GE

მოსწავლეების სიცოცხლე საფრთხეშია – გორის რაიონში სკოლის სპორტული დარბაზი ინგრევა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სათემოში მდებარე საჯარო სკოლასთან არსებული სპორტული დარბაზი ინგრევა და კედლებიდან საშენი მასალა ცვივა. მოსახლეობა გვიყვება, რომ ამორტიზებული შენობის სიახლოვეს საგანმანათლებლო დაწესებულების სტადიონი მდებარეობს, სადაც  დასვენებებზე მოსწავლეები თამაშობენ და თავს საფრთხეში იგდებენ.  ადგლობრივები დახმარებას ითხოვენ და შიშობენ, რომ თუ შენობის დემონტაჟი არ მოხდა შესაძლოა უბედური შემთხვევა მოხდეს.

,,სავალალო მდგომარეობაშია დარბაზი, შეიძლება ითქვას, რომ დანგრეულია და ახლიდან უნდა აშენდეს. ბავშვები ძალიან ცოდოები არიან ამ პირობებში“, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები მაგული ფარეხელაშვილი.

,,საშიშია მაგ დარბაზთან მიახლოებაც კი. სასწრაფოდ დემონტაჟი უნდა მოხდეს ამ შენობის“, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ნოდარ წიქარიძე.

სკოლის სპორტული დარბაზი რომ საფრთხის შემცველია ამაზე პედაგოგებიც საუბრობენ. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებს შენობასთან მიახლოვება აკრძალული აქვთ, ისინი ნახევრად დანგრეულ ნაგებობას, გაფრთხილების მიუხედავად, მაინც უახლოვდებიან და იქ თამაშობენ. პედაგოგების განცხადებით, პრობლემა დროულად უნდა აღმოიფხვრას, რადგან შენობა დღითიდღე ინგრევა და სინკარები ცვივა.

,,კედლები ინგრევა, სინკარები ვარდება და სულ გადმოყრილია აგურები, ამას თქვენც ნახავთ ახლოს თუ მიხვალთ. საშიშროება არსებობს და რამე ტრავმა რომ მიიღოს მოსწავლემ ჩვენ რა უნდა ვქნათ მერე? ძალიან ვთხოვთ, ვისაც ევალება შეაკეთონ და დავიცვათ ბავშვები მოსალოდნელი საფრთხისაგან“, – ამბობს სკოლის პედაგოგი დალი ფარეხელაშვილი.

,,ჩვენ ვაკონტროლებთ ყოველთვის, რომ საფრთხე არ შეექმნათ მოსწავლეებს. პედაგოგები დასვენებების პერიოდში განსაკუთრებულად ვმორიგეობთ, რომ ბავშვები შენობას არ მიუახლოვდნენ და არაფერი ჩამოვარდეს. ალბათ, უახლოეს პერიოდში გაგვიკეთებენ დარბაზს“, – იმედს გამოთქვამს სკოლის პედაგოგი ჯულიეტა ჩუხრუკიძე.

შენობის დემონტაჟი რომ აუცილებელია ამას სკოლის დირტექტორიც ამბობს. როგორც მანელი წეველიძე გვიყვება, ეს პრობლემა სკოლას ორი ათეული წელია აწუხებს და ნაგებობის დემონტაჟთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შესაბამის სამსახურებთან უკვე მიმდინარეობს.

„დაახლოებით ორი ათეული წელია, რაც ეს პრობლემა გვაწუხებს. დღესდღეობით შენობის დემონტაჟზე საუბარი მიმდინარეობს, რადგან ნაგებობა აღდგენას აღარ ექვემდებარება“, – ამბობს სკოლის დირექტორი.

სკოლის მდგრადობის შესწავლას გეგმავს გორის მერია, თუმცა როდის მოხდება ნაგებობის შემოწმება ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ.

„გვაქვს კომუნიკაცია სკოლის დირექტორთან და დავიწყებთ დარბაზის პრობლემის შესწავლას“, – აცხადებს ტარიელ მაისურაძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი.

სათემოს საჯარო სკოლა 1978 წელს აშენდა და ის 260 მოსწავლეზეა გათვლილი. ამ დროისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებაში 56 ბავშვი სწავლობს. სკოლა საბაზო საფეხურისაა და მოზარდებს სწავლის გაგრძელება მეზობელ სოფლებში უწევთ.

2019 წლისთვის სკოლების უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვაც მუნიციპალიტეტების საქმე იქნება

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური