GE

შეეხება თუ არა დისტანციურის გაუქმება სკოლებს? – ამირან გამყრელიძის განმარტება

დღეს გამართულ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კიდევ რამდენიმე შეზღუდვა გაუქმდება და მათ შორის დისტანციურად მომუშავე პირები დაუბრუნდებიან თავიანთ სამუშაო ადგილებს.

ამ გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ბრიფინგზე გამოსულ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, შეეხება თუ არა ეს გადაწყვეტილება სკოლებსაც, რაზეც ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა კლასს ან სკოლას, კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, ისევ შეეძლება:

“დღეს საბჭოზე იყო საუბარი, რომ დისტანციურზე ვინც იყვნენ საჯარო უწყებებში, მიეცათ რეკომენდაცია, რომ ეს ადამიანები დაუბრუნდნენ ჩვეულებრივ, დასწრებულ მუშაობას. სკოლას ეს არ შეხებია. თუ სკოლაში არის ინფიცირება და სკოლა ჩათვლის საჭიროდ ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციით, რომ კლასი ან სკოლა გადავიდეს დისტანციურზე, ის გადავა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 22 მარტის გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ყველა შეზღუდვა, გარდა ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებისა, უქმდება.

“28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნებული იქნება. უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა, როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის სოციალურზე. ე.წ. დისტანციურზე მყოფი თანამშრომლები თავიანთ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან, უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან „პისიარ“ ტესტის გარეშე. შენარჩუნდება ვაქცინაციაზე დაწესებული წახალისების პროგრამა. პრაქტიკულად ყველა რეგულაცია, გარდა დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულებისა, ამ ეტაპზე უქმდება“, – განაცხადა ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

ასევე იხილეთ:

მათემატიკის წიგნები საშინლადაა აწყობილი, ბავშვებს ავიწყდებათ, რა ისწავლეს – პედაგოგი სასკოლო სახელმძღვანელოებსა და დასამტკიცებელ ამოცანებზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური