GE

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტებისთვის სახელმწიფო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვრა

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ლეგიტიმურად ცხოვრობენ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში და განათლების დადასტურების შემდეგ, სურვილი აქვთ სწავლა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უგამოცდოდ განაგრძონ, სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა 20 ათასი ლარით განისაზღვრა.

შესაბამის ბრძანებას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტები ქართულ უმაღლესებში უგამოცდოდ ჩააბარებენ და სწავლა დაუფინანსდებათ”- მიხეილ ბატიაშვილი

„საქართველოს იმ მოქალაქის, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირის, რომელზეც გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ან/და აღნიშნულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული აქვს პირადი ნომერი და რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მიღებული განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა განისაზღვროს 20 000 (ოცი ათასი) ლარით”, – ვკითხულობთ ბრძანებაში.

სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღებაზე უფლებამოსილი პირი:

„ამ დადგენილების ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღებაზე უფლებამოსილია საქართველოს ის მოქალაქე, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირი, რომელზეც გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ან/და აღნიშნულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული აქვს პირადი ნომერი და ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე,” – ვკითხულობთ ბრძანებაში.

ამავე ბრძანებით განისაზღვრა სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა, განაცხადების წარდგენის წესი, განცხადების და ამ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების განხილვა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღების წესი:

სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა

სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს სტუდენტის ჩარიცხვის წელს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობისა.

 განცხადების წარდგენის წესი

1. ამ დადგენილების ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით, ამავე დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (შემდგომში − სამინისტრო) 2019 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით წარადგენს განცხადებას, რომელსაც უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი ან/და სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული პირადი ნომერი;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი, რომელიც ადასტურებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირის ჩარიცხვას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

განცხადებისა და განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების განხილვა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღება

1. განცხადებისა და განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ დადგენილების მოთხოვნებთან ამოწმებს სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი, განცხადებისა და განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების ამ დადგენილების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს (შემდგომში – მინისტრი) წარუდგენს რეკომენდაციას ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების თაობაზე.

3. მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების თაობაზე.

მინისტრის ზემოთ მოყვანილი განცხადების შემდეგ განათლების სამინისტრო გვიმტკიცებდა, რომ უგამოცდოდ უმაღლესში ის პირები ჩაირიცხებოდნენ, ვინც უკვე სწავლობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მობილობით გადმოსვლის სურვილს გამოთქვამს, თუმცა, ზემოაღნიშნულ ბრძანებაში სიტყვას “მობილობა” საერთოდ ვერ შევხვდით.

საოგადოების არაერთი წევრისთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყვნენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში მინისტრის მიერ და ასევე ბრძანებაში ნახსენები პირები, მაშინ, როცა მათ რთული მისაღები გამოცდების ჩაბარება უწევთ.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური