GE

ნაადრევი ქორწინების მიზეზით, საქართველოში სკოლის დამთავრებას ყოველწლიურად 300 მოსწავლე ვერ ახერხებს

საქართველოს სკოლებში სექსუალური აღზრდის გაკვეთილების ჩატარების საკითხი ისევ მწვავე დაპირისპირების და აზრთა სხვადასხვაობის საგანია. საქართველო არ არის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც სექსუალური განათლება ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილია, ინფორმაციას ადამიანის რეპროდუქციული განვითარების შესახებ მოსწავლეები მხოლოდ ბიოლოგიის სახელმძღვანელოდან იღებენ და არის შემთხვევები, როდესაც საგნის მასწავლებლები სახელმძღვანელოდან კონკრეტულად ამ თავებს ტოვებენ და მოსწავლეებს ურჩევენ, რომ სახლში წაიკითხონ.

არსებობს კვლევები, რომელებიც ადასტურებენ, რომ სექსუალური საკითხების შესახებ მწირი ცოდნა შეიძლება ნაადრევი ქორწინებების ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, კონკრეტულად რამდენმა მოსწავლემ, როგორც გოგონამ ასევე ვაჟმა, ვერ შეძლო საშუალო საფეხურზე სწავლის დასრულება ნაადრევი ქორწინების გამო და ეს ოფიციალურ მიზეზად აქვთ დასახელებული. ოფიციალური მონაცემები ცხადყოფს, რომ სკოლის დამთავრებას სწორედ ნაადრევი ქორწინების მიზეზით, წელიწადში საშუალოდ 300 მოსწავლე ვერ ახერხებს.

განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოწოდებულ მასალაში ვკითხულობთ,  2015-2016 სასწავლო წლებში 553 ათასი მოსწავლიდან 460 გოგონამ და 68 ვაჟმა ვერ დაასრულა საშუალო განათლების საფეხური, 2016-2017 წლებში 564 ათასი მოსწავლიდან 230 გოგონამ და 17 ვაჟმა, ხოლო 2017-2018 წლებში 151 ათასი გოგონამ და 22 ვაჟმა.

რეგიონების მიხედვით ქვემო ქართლი ლიდერობს, 2015-2016 წლებში იქ 117 გოგონამ და 12 ვაჟი ვერ დაასრულა სწავლა დაოჯახების გამო, 2016-2017 სასწავლო წლებში 75 გოგონა და 8 ვაჟი, 2017-2018 წლებში 32 გოგონა და 2 ვაჟი.

მოსწავლეთა რიცხოვნობა, რომელთაც დაოჯახების მიზეზით შეუჩერდათ სტატუსი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში და, მოცემული მომენტისათვის, არ დაასრულეს ზოგადი განათლება/არ გააგრძელეს ზოგადი განათლების მიღება საქართველოში (რეგიონების, სასწავლო წლებისა და მოსწავლეთა სქესის მიხედვით)

ამ ფონზე საქართველოს პარლამენტი განიხილავს ინიციატივას „ბავშვთა უფლებების კოდექსის“ შესახებ, რომლის ავტორი პარლამენტარი სოფო კილაძეა. როგორც მან განხილვისას განაცხადა, რომელიმე მშობელს თუ სურს შვილს მისცეს სექსუალური აღზრდის გაკვეთილები, ეს შეუძლია, თუმცა მან უნდა მისცეს თანხმობა.

„მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ამ კოდექსით საქართველოში ჩვენს კანონმდებლობაში პირველად შემოგვაქვს სიტყვა სამშობლო. და ის, რომ ჩვენ ჩვენი ბავშვები ჩვენი სამშობლოს, მისი ენის, კულტურული ტრადიციების და ფასეულობების სიყვარულით უნდა აღვზარდოთ, ჩვენ პირველად შემოგვაქვს საკანონმდებლო დონეზე ის, რომ ჩვენი შვილები მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ. ასევე, გადავწყვიტეთ, კანონპროექტში ჩაგვეწერა მუხლი, რაც აბსოლუტურად თავსებადობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან. რომელიმე მშობელს თუ უნდა თავის შვილს ჰქონდეს სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები, ეს შეუძლია, თუმცა მან უნდა მისცეს თანხმობა. ვისაც არა აქვს ამის სურვილი, ვისი ღირებულებებიც ამას ეწინააღმდეგება, მაშინ სხვა ფორმით უნდა მიიღოს ბავშვმა ეს განათლება. შეიძლება მშობელი იმ კონკრეტული გაკვეთილების შინაარსს არ ეთანხმებოდეს და ასე შემდეგ, ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. ასეთი ფორმით მიწოდება არ უნდა მოხდეს, რომ საზოგადოებაში არ გამოიწვიოს დაპირისპირება, არ გამოიწვიოს მღელვარება ზოგჯერ სამართლიანი და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს ფორმულირება ჩავსვათ და შემოვიტანოთ ასეთი ვალდებულება. სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით. ასევე, თუ ოჯახი მოითხოვს კონკრეტულ კრიზისულ შემთხვევებში მართლმადიდებელ ეკლესიას და სხვა კონფესიებს ვისაც მოითხოვს ოჯახი, მათ უფლება ექნებათ, ჩაერთონ და კონსულტაციები გაიარონ ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით”, – თქვა კილაძემ.

პრობლემის შესახებ უკვე დიდი ხანია საუბრობს სახალხო დამცველიც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის და უფლებების საკითხებზე გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით მომზადებული ეროვნული კვლევის შედეგები წარმოადგინა.

კვლევაში სხვადასხვა საკითხებთან ერთად სექსუალურ განათლებაზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ მიუხედავად სახელმწიფოს მიერ გადადგმული გარკვეული ნაბიჯებისა, პრობლემა მწვავეა. დოკუმენტში საუბარია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გარკვეულ პროგრამებსა და სახელმძღვანელოებში მოხდა აღნიშნული თემის ასახვა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

„სამინისტროს ინფორმაციით, ჯანსაღი ცხოვრების წესის ინტეგრაციისათვის, ფორმალური განათლების სისტემაში ორი ძირითადი საგანი გადაიხედა: „ბიოლოგია“ და „სამოქალაქო განათლება“. მე-9 კლასში ასევე ისწავლება ნაადრევ ქორწინებასთან/ორსულობასთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური რისკები. სამინისტროს განმარტებით, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების სწავლება ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით უფრო მეტად აქცენტირებული გახდა. თუმცა, სასკოლო სივრცეში მხოლოდ რამდენიმე საკითხი – ნაადრევი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და სქესთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური ასპექტები ისწავლება, რაც ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსური განათლების მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს. რაც შეეხება გენდერული თანასწორობის პრინციპების ასახვას სასკოლო კურიკულუმებში, სამინისტროს განმარტებით, 2018-2019 სასწავლო წლიდანვე საქართველოს ყველა საჯარო სკოლის III და IV კლასებში დაიწყო საგნის „მე და საზოგადოება“ სწავლება, რომლის „სასწავლო გეგმაც ითვალისწინებს გენდერული თანასწორობის საკითხის აქცენტირებას სავალდებულო სასწავლო თემებში, რაც ამ საგნის გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში გათვალისწინებულია“, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ოფისის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

სქესობრივი განათლება არის სწავლება ადამიანის სექსუალურობაზე, ანატომიაზე, რეპროდუქციაზე, სქესობრივ მომწიფებაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე, უსაფრთხო სექსზე, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე, სქესობრივად გადამდებ დაავადებებსა და სხვა მსგავს საკითხებზე.

ბევრ ევროპულ ქვეყანაში სქესობრივი განათლება სავალდებულო საგანია. იმ ქვეყნებში, სადაც სკოლებში სქესობრივ განათლებას ასწავლიან და მოსწავლეებს აქვთ ინფორმაცია იმაზე, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს შემთხვევით და/ან დაუცველ სექსს, მნიშვნელოვნად შემცირდა ნაადრევი ქორწინებები და ორსულობები, აბორტები და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. ყველაზე პროგრესული ქვეყანა ამ მიმართულებით შვედეთია – ამ ქვეყანაში სქესობრივ განათლება სასკოლო საგანი 1950-იან წლებში გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო პრაქტიკა და კონკრეტული ციფრები სხვა რამეს ამბობს, საქართველოში სქესობრივი განათლების მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტი ის არის, რომ სქესობრივი განათლება მოზარდებს “გარყვნის” და მათ სქესობრივი ცხოვრების ადრეულად დაწყებისკენ უბიძგებს.

ამავე თემაზე:

სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები მშობლის თანხმობით ჩატარდება და მშობელი გაყვება ბავშვს ღამის კლუბშიც – „ბავშვთა უფლებების კოდექსი“

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური