„ნახეთ მეთორმეტეკლასელების ცხრილი? სრული კატასტროფა! როგორ უნდა მოასწრონ ბავშვებმა მეცადინეობა!“
ახალი სასწავლო წელი მეთორმეტეკლასელებისთვის ახალი თავსატეხით დაიწყო – გაკვეთილების ცხრილი წინა წლებთან შედარებით, იმდენად გადატვირთულია, აბიტურიენტები უბრალოდ ვერ ხვდებიან, დრო როგორ გაანაწილონ ისე, რომ სკოლის საგნებიც ისწავლონ და ეროვნული გამოცდებისთვისაც მოემზადონ. თავს მხოლოდ იმით იმშვიდებენ, რომ „სკოლაში ყოველ დღე სიარული არ მოუწევთ და მასწავლებლები მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს“.
კრიტიკულები არიან აბიტურიენტების მშობლებიც, რომლებიც ცხრილს აპროტესტებენ და შეცვლას ითხოვენ.
EDU.ARIS.GE შეეცადა გაერკვია მიზეზი, რის გამოც წელს მე-12 კლასელებს საკმაოდ დატვირთული ცხრილი დახვდათ. მეთორმეტეკლასელი დავითი რეპეტიტორებთან უკვე მეორე წელია დადის და ფსიქოლოგიურად მზად იყო, რომ წელს მაქსიმალური დატვირთვით მოუწევდა მეცადინეობა. მიუხედავად ამისა, ცხრილის ნახვის შემდეგ, როგორც თავად ამბობს, ნამდვილი შოკი ჰქონდა.
„მართლა შოკი მივიღე. ნამდვილად არ ველოდი, რომ 6-6 გაკვეთილი გვექნებოდა. არც იმას ველოდი, რომ ფიზიკას და ქიმიას წელსაც ვისწავლიდით, რადგან როგორც ვიცი, წინა წლებში ამ საგნებს მე-12 კლასში აღარ სწავლობდნენ. ძალიან მიჭირს დრო ისე გავანაწილო, რომ რეპეტიტორებთანაც ვიარო, სკოლაშიც და ვიმეცადინო კიდეც. დირექციაში ვიკითხე და როგორც მითხრეს, მნიშვნელოვან ცვლილებებს ცხრილში ვერ შეიტანენ. მართლა არ ვიცი, რას როგორ მოვასწრებ“, – ამბობს EDU.ARIS.GE – სთან საუბრისას დავითი.
ანი გოგინავა ჩვენს რესპონდენტებს შორის ის გამონაკლისია, ვინც სკოლასა და რეპეტიტორებს შორის დრო უკვე კარგად გადაანაწილა. ამბობს, რომ სკოლის ცხრილი მისთვის მისაღებია და აბიტურიენტობაში ხელი არ ეშლება:
„არ მქონია მოლოდინი, რომ უფრო მარტივი ცხრილი დამხვდებოდა და ისიც გააზრებული მქონდა, რომ ვალდებულები ვართ სკოლის საგნებიც ვისწავლოთ. პირველი ცვლა ვარ, 4 გაკვეთილი გვიტარდება. დანარჩენ დროს მასწავლებლებთან დავდივარ და ვმეცადინეობ. დამრიგებელიც და დირექციაც მაქსიმალურად გვიწყობენ ხელს. თუმცა, ცუდი ის არის, რომ მე-12 კლასში საგნები არჩევითი არაა. ეს სკოლის კი არა, ზოგადად, განათლების სისტემის პრობლემაა და ჩემი აზრით, კარგი იქნება, ეს პრობლემა გადაიჭრას. ვფიქრობ, თუ ასე მოხდება, ბავშვებს რეპეტიტორებთან მომზადებაც აღარ მოუწევთ“, – აცხადებს ანი.
აბიტურიენტი მარიამი გვიმხელს, რომ სკოლაში იმდენად დატვირთული ცხრილი დახვდა, ყოველ დღე რომ იაროს და სკოლის საგნებიც იმეცადინოს, ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას ფიზიკურად ვერ მოასწრებს.
„წინა წლებისგან განსხვავებით, იმ საგნებსაც ვსწავლობთ, რომლებიც აღარ უნდა გვესწავლა. მაგალითად, ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას, გეოგრაფიას… ცხრილი საკმაოდ გადატვირთულია. თუმცა, სკოლაში იშვიათად ვივლი. მეტიც, მხოლოდ რამდენჯერმე მივალ, რომ პრობლემა არ შემექმნას. ცხრილის მიხედვით დაგეგმილ ყველა გაკვეთილს რომ დავესწრო და სკოლის საგნებიც ვისწავლო, ფიზიკურად ვერ მოვასწრებ ვერც რეპეტიტორებთან სიარულს და ვერც ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას“, – აგვიხსნა მარიამმა.
გაცილებით რთული ვითარებაა იმ მეთორმეტეკლასელებთან, რომლებიც მეორე ცვლაში არიან.
სალომეს სკოლაში რეაბილიტაციაა და სხვა სკოლაში არიან შეკედლებულები. ამის გამო, სალომეს გაკვეთილები 2 საათიდან ეწყება, რაც ისედაც გადატვირთულ ცხრილთან ერთად, დამატებით პრობლემას ქმნის. ვითარების შესამსუბუქებლად, დირექციის გადაწყვეტილებითა და მშობლების თანხმობით, სალომეს პირისპირ გაკვეთილებთან ერთად, დისტანციური გაკვეთილებიც უტარდება, თუმცა დროს განაწილება მაინც რთულია:
„კვირაში 3 დღე დისტანციური გაკვეთილები მაქვს, 2 კი – პირისპირი. 5 ან 6 გაკვეთილი გვიტარდება. ნამდვილად არ ველოდი, რომ ასე იქნებოდა საგნები გადანაწილებული. იმდენად დატვირთული ცხრილია, რეპეტიტორებთან შეთავსებას ვერ ვახერხებ და მეცადინეობაშიც ხელი შემეშლება. კარგი იქნებოდა, ნაკლებად დატვირთული ცხრილი გვქონოდა. თუმცა, სკოლაში სისტემატურად სიარულს არ ვაპირებ და იმის იმედიც მაქვს, მასწავლებლები მაქსიმალურად შეგვიწყობენ ხელს“.
ლილეს სკოლაში რეაბილიტაცია არ არის, მაგრამ მაინც ასე გადაგწყდა, რომ მე-12 კლასელები მეორე ცვლაში იყვნენ. გადატვირთულ ცხრილზე მეტად, ლილე სწორედ ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს: „ცხრილი როგორი დატვირთულიც უნდა იყოს, სკოლისგან გვაქვს ხელშეწყობა და ამიტომ მგონია, პრობლემები არ შემექმნება. თვეში მხოლოდ 2-ჯერ უნდა მივიდე სკოლაში და ამ ფონზე, შედარებით მშვიდად ვარ. თუმცა, რადგან სკოლა შუადღეს მეწყება, რეპეტიტორები კი დილას მიბარებენ, იმ 2 მისვლაზეც გაკვეთილების გადანაცვლება მომიწევს, რაც ცუდია. ჩემი აზრით, მე-12 კლასელები, მეორე ცვლაში არ უნდა ვიყოთ“.
როგორც გამოიკვეთა, გადატვირთული ცხრილით უკმაყოფილო არიან მოსწავლეები, მაგრამ რადგან სკოლაში სიარულს არ აპირებენ, პროტესტსაც მძაფრად არ გამოხატავენ. რასაც ვერ ვიტყვით აბიტურიენტების მშობლებზე, რომლებიც EDU.ARIS.GE – სთან საუბარში აღშფოთებას ვერ მალავენ.
„გამაგებინოს ვინმემ რატომ უქმნიან ჩვენს შვილებს დამატებით პრობლემებს? 6-6 გაკვეთილი აქვს ჩემს მე-12 კლასელ შვილს. საგნებს შორის ისეთებიცაა, რომლებზეც ვფიქრობდით, რომ აღარ უნდა ესწავლათ. რომ გავაპროტესტეთ დირექციაში, არ ინერვიულოთ, ბავშვებს ხელს მაქსიმალურად შევუწყობთო, „დაგვამშვიდეს“. მითხარით, თუ არც უნდა იარონ სკოლაში და სკოლის საგნები არც უნდა ისწავლონ, ეს ცხრილი მხოლოდ კედელზე გასაკრავად შეადგინეს? მაშინ საერთოდ რა საჭიროა მე-12 კლასი? გააუქმონ საერთოდ! მაინც ვერ იღებენ სკოლაში მოსწავლეები ისეთ ცოდნას, რომ უნივერსიტეტში მისაღები ეროვნული გამოცდები ჩააბარონ“, – აცხადებს აბიტურიენტის დედა, დიასახლისი, ქალბატონი თამარი.
პროფესიით ექიმი-ენდოკრინოლოგი, 54 წლის ირინა კი, გადატვირთულ ცხრილთან ერთად, იმასაც აპროტესტებს, რომ მისი აბიტურიენტი შვილი მეორე ცვლაა.
„ნახეთ მე-12 კლასელების ცხრილი? სრული კატასტროფა! როგორ უნდა მოასწრონ ბავშვებმა მეცადინეობა, მართლა არ მესმის! 6-6 გაკვეთილი უნდა ჩაუტარდეთ. ვითომ გამოსავალი მოძებნეს და ზოგ დღეს, ზოგი საგანი დისტანციურად ჩანიშნეს. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ჩემს შვილს გაკვეთილები ხან დილას აქვს 13:00 საათამდე, ხან შუადღიდან საღამოს 18:00 საათამდე. ამან ისეთი პრობლემა შეგვიქმნა, რომ რეპეტიტორებთან მისვლის დროზე ვერ ვთანხმდებით. იძულებულები ვართ, რეპეტიტორების გრაფიკს ისე ავეწყოთ, გაკვეთილების ცხრილი საერთოდ არ გავითვალისწინოთ და ამის გამო, ჩემს შვილს სკოლაში პრობლემები რომ შეექმნას, არ ვიცი რას მოვიმოქმედებ. გამაგებინოს ვინმემ, რატომ, რა მიზეზით იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს? სანამ დროა შეცვალონ ცხრილი!“, – განაცხადა ქალბატონმა ირინამ.
მიზეზების გარკვევა EDU.ARIS.GE -მ რამდენიმე სკოლის ხელმძღვანელთან სცადა.
სამწუხაროდ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა, ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. პირად საუბარში კი, გამოგვიტყდნენ, რომ დამამთავრებელ კლასში საკმაოდ დატვირთული ცხრილის მიზეზი, ის ცვლილებებია, რომელთა თანახმად, წელს მე-12 კლასში საგნები დაემატა.
თბილისის ერთ-ერთი სკოლის წარმომადგენლის განმარტებით, ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის თანახმად, წელს მე-12 კლასელებს დაემატათ საბუნებისმეტყველო საგნებიც:
„ამან გამოიწვია საათობრივი ბადის დატვირთვა და ის, რომ 3-4 გაკვეთილის ნაცვლად 5-6-7 გაკვეთილი ჩაუტარდებათ. საათობრივი ბადე სარეკომენდაციოა და სკოლას აქვს არჩევის საშუალება 7 გაკვეთილს ჩასვამს ცხრილში თუ შედარებით შეამსუბუქებს და 5 გაკვეთილით შემოიფარგლება. მთავარია, ეს საგნებიც ისწავლებოდეს. ეს ლეგიტიმური და სწორი გადაწყვეტილებაა, რათა ამ საგნებში სკოლის დამთავრების შემდეგ, მოსწავლეებს ჰქონდეთ სათანადო ცოდნა. სიმართლე გითხრათ, არ ვიზიარებ მშობლებისა და მოსწავლეების პოზიციას.
„მე-12 კლასში სიარული არ უნდათ, რეპეტიტორებთან მომზადებას აპირებენ და მართლა არ მესმის, რატომ ითხოვენ, რომ სკოლა აეწყოს რეპეტიტორების გრაფიკზე და არა პირიქით. არაფერი მომხდარა განსაკუთრებული და ტრაგიკული. არც ისე დატვირთული ცხრილი აქვთ, რომ თუ უნდათ, მეცადინეობა ვერ მოასწრონ. სკოლა აბიტურიენტებს მაქსიმალურად უწყობს ხელს და ყველას ვთხოვ, ბუზისგან სპილოს ნუ შექმნიან“.
ასევე იხილეთ:
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება