GE

„ნაეკი“ არაქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგთათვის ორ ახალ გამოცდას ამზადებს – დეტალები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების შესაბამისად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურისა და სომხური ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა საგნის გამოცდას ამზადებს.

27 დეკემბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა გამოცდისაგან განსხვავებით არაქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგთათვის ამგვარი ტესტირება ჩვენს ქვეყანაში 2022 წელს პირველად ჩატარდება.

ორივე ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა საგნის გამოცდასა და პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელ ტესტირებაზე შემოწმდება:

  • სასწავლო გეგმის ძირითადი მოთხოვნების ცოდნა;
  • საგნის სწავლებისათვის აუცილებელი ლინგვისტური და ლიტერატურული მასალის ცოდნა;
  • მოსწავლის ცოდნისა და უნარის გაზომვა შეფასების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით;
  • უცნობი ტექსტის გააზრებისა და ანალიზის უნარი;
  • კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • წერის კულტურა.

ამასთან ერთად, როგორც გამოცდების ცენტრი განმარტავს, მასწავლებელმა უნდა შეძლოს საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებული ტექსტების გააზრება, რაც, თავის მხრივ, მხატვრულ ნაწარმოებში გამოკვეთილი სახეების, თემისა და იდეის, მოტივების, ცალკეული დიალოგების, სიტუაციების, კოლიზიების, ქვეტექსტების არსისა და პერსონაჟთა ქცევის მოტივაციის ადეკვატურ გაგებას გულისხმობს; გარდა ამისა, ლირიკული ნაწარმოებების აზრობრივი და ემოციური შინაარსის წვდომას, ტროპის გააზრებას; ესეისტური თუ ლიტერატურათმცოდნეობითი ტექსტების გაგებას, რისთვისაც აუცილებელია ავტორისეული არგუმენტაციის კრიტიკული ანალიზისა და შეფასების უნარი, მსჯელობის ლოგიკის წვდომა და სამსჯელო საკითხის შესახებ საკუთარი პოზიციის გამოკვეთა.

“პედაგოგს მოეთხოვება ლიტერატურულ ტექსტებში ასახული ამა თუ იმ ეპოქისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური იდეებისა თუ პრობლემატიკის ცოდნა; აგრეთვე, მას უნდა გააჩნდეს, ერთი მხრივ, ლიტერატურულ პროცესზე ეპოქის თავისებურებებისა და, მეორე მხრივ, მხატვრული შემოქმედების საზოგადოებრივ ცნობიერებაზე ზეგავლენის წვდომის უნარი.

მასწავლებელმა უნდა შეძლოს ერთი და იმავე ეპოქის ტექსტებში ასახული პრობლემატიკის გაანალიზება მსგავსება-განსხვავების თვალსაზრისით (სხვადასხვა ეპოქის ტექსტებში ერთი და იმავე თემების, იდეების, პრობლემებისა და მათი ინტერპრეტაციების ერთმანეთთან შედარება); მსგავსი ან ერთნაირი პრობლემების გაანალიზება სხვადასხვა ქვეყნისა თუ კულტურის წარმომადგენელთა შემოქმედებაში.

იმისათვის, რომ ამგვარ მოთხოვნებს უპასუხოს, მასწავლებელს განვითარებული უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი აზროვნება, ნაწარმოების შესახებ კრიტიკული, ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობისა და ლიტერატურული ტექსტის მონაკვეთებსა თუ სხვადასხვა მხატვრულ ნაწარმოებს შორის კავშირების დამყარების უნარი”, – ვკითხულობთ სოფიო გორგოძის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ პროგრამები და ტესტის აღწერა:

აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა

აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის ტესტის აღწერა

სომხური ენა და ლიტერატურა

სომხური ენისა და ლიტერატურის ტესტის აღწერა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური