GE

მოხალისე მასწავლებლის ბლოგი ჯავახეთიდან – “სამხრეთული ყოფა”

რიტა შუბითიძე

I თავი

ერთი ნაბიჯით წინ

რა უცნაურია ადამიანის ცხოვრება. არასოდეს იცი, წინ რა გელოდება. ერთ მშვენიერ თუ არ მახსოვს, როგორი დღე იყო, გავიგე პროექტის შესახებ “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” (იგი გულისხმობს საქართველოში მცხოვრებ არაქართველთათვის ქართული ენის სწავლებას). დეკანმა აუდიტორიაში მყოფ მეოთხე კურსელებს აცნობა ამ პროგრამის შესახებ, ვინაიდან მე-3 კურსზე ვიყავი ჩემთვის ადრე იყო. მერე ამ პროექტის შესახებ უფრო მეტი რამ გავიგე, უკვე უშუალოდ პროექტის მონაწილეებს დავუკავშირდი და დეტალური ინფორმაცია მივიღე.

ისე, აღარ დავმალავ და დედაჩემის დაჟინებული თხოვნა იყო, პროექტში მოვხვედრილიყავი. (მისი აზრით, ეს პროგრამა მომცემს საუკეთესო გამოცდილებას, მასწავლის დამოუკიდებელ ცხოვრებას, განსხვავებული კულტურის მქონე ხალხთან ურთიერთობას, და რაც ასევე ძალიან დიდი მოტივაციაა პირადად ჩემთვის – დამიფინანსებს მაგისტრატურას), ბოლო პუნქტის გამო ყველაზე მეტად მინდოდა მოხვედრა, რადგან საოცრად მინდა მაგისტრატურის გაგრძელება ჩემს უნივერსიტეტში. იყო რთული დღეები: ჯერ CV-ს გაგზავნა და პასუხის მიღება, შემდეგ ტესტირება, შემდეგ გასაუბრება და ბოლოს სასიამოვნოდ დამღლელი ტრეინინგები. ყველა საფეხური წარმატებით გავიარე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ტრეინინგებზე გატარებული 10 დღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იყო… თუმცა ამ საუკეთესო 10 დღეში იყო ცრემლით სავსე თვალებიანი 2 საღამო: არ ვიცოდი, სად, რომელ მხარეს მოვხვდებოდი. მართალია, დიდი არჩევანი, დიდი რა – საერთოდ არ გვქონია ჩვენ არჩევანის საშუალება, მაგრამ არსებული ორი მხრიდან სასურველი იყო, აზერბაიჯანელებთან მოვხვედრილიყავი. იმ საღამოს, როცა ჯავახეთში წამსვლელთა სია გამოიკრა, ძალიან ვღელავდი. წინა დღეს ვაბობდი, “ოღონდ ჩემი სახელი და გვარი არ ეწეროს-მეთქი”…

ვახშამზე გავდიოდით სასტუმროდან, მეგობარმა დამირეკა “რიტიკო, ვიზიარებ, ჯავახეთში მოხვდიო”. საჭმელი კი არა, სუნთქვაც აღარ მინდოდა, ვინაიდან ჩემთვის ეს მხარე მარადიულ ზამთარს და გამყინავ სიცივესთან ასოცირდებოდა.

ტრეინინგების შემდეგ იყო გაცილებით რთული დღეები, მომზადება სამაგისტრო გამოცდებისთვის და შემდეგ გამოცდის შედეგების გაგების აუტანელი წუთები. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ყველაფერმა საუცხოოდ ჩაიარა. უნარები ივლისში ვწერე და ქულა გაგებული მქონდა. ინგლისურის და პროფესიულის გამოცდები მქონდა დარჩენილი სექტემბრის დასაწყისში. დავიწყებული ინგლისურის 10 გაკვეთილის მეცადინეობისა და პროფესიულისთვის გამოცდის წინა ღამის გათენებამ შედეგი გამოიღო.

მასწავლებელთა სახლში მიმავალს, ე.წ. ყვითელ ავტობუსში მეგობრის ზარი “მომეწია” და მახარა: “რიტიკო, გილოცავ! მაგისტრატურაზე ჩაირიცხე-ო”. მთელმა ავტობუსმა მომილოცა, ისე ხმამაღლა მომივიდა აღტაცების გამოხატვა. მერე გავაცნობიერე და მომერიდა.

სულ რამდენიმე დღეღა რჩებოდა საპატიო მისიით სამცხეში გამგზავრებამდე, ზედმეტად ემოციურს გრძნობები გამიმძაფრდა. მართალია, წინა პროექტელის შემართებამ, რომ გამიმართლა და ძალიან კარგ ხალხში მოვხვდი ცოტა დამამშვიდა, მაგრამ არა ბოლომდე. ცხადია, ვიდრე ადგილზე ჩემი თვალით არ ვნახავდი, სად და როგორ უნდა მეცხოვრა, მომავალი 9 თვის განმავლობაში, ვერ მოვისვენებდი.

პროექტელები (უმეტესობა ჩემი მეგობრები), საქართველოს სამხრეთში ერთად გავემგზავრეთ. ეს რამდენიმე საათი ამაღელვებელი იყო. არცერთმა არ ვიცოდით, სად მივდიოდით და წინ რა გველოდა. ბუნებრივ მღელვარებას, გარეგნული სიცილითა და თავის გამხნევებით “ვმალავდით”. მთელი სამი საათის განმავლობაში მძღოლს არ ვიცი რამდენჯერ ვკითხეთ მალე მივიდოდით თუ არა მომავალ საცხოვრებლამდე. აჰა, დანიშნულების ადგილზე ვართ, ნინოწმინდაში მოხვედრილთათვის ბოლო გაჩერებაა. ახალქალაქში მოხვედრილთათვის კი გზა გაგრძელდა.

რესურს-ცენტრში დირექტორებსა და ოჯახის წევრებს შევხვდით, მათ კი,ვინც რომელ სოფელშიც მოვხვდით იქ უნდა წავეყვანეთ. ჩემმა დირექტორმა მომაკითხა. სოციალური ქსელის საშუალებით მისი ფოტო ნანახი მქონდა და მაშინვე ვიცანი. ვიდრე ის იტყოდა, ვინ მიდიოდა დიდ ხანჩალში, მე გამოველაპარაკე და გავეცანი. მონაწილეები სევდიანი თვალებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ერთი სასწავლო წლის ბედნიერად გატარება ვუსურვეთ. ტაქსით წამოვედით, სასიამოვნოდ გამაოცა გზის სიმცირემ რაიონიდან სოფლამდე. ვიფიქრე მეტი საშუალება მექნებოდა ცივილიზაციასთან შეხების.(ვინაიდან, შეიძლებოდა ნინოწმინდიდან 3 კი არა 17 კილომეტრის მოშორებითაც ამომეყო თავი). ვზივარ ტაქსში და ვფიქრობ, ამ მხრივ გამიმართლა.. ახლა ოჯახი ვნახოთ, ნეტავ როგორ მიმიღებენ.

ეზოში შესვლისთანავე სამი გოგო მომეგება და თბილად გადამკოცნეს. სახელები ვკითხეთ ერთმანეთს, ხოლო შემდეგ ქართულ ენაზე წარმართულმა დიალოგმა უსაზღვროდ გამახარა. ჩემი ოთახი მაჩვენეს, მომეწონა.. ერთადერთი ოთახის კარის ნაცვლად ფარდის ნახვამ დამაღონა (ზოგადად, არ აქვს მნიშვნელობა, საკუთარ სახლშიც კი ვკეტავ ოთახის კარს). აბაზანის ნახვა ვითხოვე ეგრევე, თან გულში ვფიქრობ “ნეტავ სახლში იყოს”-მეთქი.(ვინაიდან, შეიძლებოდა ან სულ არ მქონებოდა, ან სახლის გარეთ ყოფილიყო რაიმე მისდაგვარი). აჰა, ისევ გამიმართლა.მშვენიერი, ახლად გარემონტებული აბაზანა დამხვდა. სიხარული დაუფარავად გამოვხატე, გოგოებს კი გულიანად გაეცინათ. ერთი შეხედვით მივხვდი, რომ კარგ ადგილას მოვხვდი, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი აშკარად დავრწმუნდი. გადასარევი ოჯახი შემხვდა, კარგი კოლეგები სკოლაში და ბავშვებიც ჭკვიანები, მეტ-ნაკლებად. :))))

პირველ სამუშაო დღეს, პროფესიული კუთხით გადადგმულ პირველ ნაბიჯებს აღელვებული შევხვდი. სკოლის ეზოში, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, მშვენიერი ზეიმი ჩაატარეს,ამ დროს წავაწყდი ჩემსკენ მომზირალ უამრავ წყვილ თვალს. მოსწავლეების ინტერესით აღსავსე გამომეტყველებას და ჯერ არ გაცნობილი ბავშვებისგან საოცარი სითბო მივიღე. თავი სათავგადასავლო ფილმის მთავრი გმირი მეგონა (დღემდე ასეა). ყველა შენ რომ გიყურებს და აინტერესებთ ვინ ხარ, როგორ საუბრობ და ა.შ…

ჰო, ერთი ცუდი ჩვევა მაქვს..გვიან ვიძინებ ყოველ ღამეს. რაღა თქმა უნდა, კომპიუტერთან ვათენებ.. ამიტომ ყოველ დილით ჩემი თბილი დიასახლისის ხმა მაღვიძებს-რიტაა, ჰო ვპასუხობ და ეს ნიშანია გავიღვიძე, ვდგები-მეთქი. მიუხედავად ჩემი ძილთმოყვარეობისა, სკოლაში ჯერ არ დამიგვიანია.

პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მევალება გაკვეთილების ჩატარება, ვითვლები როგორც დამხმარე მასწავლებელი, ძირითადი ადგილობრივი პედაგოგია. ზოგჯერ ხდება ისე, რომ მიწევს მაღალ კლასებთან შესვლაც, რაც საკმაოდ საინტერესოა. ისინი ცდილობენ მასწავლონ სომხური.მეც ჩემი მხრივ,ცოტას ვსწავლობ..დიდიან-პატარიანად ყველა კმაყოფილია ორიოდ სომხური სიტყვაც რომ გადავაბა ერთმანეთზე, მაშინვე მოდის რეაქცია- ყოჩაღ რიტაჯან, ლავ ახჩიკ(კარგი გოგო). ბავშვები უზომოდ თბილები არიან,ყოველ დანახვაზე დღეში რამდენჯერმე ქართულად მესალმებიან, სიამოვნებთ ჩემი გახარება. ყოველი გაკვეთილის ბოლოს მოდიან, მეხუტებიან და მკოცნიან. მათზე წრფელი მართლა არავინაა. მე რაც შემიძლია ყველას ვუნაწილებ ჩემ სითბოს და მერე მათგან ათმაგად ვიღებ.

ვერ წარმოიდგენთ, რა სიყვარულით დავაცხვე მჭადები, ასევე რა მონდომებით გავაკეთე იმერული ხაჭაპური, მერე იყო “ფელამუში”… თუმცა ამ ყოველივეს დაგემოვნება ყველამ როდი ისურვა. ეგ კი არა, ბავშვებმა რომ დაინახეს თავიდან მჭადი თვალები გაუფართოვდათ- ეს რა არისო? მე კი როგორც შემეძლო ყველანაირად ავუხსენი. მჭადზე მეტად ჭვიშტარმა გაამართლა, ახლა თამამად ჭამენ.

ქართული რომ არ მესმის, არცერთი ქართული არხი რომ არ მაქვს, ეს ხომ საშინლად მთრგუნავს, მაგრამ აი უტყეობა და ხეთა თითქმის არ არსებობა მაგიჟებს!! სადღაც, თითო ოროლა ხეს რომ დავინახავ მინდა მივიდე, ჩავეხუტო.სხვების სურათებს რომ ვათვალიერებ სოციალურ ქსელში,თუ რა ლამაზია შემოდგომა: წითელ, ყვითელ, მწვანე და ყავისფერ ფოთლებით მორთულ ხეებს რომ ვხედავ გული მიკვდება. აქ ხის ფოთოლი მწვანედან ეგრევე ნეშომპალად იქცევა. ფაქტობრივად, ვერ ესწერება შემოდგომას. ხუმრობით ვამბობ ხოლმე, აქ მხოლოდ ერთ სეზონ ნახევარია-მეთქი,ზამთარი და ცოტა გაზაფხული. ზაფხული და შემოდგომა არ “ხარობს”. სახუმაროაა ახლა ეს?:((

ყოველ დილით, როგორც კი ლოგინს გამოვემშვიდობები ფარდას ვწევ და ფანჯრიდან ხედს გავცქერი,სულ მეშინია თოვლი არ დამხვდეს. მწარე გამოცდილება მაქვს, ეს “ბედნიერება” შუა ოქტომბერში უკვე 2-ჯერ მეწვია. დავშინდი. მომქანცველი 6 გაკვეთილის შემდეგ ერთი სული მაქვს სახლში მივიდე, ვჭამო და დავისვენო, ან ეგრევე Facebook-ზე შემოვძვრე. აქ მთელი ჩემი “სამყაროა”.

ჯავახეთში ყოფნის 1 თვის თავზე, მქონდა საოცრად მოულოდნელი, ემოციური და სასიამოვნო შეხვედრა “თსუ გორდელას” გოგოებთან. მათი გამოსვლის დროს ჟრუანტელი მივლიდა ტანში, განათება დარბაზში გათიშული იყო, თორე იმ დროს ვინმეს რომ შემოეხედა, ჩემს სახეზე გაბრწყინებულ სახეს ვერ ნახავდა.

ერთ მშვენიერ საღამოს სომხურ დაბადების დღეზე დამპატიჟეს. სიამოვნებით წავედი. ძალიანაც მაინტერესებდა, როგორ იხდიან აქ იუბილეს. ჩემდა გასაოცრად, სახლში სრულიად კმაყოფილი დავბრუნდი. რატომ?- როცა იუბილარს ვესტუმრე, სუფრა მზად იყო, ტორტამდე და სხვა რაღაცებამდე, თვალში ღვინის ბოთლი მომხვდა ქართული წარწერით-“საფერავი”. ჩემი აღფრთოვანება გადამდები აღმოჩნდა. ეგ კი არა, თამადად დამნიშნეს და სულ საფერავით “მივსცხე” ქართული სადღეგრძელოები. ვინაიდან, ყველას არ ესმოდა რას ვლაპარაკობდი ღვინის ჭიქით ხელში, ამიტომ მყავდა მოსწავლე “თარჯიმანი” და ის “ასომხურებდა” ჩემს ნათქვამ ქართულ სადღეგრძელოებს. ადრე ფიქრადაც არ გამივლია სომხურ სიმღერაზე როგორ უნდა მეცეკვა, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მივიდა ცეკვა არ გამომიტოვებია არც სომხურ, არც ინგლისურ, არც რუსულ და არც ქართულ სიმღერებზე. კარგი მოლხენა კი იციან.
მოკლედ ასეთია ჩემი სხვანაირი ყოფა ჯავახეთში. ყველა ჩემიანისა და ჩემეული ყველაფრისგან შორს, რომ იტყვიან ცხრა მთას იქით.

II თავი

უცხო ქორწილი

29 იანვარი..გაყინული, მაგრამ მზიანი დილა. დღეს პირველად ვიყავი სომხურ ქორწილში, მაგრამ ვიდრე მთელი ამ ამბის მოყოლას შევუდგები, გეტყვით რომ, ამ ოთხი თვის მანძილზე, რაც ჯავახეთში ვარ სულ ვამბობდი მინდა ქორწილში წასვლა, ძალიან მაინტერესებს-მეთქი, და აი ეს დღეს დადგა.

სკოლიდან ცოტა ადრე წამოვედი,რადგან პატარძლის დედამ მათი ტრადიციების სანახავად 2 საათზე დამიბარა. მე კი მოწესრიგება მჭირდებოდა. დირექტორმა გამათავისუფლა. მაშინვე სახლში წამოვედი და მომზადება დავიწყე. მე ხომ პირველად მივდიოდი ისეთ დიდ დღესასწაულზე, რომელსაც ქორწილი ჰქვია. თან უცხო, არაქართული და ტრადიციები უნდა მენახა. ცოტა რაღაც მეგობრებისგან და ისეც მსმენია მათი განსხვავებული ქორწილების შესახებ, მაგრამ უკეთ რომ გაიგო ყველაფერი შენც მისი თანამონაწილე უნდა გახდე. ერთი სიტყვით, ჩემმა დიასახლისმა (სტილისტია) მეც და თავის გოგოები გამოგვპრანჭა, ჩვენ კი თავდაჯერებულნი და კმაყოფილნი გავუდექით გზას პატარძლის სახლისკენ. ჩვენი სახლიდან დანიშნულ პუნქტამდე არც თუ ისე გრძელი გზაა, ამიტომაც მალე მივედით.როცა ოთახში შევედი, რა თქმა უნდა, პირველი დედოფალი მომხვდა თვალში, კარგად გამოიყურებოდა. არ გამომპარვია არცერთი ჩემს მიმართ ნასროლი მზერა, ყურიც მოვკარი რამდენჯერმე “ვარაცი ახჩიკს”( ქართველი გოგო). გაგრძელება არ ვიცი, რას ამბობდნენ.(ამდენი სომხურიც არ მისწავლია ჯერ 🙂 )

ოთახში, სადაც დედოფალი იყო, უამრავი ახალგაზრდა თუ მოხუცი ირეოდა. შემოდიოდნენ, გადიოდნენ. იყო ფუსფუსი და მოლოდინი. მოლოდინი სიძისა, რომელსაც უნდა “ეყიდა” თავისი სატრფო. პატარძალი ფანჯარასთან იდგა, დრო და დრო ფარდას სწევდა, ამოწმებდა მოვიდა თუ არა მისი საქმრო. დიდი ხანი არ გასულა და მოგვესმა ბოლო ხმაზე საკრავების ხმა, მასთან ერთად არ ვიცი, კორექტული როგორ ვიყო, მაგრამ ნამდვილი ღრიალი. რომ არ ეთქვათ, აქ ასეთი წესია ასეთიო, სერიოზულად შემეშინდებოდა. კარი ფართოდ გაიღო და ოთახში თეთრ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი სიძე შემოვიდა . მე, რა თქმა უნდა, სურათების გადასაღებად მოვემზადე, აპარატი მოვიმარჯვე და შესაბამისი ადგილის ძებნა დავიწყე, რომ კარგად გადამეღო. თუმცა ოთახში მოსახერხებელი კი არა ნემსის ჩასაგდები ადგილი აღარ იყო. მაინც ვიმარჯვე, უზამრმაზარი ტახტის უკანა მხარეს შევძვერი და იქიდან დავიწყე ჩხაკა-ჩხუკი.

პირველად, რამაც გამაოცა იყო ის, რომ სიძეს დედოფლის და წინ დაუდგა, არ მიუშვა დასთან ვიდრე ამ თეთრებში გამოწყობილმა “რაინდმა” ჯიბიდან ფული არ ამოიღო. მე გაფართოებული თვალებით ვუყურებ და ვერ გამიგია რატომ სთავაზობს სიძე სხვადასხვა კუპიურებს დედოფლის დას. ეს პროცესი რამდენიმე წუთს გაგრძელდა. პატარძლის და ამბობს “ქიჩ” (ცოტაა) და არ იღებს სიძისგან ფულს. ბოლოს, როგორც იქნა დათანხმდა, თუმცა ზუსტად ვერ დავინახე რამდენად მოახერხა სატრფოს “ყიდვა” დისგან. ასევე ვნახე “ჩექმის დამალვის” ტრადიცია. ისიც ფულით გამოსასყიდი აღმოჩნდა.

ჯერი ჯვრისწერაზე მიდგა. გოგოებმა ჩვენც უნდა წავიდეთო. ეზოში გამოვედით, სადაც ისევ გაისმა საკრავების ხმა და ერთი იქაც, შემორჩენილ თოვლზე წაუცეკვეს სიძე-პატარძალმა. ეზოდან რომ გავდიოდით თვალში მომხვდა ბავშვი, რომელსაც ხელში ქათამი და მამალი ეჭირა. ვიფიქრე ესეც ტრადიციაა-მეთქი.(სწორადაც ვიფიქრე).

ჯვრისწერა ნინოწმინდის სომხურ ეკლესიაში იყო, რომ შევედი ძალიან მეუცნაურა ყველაფერი. თითქმის არაფრით ჰგავდა ქართულ ეკლესიას. მართალია, ისინიც ქრისტიანები არიან, თუმცა გრიგორიანელები, მაგრამ არ მეგონა ამხელა განსხვავება თუ იყო. ხატები, შიდა ინტერიერი, მღვდლის დამოკიდებულება, ყველაფერი უცხო იყო ჩემთვის და დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი იქაურობას. ჯვრისწერა რომ მორჩა ეკლისიიდან გამოსვლისას მტრდები ააფრინეს. ამის შემდეგ დედოფლის სახლში დავბრუნდით, ვინაიდან რესტორანში 6 საათზე უნდა მივსულიყავით. როცა დრო მოვიდა დედოფლის ბებიამ გვითხრა აბა წავედითო. ჩვენ ჩავიცვით და გარეთ გამოვედით, ვინაიდან ბევრნი ვიყავით, ავტობუსს უნდა წავეყვანეთ. მაგრამ ავტობუსსაც გააჩნია. გულწრფელი სიცილი ამიტყდა, თან ხმამაღმა, როცა უძველესი ლურჯი, ცხვირიანი ავტობუსისკენ მიმითითეს აქ ადიო. არ მახსოვს ბოლოს ასეთი როდის ვნახე. ავედი, ჩემდა გასაოცრად ყველა სკამი დაკავებული აღმოჩნდა, თუმცა ჩემმა მოსწავლემ ადგილი დამითმო და დავჯექი. მაგრამ ვაი ამ დაჯდომას, ისე მიჯანჯღარებდა ეს საუკუნის ტრანსპორტი სოფლის გზაზე, რომ მოსაჭიდს ვეძებდი თავის დასამაგრებლად, ბოლოს ჩემს დიასახლის ჩავებღაუჭე. ავტობუსსში ბევრი ვიცინეთ, ჯერ იმაზე, თუ სად იპოვეს ესოდენ მივიწყებული ცხვირიანი ავტობუსი და მერე იმაზე, რომ რაიონის ყველაზე მაგარ რესტორანში ამ დიდებული ცხვირათი მივიდოდით.

რაიონამდე ჩვენი სოფლიდან 10 წუთიც არაა მგონი, მალევე მივედით რესტორანში. არ აჭარბებდნე მისი აღწერისას, მართლაც საუცხოო აღმოჩნდა იქაურობა. ჰოო, სუფრას რომ დავხედე “საჭმლისნაირი” ვერაფერი დავინახე სულ ტკბილი და ხილი ეწყო. ქართულ სუფრაზე თეფში თეფშზე დევს, რომ არ ეტევა საჭმელი, აქ კი მთელ-მთელ გოჭებს ჩაატევდით იმხელა ინტერვალები იყო გაწყობილ თეფშთა შორის.

თამადა, ჩვენთან რომ ოჯახის ნათესავი, მეგობარი ან ვინმეა ასე არაა. ის აქ დაქირავებულია, ხოლო სადღეგრძელოებში მოსახსენიებელი სახელები ფურცელზე უწერია. ამბობს სადღეგრძელოს და კითხულობს ვის ეძღვნება. რაც მართლა მომწონს ამ ხალხის არის ის, რომ განურჩევლად სქესისა და ასაკისა ყველა ცეკვავს, მხიარულობს და დროს ატარებს. ვინაიდან სიმღერა სიმღერაზეა მიბმული, ვერც კი ასწრებენ სუფრასთან დაჯდომას. გაუჩერებლად ცეკვავენ. სასიამოვნო სიახლე აღმოვაჩინე რესტორანში- კედელზე დამაგრებულ დიდ ეკრანზე სკაიპი იყო ჩართული და მთელ დარბაზში დაყენებული კამერით დედოფლის ბებია რუსეთიდან თვალს გვადევნებდა.

უამრავ სომხურ სიმღერაზე ვიცეკვე თან სომხურად.. არადა ისე მერიდებოდა, რამდენი წყვილი თვალი მიყურებდა არ ვიცი. მე ხომ 250 კაციან ქორწილში ერთადერთი ქართველი ვიყავი. აშკარად კმაყოფილები იყვნენ ჩემი სომხური ცეკვით, ყველა მეკითხებოდა საიდან იცი ასე კარგადო?! მთელი ამ ემოციების შემდეგ ყველაზე სევდიანი და ბედნიერი ვიყავი, მაშინ როცა გამოაცხადეს “ვარაცერენ პარენ”(ქართული ცეკვა) სულ მუხლები ამიკანკალდა ისე მინდოდა მეცეკვა, ისე მინდოდა ჩემი ქართველობის გამოჩენა, გული ამიჩქარდა.. სიმწრით ვუთხარი გოგოებს: ეხ, რა დროს არ ვიცი ქართული ცეკვა-მეთქი. მიუხედავად ამისა, ბედნიერი ვიყავი მათი შესრულებით.

თამადამ თამაშის დაწყება გამოაცხადა მიკროფონში. მოხალისეები დარბაზის შუაგულში ერთამანეთზე ზურგით მიდგმულ სკამებზე დასვევს. რასაც თამადა დაასახელებდა ის ნივთი უნდა მოეპოვებინათ მონაწილეებს, ვინც პირველი მოახერხებდა გამარჯვებულიც ის გახდებოდა. ამიტომაც ბიჭები თავს არ იზოგავდნენ. მოიპოვეს ქამარი, საათი და ჯერი სიძის წინდაზე მიდგა. ამან მართლა გამაოგნა, მივარდნენ სიძეს და წინდები ისე სასწრაფოდ გახადეს თვალი ძლივს მოვკარი. ორივემ მოახერხა, მაგრამ ერთ-ერთმა იმარჯვა, მეორეს მოასწრო და გაიმარჯვა. (პრიზი არ მახსოვს რა გადასცეს). კიდევ იყო ამის მსგავსი წახალისებები. რომელთა ცქერითაც გულიანად გავერთე.

საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა მხიარულება და დრო მოვიდა დედოფალს თაიგული ესროლა, მაგრამ ამას ვერ დავრქმევთ მთლად სროლას. მას ხელში თაიგული ეჭირა, რომელსაც რამდენიმე თეთრი ლენტი მოაბეს, ხოლო ლენტის მეორე ბოლოები გასათხოვარ გოგოებს დააჭერინეს. ცოტა ხანში ნელ-ნელა დედოფალმა თაიგულიანი ხელი ზემოთ ასწია და როგორღაც ერთ-ერთ ლენტზე მობმული თაიგული ახლაგაზრდა გოგოს შერჩა ხელში. ამ პროცესში სიძე არ მონაწილეობდა. ის ცალკე დააყენეს, ისე როგორც ჩვენთან დედოფალი დგება,ზურგს აქცევს ახალგაზრდებს და უკან ისვრის თაიგულს, აქ კი სიძეს ( მე მის წინ ვიდექი და დავინახე) ერთ ხელში სავსე ჭიქა, ხოლო მეორეში ვაშლი ეჭირა.. დაითვალეს, უკან მდგომ ბიჭებს ეგონათ სიძე ვაშლს ისროდა, მან კი წყლით სავსე ჭიქა მოიქნია და ბიჭები გაწუწა. მესამე ცდაზე სიძემ ვაშლი ისროლა, ერთ-ერთმა იღბლიანმა დაიჭირა. (იღბლიანი იმიტომ, რომ მთელ რესტორანში ყველაზე მაღალი იყო, დაახლოებით 2 მეტრი და 10 სანტიმეტრი).

მომქანცველი, შეუსვენებელი ცეკვების შემდეგ ცოტა ხანს ჩამოვჯექი დასასვენებლად, მაგრამ ვინ გაცადა, ხან დირექტორი მოვიდა რიტაჯან იცეკვეო ხან ვინ და ხან ვინ. ჭვალი გამიჩნდა ცეკვისგან, მარამ მაინც სასიამოვნო იყო. შალახოზე სულ გადავირიე, თავი არ დავიზოგე და ზედიზედ მგონი 3-ჯერ ვიცეკვე. ჰო, კიდე ის არ მომეწონა, რომ რუსულისა და სომხურის გარდა მუსიკას არ გაუჭაჭანებია. არა, თუმცა გატყუებთ, ერთი მომენტი სამზარეულოში გავედი დარბაზიდან წყლის დასალევად, ამ დროს მომესმა “ვარაცერენ” ჭიქა არც გამომირთმევია ოფიციანტისთვის დარბაზში შევვარდი. გულზე მალამოდ მომედო, თუმცა სომხური აქცენტით,მაგრამ მაინც ქართული სიტყვები “პატარა გოგოს სიყვარული ოხ, რა ძნელია”. ჩემმა დიასახლისმა და გოგოებმა სიცილით შემომხედეს და მითხრეს, აი შენი ქართულიო. მე თავდაჯერებულად გავუღიმე.

ღამის 01:00 საათზე დასრულდა ქორწილი და გზას დიდი ხანჩალისკენ, უკვე ნაცნობი, ცხვირიანი ავტობუსით გავუდექით.

ერთი სიტყვით, დღეს ბევრი საინტერესო რამ ვნახე, ზოგი გადმოვეცი, თქვენ განსაჯეთ როგორ, ზოგი შეიძლება გამომრჩა კიდეც, მაგრამ ძირითადი აქაა. ასეთი იყო ჩემი დღევანდელი, პირველი დღე სომხურ ქორწილში, პირველად სომხური ვარცხნილობით :)))) წინ კიდევ 2 ქორწილი მელოდება…..

III თავი
ნახევარი წელი

ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი ჩვეულებრივად არც დაწყებულა და არც გაგრძელებულა. 15 მარტს დიდ ხანჩალში ყოფნის ნახევარი წელი შემისრულდა. ვერავის დავაჯერებ რომ აქ ცხოვრება მარტივია, მაგრამ არც გაუსაძლისია. მითუმეტეს, როცა უკვე ბევრ რამეს სწავლობ, ითვისებ სხვა ხალხის ტრადიციებსა თუ კულტურას. ენაც ასე თუ ისე გესმის და შენდამი კეთილგანწყობილ ადამიანებსაც უწილადებ კუთვნილ სითბოს. თუნდაც დღის დასაწყისში გამარჯობით, დასასრულს კი ნახვამდის მათ ენაზე თქმით. ხშირად მათგან (უფროსებს ვგულისხმობ)მობრუნებული ქართული სალამი ტანში ჟრუანტელს მგვირს, მიხარია და თვალები მიბრწყინავს. დღე ასე უფრო სასიამოვნოდ იწყება.

მოსწავლეებთან ურთიერთობა მთელი ისტორიაა. ყოველი ბავშვი ინდივიდუალურია, მათთან მიდგომის ხერხებში გამოუცდელს ცოტა არ იყოს თავიდან მეშინოდა, არ ვიცოდი რამდენად გავართმევდი თავს ამ საპასუხისმგებლო საქმიანობას, თუმცა ამ დროის გადმოსახედიდან, ვგრძნობ ძალიან ცუდად არ გამომდის. ყოველ დასვენებაზე უმცროსკლასელთა მოვარდნა და ჩემთან ჩახუტება თბილი ემოციებით მავსებს. 8 მარტთან დაკავშირებით პაწაწინა ხელებით გაკეთებული ბევრი ლამაზი მოსალოცი ბარათი მივიღე. გაუმართავი ქართულით დაწერილი წინადადებები, რომელშიც საოცარი სიყვარული და სითბო იყო ჩაქსოვილი. მოსწავლის ნაჩუქარმა, მინდვრის ყვავილებმა სასიამოვნოდ გამაკვირვა. მართალია, თითქმის მთელი საქართველო გრძნობს გაზაფხულის დადგომას, ხეების აყვავებას და მიწის რბილ სურნელს, თუმცა ეს ჩამოთვლილი აქ, ჩემთან ჯერ ადრეა… ამიტომაც გამაოცა ამ პაწაწინა, მოვარდისფრო, ნაზი ყვავილების ნახვამ. ახლაც ჩემს ოთახში,სამუშაო მაგიდას ამშვენებენ. როგორ მინდა დიდხანს არ დაჭკნეს, მაგრამ უკვე დროა…და გული მწყდება. თუმც, თავს იმით ვიმშვიდებ, რომ როცა აქ გაზაფხული დადგება უამრავ ლამაზ, აქამდე უნახავ და საინტერესო ყვავილს “გავიცნობ”! ეგ კი არა, მითხრეს, მეზობელ სოფელში “ყვავილების ფესტივალი” იმართება ხოლმე და მთელი სოფელი ზეიმობს ამ დღესო. თურმე მხოლოდ ამ სოფელში ჰყვავიან განსხვავებული, საოცრად ლამაზი ყვავილები. ამიტომაც, ცოტა ადრე, მაგრამ უკვე მიწვეული ვარ ამ დღესასწაულზე. ერთი სული მაქვს ვიხილო რა ყვავილებია და როგორ აღნიშნავენ ამ დღეს.

ზუსტად 3 თვე დამრჩა და პროექტს დავასრულებ. ძვლამდე დასული სიცივის გარდა, ვიცი აქედან უამრავი სითბო, ჩახუტება და დიდი სიყვარული გამყვება. გამყვება ჩემი ბავშვების აციმციმებული თვალები და ბოლო დღეს სევდიანი მზერა. გამყვება დიდი გამოცდილება და ხანგრძლივი მონატრება. გამყვება ჯავახეთის დილის ცის უჩვეულო ფერები და საღამოს მზის ჩასვლის ულამაზესი სურათი. ახლა, ამ წუთას ყველა ჩემიანი, ჩემი სახლი, ჩემი ოთახი, ყველა ნივთი მენატრება, თუმცა ვიცი მათ მალე დავუბრუნდები, მაგრამ აქაურობას ამ მისიით და ამდენი ხნით აღარასოდეს. ამიტომაც, ზუსტად ვიცი, მარადიული მონატრება გამყვება თან, რომელიც ხშირად გამახსენებს ჩემი ცხოვრების ყველაზე უჩვეულო ყოფას, ყველაზე გამომცდელ და საინტერესო პერიოდი.

რიტა შუბითიძე- Aris.ge-განათლებისთვის

იხილეთ ფოტოგალერეა ჯავახეთიდან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური