GE

„ნაკლოვანებები პროცესის ყველა ეტაპზე არსებობს“ – სახელმწიფო აუდიტი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციაზე

დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ეფეტიანობის დეპარტამენტის წარმომადგენლებსა და მედიას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აუდიტის ანგარიშები იქნა განხილული, მათ შორის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმებთან დაკავშირებული აუდიტის შედეგები, რაზეც EDU.ARIS.GE-ს ორი დღის წინ ექსკლუზიური ინტერვიუ ჰქონდა ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ირაკლი წიწილაშვილთან და აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელთან ცირა ლაშქარავასთან.

ის, რაც ჩვენთვის უფრო ადრე გახდა ცნობილი, დღეს მათ ჟურნალისტებს პრეზენტაციის სახით წარუდგინეს. 69 გვერიდან ანგარიშში დაწვრლებითაა საუბარი იმაზე, თუ რა გამოიკვლია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის დეპარტამენტმა და რა მიგნენები ჰქონდა მას კვლევისას.

მოგეხსენებათ, კვლევა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, 2011-2015 წლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სხვადასხვა პროგრამისათვის აკრედიტაციის მინიჭებას ეხებოდა და ქვეყანაში არსებულ სტანდარტებთან საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობას ემსახურებოდა.

სსიპ– განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნული პროცესის დანერგვა 2010 წლიდან დაიწყო. 2011-2015 წლებში ცენტრმა აკრედიტაცია მიანიჭა 73 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილ 1,567 პროგრამას.

კვლევა მოიცავდა ცენტრის მიერ 2011 წლიდან 2015 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით განხორციელებულ ღონისძიებებს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის კუთხით.

„აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ცენტრს არ აქვს წინასწარ განსაზღვრული და ერთობლივი სახით გამოქვეყნებული აკრედიტაციის სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისი შეფასების კრიტერიუმები და შესრულების ინდიკატორები. აღნიშნული აფერხებს ექსპერტების მიერ აკრედიტაციის სტანდარტებთან საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის ეფექტიან შეფასებასა და აკრედიტაციის საბჭოს მიერ საკმარის ინფორმაციაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას.

„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ვიზიტების 29%-ისთვის შერჩეული ექსპერტთა ჯგუფი არ მოიცავდა ყველა შესაბამისი დარგის ექსპერტს. ვიზიტების 17.5%-ისთვის შერჩეულ ექსპერტთა რაოდენობა არ შეესაბამებოდა ვიზიტისას შესაფასებელი პროგრამების რაოდენობას. შემთხვევების 29%-ში, ცენტრმა ექსპერტებს აკრედიტაციის ვიზიტამდე მოსამზადებლად მინიმალურ 5 დღეზე ნაკლები ვადა გამოუყო, მაშინ, როდესაც საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, მინიმალური ვადა 2 თვეა.

„ცენტრს არ აქვს დანერგილი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის აკრედიტაციის მინიჭების შემდგომი რეაგირების მექანიზმი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის მოთხოვნილ დონეზე შენარჩუნება,“ – ნათქვამია ანგარიშში.

აქვე განხილულია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმების ნაკლოვანებები, ჩატარებული ანალიზისა და გამოტანილი დასკვნების საფუძველზე კი წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა შესრულების შემთხვევაში, შესაძლებელია მნიშვნელოვნად გაიზარდოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხი.

აუდიტის პროცესში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოიყენა ანალიზის სხვადასხვა ტიპები. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა რიგი ინტერვიუები ცენტრის წარმომადგენლებთან და განათლების ექსპერტებთან. არსებული 1,567 აკრედიტებული პროგრამიდან განხორციელდა 64 პროგრამის სტრატიფიცირებული შერჩევა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოიცვა 5 სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელთაგან 3 თბილისში მდებარე ყველაზე დიდი კონტინგენტის მქონე უნივერსიტეტებია, დანარჩენი 2 კი მდებარეობს ქვეყნის ორ სხვადასხვა მხარეში (აღმოსავლეთსა და დასავლეთში). ასევე, 5 უნივერსიტეტი შეირჩა კერძო სექტორიდან, აკადემიური მიმართულებების მიხედვით.

„ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ნაკლოვანებები პროცესის ყველა ეტაპზე არსებობს, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს უმაღლესი განათლების სისტემის მთავარი მიზნის – მსოფლიოს მუდმივად ცვალებადი მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი კომპეტენტური ინდივიდების მომზადების მიღწევას.

„აკრედიტაციის არსებულ პროცედურაში ძირითადი სამუშაოს ექსპერტები ასრულებენ. მიუხედავად ამისა, ცენტრი ვერ უზრუნველყოფს ექსპერტთა კორპუსის სათანადო გამოყენებას. ექსპერტთა ბაზის არაპროდუქტიული გამოყენება და თითოეულ აკრედიტაციის ვიზიტზე ექსპერტთა რაოდენობისა და ვადების განსაზღვრის რეგულაციების არარსებობა აუდიტის პერიოდში, იწვევდა ექსპერტთა შეუსაბამო და არაერთგვაროვან შერჩევას,“ – წერია ანგარიშში.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სხელმწიფო აუდიტის სამსახურმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის რეკომენდაციებიც შეიმუშავა, რაზეც ანგარიშში ვრცლადაა საუბარი. მათი რეკომენდაციები სტანდარტების კონკრეტულობას,  არსებული სტანდარტების გადახედვას, ესპერტთა ბაზის ახალი ფორმატის შემუშავებას, ყველა ექსპერტის ახალ კრიტერიუმებთან შესაბამისობას, გადაწყვეტილების მიღების სტრუქტურის გაუმჯობესებას და სხვა მრავალს ეხება.

აუდიტის სამსახურმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მძიმე სისტემური დარღვევები აღმოუჩინა

მკაცრდება თუ არა უმაღლესი სასწავლებლებისთვის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მინიჭების პროცედურა

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური