ბავშვთა კეთილდღეობის საკითხების ადვოკატირებაზე.

2022 წელს შემუშავდა საბაზო საფეხურზე მოსწავლეების სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარების პრაქტიკული სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის. 2023 წელს მომზადდა თვითმართული ონლაინ კურსი მასწავლებლებისთვის, რომელიც საშუალებას მისცემს საკითხით დაინტერესებულ მასწავლებელს შეიქმნას ბაზისური ცოდნა სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარებისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების გამოყენების შესახებ. ორგანიზაციის ეს და სხვა საგანმანათლებლო რესურსები ხელმისაწვდომია ვებგვერდზეwww.ctcskolalab.ge.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური