GE

მოსწავლეთა ცოდნის შესამოწმებელი სახალისო დავალებები ახალი სასწავლო წლისთვის მასწავლებლისგან 

2023-2024 სასწავლო წლის პირველკლასელები მათთვის ჯერ ამოუცნობ სამყაროსთან შესახვედრად ემზადებიან. მათთვის ამ მნიშვნელოვან დღემდე კი დღეებია დარჩენილი – სასწავლო წელი 15 სექტემბერს უნდა დაიწყოს.

სიახლე არ არის, რომ დაწყებითი კლასის მასწავლებლები განსხვავებულ მიდგომებს ირჩევენ პირველი კლასის მოსწავლეებთან და დაწყებითი კლასების სხვა ასაკის მოზარდებთან. მათ შორის კი არის სწავლა-სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესი – გამოკითხვა. როგორ პედაგოგები ამბობენ, ზეპირი გამოკითხვა და ტესტური დავალებები, მოსწავლეთა ცოდნის შესამოწმებლად პედაგოგებში ყველაზე გავრცელებული ხერხებია.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, როგორ შეგვიძლია შევამოწმოთ მოსწავლეთა ცოდნა ისე, რომ პროცესი სახალისოც იყოს, ეფექტურიც და შედეგიანიც. ამ საკითხებზე ვესაუბრეთ ქალაქ სამტრედიის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგს, ია ძირკვაძეს.

– რას გულისხმობს მოსწავლეთა ცოდნის შემოწმების პროცესი?

– მოსწავლეთა ცოდნის შეფასების პროცესი გულისხმობს იმის შემოწმებას, თუ რამდენად ფლობს მოსწავლე შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიისთვის საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. იმისათვის, რომ მოსწავლეთა ცოდნის პროცესი სწორად წარიმართოს, პირველ რიგში, იგი უნდა იყოს სწორად დაგეგმილი, უწყვეტი და განვითარებადი. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს განვითარებასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული შეფასების ინსტრუმენტები შევთავაზოთ.

– რას გულისხმობთ, რა არის ის გავრცელებული ხერხები, რომლებსაც პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის შემოწმებისთვის იყენებენ და რა არის შედეგის მომცემი?

– მოსწავლეთა შეფასების პროცესში ძირითადად ხდება ტრადიციული ტიპის შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება, მაგალითად: ზეპირი გამოკითხვა, ტესტები და ა.შ რაც, რასაკვირველია, არ იქნება ეფექტიანი, ვინაიდან შეფასების პროცესში მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება. შესაძლოა, მოსწავლემ საკითხი კარგად იცოდეს ან უჭირდეს ზეპირად გადმოცემა. სამაგიეროდ, კარგად გადმოსცეს სათქმელი წერილობით ან ილუსტრაციით. გარდა ამისა, შეფასება არ გულისხმობს მხოლოდ ერთი მიმართულებით ცოდნის შემოწმებას. მაგალითად, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, კონკრეტულ საგანში და კონკრეტულ საფეხურზე შეფასება სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება და შესაბამისად, მხოლოდ ზეპირად გამოკითხვა ან მხოლოდ ტესტირება არ მოგვცემს ობიექტურ და ვალიდურ ინფორმაციას მოსწავლეთა ცოდნის დონის შესახებ.

– გაგვიზიარეთ რამდენიმე სახალისო აქტივობა თქვენი სწავლა-სწავლების პროცესიდან ინსტრუქციით, რომლებსაც კოლეგებსაც ურჩევდით, მისი ეფექტურობის გათვალისწინებით

„ჩართე წამმზომი“

დაწყებით კლასებში მოსწავლეთა სწრაფი კითხვისა და სხარტი აზროვნების უნარის შესამოწმებლად ვიყენებ ამ აქტივობას. ჩართული მაქვს წამმზომი, მოსწავლეები სათითაოდ გამოდიან და კითხულობენ უცხო ტექსტს. მე დაკვირვების დღიურში ვინიშნავ თუ ვინ რამდენი სიტყვა წაიკითხა მოცემულ ფიქსირებულ დროში. ამ პროცესში, სხვა მოსწავლეებმა რომ არ მოიწყინონ, მათ წაკითხული ტექსტის მოსმენა და შესაბამისი ჩანაწერის, ან ილუსტრაციის მომზადება (სურვილისამებრ) ევალებათ. მე კი ვუსვამ კითხვებს იმის შესახებ, რაც წაიკითხეს.

“გაპარული რიცხვები”

პირველ-მეორე კლასში იმის შესამოწმებლად, თუ რომელი მოსწავლე როგორ ახერხებს რიცხვების ცნობას, მათემატიკის საგანში ვიყენებ აქტივობას „გაპარული რიცხვები“. დაფაზე დაწერილი მაქვს რიცხვები. მოსწავლეები გამოდიან სათითაოდ და თვალებს ხუჭავენ. დაფის საწმენდი ჩვრით ვშლი ერთ-ერთ რიცხვს, თვალის გახელის შემდეგ კი მოსწავლემ უნდა გაიხსენოს, რა რიცხვი ეწერა წაშლილ ადგილზე და დაასახელოს.

“მე-ექსპერტი”

ამ აქტივობის გამოყენება როგორც დაწყებით, ისე საბაზო თუ საშუალო საფეხურზე შეგიძლიათ. ცოდნის შესამოწმებლად მოსწავლეებს ვთავაზობ მოირგონ ექსპერტის როლი და იპოვონ ტექსტში დაშვებული შეცდომები. ვაძლევ წინასწარ მომზადებულ ტექსტს, როგორც გრამატიკული, ისე ფაქტობრივი შეცდომებით იმ განვლილ საკითხებზე, რაც პროგრამულად გაიარეს. მათ უნდა იპოვონ შეცდომები და გაასწორონ. ეს აქტივობა კარგად ერგება ყველა სასწავლო საგანს.

“დაწერე მოთხრობა”

კონკრეტულ საკითხში მოსწავლეთა ცოდნის დონის, ასევე აზრის წერილობით გადმოცემის უნარის შესამოწმებლად ვიყენებ ციფრულ პროგრამას – „დაწერე მოთხრობა“. თითოეული მოსწავლე ირჩევს თემას, პრობლემას და წერს მოთხრობას. ამით ვიგებ, რამდენად გასაგებია მათთვის განვლილი საკითხი.

“ვიცი და ვასახელებ”

მოსწავლეებს ურიგდებათ ფოტოები, რომელზეც განვლილ თემებთან დაკავშირებული სურათია მოცემული. მაგალითად, თუ ისტორიაში გაიარეთ გაკვეთილი პრეისტორიული ეპოქა, აძლევთ ფოტოს, რომელზეც გამოსახულია რაიმე ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი. მათ უნდა გამოიცნონ რა თემას ეხება დავალება და ისაუბრონ იმ ძირითადი საკითხების შესახებ, რომელზეც ამ განვლილ თემაში იყო საუბარი.

ასევე იხილეთ:

კურიკულუმი დაწყებითი საფეხურის კლასებისთვის – სპეციალისტი შექმნის ხერხებზე საუბრობს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური