GE

მოსწავლისთვის რა თანხასაც ვხარჯავთ ბიუჯეტიდან, დავურიგოთ და თვითონ გადაწყვიტონ, რომელ სკოლაში ივლიან – „გირჩის“ დეპუტატის ინიციატივა

საშუალო განათლებაში ჩადებული ხარჯები გადავანაწილოთ მოსწავლეებზე და მშობელმა გადაწყვიტოს, რომელ სკოლას გადაუხდის – ასეთი ინიციატივა ეკონომიკის დოქტორმა, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა 24 დეკემბერს, 2022 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმოხილვის ვებინარზე წამოაყენა, რომელსაც პარალმენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე უძღვებოდა.
რაქვიაშვილი ამბობს, რომ ზოგადი განათლებისთვის გაწეული ხარჯების დიდი ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტზე მოდის და ქვეყანას ერთი მოსწავლის შენახვა წელიწადი დაახლოებით 2000 ლარი უჯდება.

„რომ ავიღოთ საშუალო განათლება, დიდი ნაწილი ხარჯებისა, ბიუჯეტზე მოდის. ბიუჯეტი ხელფასებს იხდის, სკოლების რემონტს აკეთებს და ა. შ., მაგრამ ეს ფული რომ უბრალოდ გავანაწილოთ საშუალოდ მოსწავლეებზე, შეიძლება 2000-ზე მეტი ლარი ვუხადოთ თითოეულ მოსწავლეს. მერე, მშობლებმა თვითონ გადაიხადონ, რომელ სკოლაშიც უნდათ. თეორიულად შეიძლება ერთი და იგივე ტიპის ხარჯი იყოს, მაგრამ სრულიად სხვა იდეა იქნება ამ ორი სისტემის უკან. ერთ შემთხევაში მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას და მართავს სისტემას, და მეორე შემთხვევაში – მშობელი. რომც არ შემცირდეს ხარჯები და არაფერი შეიცვალოს, თვითონ ხარჯვის ტიპი შეიძლება განსხვავდებოდეს“, – თქვა ალექსანდრე რაქვიაშვილმა, რომელსაც ვებინარის მონაწილე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ უპასუხა.

კაკაურიძე ამბობს, რომ რაქვიაშვილის იდეა არალოგიკური არ არის, თუმცა ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო დარწმუნებული ვერ იქნება, რომ ბავშვის სწავლისთვის გამოყოფილი თანხა ნამდვილად სწავლისკენ იქნება მიმართული.

„კომენტარს გავაკეთებ ბატონი სანდროს ნათქვამზე. ერთის მხრივ, თითქოს ლოგიკურია, თუ სახელმწოფომ რატომ უნდა გადაწყვიტოს, ვინ რომელ სკოლაში იაროს. მილიარდ 400 მილიონია, რაც ზოგად განათლებას ხმარდება და მოდით, გადავანაწილოთ ეს თანხა და მშობელმა გადაწყვიტოს. თუმცა, სამწუხაროდ, მსგავსი პრაქტიკა ვერ გვექნება. ბიუჯეტიდან რეალურად მიჰყვება ბავშვს ფული, მაგრამ მიყვება სკოლაში. ჩვენ თუ ავდგებით და ამ ფულს დავარიგებთ, არანაირი გარანტია არ არსებობს და დიდი ალბათობაა იმისა, რომ ამ ფულის 30-40% მოხმარდეს არა ბავშვების განათლებას, არამედ სხვა საჭიროებებს. ალბათ სახელმწოფო არის ვალდებული, რომ საბაზისო განათლების საშუალება მისცეს ყველა ბავშვს. ეს კონსტიტუციითაც გარანტირებულია და შესაბამისად, ის, რომ უბრალოდ ფული მივცეთ და თვითონ გადაწყვიტოს, რომელ სკოლაში იაროს, მგონი, არასწორი პრაქტიკა იქნება და არცერთი სახელმწიფო ასე არ იქცევა. ისევე, როგორც ჯანდაცვას ვერ შევატოვებთ კერძო სექტორს და თუ აქვს ფული, იმკურნალოს, თუ არ აქვს და არ იმკურნალოს, იგივეა განათლებაც. ეს ერთერთი ის მიმართულებაა, რომელზეც სახელმწიფომ უარი არასოდეს უნდა თქვას და იზრუნოს იმაზე, რომ ხარისხი გაუმჯობესდეს ზოგად განათლებაში, მათ შორის სკოლებში“, – ამბობს კაკაურიძე.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, განათლების სექტორზე მომდევნო წელს დაიხარჯება 2.1 მილიარდი ლარი, საიდანაც, დიდი ნაწილი, თითქმის მილიარდ 400 მილიონი მიდის ზოგად განათლებაზე, 120 მილიონ ლარამდე – პროფესიულ განათლებაზე, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაზე – ჯამში 232 მილიონი ლარი, სკოლამდელ განათლებაზე კი – 380 მილიონი ლარი.

ასევე იხილეთ:

პარლამენტი განათლების ერთიან კოდექსზე მუშაობის დაწყებას გეგმავს – „განათლების სსიპ-ების საქმიანობა არაერთგვაროვანია და კანონით მოსაწესრიგებელი“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური