„მთავარი, მაინც, რეალური ცოდნის მიღებაა, რაც მიიღწევა ჯანმრთელი პროფესორებისა და ჯანმრთელი სტუდენტების არსებობის პირობებში“ – მამუკა თავხელიძე
მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო არაერთი ადამიანი, ორგანიზაცია თუ მთავრობა ახალი გამოწვევების წინ დადგა. დღეს ყველა თანხმდება იმაზე, რომ გავრცელებულმა ვირუსმა განათლების სისტემასაც მიდგომების გადახედვისკენ უბიძგა. უმაღლესი სასწავლებლებსაც ახალ რეალობაში უწევთ ფუნქციონირება და ახალი სტარტეგიების შემუშავება. როგორც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, პანდემიის პირობებში სტრატეგია ერთია – “არათუ არ უნდა ვეცადოთ დისტანციური მეთოდის გამოყენების მალე შეწყვეტას, არამედ „მშვიდობიან“ დროსაც აქტიურად უნდა გამოვიყენოთ საკონტაქტო ფორმატთან კოორდინაციით.”
ჩვენ დავინტერესდით კიდევ რა მიდგომები აქვს გრუნის რექტორს პანდემიის პირობებში, რა სიახლეები ელით წელს ჩარიცხულ აპლიკანტებს და როგორია უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველთა პერსპექტივები.
– პირველ რიგში, როგორ ემზადებოდა/ემზადება უნივერსიტეტი ახალი სასწავლო წლისთვის, იმ განსაკუთრებული პირობების გამო, რომელშიც პანდემიის გამო აღმოვჩნდით?
– პანდემიამ, ისე როგორც ყველა სხვა კომპანია, უჩვეულო რეალობის წინაშე დაგვაყენა. ჩვენი აკადემიური და ადმინისტრაციული გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან სწრაფად აუღო ალღო ახალ გამოწვევას და, თუ სტუდენტთა აზრს დავეყრდნობით, საკმაოდ კარგად გაართვა თავი. ცხადია, ამ გამოცდილებამ დაგვანახვა ელექტრონული სწავლების ძლიერი და სუსტი მხარეები, რომელთა გათვალისწინებით კიდევ უფრო სრულვყავით სასწავლო პროცესის მართვის სისტემა. ამას ხელი შეუწყო საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის შესაბამისმა ბრძანებამაც, რომელმაც უნივერსიტეტებს მაქსიმალური მოქნილობის საშუალება მისცა რესურსების ოპტიმალურად გამოყენებისა და აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. უნივერსიტეტმა სრულად შეასრულა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია და მიიღო კიდეც ნებართვა სასწავლო პროცესის წარმართვისთვის.
– როდის დაიწყება სასწავლო პროცესი უნივერსიტეტში და რა ფორმატით?
– უნივერსიტეტში სწავლა დაიწყება მ/წ 28 სექტემბერს კვლავ ელექტრონული მეთოდების გამოყენებით, ხოლო შემდგომ, პანდემიური მდგომარეობის გაუმჯობესების კვალდაკვალ, გააქტიურდება საკონტაქტო საათების ფორმატიც პრაქტიკული მეცადინეობების ჩასატარებლად. მიმდინარე სემესტრში სიახლე სწორედ სწავლების ჰიბრიდული სისტემის დანერგვა იქნება. ის ონლაინ და საკონტაქტო საათების გონივრულ ინტეგრაციას გულისხმობს, რაც სტუდენტებისა თუ პერსონალის ახალი ვირუსისგან მაქსიმალური დაცვის საშუალებას მოგვცემს.
– როგორ აუწყო ფეხი უნივერსიტეტმა დისტანციურ სწავლების მოდელს?
– უნივერსიტეტს არ გაუჭირდა დისტანციური მეთოდით სწავლება-სწავლის პროცესის ორგანიზება, რადგან ამის გარკვეული გამოცდილება უკვე გვქონდა ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტებთან. დაგვჭირდა მხოლოდ დამატებითი ინსტრუქციების შემუშავება და მიწოდება სტუდენტებისა და პერსონალისთვის, ჩატარდა მცირეფორმატიანი ტრენინგი არსებული პროგრამის გამოყენების საკითხებზე. ჩვენი ელექტრონული პროგრამა თითქმის ყველა იმ მეთოდის გამოყენების საშუალებას იძლევა, რომელიც გათვალისწინებულია სილაბუსებით. ამასთან, პროგრამის მართვა ძალიან მარტივია, ის არ ითხოვს ზუმის მსგავსი პროცედურის განხორციელებას. ერთადერთი, რაც დისკომფორტს უქმნის სტუდენტებს, ეს არის უნივერსიტეტში ერთმანეთთან შეხვედრის, ემოციების გაზიარებისა თუ სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზების დეფიციტი. თითოეულის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი „არ ჭირვეულობენ“ და მთელი შეგნებით აცნობიერებენ არსებულ ვითარებას – მთავარი, მაინც, რეალური ცოდნის მიღებაა, რაც მიიღწევა ჯანმრთელი პროფესორთა კორპუსისა და ჯანმრთელ სტუდენტთა არსებობის პირობებში.
– კიდევ რა გამოწვევების წინაშე დააყენა უნივერსიტეტი პანდემიით გამოწვეულმა მდგომარეობამ?
– თვალი რომ გადავავლოთ ჩასატარებელ აქტივობებს თითქმის ყველა ღონისძიების ორგანიზებაა შესაძლებელი დისტანციურად. მაგალითად, გასულ წელს რამდენიმე სამეცნიერო კონფერენცია და ვებინარი ჩავატარეთ ონლაინ ფორმატით, მათ შორის, სტუდენტთა სამეცნიერო ფორუმი, რომელშიც საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტი მონაწილეობდა. თითქმის არ შეფერხებულა საერთაშორისო პროგრამები. ზოგი მათგანი დისტანციური ფორმატით შეიცვალა, მაგრამ დასრულდა დაგეგმილი შედეგით. ერთი, რისი განხორციელებაც შეუძლებელია დისტანციურად – სპორტული შეჯიბრებებია, თუმცა აქაც შეიძლება რაღაც გამოსავლის მოძებნა.
– როგორია უნივერსიტეტის სტრატეგია ამ გამოწვევებთან მიმართებით?
– სტრატეგია ერთია – არათუ არ უნდა ვეცადოთ დისტანციური მეთოდის გამოყენების მალე შეწყვეტას, არამედ „მშვიდობიან“ დროსაც აქტიურად უნდა გამოვიყენოთ საკონტაქტო ფორმატთან კოორდინაციით. თანამედროვე მსოფლიოს საგანმანათლებლო სისტემა დიდი ხანია ამ მეთოდს იყენებს პრაქტიკაში. მას ბევრი დადებითი მხარე აქვს: მეტ თავისუფლებას აძლევს სტუდენტს; უვითარებს დამოუკიდებლად მუშაობისა და ანალიტიკური აზროვნების უნარს; ადვილად უთავსებს სწავლასა და მუშაობას და ა.შ.
– რამდენი აბიტურიენტი ჩაირიცხა 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად უნივერსიტეტში?
– ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, სწავლების პირველ საფეხურზე, ჩაირიცხა 522 სტუდენტი.
– რომელ საგანმანათლებლო პროგრამებზე იყო უფრო მეტად მოთხოვნა და როგორ ფიქრობთ, რატომ?
– სტუდენტთა კარგი კონტინგენტი ჩაირიცხა უნივერსიტეტში. ცხადია, როგორც ყოველთვის, ზოგ პროგრამაზე მეტი, ხოლო ზოგზე ნაკლები მოთხოვნაა. მაგალითად, ბოლო 3-4 წელია სტომატოლოგიისა და ფსიქოლოგიის პროგრამების ვაკანტური ადგილები სრულად ივსება (შესაბამისად 100 და 80 ადგილი). ამას თავისი ობიექტური მიზეზებიც აქვს – ტრადიციულად ითვლება, რომ ჩვენს უნივერსიტეტში, ეს ორი პროგრამა, სპეციალისტთა მომზადების მაღალი ხარისხის დემონსტრირებას ახდენს, რაც კურსდამთავრებულთა დასაქმების შთამბეჭდავი მაჩვენებლით გამოიხატება (საშუალოდ – 93-94%), თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კიდევ უფრო მაღალი შედეგიანობით გამოირჩევა სამართლის პროგრამა თავისი მეთოდოლოგიურ-არსობრივი სტრუქტურით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და აკადემიური პერსონალით. მაღალი რანგის აკადემიური პერსონალის ისეთი კონცენტრაცია, როგორიც ამ პროგრამაზეა, სხვაგან ნაკლებად მოიძებნება.
ამ ფაქტორს, პროგრამის უნიკალურობასთან ერთად, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევენ სამაგისტრო პროგრამის აპლიკანტები (მეტი გამოცდილებისა და გონივრული მოტივაციის გამო). წელს კანდიდატთა უმრავლესობამ გასაუბრების დროს სწორედ ამას გაუსვა ხაზი, რაც იმას ადასტურებს, რომ საქართველოს ახალგაზრდობა სულ უფრო სწორად აცნობიერებს ხარისხიანი განათლების მიღების აუცილებლობას და სნობისტური გადაწყვეტილების მიღების პრაქტიკა ნელ-ნელა წარსულს ბარდება.
შედარებით დაბალი მოთხოვნა დაფიქსირდა ჟურნალისტიკისა და საჯარო მმართველობის პროგრამებზე, მიუხედავად იმისა, რომ აქაც სერიოზული მიღწევები გვაქვს. მაგალითად, ორი წლის წინ, გიორგი მაქარაშვილმა საჯარო მმართველობის პროგრამა დაამთავრა, რომლის ფარგლებში უნივერსიტეტმა ის საფრანგეთში, ლილის უნივერსიტეტში მიავლინა და ორი უნივერსიტეტის დიპლომის მფლობელი, ახლახანს, რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორად დაინიშნა. ასევე, სიამაყით უნდა გავიხსენო ლუკა ხაჩიძე, ნინო ჟიჟილაშვილი, ნინო თვარაძე და სხვები, რომლებმაც ახლო წარსულში დაამთავრეს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამა და უკვე წამყვან ჟურნალისტთა რიგებში დაიმკვიდრეს თავი. ბევრი ასეთი გვარის დასახელება შეიძლებოდა, მაგრამ შორს წაგვიყვანს…
– რა სიახლეები დახვდებათ სტუდენტებს მიმდინარე სასწავლო წელს უნივერსიტეტში?
– კიდევ უფრო გამდიდრდა საბიბლიოთკო ფონდი, გაფართოვდა მატერიალურ-ტექნიკური რესურსი, განსაკუთრებით მედიცინის პროგრამებისთვის; მაგისტრანტების მეგობართა წრე ახალი პროგრამის სტუდენტებით გაიზრდება. ეს არის კლინიკური ფსიქოლოგიისა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამა, რომლის განხორციელებას უნივერსიტეტი წელს იწყებს. აღსანიშნავია, რომ ეს არის სრულიად თანამედროვე პროგრამა, რომელიც ეფუძნება უახლეს სამეცნიერო კონცეფციებს და ზედმიწევნით ზუსტად ითვალისწინებს ბაზრის მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია, რომ ლექციათა კურსები მიჰყავთ, არამარტო მაღალი კლასის თეორეტიკოსებს, არამედ ცნობილ მეცნიერ-პრაქტიკოსებს. სწორედ ეს სძენს ამ პროგრამას უნიკალურობას და კურსდამთავრებულთა დასაქმების გარანტიას იძლევა.
უახლეს მეთოდოლოგიურ პრინციპებზე აიგო სტომატოლოგიის მოდერნიზებული პროგრამა, რომელმაც ახლახანს გაიარა გეგმიური აკრედიტაცია და ექსპერტთა მაღალი შეფასება დაიმსახურა. ის აქცენტს აკეთებს სტუდენტებისთვის პრაქტიკული უნარებისა და კლინიკური აზროვნების ფორმირებაზე (CBCR), რისთვისაც, სხვა აქტივობასთან ერთად, იყენებს ისეთ თანამედროვე მეთოდებს, როგორიცაა პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა (PBL) და ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE).
ასევე მნიშვნელოვანია საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა, რომელიც ელიტარულად ითვლება თავისი მეთოდოლოგიურ-არსობრივი სტრუქტურითა და ფართო საერთშორისო კონტაქტებით, სწორედ ეს პროგრამა დაამთავრა გიორგი მაქარაშვილმა, რომელზეც ზევით გვქონდა საუბარი.
– რა არის უნივერსიტეტის სამომავლო გეგმები და უფრო მეტად რა მიმართულების განვითარებაზე გააკეთებთ აქცენტს მომავალში?
– ახალი საკვალიფიკაციო ჩარჩო საშუალებას გვაძლევს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შევთავაზოთ ახალი პროგრამა სამართლის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ დღეისათვის, არცერთი საგანმანათლებლო პროგრამა მიზნობრივად არ ამზადებს გამომძიებელს. არა და ეს პროფესია ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოსათვის. უკვე დავიწყეთ ამ პროგრამის მომზადება. ამის რესურსი უნივერსიტეტს გააჩნია და ვფიქრობთ, რამდენიმე თვეში მას წარვადგენთ სააკრედიტაციოდ. გვაქვს სხვა გეგმებიც, მაგრამ ზოგიერთს შემოვინახავთ სიურპრიზად.
– რას ურჩევდით პირველკურსელებს (ზოგადად სტუდენტებს), რომლებიც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდნენ და ამ პანდემიის ფონზე სწავლის დაწყება უჩვეულო რეჟიმში უწევთ?
– დიახ, ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი ეტაპია ახალგაზრდა კაცის ცხოვრებაში. რამდენად ეფექტიანად გამოიყენებს ამ პერიოდს – დამოკიდებულია მისი მომავალი, კარიერული წინსვლა. ყოველთვის მახსოვს დიდი ილიას სიტყვები და ვისურვებდი, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმაც კარგად დაიმახსოვრონ: „ამ წუთისოფელში ბედი იმისია, ვინც ძლიერია და ძლიერი მარტო მცოდნე კაცია“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანები თავად ვქმნით საკუთარ ბედს… თვით სიტყვა თავისუფალი პირდაპირ გვეუბნება, რომ ადამიანი თავისი თავის უფალია – მიიღებ სწორ გადაწყვეტილებებს? – წარმატებული იქნები, სწორ გადაწყვეტილებებს კი მაშინ მიიღებ, როცა „მცოდნე კაცი“ ხარ, მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით ხელმძღვანელობ და სულსწრაფი არ ხარ.
არ მინდა ჩემმა უმცროსმა მეგობრებმა მიიჩნიონ, რომ ხისტი პედანტიზმისკენ მოვუწოდებ. რა თქმა უნდა, არა, პირიქით, სწორედ თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდების აღზრდას ემსახურება გრუნი, რადგან მიგვაჩნია, რომ მხოლოდ თავისუფალ თაობას ძალუძს ქვეყნის განვითარება, თაობას, რომელსაც შეუძლია, საკუთარი ახალგაზრდული ენერგიის სწორად დაბალანსება, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და დროის გეგმაზომიერი განაწილება. ღრმად მჯერა, რომ თუ ამ პრინციპებით იცხოვრებენ, ყველაფერს მოასწრებენ – ზოგჯერ „გიჟურ თავდავიწყებასა“ თუ მეგობრებთან „დროს ტარებას“, მაგრამ გონივრულ დროს ტარებას.
- GRUNI-ს ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- GRUNI-ს ბათუმის წარმომადგენლობაში წარადგინეს მოხსენება – „მედიაცია – დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმი“ by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- GRUNI-ს პროფესორის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი