GE

მოსწავლეთა შეფასების ალტერნატიული გზები პედაგოგებისთვის

საჭიროა თუ არა ქულების დაწერა? – დიდი ხანია ეს შეკითხვა განხილვის საგანია. დისტანციური სწავლების გამოცდის შემდეგ კი გაჩნდა ახალი შეკითხვა – რა ბერკეტი აქვს პედაგოგს მოსწავლეებთან ურთიერთობისას? როგორ უნდა დააინტერესო სახლში მყოფი ბავშვი იმეცადინოს, როცა იცის, რომ მას დაბალი ქულით არავინ დასჯის? (დისტანციური სწავლების დროს ქულები არ იწეერებოდა) პასუხი სწორედ შეკითხვაშია, თუმცა მოსწავლის დაინტერესება არც ისე მარტივია.

გთავაზობთ შეფასების ალტერნატიულ ვერსიებს, რომლებიც ბავშვებს მოტივაციას გაუზრდის და სახლშიც კი სწავლისთვის განაწყობს:

მასწავლებლის ზეპირი უკუკავშირი

ამ შემთხვევაში მოსწავლეები დავალების წარდგენის ან გაკვეთილის მოყოლის შემდეგ მასწავლებლისგან სიტყვიერ შეფასებას დაუყოვნებლივ იღებენ. ამგვარი გამოხმაურება მოსწავლის განვითარებისკენაა მიმართული და შეიძლება იყოს როგორც კრიტიკული, ისე პოზიტიური. ამასთან, მოსწავლემ ეს არ უნდა აღიქვას საბოლოო შეფასებად და უნდა გაუჩნდეს შეცდომების გამოსწორების სურვილი. შეფასების ეს სისტემა მორგებულია ბავშვის ინდივიდუალიზმზე და არ უნდა იყოს დასჯითი ხასიათის.

გამოსასწორებელი უნარების ცხრილი

ქულის დაწერაზე უკეთესი იქნება, მოსწავლეებს ცხრილის სახით შეუდგინოთ სია იმ საკითხებისა, რაშიც ისინი „მოიკოჭლებენ“. მიეცით მათ გარკვეული რეკომენდაციებიც, თუ როგორ უნდა დაძლიონ ეს დაბრკოლებები და უთხარით, რომ მხოლოდ ეს უშლის ხელს პირველობაში. მოსწავლეები ამის შემდეგ ფოკუსირდებიან თვითგანვითარებაზე და აღარ ექნებათ დანაშაულის განცდა, რასაც ხშირად დაბალი ქულა ბადებს.

საკუთარი თავის შეფასება

მასწავლებელი მოსწავლეს არამხოლოდ საგანს უნდა ასწავლიდეს, არამედ პასუხისმგებლობის გრძნობასა და მოტივაციას უნდა უღვივებდეს. ჰკითხეთ მოსწავლეებს, რა არის მათი უმაღლესი სტანდარტი დღეს და რამდენად დიდ ძალისხმევას ხარჯავენ ამის მისაღწევად. ეს მათ საკუთარ თავთან მუშაობას ასწავლის.

კლასის რეიტინგების შექმნა

პედაგოგი ქმნის ინდიკატორებს (მაგალითად: ყოველთვის აქვს დავალება, არის ყურადღებიანი, ჩართულია ახალი მასალის ახსნაში…), რომლითაც აფასებს მოსწავლეებს (მაგალითად: ცუდი, დამაკმაყოფილებელი, კარგი, საუკეთესო). მონაცემების დამუშავების შემდეგ ქმნის კლასის რეიტინგს დროის გარკვეულ მონაკვეთში (მაგალითად, კვირის ბოლოს). ეს მეთოდი მოსწავლეებს უზრდის მოტივაციას და უჩენს სიის თავში მოხვედრის სურვილს.

შეფასებების პორტფოლიოს შექმნა

პორტფოლიო საუკეთესო გზაა მოსწავლის სწავლის ხარისხის ზრდის/კლების შესაფასებლად. აქ წერილობით უნდა აღწეროთ მის მიერ დაშვებული შეცდომები. შეგიძლიათ გამოიყენოთ „გუგლ დოკუმენტი“, სადაც ყოველდღიურად, თარიღის მითითებით შეიტანთ მცირე ინფორმაციას მოსწავლეთა ხარვეზების, დასახვეწი უნარების შესახებ. დოკუმენტი გაუზიარეთ მოსწავლის მშობელსაც.

ინდივიდუალური პროექტები

პროექტებზე დაფუძნებულმა სწავლებამ და იმ შემოქმედებითმა პროცესმა, რაც ამ უკანასკნელს ახლავ თან, მოსწავლეს შესაძლოა გაუზარდოს მოტივაცია. ინდივიდუალური პროექტი შესაძლოა იყოს PowerPoint-ის პრეზენტაცია. ობიექტური შეფასებისთვის კი მასწავლებელმა ბავშვს უნდა მისცეს ინდიკატორები, რითაც მათი ნაშრომი შეფასდება.

მრავალჯერადი შეფასება

მიეცით მოსწავლეებს შეცდომების უფლება. ერთი გაკვეთილის არცოდნა ან დავალების შეუსრულებლობა არ მიიჩნიოთ მის ტიპურ საქციელად. მიეცით მათ გამოსწორების შანსი.

მრავალმხრივი შეფასება
ნუ შეაფასებთ მოსწვალეებს მხოლოდ მათი დასრულებული პროექტების მიხედვით. შეფასებისას გამოიყენეთ რამდენიმე კრიტერიუმი: დავალების ხარისხი, რაოდენობა, ნაშრომის შესაბამისობა მიცემულ დავალებასთან…

წყარო: resilienteducator

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური