GE

„პანდემია არ დასრულებულა“ – რამდენი მოსწავლე დარეგისტრირდა დისტანციური სწავლების მოთხოვნით

ჯერჯერობით არ ჩანს, როდის დასრულდება პანდემია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 28 აპრილს განაცხადა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან აცნობეს, 28 აპრილს დისტანციური სწავლების მკოთხოვნით სპეციალურ სისტემაში ისევ დარეგისტრირდა 1 438 მოსწავლე. რაც შეეხება იმ მოსწავლეთარაოდენობას, ვინც პირიქით, დასწრებულ სწავლებაზე დაბრუნება აირჩია 2 426-ს შეადგენს.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, პანდემიის დასასრულის გზა იმუნიზაციაზე გადის.

„კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით, ეპიდსიტუაცია დასტაბილურებულია ქვეყანაში. ყველა მაჩვენებელი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, შემცირებულია. მივდივართ თუ არა პანდემიის დასრულებისკენ, ჩემი პასუხია ერთმნიშვნელოვნად არა, არც დასრულებულა და ჯერჯერობით არ ჩანს, როდის დასრულდება. უნდა გავითავისოთ, რომ პანდემიის დასასრულის გზა იმუნიზაციაზე გადის. თუ აცრილი იქნება მოსახლეობის 70%, მხედველობაში მაქვს მთელი მსოფლიოს მოსახლეობა, მაშინ ამ ვირუსს ე.წ. მოდების წერტილი აღარ ექნება და პანდემია გადავა ენდემურ რეჟიმში. ამიტომ, ძალიან გვინდა და მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ წლის ბოლომდე, ცივი პერიოდი სანამ დადგება, აიცრან. აცრაც და ვირუსის გადატანაც მუდმივ იმუნიტეტს არ ტოვებს, ეს გრძელდება 6-8 თვე, ამიტომ საჭიროა გაძლიერება, რასაც „ბუსტერს“ ვეძახით. მსოფლიო მეცნიერება მსჯელობს იმაზე, რომ დიდი ალბათობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ წელს პანდემია დასრულებულად უნდა გამოაცხადოს, შეიძლება რესპირაციულ და გრიპოზულ ინფექციად გადაიქცეს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ინფექცია გადატანილი ჰქონდეს, ან იყოს აცრილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.

რაც შეეხება ბავშვებსა და მოზარდებში იმუნიზაციის საკითხს, ბოლო დღეებში ცნობილი გახდა ისიც, რომ მიმდინარე წელს ხუთი წლის ასაკიდან ბავშვების აცრა დაიწყება და წინასწარი ინფორმაციით, მოზარდები „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ სპეციალური დოზებით აიცრებიან.

„5-დან 12 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის, განსხვავებული ვაქცინაა საჭირო. მიმდინარე პერიოდში, „ფაიზერთან“ გვაქვს მოლაპარაკება, რომ მოგვაწოდონ ეს ვაქცინები და მოკლე ხანში გახდება ხელმისაწვდომი. მშობლების გარკვეული ჯგუფი უკვე მოგვმართავს და ითხოვს ვაქცინაციას ბავშვებისთვის, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ და მათთვის ეს ვაქცინა მალე იქნება ხელმისაწვდომი“, – განაცვადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

ასევე იხილეთ:

შეეხება თუ არა დისტანციურის გაუქმება სკოლებს? – ამირან გამყრელიძის განმარტება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური